Accessibility links

რით აიხსნება პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძის წარმატება


28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საკვირველი შედეგით დასრულდა. გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ფორმალურად საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, ბოლო მონაცემებით, ხმების 37.73% აიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა - 38.64%. ამომრჩეველთა აქტივობა ამ არჩევნებზე, ისევე, როგორც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დაახლოებით 46 % იყო. მოულოდნელი იყო, როგორც ხელისუფლების კანდიდატის წარუმატებლობა, რაც მეორე ტურის დანიშვნაში გამოიხატა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის წარმატება. ქვემოთ თითოეულ ამ მოულოდნელობას ცალ-ცალკე განვიხილავ, მაგრამ ყველაზე მეტად, ვაშაძის წარმატებით დავინტერესდები.

დავიწყებ იმის განხილვით, თუ რას შეიძლება მივაწეროთ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ამგვარი წარუმატებლობა (ცხადია, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვების ვერმოპოვებას, რაც წინა წლებთან შედარებით „ქართული ოცნებისთვის“ საგრძნობი ჩავარდნაა). პირველ რიგში, მოვლენების ამგვარ შემობრუნებაში გადამწყვეტი როლი მთავრობის მიერ დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა ითამაშა, დაწყებული სარალიძის საქმის გამოუძიებლობით (დავით სარალიძის მკვლელი დღემდე უცნობია) და დამთავრებული ბიზნესმენ ოქუაშვილის საქმით. ხელისუფლებამ ყველა ეტაპზე თავი წარმოაჩინა კლანურ, არაკომპეტენტურ და ავტორიტარულ ძალად. „ქართული ოცნების“ არაფორმალურმა ლიდერმა, იმის ნაცვლად, რომ წამოეწყო სისტემური რეფორმები, მაგალითად, პროკურატურასა და ძალოვან უწყებებში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საჯაროდ დაცვას მიჰყო ხელი. ყველაფერმა ამან აშკარაა, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე დადებითად არ იმოქმედა.

ხელისუფლების კანდიდატის წარუმატებლობის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დრამატულად გაიზარდა, რომ არაფერი ვთქვათ ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რადიკალურად გაუმჯობესებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ფინანსურ და ორგანიზაციულ გაძლიერებაზე და უმაღლესი განათლების რეფორმაზე. „ქართულ ოცნებას“ ამგვარი სოციოეკონომიკური სასწაული არ მოუხდენია, მიუხედავად გაცემული დაპირებებისა. ამომრჩეველთა ნაწილს ამ მიმართულებით მოლოდინი კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელსაც გაუცრუვდა.

ამავე დროს, ერთია ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის წარუმატებლობა, მაგრამ მეორეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმატება. პირველი მეორეს აუცილებლად არ უდრის. ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებზე, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს თეორიულად მაინც შეეძლოთ ხელისუფლების ჩავარდნების სათავისოდ გამოყენება. ის, რომ მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიაღწია წარმატებას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაცვიფრებელია. ვაშაძის წარმატება გასაკვირია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ავტორიტარიზმით და რეპრესიებით გამოირჩეოდა.

ისმის კითხვა, თუ რატომ არ დააბრკოლა ამომრჩევლები იმ ფაქტებმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო დაკავებული იყო კრიმინალური და რეპრესიული ქმედებებით. საუბარია პირველ რიგში გახმაურებულ კრიმინალურ შემთხვევებზე, როგორებიცაა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და რობაქიძის საქმეები, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი (რაზეც მიხეილ სააკაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ან ე.წ. კასრების საქმე, ასევე, ზოგადად, ავტორიტარული, ძალადობრივი პოლიტიკური სისტემის შექმნა. ამომრჩეველთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, დაახლოებით 600 000-მა ადამიანმა ან მთლიანად უგულებელყო წინა მთავრობის დროს მომხდარი დანაშაულებები და „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული პოლიტიკა იმ ცხრა წლის პერიოდში, ან უბრალოდ ჩათვალა, რომ იგივე რამეები მომავალში აღარ განმეორდება. ამომრჩევლის ამგვარი ქცევის მიზეზების ახსნას ქვემოთ შევეცდები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ „ქართული ოცნება“ წინა მთავრობის დროს მომხდარი დანაშაულებების გამოძიებას სერიოზულად არ მიუდგა. ამის ნაცვლად, წინა მთავრობის გმობა ივანიშვილის გუნდმა პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად აქცია. ახალი მთავრობა თავისი ყოველი გადაცდომის გადაფარვას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების გახსენებით ცდილობს, რაც ამ დანაშაულებების თემას, ბევრის თვალში, სერიოზულობას უკარგავს. ბევრ ადამიანს ისედაც არ აქვს სათანადო ინფორმაცია იმ ცხრა წლის განმავლობაში მომხდარ დანაშაულებებზე და „ქართული ოცნების“ ამგვარი პოპულისტური საქციელი მათ აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ბრალდებები რეალური არც იყოს და პოლიტიკურად იყოს შეთითხნილი. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ წარმატებას უწყობს ხელს. სააკაშვილმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას არც ერთი დანაშაული არ მიუძღვის საქართველოს წინაშე და მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ქართული სახელმწიფო ააშენა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი ერთპიროვნული ლიდერი დღემდე უარყოფენ მათი ხელისუფლების მიერ ჩადენილ კრიმინალურ გადაცდომებს და არც იმაში ტყდებიან ბოლომდე, რომ ცხრაწლიანი მმართველობა დემოკრატიულობისგან ძალიან შორს იყო.

მეორე მიზეზი, რატომაც ამომრჩეველთა ნაწილი, როგორც ჩანს, თვალს ხუჭავს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულ და ახლანდელ რეპუტაციაზე, ის არის, რომ მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. ქართველი ამომრჩევლის ნაწილი იმდენად სასოწარკვეთილია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით, რომ როგორც ჩანს, ყველაზე მცირე იმედსაც კი ებღაუჭება. „ნაციონალური მოძრაობა“, მართალია, წარსულ შეცდომებს არ აღიარებს და არც ერთპიროვნული ბელადის კულტის მოშორებას გეგმავს, მაგრამ პარტიის შიგნით გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს მაინც ახორციელებს. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კოალიცია „ძალა ერთობაშიამ“ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად და არა უშუალოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რამაც თითქოს კოლექტიური დემოკრატიული მმართველობის ილუზია შექმნა.

ერთი სიტყვით, იმის გამო, რომ სხვადასხვა მიზეზით ზოგიერთმა ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ცოდვები უგულებელყო, ვაშაძემ, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით, შესამჩნევ წარმატებას მიაღწია. მეორე ტურში მას მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატთან დაპირისპირება მოუწევს, რისთვისაც სხვა პარტიების ამომრჩევლების ხმები დასჭირდება. ახლა უკვე რეალურად გამოჩნდება ის, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი.

რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამ ეტაპზე უკვე ცხადია, რომ ქვეყანა ახალი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას: ორი არსებითად ავტორიტარული მიდრეკილების ძალის დაპირისპირების გამწვავებამ შესაძლოა ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ის, თუ რანაირად არის შესაძლებელი ასეთ ვითარებაში გადარჩენა და დემოკრატიული ცვლილებების ინიცირება, ამაზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამსჯელო და საფიქრალი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება ორი ძალა მზად ცივილიზებული თამაშის წესებით ითამაშოს.

XS
SM
MD
LG