Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით დაგვემუქრება ამჯერად კარასინი?


პრაღაში 28 ნოემბერს გაიმართება გრიგორი კარასინთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი
პრაღაში 28 ნოემბერს გაიმართება გრიგორი კარასინთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ცხინვალის ტყვეობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მთავარი იქნება მასა და გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე, რომელიც 28 ნოემბერს პრაღის სასტუმრო „ავგუსტინეში“ გაიმართება.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს აუცილებლად დავაყენებ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე. ეს ჩემს მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ამისთვის ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი და, ცხადია, ამ შეხვედრასაც გამოვიყენებ იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის საკითხის „მალე გადაწყვეტის“ იმედი აქვს პრაღის მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინსაც, რომელიც, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მისი გადაყენების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს საქართველოსთან მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსს.

„სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაკავებული ქართველი ექიმის თაობაზე კონტაქტები სხვადასხვა ხაზით გაიმართა. აღვნიშნავ, რომ ეს თემა განეკუთვნება ჟენევის დისკუსიის სფეროს... ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ სიტუაციას და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გადაიჭრება“, - განაცხადა კარასინმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში.

აღშფოთება ნატოში გაფართოებით

სტაჟიანი დიპლომატი გრიგორი კარასინი, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ჟენევის ფორმატის დისკუსიების თემად მიიჩნევს, პრაღაში, ტრადიციულად, მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. ასე მოხდა აბაშიძე-კარასინის წინა შეხვედრის შემდეგ, როდესაც გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ გარკვეული ხალხი დასავლეთში ნერვიულობს იმის გამო, რომ საქართველო და რუსეთი თავს აღწევენ „სააკაშვილის პერიოდის მტრობისა და კონფრონტაციულობის ჩიხს“ და მყარდება „ნორმალური ურთიერთობა“ ორ ქვეყანას შორის.

„დასავლეთში ნერვიულობა, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ ნორმალური ურთიერთობა მყარდება საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო უკვე არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკისა, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული არამეგობრული მოქმედების შემთხვევაში, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასია უშუალოდ ჩვენი საზღვრების მახლობლად მდებარეობს. და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მაიკ) პომპეო ღია განცხადებას აკეთებს, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა ივნისში პრაღაში, რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დეკემბრის ნატოს სამიტი სულ მალე აიღებს სტარტს ლონდონში, სადაც, სხვათა შორის, თავის დროზე ალიანსის პირველი შტაბბინა მდებარეობდა.

ძნელი სათქმელია, თუ რა კულუარულ ინფორმაციას ფლობდა გრიგორი კარასინი ამ სამიტის შესახებ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, როდესაც ერთი კვირით ადრეც კი უცნობია, საერთოდ იქნება თუ არა ლონდონში საუბარი ალიანსის გაფართოებასა და ნატოს ახალი წევრებისმიღებაზე.

პრევენციული მუქარა

მუქარანარევი გაფრთხილება, რომ ნატოსთან დაახლოება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება, გრიგორი კარასინმა მანამდეც, თებერვლის რაუნდის დაწყების წინაც, გააკეთა.

„ჩემი მესიჯი არის იგივე: მიუხედავად სირთულეებისა, უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან მაშინ ჯერ კიდევ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, და სწრაფად გაუჩინარდა სასტუმრო „აუგუსტინეს“საკონფერენციო დარბაზში.

„უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ გრიგორი კარასინის დაუმთავრებელ ფრაზას კი სერიოზული შეშფოთება მოჰყვა საქართველოში, სადაც რუსეთისგან, ისტორიულად, ბევრი მოულოდნელი უსიამოვნება და სიურპრიზი ახსოვთ.

მაგრამ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებიდან გრიგორი კარასინი აშკარად ტონშეცვლილი დაბრუნდა და განაცხადა, რომ „უსიამოვნო მოულოდნელობები“ აღარ, მაგრამ გარკვეული „შედეგები“ მაინც დადგება რეგიონში ნატოს აქტიურობის გამო.

„ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს, ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთა შორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გრიგორი კარასინი პრაღის დიალოგის მიღმაც გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით, ამიტომ არავინ იცის, თუ რით დაემუქრება კარასინი მორიგ ჯერზე საქართველოს.

გასული წლის ბოლოს მან ვაშინგტონისა და თბილისისგან მოითხოვა განმარტებები თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.

„ჩვენ კვლავ ველით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს აღნიშნული ბიოლაბორატორიის საქმიანობის ჭეშმარიტ ხასიათთან დაკავშირებით. არ დავივიწყოთ, რომ ეს ლაბორატორია ჩვენს საზღვართან მდებარეობს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გახსნის დღიდან ბიოუსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის შესახებ ფეიკნიუსების გავრცელებით მთელი რუსული პროპაგანდისტული მანქანაა დაკავებული.

მას საზრდო მისცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით საქართველოს მიერ ძებნილმა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა. იგორ გიორგაძემ შარშან, 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე "ლუგარის ლაბორატორიაში" ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან.

როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ცენტრი მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ცნობები სრული სიცრუეა. მაგრამ კრემლში არაფრის გაგონება არ სურთ.

გრიგორი კარასინის გამოთქმის პერიფრაზს თუ მოვახდენთ,

რუსეთს თავისი წარმოდგენა აქვს სიმართლესა და მეზობლებისგან მომდინარე საფრთხეებზე მაშინაც, თუ ეს მეზობლები თავად არიან კრემლის აგრესიის მსხვერპლი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG