Accessibility links

რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას, დათანხმდეს მთავრობის შეთავაზებას


20 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ბურთი ოპოზიციის მოედანზეა“. მან იგულისხმა მთავრობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ მომავალშიც, ქვეყნის ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში 73-ის ნაცვლად 50 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას. ქვემოთ პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ ვერ შეცვლის არსებითად სურათს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა. შემდეგ გადავალ იმის განხილვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს გაერთიანებული ოპოზიცია მთავრობის შეთავაზებას.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი მთავრობას ისევ უზარმაზარ უპირატესობას უტოვებს. NDI-ის ბოლო გამოკითხვით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართულ ოცნებას დადასტურებულად გამოკითხულთა 20% დაუჭერდა მხარს. მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული შერეული მოდელის მიხედვით, ასეთ პირობებშიც კი, ოცნებას ექნებოდა თავის მოკავშირე პარტიასთან, „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად პარლამენტში უმრავლესობის შედგენის შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უმრავლესობის, ანუ 50%-ზე მეტი დეპუტატის, მხარდაჭერა საკმარისია მთავრობის დასამტკიცებლად.

ოცნების შეთავაზებული ვარიანტის მიხედვით, გამოდის, რომ პარტიებს, რომლებსაც პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩევლების 30%-ზე ნაკლები მისცემს ხმას, შეეძლებათ მთავრობის დაკომპლექტება. თუმცა ის, რომ ახალ მთავრობას ასეთი დაბალი ლეგიტიმაცია შესაძლოა ჰქონდეს, არ არის იმდენად პრობლემური, რამდენადაც ის ფაქტი, რომ მაჟორიტარული სისტემა საქართველოში საერთოდ ვერ მუშაობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მაჟორიტარული სისტემა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე მთავრობებს გვაძლევს, არამედ ის, რომ ასეთი სისტემა საქართველოში საერთოდ ვერ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციას. იმაზე, რომ ეს სისტემა საერთოდ არ მუშაობს, მეტყველებს ის, რომ აქამდე მაჟორიტარულ არჩევნებში, ძირითადად, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებდნენ. შემდგარ დემოკრატიებში მსგავსი რამ არ ხდება. კონსოლიდირებულ დემოკრატიებში მაჟორიტარულ არჩევნებში, როგორც წესი, მმართველ პარტიას არ აქვს ისეთი კოლოსალური უპირატესობა, როგორიც საქართველოში.

ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედ მთავრობას ფაქტობრივად გარანტირებულად შეუძლია მაჟორიტარების პარლამენტში დასმა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძირს უთხრის. მოქმედი სისტემის ჩავარდნები „ქართული ოცნებისთვის“ კარგად არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, მათ ამ სისტემის არა მთლიანად გაუქმება, არამედ მოდიფიცირება სურთ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი მაინც ტოვებს მანკიერ მაჟორიტარულ საარჩევნო წესს, მას მაინც შეუძლია არსებული ვითარება ოდნავ მაინც გამოასწოროს. რა პრობლემაა იმაში, თუკი გაერთიანებული ოპოზიცია დათანხმდება ისეთ ცუდ სისტემას, რომელიც არსებულ, მასზე უარეს სისტემას სჯობია? ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ვარიანტის მიხედვით, მმართველ პარტიას 2020 წლის არჩევნებზე, 23-ით ნაკლები დეპუტატის გაყვანა შეეძლება „მაჟორიტარული ფორით“. ეს პარლამენტარების დაახლოებით 15%-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შემოთავაზებულ ცვლილებებს დათანხმდება, პარლამენტარების 15%-ს, რომლებსაც აქამდე მაჟორიტარული წესით ვირჩევდით, პროპორციული წესით ავირჩევთ.

მთავრობის წინადადების გაზიარების საწინააღმდეგოდ მთავარი კონტრარგუმენტი ის არის, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ქართული ოცნების“ წინადადება მხოლოდ 2020 წელს ამ სისტემაზე გადასვლას კი არა, არამედ 2024 წლის შემდეგ სრულად პროპორციულის გაუქმებას გულისხმობს. თუ გაერთიანებული ოპოზიცია ამაზე დათანხმდება, გამოდის, რომ ოპოზიციას მოუწევს „ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის უზრუნველყოფა (ამჟამად „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. 2024 წელს სრულიად პროპორციული სისტემის გასაუქმებლად მათ ოპოზიციის თანხმობა სჭირდებათ). კონსტიტუციაში სრულად პროპორციული წესის გაუქმებისთვის მხარის დაჭერა კი, თუნდაც ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს, პრინციპულად მიუღებელია. ამაზე ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს. ქართულმა ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი იმისთვის, რომ საკუთარი დაპირების შესრულებას არც მომავალში აპირებს.

ამის მიუხედავად, გაერთიანებულ ოპოზიციას მთავრობის წინადადებაზე დათანხმება მაინც შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი შემოთავაზებული ვარიანტი არ გავრცელდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ შემთხვევაში გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია თქვას, რომ პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება. მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმება იქნება მხოლოდ ტაქტიკური და არა სტრატეგიული ნაბიჯი. ის კი არ შეცვლის ოპოზიციის ორიენტირებას პროპორციულ არჩევნებზე, არამედ მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება ასეთი სისტემის უზრუნველსაყოფად. ამ წინადადებაზე დათანხმების შემდეგ ოპოზიცია გააგრძელებს ბრძოლას სრულად პროპორციული სისტემის მოსაპოვებლად.

მმართველ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ამჟამად ჩიხშია. ამ ჩიხიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს მსგავს კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერება. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ სურს გამოსავლის პოვნა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე, რომელიც აქამდე სრულად პროპორციულზე გადასვლას უჭერდა მხარს, აცხადებს, რომ შერეული სისტემა იდეალურია. ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობები ისევ ხელოვნურად ისპობა მთავრობის მიერ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG