Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა საპატრიარქოს დედა სიდონიასგან?


საქართველოს საპატრიარქომ 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საჭიროდ ჩათვალა აეხსნა, რომ ტოლერანტობის ქომაგად დასახელებული მონაზონი დედა სიდონია (ყაჭიაშვილი) ის არ არის, ვინც ხალხს ჰგონია.

საპატრიარქო წერს, რომ საზოგადოება მას შეცდომით მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად, რაც არასწორია. და რომ აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკლესიას ამ საკითხზე პოზიცია არასდროს გამოუხატავს. ახლა კი საპატრიარქომ გადაწყვიტა ამ ამბავს ნათელი მოჰფინოს.

დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს, - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

დედა სიდონიასთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა საჭიროდ ეკლესიამ ამ განმარტების გაკეთება, თუ მას თავის დაქვემდებარებაში მყოფ მონაზვნად არ მიიჩნევს. მითუმეტეს, არაეთიკური ხაზგასმით მის ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება დიდსქემას, დედა სიდონია ამბობს, რომ ის ნამდვილად საბერძნეთში აღიკვეცა მონაზვნად, სამონაზვნედ კურთხევის პირველი ეტაპი კი სამთავროში გაიარა. თუმცა კი, საპატრიარქოს მისთვის განტევების ფურცელი არ მიუცია - არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ის საქართველოს ეკლესიიდან წასულია. დედა სიდონიას თქმით, აბსურდულია ეკლესიის განცხადება განდეგილობის თაობაზეც:

„ჩვენი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე, კარგად ვიცით, რომ მონაზვნები ბავშვთა სახლებს კურირებენ, ხელოვნების სკოლებს ხელმძღვანელობენ, არიან მისიონერები... ანუ მონაზვნის აღთქმა არანაირად არ მოიცავს იმას, რომ ის განდეგილი უნდა იყოს. ამავე დროს, ყველანი კარგად ვხედავთ, რომ თავად ისინი აღკვეცის შემდეგ ფუფუნებით ცხოვრობენ, ყავთ ძვირადღირებული მანქანები. მე მანქანაც კი არ მყავს და არც მათნაირი ცხოვრება მაქვს“.

გადმოწერა

დედა სიდონია გვეუბნება, რომ არსებობს არაერთი მაგალითი, როდესაც მონაზვნები საერო საქმიანობასაც უდგანან სათავეში, თუ ეს ადამიანების სიკეთისთვის კეთდება: „და არც მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიამობა მონაზვნობის აღთქმას სცდება“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის 12 ქომაგი გამოავლინა. დედა სიდონიაც მათ შორის იყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG