Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში - მოკლედ მთავარზე


სოხუმში არეულობაა. ოპოზიცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. პროტესტი 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების სადავო შედეგებს უკავშირდება.

როგორ დაიწყო არეულობა

ოპოზიციური პარტიების - "ამცახარა"-სა და "ერთიანი აფხაზეთის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სოხუმში 9 იანვარს, დღის პირველ ნახევარში დაიწყო.

9 იანვარს, საღამოს, შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.

ისინი შეძახილებით ამტვრევდნენ ფანჯრებსა და კარებებს, რათა შენობაში შეეღწიათ.

სოხუმი, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობა
სოხუმი, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობა

შენობაში შეჭრილები ხაჯიმბას გადადგომა ითხოვდნენ.

ამ ჯგუფის განცხადებით, აღარ არის დრო, რომ ხალხი სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელოდოს.

თავდაპირველად რთული გასარჩევი იყო, ოპოზიციური სპექტრის რომელი ძალები ემხრობოდნენ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას.

ვინ არის შტურმის მოთავე ახრა ავიძბა

10 იანვრის დილის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 300-მდე პირი იმყოფებოდა.

შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში, სოჭში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. თავად ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეც არის და "აფხაზეთის მოქალაქეც". ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. ის 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ალხას ავიძბას ბიძაშვილია.

ახრა ავიძბა აქციაზე, 9 იანვარი
ახრა ავიძბა აქციაზე, 9 იანვარი

ახრა ავიძბას განცხადებებით, ხაჯიმბას რეჟიმი ძარცვავს ხალხს, შეკრულია კრიმინალებთან და არჩევნებში დასახმარებლად მათ საპატიმროებიდან ათავისუფლებს.

ახრა ავიძბა 9 იანვარს მოითხოვდა, რომ „პარლამენტს“ დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები.

რატომ დაბრუნდა ასლან ბჟანია მოსკოვიდან სოხუმში

აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა, სოხუმის ცენტრში, „პრეზიდენტის ადმინისტრაციისა“ და „პარლამენტის“ შენობებთან შეიკრიბონ, რადგან იქ მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.

ასლან ბჟანია მოსკოვიდან სოხუმში 9 იანვარს დაბრუნდა. 10 იანვარს, მან სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკება გამართოს რაულ ხაჯიმბასთან.

ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

ბჟანია აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი იყო, თუმცა, 2019 წლის გაზაფხულზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სექტემბრის „არჩევნებში“ მონაწილეობა ვეღარ მიიღო.

ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბჟანია ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკებში მკურნალობდა.

„მთავრობისა“ და „პარლამენტის“ პოზიციები

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით, თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა რაულ ხაჯიმბას - დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, რომ "არმია" მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.

კენჭისყრის პროცედურა "პარლამენტში"
კენჭისყრის პროცედურა "პარლამენტში"

„ჩვენთან ისედაც ბევრი სისხლი დაიღვარა და ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ, ამიტომ აფხაზური არმია არასდროს იქნება გამოყენებული თავისი ხალხის წინააღმდეგ“.

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა, კომპრომისი გამოძებნონ და ხალხს შეუქცევადი შედეგებისკენ ნუ უბიძგებენ.

რას აპირებს ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. „პრეზიდენტი“ ფიქრობს, რომ გადადგომა კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.

რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

„პარლამენტის მიმართვას, მიუხედავად მითითებული მიზნისა - შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან აცილება, შეუძლია მხოლოდ გაართულოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია და გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები ქვეყნისთვის“ - წერია .ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიცია რადიკალურ ზომებზე გადავიდა სასამართლოში შეტანილი მოთხოვნების „უპერსპექტივობის“ გამო.

დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მომხრეებს მოუწოდა ადგილობრივი დროით 15 საათზე (თბილისის დროით 16:00 საათი) სოხუმის ცენტრში, მთავრობის შენობასთან შეიკრიბონ.

„თქვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს გადადგომა შესთავაზეს და იცით მისი პასუხიც. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს“, - განაცხადა არშბამ.

რატომ დაიწყო არეულობა ახლა

2019 წლის 8 სექტემბერს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში (მეორე ტურში) დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა (47.38%).

მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური პარტიის - „ამცახარა“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, ალხას კვიცინია (46.19%).

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.

კვიცინიამ სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების შესახებ და საქმის განხილვა გადადო.

ბოლო ინფორმაციით, სასამართლო სხდომა დღეს, 10 იანვარს, თბილისის დროით 4 საათზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG