Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა იმერეთში პროტესტის მიზეზად რჩება


ნაგავსაყრელი
ნაგავსაყრელი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობის პროტესტი არ ცხრება სოფელ ჭოგნარში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელის მოწყობის წინააღმდეგ. მოსახლეობის თქმით, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ და არ დაუშვებენ მარტიდან ნაგავსაყრელის მშენებლობას. როგორც ჭოგნარის მცხოვრები ზურაბ გორგოძე ამბობს, „სოფელ ჭოგნარის მოსახლეობას სხვა ახლომდებარე სოფლების - გოდოგნისა და ოდილაურის - მცხოვრებნიც შეუერთდებიან და ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკას საშუალებას არ მისცემენ სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს“.

ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება. მათი თქმით, სოფელში ძირითადად ქვის მომპოვებელი კარიერებია და ცოტაა მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრები, ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ კი საძოვარი საერთოდ აღარ დარჩება. მოსახლეობა ასევე შიშობს, რომ დიდი რაოდენობით ნარჩენის განთავსება უარყოფითად იმოქმედებს გარემოზე, დააბინძურებს წყაროებსა და ჭებს, რომლებითაც ოჯახები აქტიურად სარგებლობენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის პასუხად, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი განმარტავს, რომ ეჭვები უსაფუძვლოა, რადგან ნარჩენები სტანდარტების დაცვით დამუშავდება და დამონტაჟდება წყლისა და ჰაერის ფილტრები. გიორგი შუხოშვილისავე განცხადებით, რეგიონალური ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ ზიანს არ მოუტანს სოფლებს, რადგან ამჟამად არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელებისგან განსხვავებული მართვის სისტემა ექნება. შუხოშვილისავე მოსაზრებით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაგავსაყრელი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება, რადგან მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში ხალხი დასაქმდება. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის თქმით, „კომპანია მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის თერჯოლის სოფლების იმ მცხოვრებლებთან, რომლებიც ნაგავსაყრელის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“.

„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის, გიორგი შუხოშვილის, განცხადებას, რომ სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი მზადაა გარკვეულ საკითხებზე შესათანხმებლად, კატეგორიულად უარყოფენ თავად ჭოგნარელები და ამბობენ, რომ შერჩეული ტერიოტორია სამ სოფელთანაა ახლოს და არც ერთი სოფლის მოსახლეობა არ ეთანხმება ნაგავსაყრელის მოწყობას. თერჯოლის სოფლების მცხოვრებნი მოითხოვენ რეგიონალური ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ტერიტორია გამოიყოს.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ (Sade Riko) შორის იანვარში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოსაწყობად პროექტი ხორციელდება გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობით. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, 36 ჰექტარზე 26 მილიონი ევრო დაიხარჯება პროექტისთვის, რომლის ფარგლებში მშენებლობა მარტიდან უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG