Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უამინდობის გამო 6-7 საათი გზა დაიკეტოს, ეს უკვე არასერიოზულია“


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი 23-24 თებერვალს
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი 23-24 თებერვალს

რიკოთზე მოძრაობა 23-24 თებერვალს პარალიზებული იყო. უამინდობის გამო სულ მცირე 8 საათით გადაიკეტა სტრატეგიული მაგისტრალი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს აკავშირებს. გზების უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი იზორია აბობს, რომ ხერგილის თავიდან აცილება ტექნიკის დროული მობილიზებით შეიძლებოდა.

23 თებერვალს, საღამოს ექვსი საათი იყო დაწყებული, როდესაც ელენე ასათიანი ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით თბილისისკენ გამოემგზავრა. რიკოთის გვირაბამდე 10-15 კილომეტრის აქეთ გზა გადაკეტილი დახვდათ - შეფერხებააო და გაგატარებთო. შეფერხება რვასაათიან ლოდინში გადაიზარდა. მანქანები თოვლში გაუნძრევლად იდგნენ.

დიდთოვლობა 23-24 თებერვალს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:44 0:00

„არავინ არაფერი იცოდა. ჭორები ვრცელდებოდა, „ტრაილერია“ გადაბრუნებულიო, მერე ორი „ტრაილერი“ გადაბრუნდაო, მერე ორი „ტრაილერი“ ერთმანეთს შეეჯახაო, მერე მეწყერი ჩამოწვაო. მუდმივად ვამოწმებდი ინფორმაციას და მხოლოდ ორი სააათის შემდეგ დაიდო გზების დეპარტამენტის ფეისბუკგვერდზე, რომ შეფერხებაა ლიპყინულის გამო, არც „ტრაილერი“ იყო ნახსენები, არც მეწყერი, არც არაფერი“, - ჰყვება ელენე ასათიანი.

24 თებერვლის, პირველი საათი იყო დაწყებული, როდესაც გზების დეპარტამენტმა გზებზე საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ეწერა დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ დროს, გზაზე ჩახერგილებს, რომ არ გაყინულიყვნენ, მანქანა ჩართული ჰქონდათ. ვისაც საკმარისი საწვავი არ აღმოაჩნდა, ცეცხლის დასანთებად გზის განაპირა ხეებზე ტოტების მტვრევა დაიწყო. ზოგი საჭმელს ეძებდა, ზოგი კი მოფარებულ ადგილს, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

„იქვე იყო მაღაზია, გამყიდველი ხალხს შიგნით არ უშვებდა გასათბობად, უფროსი გაგიჟდებაო. ექვსი თვის ბავშვი ჰყავდა ქალს და ცხელი წყალი რომ სთხოვა, საჭმლის გასაკეთებლად, უფროსს ჰკითხეო. ერთი ჩხუბობდა, ამბობდა, რომ გზა მიტინგის გამო ჩაკეტეს. მეორე იძახდა, თოვლი რა მთავრობის ბრალიაო, არანაირი დისკომფორტი არ ჰქონდა იმის გამო, რომ მთავრობა სტიქიას ვერ მართავს და ინფორმაციას ვერ ავრცელებს“, - იხსენებს ელენე ასათიანი. მისი თქმით, ყველაზე მძიმე ის იყო, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს ხალხისთვის ეთქვათ, რამ გამოიწვია გზის პარალიზება და რამდენი ხანი დასჭირდებოდა პრობლემის მოგვარებას, - „ისიც კი არ ვიცოდით, რა იქნებოდა უკეთესი, უკან დაბრუნება თუ დარჩენა. ხალხი იძახდა, უკან სამრიგად დგანან მანქანები, ვერ გავალთო. ვცდილობდი საგზაო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დამერეკა, ვერ დავრეკე. მერე დავრეკე პატრულში, რომელმაც არაფერი იცოდა და ისევ საგზაო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე გადამამისამართა“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ცხელი ხაზი გადატვირთვის გამო ითიშებოდა, ისიც დროდადრო.

ბოლოს თოვლში ჩარჩენილებმა მაინც გადაწყვიტეს ქუთაისში დაბრუნებულიყვნენ. აღმოჩნდა, რომ გზა უკან თავისუფალი იყო.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი ფაქტობრივად ერთადერთი გზაა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი, სატრანზიტო დერეფანი, რომელზეც სხვა ქვეყნების ტრანსპორტიც დადის. თურქეთიდან აზერბაიჯანში ან სომხეთში მიმავალი ათასობით სატვირთო მანქანა სწორედ ამ გზას გაივლის. ზოგ მათგანს მალფუჭებადი პროდუქტიც გადააქვს, რომელიც დაყოვნების შემთხვევაში უვარგისი ხდება.

„სატვირთო მანქანების მძღოლები ისედაც უკმაყოფილოები იყვნენ, რომ ახალი გზის მშენებლობის გამო აყოვნებდნენ. მაშინ თავს მაინც ვიმართლებდით, მშენებლობააო. მაგრამ უამინდობის გამო 6-7 საათი გზა დაიკეტოს, ეს უკვე არასერიოზულია“, - ამბობს ირაკლი იზორია, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი.

პრობლემები, რომელიც რიკოთზე შეიქმნა, არც ახალია და არც მოულოდნელი.

17 თებერვალს ქუთაისიდან ბერლინში თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა, რადგან თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დიდთოვლობის გამო დაიგვიანა.

ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი

„სპეციალური ქვა-ღორღი ან მარილი უნდა მოიყაროს, რომ გზა არ გაიყინოს. მით უფრო, რომ ჩვენთან მანქანების უმეტესობას ყველა სეზონის საბურავი უყენია, რაც საგზაო შემთხვევებს იწვევს. როდესაც უხვი ნალექია მოსალოდნელი, ტექნიკა მზად უნდა იყოს. საათების მერე მოვიდა ტექნიკა, საპატრულო პოლიციაც უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო. მარტო გზის გადაკეტვა ხომ არ არის, - ამბობს ირაკლი იზორია, - მართლაც გაუგებრობა იყო, ხალხმა არ იცოდა, უკან დაბრუნებულიყო თუ დაეცადა და გზა გაეგრძელებინა. ასეთ დროს გზების დეპარტამენტმა უნდა დადოს ინფორმაცია, რადიოთი უნდა გადასცენ, საზგადოებრივი მაუწყებელის მეშვეობით შეიძლებოდა ამის გაკეთება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 23-24 თებერვალს გზის ჩახერგვა თოვლმა და საგზაო შემთხვევამ გამოიწვია. შსს-ს მიერ 24 თებერვალს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თითქმის ყველა შესაბამისი უწყება მთელი ღამის განმავლობაში წმენდდა გზას. რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ზამთრის პერიოდში რიკოთი 24 საათის განმავლობაში იწმინდება, 23-24 თებერვალს კი ხერგილის გასახსნელად ყველა არსებული რესურსი გამოიყენეს. „რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევები იმის გამო ხდება, რომ ზამთრის საბურავებით არ დადიან“, - აცხადებენ დეპარტამენტში. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალი ყველა სახის ტრანსპორტისთვის 24 თებერვლის დილის 8 საათიდან გაიხსნა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG