Accessibility links

site logo site logo

რა შეცვალეს რელიგიურმა კონფესიებმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ


ბათუმის მეჩეთი

მეჩეთებში კოლექტიური ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე მიიღო. საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, ამბობს, რომ გადაწყვეტილება 19 მარტს მუსლიმთა სამმართველოში გამართულ შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც მორწმუნეებთან ერთად თეოლოგებიც ესწრებოდნენ. ამის შემდეგ, გასულ კვირას, საჯარო ლოცვით აღარ აღინიშნა მუსლიმთა ერთ-ერთი დღესასწაული, დღეს კი საქართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ, როგორც თავად ამბობს, მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ მუსლიმებსაც თავისი წარმომადგენლების საშუალებით შეატყობინა, რომ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მეჩეთებში კოლექტიური ლოცვა დროებით აკრძალულია:

„მოვუწოდებთ, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვისა და სახელმწიფო უწყებების რეკომენდაციები. ვიცით, რომ ახლა მარნეული და ბოლნისი საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოვუწოდებ დარჩნენ სახლებში! ვიდრე არ გადაივლის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე, ჯგუფური ლოცვები და მათ შორის პარასკევის ლოცვა, რომელიც მეჩეთში ტარდება, დროებით არის შეჩერებული. ამის ნებართვას იძლევა ისლამის რელიგიური მოძღვრება. თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საშიშროება და საფრთხე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დროებით შეჩერდეს კოლექტიურად ლოცვების შესრულება. შესაბამისად, მორწმუნეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ პარასკევის ლოცვა, რომელიც მეჩეთში ვერ შესრულდება, შეასრულონ საკუთარ სახლებში“.

რა შეიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ ეკლესიის მრევლისთვის გარკვეული წესები შემოიღო. ეს წესები სოციალურ დისტანცირებას ეხება. მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეწყდა და არც ზიარების წესი შეიცვალა, თუმცა, როგორც ეპარქიაში განმარტავენ, მრევლს რეკომენდებული დისტანციის დაცვას მოსთხოვენ, რომლის შემდეგ ეკლესიებში მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილი დაესწრება რელიგიურ რიტუალს, ნაწილი კი ეკლესიების ეზოში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლით მოისმენს ლოცვას. დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ ყველა ტაძარში აუცილებელი დეზინფექცია ტარდება, კითხვაზე კი, რას ფიქრობს საგანგებო მდგომარეობის მიხედვით დადგენილ შეზღუდვაზე, რომლის მიხედვით 10 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა, ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეს აკრძალვა ძალიან კარგად განმარტა:

„რომ ეს არ ეხება მედიას და არ ეხება რელიგიურ დაწესებულებებს. მართლმადიდებლური ეკლესია იცავს რა ხელისუფლების რეკომენდაციას, იცავს ორმეტრიან დისტანციას, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და ეს სრულიად საკმარისია. ისინი არ უშლიან ხელს ღვთისმსახურების ჩატარებას. ასევეა მედიასთან დაკავშირებითაც - ზოგჯერ ოცი ჟურნალისტი ერთდროულად იღებს ინტერვიუს და არანაირი დისტანცია არ აქვთ დაცული არც ერთმანეთთან და არც რესპონდენტთან. ასევეა მარკეტებში და აფთიაქებშიც. ეკლესიამ სრულიად მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, დაეთანხმა. ვიცავთ დისტანციას, ჩავატარეთ დეზინფექცია და გავაგრძელებთ ამ რეჟიმში“.

ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

კათოლიკური ეკლესია: მივიღეთ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, გაბრიელ ბრაგანტინი, ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ეკლესიაში შეიცვალა როგორც წირვის აღსრულების, ასევე ზიარების წესები. მისი თქმით, კათოლიკურ ტაძრებში ხალხის თანდასწრებით ბოლო წირვა გუშინ, 22 მარტს, ჩატარდა, ამიერიდან კი ტაძრებში მსახურებას სასულიერო პირები მრევლის გარეშე ჩაატარებენ. ამბობს, რომ ეს მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება იყო. ზიარების წესში ცვლილება კი ითვალისწინებს მხოლოდ ერთი სახით - წმინდა პურით ზიარებას და არა წმინდა ღვინით. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას 12 აპრილს, ეკლესიის წინამძღვარი გაბრიელ ბრაგანტინი ამბობს:

„სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ იქნება აღდგომის წირვა. თუ უკეთესობისკენ შეიცვლება ვითარება, პრობლემა არ იქნება. თუ იგივე სიტუაცია იქნება 12 აპრილს, რაც დღეს არის, მგონია, რომ აღდგომის წირვა იქნება ხალხის თანდასწრების გარეშე. არ ვიცი... მართლა არ ვიცი, როგორ იქნება... ასეთი რისკია და საშიშროება. წლევანდელი აღდგომა სრულიად განსხვავებული იქნება სხვა აღდგომისგან, რიტუალებისა და წირვის აღვლენის თვალსაზრისით“.

გრიგორიანული ეკლესია: სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვას დავემორჩილებით

აჭარაში მოქმედ სომხურ გრიგორიანულ ეკლესიაში ამ დროისთვის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის წინამძღვარი არარატ გუმბალიანი ამბობს, რომ სააღდგომოდ, რომელიც გრიგორიანული კალენდრით 12 აპრილსაა, ლიტურგიას ჩაატარებენ, მრევლის დასწრებაზე კი იქნება შეზღუდვა ან იგი ხალხის გარეშე ჩაივლის. მისივე თქმით, სომხური ეკლესია დაიცავს იმ წესებს, რომელთაც სახელმწიფო ამკვიდრებს და რაც 12 აპრილისთვის იმოქმედებს. როგორც არარატ გუმბალიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი დღესაც მოუწოდებენ თავის მრევლს, რომ უსაფრთხოების მიზნით სახლში დარჩნენ, დაიცვან სანიტარიული ნორმები და დაემორჩილონ საგანგებო ვითარების გამო დაწესებულ წესებს.

ბათუმის სინაგოგაში მორწმუნეთა რაოდენობა საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ შემცირდა

რაც შეეხება ბათუმში მოქმედ სინაგოგას, ქართული ებრაული სათვისტომოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მორწმუნეები აქ აღარ იკრიბებიან, რადგან სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ რეკომენდაციებს ემორჩილებიან. გარდა ამისა, სინაგოგაში ხალხის ნაკადი შეწყდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის საზღვრები დაიკეტა და ბათუმში ვეღარ შემოვიდა ტურისტული ნაკადი ისრაელიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG