Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა (არ) გაითვალისწინა "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნიდან


„ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციათა მცირე ნაწილი გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით. რეკომენდაციების უმეტესობაზე უმრავლესობისგან ან პირდაპირი უარია, ანდა - არაპირდაპირი.

რა გაითვალისწინა და რა არა უმრავლესობამ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს ვენეციის კომისიის დასკვნიდან? განვიხილოთ რამდენიმე რეკომენდაცია.

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევისას ფარული კენჭისყრის ღია კენჭისყრით ჩანაცვლება - ასეთია ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია.

უმრავლესობა ამბობს, რომ არ თვლის საჭიროდ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას რამდენიმე მიზეზის გამო:

  • ფარული კენჭისყრა ზეგავლენებისა და კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის გარანტიაა;
  • 2013 წლის 11 მარტის დასკვნით, ვენეციის კომისია თავად მოუწოდებდა საქართველოს - იუსტიციის საბჭოში სწორედ ფარული კენჭისყრის მექანიზმი დაემკვიდრებინა.

ოპონენტები შეახსენებენ „ქართულ ოცნებას“ რომ ახლა 2013 წელი არ არის, რომ ვითარება მას შემდეგ დამძიმდა და ამ ეტაპზე ვენეციის კომისია კანდიდატთა შერჩევის პროცესში მეტი ობიექტურობისთვის სწორედ ღია კენჭისყრის საჭიროებას ხედავს.

ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციასთან მიმართებით ოპონენტებისთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა კიდევ ერთი ფარული კენჭისყრა კანდიდატების ქულებით შეფასების შემდეგ.

მით უმეტეს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, „კანდიდატების რიგი უნდა დადგინდეს იმ ქულების მიხედვით, რომლებიც შეფასების პროცესში მიიღეს. ამგვარად შესაძლებელი გახდება, რომ პარლამენტს წარედგინოს საუკეთესო კანდიდატთა სია.“

უმრავლესობა კი თავის პოზიციას შემდეგნაირად ხსნის:

  • ყოველ ჯერზე საჭიროა, რომ საბჭომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელოს: მოისმინოს, შთაბეჭდილება მოინიშნოს და ფარული კენჭისყრით შეაფასოს ესა თუ ის კანდიდატი;
  • მიზანია, რომ საუკეთესო კანდიდატები წარედგინოს პარლამენტს.

ოპონენტების პოზიციით, მორიგი ფარული კენჭისყრა წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დატოვებულ დამატებით მექანიზმს არასასურველი კანდიდატების თავიდან მოშორების მიზნით.

- კანდიდატების შერჩევა და გამორიცხვა უნდა მოხდეს გონივრულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობითა და იურიდიული გასაჩივრების შესაძლებლობით - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ ასრულებს ამ რეკომენდაციას. ოპოზიციისთვის კი ცხადია, რომ ეს ასე არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს მიდგომას, რომლის მიხედვითაც:

  • კონკურსში მონაწილეთა მთელი შემადგენლობის 45-კაციან „გრძელ სიამდე“ დაყვანის პროცესში იუსტიციის საბჭოს წევრები კანდიდატების ბედს მათთან გასაუბრების გარეშე, დოკუმენტების მიხედვით წყვეტენ;
  • კრიტერიუმები იქნება - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასება.

ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე იოლია „კლანის“ ინტერესებთან შეუსაბამო კანდიდატების თავიდან მოშორება, როდესაც მათი განხილვა პრაქტიკულად უნახავად, მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდება.

ოპონენტებისთვის მეტად პრობლემურია ასევე გასაჩივრების საკითხიც. უმრავლესობის პოზიციით:

  • გასაჩივრება მხოლოდ განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გადარჩევის ეტაპზეა შესაძლებელი;
  • შემდგომ ეტაპებზე კი, იუსტიციის საბჭოს (როგორც კონსტიტუციურ ორგანოს) გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება;
  • ამავე მიზეზით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოეთხოვება გადაწყვეტილების დასაბუთება ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით.

ოპონენტებისთვის არ არის საკმარისი, რომ პარლამენტს გადაეგზავნება სრულყოფილი ინფორმაცია კანდიდატების მონაცემებისა და მიღებული ქულების თაობაზე.

ისინი თვლიან, რომ ეს ვერ ჩაანაცვლებს კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთ პროცედურაში, რომელიც დაკავშირებულია ამ კანდიდატების შერჩევასა და წარდგენასთან - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

უმრავლესობა თვლის, რომ გაიზიარა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია. ოპონენტები ასე არ ფიქრობენ და მათ უამრავი შეკითხვა აქვთ.

უმრავლესობის პოზიციით, საკმარისი იქნება, თუკი ასეთ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს წევრს შეეზღუდება:

  • სხვა კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმა;
  • სხვა კანდიდატების შეფასება;
  • როგორც თავისი, ასევე სხვა კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან ერთად, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ შეახსენებს ეუთო/ოდირის შეფასებებსაც, რომელთა მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი არ უნდა განიხილებოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

ამასთან ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ, მაგალითად:

  • შეკითხვების დასმის აკრძალვის მიუხედავად, კონტროლის მექანიზმია ისიც, რომ იუსტიციის საბჭოს ასეთი წევრი შესაძლებელია დაესწროს სხვა კანდიდატებთან გასაუბრებას;
  • იუსტიციის საბჭოს ასეთ წევრს აქვს მეტი ბერკეტი თუნდაც მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში თავის სასარგებლო ზეგავლენა მოახდინოს კოლეგებზე;

უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდები - ასეთია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია.

ეს არის ვენეციის კომისიის ერთადერთი რეკომენდაცია რომელიც სრულად გაიზიარა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და ოპოზიციასაც აღარ დარჩა შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით.

დროის სიმცირის გამო, 18 აპრილს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა ვერ მოასწრეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის სრულად განხილვა. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა ბევრი შეკითხვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG