Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენთან ადამიანები არ ცხოვრობენ, ცოცხლობენ - გადარჩენაზე არიან ორიენტირებულები"


რევაზ კარანაძე, "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელი
რევაზ კარანაძე, "სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენელი

„სოლიდარობის ქსელმა“ მოამზადა გამოკვლევა ექთნების შრომის პირობებზე საქართველოში. საკითხის შესწავლას იმპულსი მისცა იმ ექიმებისა და ექთნების მონათხრობმა, რომლებიც ერთ-ერთი კლინიკიდან დაითხოვეს. როგორც გამოკვლევის თანაავტორი, რევაზ კარანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რთული აღმოჩნდა ისეთი ექთნების პოვნა, ვინც ინტერვიუს დათანხმდებოდა, „ეშინოდათ გამოჩენა“. საბოლოოდ მოხერხდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 200 ექთანთან დაკავშირება 10 კლინიკაში.

რევაზ კარანაძე „დილის საუბრებში“ ხაზს უსვამს სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შრომის პირობების პირდაპირ კავშირს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან:

„თუ ადამიანები 8 საათზე მეტს, 12-13 საათი მუშაობენ და მათი პაციენტების რაოდენობა აღემატება 5-6-ს, იზრდება ე.წ. გადაღლილობა. ექთნები ვეღარ ასრულებენ ხარისხიანად საქმეს და მოსდით შეცდომებიც, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეთ პაციენტის სიცოცხლისთვის სახიფათოც“.

გამოკვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული ექთნების უმრავლესობა (79,1%) ერთდროულად 11 და მეტ პაციენტს ემსახურება, „ზოგიერთ შემთხვევაში, 35 პაციენტიც არის“.

მკვლევრების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა დადგენილების სახით პაციენტების დასაშვები რაოდენობის განსაზღვრა თითო ექთანზე; აგრეთვე ის, რომ ექთნის ანაზღაურება საათობრივად განისაზღვროს

დატვირთულობის გარდა, ძალიან მწვავედ დგას სამუშაო დროის ხანგრძლიობის საკითხი:

„ერთ-ერთ კლინიკაში თვეში 280 საათი უწევთ ექთნებს მუშაობა. ეს არის ძალიან ბევრი. უნდა იყოს 160-180 საათი. გამოკითხული ექთნების დაახლოებით 80% იღებს 300-500 ლარს თვეში“.

რევაზ კარანაძე აღნიშნავს, რომ ზოგიერთ კლინიკაში დაცვა აკონტროლებს ექთნებს - არ აძლევს მათ მოსვენების საშუალებას, „ერთ-ერთ უფროს ექთანს მოსავლის ასაღებადაც მიყავდა ექთნები“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს ექთნების პროფკავშირის შექმნის საჭიროებაზე, რადგან თვლის, რომ ამგვარი კონტროლის გარეშე ვითარება არ შეიცვლება:

„პრობლემური იყო ის, რომ ადამიანებს უჭირდათ ხმამაღლა ლაპარაკი, როცა გავხსენით ეს თემა, მაგრამ პარლამენტში მოსმენის მერე, სადაც ექთნებმა გაბედეს მოსვლა და საუბარი, არის მეტი გამოხმაურება და ნაკლებია შიში. ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ პროფკავშირული ბრძოლა. შრომის უფლებებს თუ ვერ შევამოწმებთ ჯანდაცვაში, ვერ შევძლებთ ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფას“.

რევაზ კარანაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამედიცინო სფეროს კონტროლი უნდა განსხვავდებოდეს ტრადიციულად სახიფათო ინდუსტრიებად მიჩნეული მშენებლობებისა და მოპოვებითი მრეწველობის ობიექტების შემოწმებისგან. „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი გაუმართლებლად თვლის შრომის უსაფრთხოების პირობებისა და შრომის უფლებების გამიჯვნას, რადგან უფლებების დაუცველობის შემთხვევაში იქმნება კონკრეტული საფრთხეები:

„ყველა სფეროში ბევრი პრობლემაა. შრომის ინსპექცია უნდა გაძლიერდეს. მთლიანად უგულებელყოფილია მომსახურების სფერო. დღემდე შრომის ინსპექციას არ აქვს შრომის უფლებების შემოწმების პრაქტიკა. უფლებებისა და უსფრთხოების გამიჯვნა არის წარმოუდგენელი. თუ მშენებლობაზე 18-20 საათი ამუშავებ ადამიანს შესვენების გარეშე, იზრდება რისკი. ექთნის შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობა დგება რისკის ქვეშ.

ჭავჭავაძეზე რომ მოხდა უბედური შემთხვევა, იქ დასაქმებულები მუშაობდნენ გამომუშავებაზე - რაც მეტ მიწას გამოიტანდა, მეტი იქნებოდა ანაზღაურება. ასე ვერ ხდება დარეგულირება. სამუშაო დროს და დატვირთვას თუ არ გავითვალისწინებთ, შრომის ინსპექცია არის თითქმის უუნარო“.

გამოკვლევის პროცესში განსაკუთრებით მძიმე სურათი გამოიკვეთა ბათუმის კლინიკებში:

„ადამიანები 72 საათში ერთხელ მუშაობენ 12-16 საათიანი ცვლით, 300 ლარიანი ანაზღაურებით. სეზონური დატვირთვის ზრდის გამო ისინი გადაჰყავთ ხოლმე 48 საათიან გრაფიკზე იმავე ანაზღაურებით“.

რევაზ კარანაძე ერთი მხრივ ლაპარაკობს ექთნების დეფიციტზე ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ამ პროფესიიდან და ხშირად ქვეყნიდან კადრების გადინების პროცესზე. ამის მიზეზი შრომითი პირობები და ანაზღაურებაა. დღეს დასაქმებული ექთნების ნახევარი 39-59 წლისაა. პრობლემურია ახალგაზრდების დაინტერესებაც ექთნის პროფესიით:

„დეფიციტის გამო, ექიმ-სტუდენტებს, რომლებიც არიან დამამთავრებელ კურსებზე, პრაქტიკის გავლა უწევთ როგორც ექთნებს. გვყავდა კარდიოლოგები დამამთავრებელ კურსებზე, რომლებიც კარდიოლოგიურ კლინიკაში მუშაობდნენ როგორც ექთნები“.

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ასეთი ტენდენციის გაგრძელების პირობებში ექთნების რაოდენობა კიდევ უფრო დაიკლებს.

რევაზ კარანაძე ურჩევს ხელისუფლებას ელაპარაკოს ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები; გამოკვლევის ავტორთა რეკომენდაციაა - ექთნები იყვნენ ჩართულები კლინიკების მართვის საკითხებში.

„საქართველოში ძალიან ცუდი სოციალური პოლიტიკაა, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყაან ვართ და 30 წელია ტრანზიციის პერიოდში ვართ. ჩვენთან ადამიანები არ ცხოვრობენ, ცოცხლობენ - გადარჩენაზე არიან ორიენტირებულები. არც საშუალო ფენაა, არც ღირსებული ანაზღაურება“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG