Accessibility links

რა უნდათ თურქულ კომპანიებს აფხაზეთში


ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში, ბიჭვინთის სანაპიროს სიახლოვეს, ისევ გრძელდება უკონტროლო თევზჭერის პროცესი, რომელშიც ისევ ჩართული არიან თურქული სეინერები. 2020 წლის 13 იანვრით დათარიღებული ვიდეომასალა რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროგრამამ, „ეხო კავკაზამ“ მოიპოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზოგად კომენტარს აკეთებს.

რა ხდება აფხაზეთში? რას ამბობენ თბილისში? როგორ არღვევენ თურქული სეინერები კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?

ვიდეომასალაში ასახულია თევზჭერის პროცესი ბიჭვინთის აკვატორიაში, ე.წ. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიაზე.

„მათ არა თუ მხოლოდ თევზჭერის, არამედ ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებაც არა აქვთ“ - ისმის ვიდეოში შეშფოთებული ავტორის ხმა. ის ოკუპირებული აფხაზეთის თევზჭერა-ნადირობის სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი - ალბერტ ბონდარენკოა. გემების გარშემო თოლიების უპრეცედენტო სიმრავლით ბონდარენკო ასკვნის, რომ თევზჭერა მეტად მასშტაბურ სახეს ატარებს.

კადრში კარგად ჩანს სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მოძრავი რამდენიმე სეინერი, რომელთაგან ერთს აქვს თურქული წარწერა - „შაჰინ ბალიკჩილიკი“ (Şahin Balıkçılık).

  • ინტერნეტსივრცეში იძებნება ამავე სახელწოდების თურქული კომპანია, რომელიც ზღვის პროდუქტების ბიზნესის სრული ციკლით დაკავებული უმსხვილესი თურქული კომპანიის ჯგუფში შედის;
  • კომპანიის დამაარსებლია მეჰმედ შაჰინ ჩაკანი, წარმატებული, მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც სხვადასხვა წყარო იზმირის მეთევზე ბიზნესმენების ასოციაციის პრეზიდენტად მოიხსენიებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერის პროცესში ჩართული არიან თურქული სეინერები. ბიჭვინთის, ლიძავისა თუ გაგრის მოსახლეობამ გასულ წლებში არაერთხელ გამართა ხმაურიანი საპროტესტო აქციები.

საპროტესტო აქციების შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება 2015 წელს იძულებულიც კი გახდა - დროებითი მორატორიუმი დაეწესებინა. მაგრამ პროცესი ისევ გრძელდება.

აფხაზი აქტივისტების მთავარი შიში სხვადასხვა სახეობის თევზის პოპულაციების მოსპობასა და ეკოსისტემის განადგურებას უკავშირდება.

მაგალითად, როგორც ბონდარენკო ეუბნება „ეხო კავკაზას“ ადგილობრივ კორესპონდენტს:

  • თუკი (საერთაშორისო სტანდარტებით) მაგალითად ქაფშიის შემთხვევაში სეზონზე მხოლოდ საერთო სავარაუდო რაოდენობის 25%-ის დაჭერაა ნებადართული, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კვოტებს 2/3-მდეც კი ზრდის;
  • პროცესი უკონტროლოა და არავის არასოდეს დაუზუსტებია, შეესაბამება თუ არა დაჭერილი თევზის წონა წინასწარ განსაზღვრულ კვოტებს;
  • ხშირად თევზჭერა ნაპირთან ახლოს, დაშვებული 500-მეტრიანი დისტანციის დარღვევით ხდება;
  • გემები ანადგურებენ ფსკერზე არსებულ ფლორასა და ფაუნას - ანგრევენ ეკოსისტემას;
  • აფხაზეთში თევზის გადამამუშავებელი შვიდი საწარმო მუშაობს, მაშინ როცა ადგილობრივი ეკოსისტემას სამ საწარმოზე მეტის უზრუნველყოფა არ შეუძლია.

ადგილობრივების განცხადებით, თევზის რეწვისას უხეში დარღვევებით აწარმოებენ თურქული კომპანიები. თუმცა ჯარიმის მოცულობა იმდენად მცირეა (3 ათასი რუბლი), რომ ზღვაში წვეთს წარმოადგენს შემოსავალთან შედარებით და ამიტომ თავს არავინ იკავებს.

რას ამბობენ თბილისში?

იმისათვის, რომ ამა თუ იმ უცხოურმა (ამ შემთხვევაში - თურქულმა) კომპანიამ არ დაარღვიოს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ნებართვა თბილისმა უნდა მისცეს.

შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, თევზჭერისათვის ლიცენზიებს გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ლიცენზიები გაიცემა კონკრეტული მონაკვეთების მითითების გარეშე.

როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • „2010 წლიდან თევზჭერის უფლება მხოლოდ ქართველ ლიცენზიანტებს აქვთ“;
  • „ამჟამად ლიცენზიას არ ფლობს არცერთი თურქული კომპანია“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი შეიკავა ვიდეომასალაში ასახული კონკრეტული ფაქტის კომენტირებისგან. თუმცა ზოგადი სახით განგვიცხადეს შემდეგი:

“რაც შეეხება თურქული კომპანიების საკითხს, თუ ასეთს ადგილი აქვს და ჩვენ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, მაშინ ამ საკითხს ვაყენებთ შეხვედრებზე შესაბამის მხარეებთან”.

რადიო თავისუფლებამ მიმართა ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. დაგვპირდნენ, რომ პასუხს მოგვაწვდიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, თურქული კომპანიები პოსტზე მისი ყოფნის დროსაც იყვნენ ჩართული აფხაზეთის აკვატორიაში თევზის რეწვის პროცესში; თუმცა ხშირ შემთხვევაში - მათ, „ქართველი პარტნიორების საშუალებით ჰქონდათ მოწესრიგებული ურთიერთობები თბილისთან“.

  • „მერე, როდესაც კერძო კომპანია შედიოდა უკვე აფხაზეთში, იმას უკვე ვეღარავინ აკონტროლებდა - როგორ ალაგებდა ურთიერთობებს ადგილზე“;
  • „კორუფციაა იქ (აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და არაფრის გაკეთება არ უჭირდათ ამ კერძო კომპანიებს - სადაც უკანონო ტერიტორია და უკანონო ურთიერთობებია, ხერხდება უკანონო გარიგებების დადებაც“.

2019 წლის თებერვალში, ოფიციალურმა სტრუქტურამ "ათინათთან" სწორედ ლიცენზიის ქართველი მფლობელის პარტნიორებად (ქვეკონტრაქტორებად) მოიხსენია ის თურქული კომპანიები, რომელთა სეინერებიც თევზაობდნენ ანაკლიაში.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, ზაქარეიშვილის თქმით, ცალკეული ფაქტები არ უნდა მივაწეროთ ანკარას, რადგან თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - „ვიცი, რომ თურქეთის სახელმწიფო მკაცრად აფრთხილებს კერძო კომპანიებსაც - არ დაარღვიონ საქართველოს კანონი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG