Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სირთულეები შეუქმნა კორონავირუსის პანდემიამ სტუდენტებს


COVID 19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს სახელმწიფოებმა სასწავლო დაწესებულებები დახურეს - როგორც სკოლები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. იუნესკოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებაში ვეღარ დადის, საერთო ჯამში, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარი ახალგაზრდა. მათი უმრავლესობა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

ასეთივე მეთოდით სწავლობს ბათუმიდან „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პირველი კურსის სტუდენტი ნიკა ჩხეიძე:

„ყველა ოჯახის წევრი სახლშია და ვცდილობთ არ გავიდეთ ქუჩაში. ერთად ვერთობით და ახლა უფრო უკეთ გავიცანი ოჯახი. თუმცა სტრესულიცაა მსოფლიოში არსებული ვითარება და უკვე საქართველოშიც გავრცელების საშიშროება გაჩნდა. და, მეორე მხრივ, კარანტინის გამო თავისუფლება შეგვეზღუდა და რაც დაგეგმილი გვქონდა, ვერ ვასრულებთ. ამ სტრესულ გარემოსთან გამკლავებაც არანაკლებ რთულია, ვიდრე ამ ინფექციასთან ბრძოლა. იმედი მაქვს, მალე დასრულდება და მომავალში, ვფიქრობ, ბევრ ცვლილებას გამოიწვევს“, - ამბობს ნიკა ჩხეიძე.

ვაჟა გოგიტიძე
ვაჟა გოგიტიძე

ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალურმა საფრთხემ მსოფლიოში დღის წესრიგი შეცვალა, მათ შორის სტუდენტებისთვისაც - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში დაბრუნდა, ნაწილი კი საზღვარგარეთ დარჩა. მათ შორისაა გერმანიის ქალაქ მიუნხენში მცხოვრები, ევროპული ბიზნესსკოლის სტუდენტი ვაჟა გოგიტიძე, რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსის მასობრივი საფრთხის გამოცხადების შემდეგ გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან, როგორც შეიტყო, მგზავრობა რისკის შემცველი იყო, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი არ უნდოდა საფრთხე შეექმნა თავისი მრავალწევრიანი ოჯახისთვის. ვაჟა გოგიტიძე გვიამბობს, თუ როგორ უმკლავდება გერმანიის ქალაქი მიუნხენი და ბავარიის მხარე კორონავირუსის გლობალურ საფრთხეს. მისთვის ყველაზე აღსანიშნავი ისაა, რომ აკრძალვებს გერმანელები ემორჩილებიან. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც, უკვე ოთხი წელია, სტუდენტია, მოქალაქეები ჯანდაცვის სისტემის გამო თავდაჯერებულები არიან:

„ყველა სტუდენტი სახლიდან სწავლობს ონლაინ სისტემით. ერთადერთი, რაც დაშვებულია, შეგვიძლია გასვლა და ვარჯიში ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, სულ მცირე, ორი მეტრის დაშორებით. იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ერთ დღესაც დასრულდება. ახლა სახლში ვართ და მხოლოდ მაღაზიაში შეგვიძლია ჩასვლა. როცა იტალიაში და მერე ესპანეთში ეპიდაფეთქება იყო, აქ ხალხი ჩვეულებრივად დადიოდა ქუჩაში და არანაირი შეზღუდვები არ იყო. მაგრამ, როგორც კი საგანგებო გამოცხადდა, სახლში ჩაიკეტა ყველა. ახლაც რომ გავიხედო ქუჩაში, არავინ დადის. მხოლოდ პროდუქტების საყიდლად გადიან. აქ ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო მაკარონზე და, მიუხედავად ამისა, ფასი არ გაზრდილა, პირიქით, თებერვალთან შედარებით, გაიაფდა კიდეც. დიდი დეფიციტია ტუალეტის ქაღალდის და მგონი, ეგ მთელ მსოფლიოშია“.

ნინო თოფურიძე
ნინო თოფურიძე

საქართველოს მოქალაქე ნინო თოფურიძე კი ამ დროისთვის ლონდონშია. იგი ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოდან დიდ ბრიტანეთში საასწავლებლად წასულ კიდევ ორ სტუდენტ გოგოსთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს კარანტინის პირობებში. სამივეს 4 აპრილს საქართველოში გამოსაფრენი ავიაბილეთი აქვს შეძენილი და სამშობლოში დაბრუნების იმედი აქვთ. იციან, რომ სახლში დაბრუნებულებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება:

„ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, დიდი ბრიტანეთი არ იღებდა იმ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას. აქ მიიღეს წესი, რომ დაავადების სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში პირველი შვიდი დღე არ უნდა მიმართო ჯანდაცვის სისტემას და მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტები ექიმს, ხოლო თუ შვიდი დღის შემდეგ სიტუაცია დამძიმდა, მხოლოდ მაგის შემდეგ შესაძლებელია გადაგიყვანონ კლინიკაში. გარდა ამისა, ჩვენ სტიპენდიატები ვართ და ეს დაფინანსება გარკვეულ დროზეა გათვლილი. ჩვენი აქ ყოფნა თუ გაგრძელდა დიდხანს, ფინანსური პრობლემებიც იქნებოდა, ამიტომ თადარიგი დავიჭირეთ“.

სალომე აფხაზიშვილი
სალომე აფხაზიშვილი

კიდევ ერთ სტუდენტს საქართველოდან იმედი აქვს, რომ მაისის თვეში სამშობლოში დაბრუნებას მოახერხებს. სალომე აფხაზიშვილი აშშ-ში, ინდიანის შტატში, იმყოფება სამაგისტრო პროგრამით. სწავლას სალომე მაისში ამთავრებს, თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ მისი გეგმები სრულიად შეცვალა. მომავალში დაგეგმილი აუცილებელი პრაქტიკული სამუშაო პერსპექტივა შექმნილი კრიზისის გამო ბუნდოვანია, მაისში კი სტიპენდია სწავლის დამთავრებასთან ერთად შეწყდება. ამიტომ სალომე საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა და, როგორც ამბობს, იმედი აქვს, შინ დაბრუნებას შეძლებს:

„ახლა ამერიკელ სტუდენტებსაც ათავისუფლებენ სამსახურებიდან და ჩვენი, საერთაშორისო სტუდენტების, აყვანა არ არის პრიორიტეტული ამერიკული ორგანიზაციებისთვის. ამიტომ ბევრი გეგმა, რომელიც სწავლის დამთავრების შემდეგ გვქონდა, არის ჰაერში. თვითონ ამერიკელ სტუდენტებს ვერ ვამჩნევ, რომ განიცდიან ამას, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ჩემი მეგობრების ძმა გაათავისუფლეს სამსახურიდან, მეორე დროებით გაუშვეს. ამერიკელი სტუდენტები მუშაობენ არა ერთ, არამედ რამდენიმე სამსახურში და ეს ვითარება მათ კეთილდღეობასა და შემოსავლებზე გავლენას ახდენს. თან, უნივერსიტეტის ვალს თავად იხდიან. რა თქმა უნდა, ამას განიცდიან, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ძალიან კარგად იცნობენ დანაზოგის კულტურას და ეს სიმშვიდეც, რომელსაც ჩემს ამერიკელ სტუდენტ მეგობრებს ვამჩნევ, ამ დანაზოგის დამსახურებაა. ისინი ამას აკეთებენ პირველივე კურსიდან, როგორც კი მუშაობას იწყებენ“, - ამბობს სალომე აფხაზიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG