Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლება შეეცდება დასავლეთიდან შემცირებული კაპიტალი დააკომპენსიროს" - რა ცვლილებებს აპირებს მთავრობა საპენსიო სააგენტოში


საპენსიო სააგენტოს კიდევ ერთი მმართველი ორგანო, რომელიც კანონის მიღების შემდეგ გაუქმდება, სამეთვალყურეო საბჭოა.
საპენსიო სააგენტოს კიდევ ერთი მმართველი ორგანო, რომელიც კანონის მიღების შემდეგ გაუქმდება, სამეთვალყურეო საბჭოა.

პარლამენტში მთავრობამ შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მართვას, მის სახელსა და იმ ლიმიტსაც შეცვლის, რომლითაც საპენსიო ფონდს შეეძლება მსხვილი პროექტები დააფინანსოს.

ამ სტატიაში ვხსნით, Რისი შეცვლა სურს მთავრობას საპენსიო სააგენტოში, სადაც საქართველოს მოქალაქეთა დანაზოგი - 5 მილიარდ ლარამდე თანხა არის აკუმულირებული, და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა მეხუთე წელია მოქმედებს. პენსიის დაგროვება სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებულისთვის. ამ დროისთვის სქემაში 1.5 მლნ ადამიანზე მეტია ჩართული, ხოლო მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები ჯამში 4.9 მილიარდ ლარს აღწევს.

რა იცვლება?

სახელი - საპენსიო სააგენტოს საპენსიო ფონდი დაერქმევა.

მართვა - ამჟამად სააგენტოს ორი საბჭო ჰყავს: სამეთვალყურეო და საინვესტიციო. ორივე უქმდება.

Მათ ჩაანაცვლებს ერთიანი მმართველობითი საბჭო 9-დან 15-მდე წევრით, რომელიც ორივე მიმართულებას: საინვესტიციოს და ადმინისტრაციულს გააერთიანებს.

როგორ იმართება საპენსიო სააგენტო დღეს?

დღეისთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული ოთხი უცხოელი წევრი ჰყავს, ოლივიერ რუსსო, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს, საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია.

ჟან-ფრედერიკ პოლსენი საინვესტიციო საბჭოს წევრად არჩევამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი იყო.

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მაიკლ რიდლი ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია. რაც შეეხება ტიმო ვიჰერკენტას, ის ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდს ხელმძღვანელობდა.

საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს - შესაბამისად, საინვესტიციო სტრატეგიას განსაზღვრავს. საპენსიო სააგენტო საინვესტიციო გადაწყვეტილებებისას ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები

მარტივად რომ ვთქვათ, ეს საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა წლევანდელი წლის ივნისში ეწურებათ.

სააგენტოს კიდევ ერთი მმართველი ორგანო, რომელიც კანონის მიღების შემდეგ გაუქმდება, სამეთვალყურეო საბჭოა.

მასში მთავრობის წევრები შედიან: ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭო საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველია, საინვესტიციო მიმართულების გამოკლებით.

როგორ იქნება საპენსიო ფონდის მართვა?

მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ დღეს არსებული ორი საბჭოს, საინვესტიციოსა და სამეთვალყურეოს ფუნქციები გაერთიანდება და საპენსიო ფონდს მხოლოდ ერთი საბჭო ეყოლება მმართველად.

საბჭოს წევრებს სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს. კომისიაში 7 წევრიდან 3 მინისტრი, 3 პარლამენტარი და 1 ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი წევრი იქნება.

მმართველობითი საბჭოს წევრობის შერჩეულ კანდიდატებს ისინი პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ დასამტკიცებლად. საბჭოში არა ნაკლებ 9 და არა უმეტეს 15 წევრი უნდა იყოს. 9 წევრის შემთხვევაში მთავრობა ერთი წევრის დანიშვნას შეძლებს, ხოლო 9 წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში 2 წევრს დანიშნავს.

აქამდე საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ამტკიცებდა.

“პარლამენტს ჩამოართვეს ამ ფონდის მართვაში ყოველგვარი უფლება. საბჭოს უცხოელი წევრები ნაკლებად ექვემდებარებოდნენ პოლიტიკურ გავლენას. უცხოელები რად გვინდა ან ვეტინგი რად გვინდა, რატომ უნდა შეაფასოს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება ვიღაც უცხოელმა, ამ პოლიტიკის გაგრძელებაა”, - ამბობს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე, პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
რომან გოცირიძე, პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი

კანონპროექტის მიხედვით, მმართველობითი საბჭოს კანდიდატთა შერჩევის წესი და პროცედურა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ახალი საბჭო დაამტკიცებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტს და დასაქმებულთა საშტატო ნუსხასაც.

გოცირიძე მიუთითებს კორუფციის რისკზე, რომელსაც ახალი ცვლილებები გაზრდის: “ფონდის რესურსების სარისკო პროექტებში ინვესტირება გახდება შესაძლებელი, რათა მთავრობასთან დაკავშირებულმა, მაგალითად, რომელიმე სამშენებლო კომპანიამ ისარგებლოს. მექანიზმი ყოველთვის მოიძებნება, მით უფრო, როცა უცხოელი არ არის და ხმის ამომღებიც არავინ არაა. პროექტში წერია, რომ ეს უნდა ეროვნული ბანკის თანხმობით მოხდეს, ის კი დამოუკიდებელი არ არის. სინამდვილეში ყველაფერი მთავრობის თანხმობით გაკეთდება”.

მიზანი საინვესტიციო საბჭოს მმართველობითი ორგანოსგან ცალკე გამოყოფა იყო და ამიტომ ჰყავს საპენსიო სააგენტოს დღეს ორი საბჭო, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელიც დაგროვებითი პენსიის შესახებ პირველი კანონის შემუშავებაში უშუალოდ იყო ჩართული.

“ახლა პირდაპირ დაექვემდებარა საბჭოს წევრების დანიშვნა პრემიერს. არსებული პარლამენტის მექანიზმი ფაქტობრივად მოკლეს. ხოლო ეროვნული ბანკი, რომელიც ზედამხედველობის ნაწილში დამოუკიდებელი უნდა იყოს, ფაქტობრივად, ხელისუფლების გავლენას სრულად ექვემდებარება", - ამბობს ლილუაშვილი და იმ “დამცავ” მექანიზმებს ასახელებს, რაც თავის დროზე კანონში ჩადეს.

კიდევ რა იცვლება?

“მონაწილეს შეეძლო კერძო ფონდში გადაეტანა საპენსიო აქტივი. ეს საერთოდ გააუქმეს [კანონპროექტით, სქემის მონაწილეებს უფლება არ ექნებათ, თავიანთი აქტივები საპენსიო ფონდიდან აქტივების მართვის კერძო კომპანიაში გადაიტანონ]. კანონით გაწერილ ლიმიტებში ცვლილებები იმიტომ შეაქვთ, რომ დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე გამოათავისუფლონ”, - ამბობს ლილუაშვილი და ამატებს, რომ ეს ცვლილება “აგენტების კანონთან” ერთად უნდა განვიხილოთ, რადგან ხელისუფლება შეეცდება, დასავლეთიდან შემცირებული კაპიტალი საპენსიო დანაზოგებით დააკომპენსიროს და სხვადასხვა პროექტში ჩადოს.

“ამ 1.5 მილიონ ადამიანს ხელისუფლება ეუბნება, რომ მე ვარ გადაწყვეტილების მიმღები მთელ ამ საპენსიო ფონდზე. საბჭოს შემადგენლობას მე ვნიშნავ, ეროვნული ბანკი ჩემს ხელშია, კანონით უფლება, რომ გამექცე და სხვაგან გადაიტანო ეს ფული, აღარ გაქვს. ლიმიტებს რაც შეეხება, საპარლამენტო უმრავლესობა ჩემს ხელშია და როცა მინდა, შევცვლი”, - ამბობს ლილუაშვილი.

ბექა ლილუაშვილი
ბექა ლილუაშვილი

გაზრდილი რისკი?

მოქმედი კანონით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან თანხის ჩადება შესაძლებელია მხოლოდ ფინანსურ აქტივებში, როგორიცაა - სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები და კორპორაციული აქციები.

ცვლილებების შემდეგ ჩამონათვალს დაემატება სხვა აქტივებიც, რომლებშიც თანხის ინვესტირება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის მოცულობის 15%-ის ოდენობით იქნება შესაძლებელი. დღევანდელი აქტივების ოდენობას თუ ავიღებთ, გამოდის, რომ საპენსიო ფონდს მსგავს პროექტებში 700 მლნ ლარამდე ინვესტირება შეეძლება.

“მოქმედ კანონშიც ეწერა, რომ საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში გარკვეული პროცენტი შეიძლება მიემართოს სხვა პროექტებზე. ამ პროექტებს რისკების კუთხით ეროვნული ბანკიც უყურებს. თუ საუბარია პირდაპირ სესხის გაცემაზე ან პირდაპირ წილში შესვლაზე, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. [საპენსიო სააგენტო] ბანკი არ არის და პირდაპირ სესხებს ვერ გასცემს, მაგრამ რამდენადაც თავად კანონპროექტის ავტორებისგან ვიცი, სხვა აქტივებში ინვესტიცია მოხდება ისევ ფასიანი ქაღალდების საშუალებით", - ეუბნება საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე რადიო თავისუფლებას.

გოცირიძისა და ლილუაშვილისგან განსხვავებით, ის ემხრობა ერთიან მმართველობით სისტემაზე გადასვლას.

კითხვაზე, რატომ ცვლის მთავრობა სააგენტოს მართვის ფორმას მეექვსე წელს, სურგულაძე გვპასუხობს, რომ მართვის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.

“ცხოვრებაში ყველაფერი მიდის დახვეწისკენ. კანონი დამხვდა, ჩემი დაწერილი ნამდვილად არ არის და მე მხოლოდ მისი აღსრულება მევალებოდა. მართალი გითხრათ, არ ვიცი, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი კონტრიბუცია [საინვესტიციო საბჭოსი] რამდენად შეესაბამებოდა, გნებავთ, დანახარჯებსაც”, - ამბობს სურგულაძე.

ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი
ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი

საპენსიო სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების ანაზღაურება საჯარო არ არის.

ეროვნული ბანკის გაზრდილი ზედამხედველობა

საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სებ-ს შეეძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრი [გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი].

“ამჟამად ეროვნული ბანკი არის ზედამხედველი და მარეგულირებელი მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის. ის სააგენტოს დანარჩენ ნაწილში მარეგულირებელი არ არის და საერთოდ ვერაფერში ვერც ერეოდა”, - ამბობს სურგულაძე.

გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯი?

ცვლილების შემდეგ, დიდი ალბათობით, გაიზრდება საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯიც. არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით, პროექტში წერია, რომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მართვის საკომისიო, თუმცა კანონით დადგინდება ზედა ზღვარი, რაც 0.75%-ია.

“10 მილიარდი რომ გახდება [საპენსიო ფონდი], 75 მლნ ლარია ადმინისტრაციული ხარჯები. ტელევიზიის [საზოგადოებრივი მაუწყებლის] დაფინანსების მოდელია, რაც გავაუქმეთ და იგივე მოდელი შემოგაქვთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობის კანონპროექტი განიხილეს. (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც მშპ-ს პროპორციულად იზრდებოდა, “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა). გოცირიძე დაინტერესდა, რატომ ზრდის მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს.

“იმიტომ ვზრდით, რომ რთული აქტივების კლასები რჩება. შესაძლოა აუთსორსინგი დასჭირდეს ფონდს, რათა რთული აქტივების მართვა დააფინანსოს, რისი კომპეტენციაც აქ არ არის. ასევე ფართოდ მოწონებული მიდგომაა, რომ უცხოელები იყვნენ, რადგან დიდი კომპეტენცია გააჩნიათ, თუმცა ისინი ანაზღაურებას ქართული სამომხმარებლო კალათის გათვალისწინებით არ იღებენ. საერთაშორისო ექსპერტები არიან და საერთაშორისო ფონდებში მუშაობენ, საქართველოს ფონდიც მათთვის საერთაშორისოა და შესაბამის ანაზღაურებას ელოდებიან. თან 1%-ია საშუალოდ ასეთი ფონდების დაფინანსება ევროპულ ქვეყნებში", - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გოცირიძეს.

და მაინც, რატომ იცვლება კანონი საპენსიო დანაზოგების შესახებ?

კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს მომზადებულია.

“რეფორმის განხორციელებიდან 5 წლის თავზე გამოიკვეთა რიგი ცვლილებების საჭიროება, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას ემსახურება. აღნიშნული განპირობებულია კერძოდ იმით, რომ ხუთი წლის მანძილზე საპენსიო აქტივების პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ გაიზარდა საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც თავის მხრივ საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური რისკის კონტროლის მექანიზმებს და შესაბამის ზედამხედველობას”, - აცხადებენ სამინისტროში.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტმა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა 30 დღით გაახანგრძლივა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG