Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სასამართლოში შევხვდებით" - რისთვის ემზადებიან ქონების შემოწმების წინააღმდეგი მოსამართლეები


ოთხი მოსამართლე სარჩელით მოითხოვს გაუქმდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად
ოთხი მოსამართლე სარჩელით მოითხოვს გაუქმდეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად

ოთხი მოსამართლე უნდობლობას უცხადებს დამოუკიდებელი კომისიის წევრ იმ არასამთავრობოებს, რომლებმაც ანტიკორუფციულ ბიუროს მათი ქონების შემოწმება დაავალეს. არ არის გამორიცხული, ეს ორგანიზაციები სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიძახონ. სასამართლო პროცესებზე მოსამართლეები მოსარჩელის როლში იქნებიან.

„როგორც იტყვიან ხოლმე, შევხვდებით სასამართლოში”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. მისი მიმართვის ადრესატები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია);
  • ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

სამივე ორგანიზაცია იმ დამოუკიდებელი კომისიის წევრია, რომელმაც 300 თანამდებობის პირი შეარჩია და 2024 წლის განმავლობაში მათი ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა ანტიკორუფციულ ბიუროს დაავალა. 300 შერჩეულიდან ნახევარი (150) პოლიტიკური თანამდებობის პირია, დანარჩენი ნახევარი - პროფესიული თანამდებობის მქონე, მათ შორის 41 საერთო სასამართლოების მოსამართლეა.

მათგან ოთხმა მოსამართლემ: ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა, ვასილ მშვენიერაძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით - გაუქმდეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მათ ქონებას შეამოწმებენ.

  • ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა;
  • მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  • ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • სერგო მეთოფიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.

ამ ოთხი მოსამართლიდან ორს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს, 2023 წლის 5 აპრილს აშშ-მ „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ გამო სანქციები დაუწესა. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. სავიზო შეზღუდვა ეხებათ არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

მოსამართლეების სარჩელებს სასამართლო ადმინისტრაციული წესით განიხილავს, მოპასუხე ანტიკორუფციული ბიურო იქნება. სარჩელების შინაარსი მედიისთვის საჯარო არ არის. დეტალებზე საუბარი სასამართლო პროცესების დანიშვნამდე არც მოსამართლეებს სურთ.

მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მისი სარჩელის მთავარი მიზანი „დამოუკიდებელი კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიკერძოების მხილებაა".

“ასევე გვაქვს დიდი ეჭვი, რომ ჩვენს შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ამ შემოწმების განმავლობაში ვაწვდით, მათ შორის, საბანკო ანგარიშები, ამ ორგანიზაციებს გარეთ გააქვთ, შევხვდებით სასამართლოში, დეტალურად იქ ვისაუბრებ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ლევან მურუსიძე და არ პასუხობს დამაზუსტებელ კითხვას, რას ნიშნავს "გარეთ გატანა".

დამოუკიდებელი კომისია მაღალი თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების შემოწმების პროცესში ჩართული არ არის. კომისია მხოლოდ იმ პირთა სიას ადგენს, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეამოწმოს. პერსონალური ინფორმაციის დამუშავება მისი უფლებამოსილება არაა.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერ ხვდებიან, რა პროცედურასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ კომისია ამოწმებს დეკლარაციებს, როცა ამბობენ, რომ პირად ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა. კომისია ერთხელ შეიკრიბა, გააკეთა სია ერთხმად 300 თანამდებობის პირის და გადასცა ანტიკორუფციულ ბიუროს”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წევრი, ალექსანდრე ქევხიშვილი.

დამოუკიდებელი კომისია 2022 წელს ჩამოყალიბდა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამდე კომისია საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობდა. 2023 წლიდან კი ვალდებულია, ყოველწლიურად, ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს იმ თანამდებობის პირების სია, რომელთაც შეამოწმებენ.

დამოუკიდებელი კომისიის წევრები არიან:

  • ალექსანდრე კუხიანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ნინო დოლიძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი დავითური, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი;
  • თამარ ხუხია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი;
  • ქეთევან შოშიაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი.

კომისიის წევრი სამივე არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს უჭერს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ე. წ. ვეტინგის დანერგვას, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კორუფციის მაღალი რისკია ის ორი კრიტერიუმი, რაზე დაყრდნობითაც დამოუკიდებელმა კომისიამ მოსამართლეები შეარჩია.

გიორგი დავითური, დამოუკიდებელი კომისიის ერთ-ერთი წევრი
გიორგი დავითური, დამოუკიდებელი კომისიის ერთ-ერთი წევრი

“კორუფციის მომეტებული რისკი უკავშირდება დაკავებულ თანამდებობას, მაგალითად, თუ სასამართლოში მაღალი თანამდებობა უკავია, ან მეორე ვარიანტი - მაგალითად, კომერციულ დავებს ხომ არ განიხილავდა? საჯარო ინტერესების კრიტერიუმებში კი ბევრი რამ ხვდება, მაგალითად, მოსამართლის პერსონა ან საჯაროდ დაფიქსირებული ინციდენტები. ჩინჩალაძე-მურუსიძის შემთხვევაში, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ "სტუდია მონიტორის" გამოძიება, სადაც დასაბუთებულია, რომ ლევან მურუსიძე თავს არიდებს ქონების დეკლარირებას. იდენტური შემთხვევა იყო ჩინჩალაძესთანაც”, - განმარტავს დამოუკიდებელი კომისიის წევრი, IDFI-ის იურისტი, გიორგი დავითური.

„სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის მიხედვით, ლევან მურუსიძე წლებია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ლელა ჭანიასთან, რომლის სახელი მურუსიძის არცერთ დეკლარაციაში არ ჩანს. მურუსიძემ "სტუდია მონიტორის" კითხვაზე, თუ რატომ არ უთითებდა მას დეკლარაციაში, უპასუხა, რომ „მას მეუღლე არ ჰყავს“. ლელა ჭანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს, მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა თვე­ში 2750 ლა­რია და 2015-2016 წლებ­ში, მხო­ლოდ ორ წე­ლი­წად­ში - 166 200 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა - 3 ბინა (თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში) და 2 მი­წის ნაკ­ვე­თი.

2023 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ლევან მურუსიძე ფლობს:

  • 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს მცხეთაში, სოფელ ძეგვში, რომელიც 2019 წელს 10 500 დოლარად იყიდა:
  • 100 კვ.მ ბინას თბილისში, რომელიც 2009 წელს 40 000 დოლარად იყიდა;
  • ერთ ავტოფარეხს, რომლის ღირებულებაც 5000 დოლარია;
  • ავტომობილს, რომელშიც 22 000 დოლარი გადაიხადა.

მოსამართლის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა იუსტიციის საბჭოსა და სასამართლოში ერთად 86 000 ლარია.

„დეკლარაციის შევსების ჩვენ არ გვეშინია, შევავსებთ კიდეც და გამჭვირვალეც იქნება, მაგრამ იქამდე მოვუწოდებდი ქალბატონ ეკას (რ.თ. ეკა გიგაური), გამჭვირვალობის სიმბოლოს, შეავსოს დეკლარაცია, თუ საიდან აქვს თავად თანხები, პირადი მაგალითი მისცეს საზოგადოებას... აჟიოტაჟი, რომ ჩვენ რამის გვეშინია, არის თითიდან გამოწოვილი, შარშანაც შეგვამოწმეს”, - ამბობს მოსამართლე მურუსიძე და ირიბად მიანიშნებს "აგენტების კანონზე".

"სტუდია მონიტორმა" საგამოძიებო რეპორტაჟები თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის დამალულ ქონებაზეც მოამზადა. ამ გამოძიებების თანახმად, ჩინჩალაძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­მი­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ამასთან, მას დე­და­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­გუ­რა­მო­ში 1500 კვად­რა­ტული მეტრი მიწის ნაკვეთი და მდიდრული ორსართულიანი სახლი აივნითა და ვერანდით.

2023 წლის დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე ფლობს 145 კვ.მ ბინას თბილისში, რომელიც ბაბუამ აჩუქა. მისი წლიური შემოსავალი 95 293 ლარია, აქვს 100 00 აშშ დოლარის საბანკო სესხი. ჩინჩალაძის შვილსა და ცოლს ბებიამ და დედამ უცხოეთიდან ჯამში 45 400 დოლარი საჩუქრად გამოუგზავნეს.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ 2022 წელს რემონტში 31 000 ლარი დახარჯა, ცოლმა - მარიკა მარიკაშვილმა კი, სწავლაზე 16 140 ლარი გაიღო.

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელ კომისიას არ ენდობა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, სერგო მეთოფიშვილი. ისიც ლევან მურუსიძის მსგავსად ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მის პერსონალურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი.

სერგო მეთოფიშვილის 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის უძრავ ქონებას არ ფლობს. მოსამართლეს და მის ცოლს აქვთ დანაზოგი, ჯამში, 43 000 ამერიკული დოლარი. მეთოფიშვილი დეკლარაციაში მოსამართლის საქმიანობით მიღებულ წლიურ შემოსავალსაც არ უთითებს.

“რატომ მაინცდამაინც ერთი და იგივე ხალხი და მე მათ შორის? გასულ წელსაც შემამოწმეს, ამ კითხვაზე მინდა, რომ გამცენ პასუხი. შიშზე არაა საუბარი, შემოწმების არავის არ ეშინია. რა რისკი მაქვს, მითხარით ან რა ისეთი თანამდებობა მე მაქვს. დისკრიმინაციული მოპყრობა განა სხვა რა არის, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?!”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერგო მეთოფიშვილი.

მეთოფიშვილი ამ კითხვებზე პასუხის მიღებას დამოუკიდებელი კომისიის წევრი არასამთავრობოებისგან სასამართლო პროცესზე აპირებს. ამბობს, რომ საჯაროობას ემხრობა და მზადაა საქმის განხილვა პირდაპირ ეთერშიც უჩვენოს.

„რა ვქნა? სხვა საშუალება მე არ მაქვს. სად დავიცვა ჩემი უფლება? თუ მირჩევთ, გამოვიტან სარჩელს, მესმის, რომ მოსამართლე ვარ, მესმის, რომ სასამართლოა... რატო ინტერესთა კონფლიქტი, ჩემი საქმის განმხილველი მოსამართლე სულ სხვა კოლეგიაა”, - განმარტავს სერგო მეთოფიშვილი.

სერგო მეთოფიშვილის თქმით, სარჩელის მომზადებისას მას კომუნიკაცია მხოლოდ ვასილ მშვენიერაძესთან ჰქონდა. “სასამართლოში ერთ სართულზე ვსხედვართ”, - ამბობს ის.

ვასილ მშვენიერაძე იმ სასამართლოს წინაშე წარდგება მოსარჩელედ, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.

მშვენიერაძემ ბოლო დეკლარაცია 2023 წლის ივნისში შეავსო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ის და მისი ცოლი ფლობენ:

  • სამ ბინას თბილისის პრესტიჟულ უბნებში - ვაკესა და საბურთალოზე;
  • ასევე ვაკის რაიონში 400 კვადრატულ მეტრ მიწას;
  • რამდენიმე მიწის ნაკვეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და მსუბუქ ავტომობილს - HIYNDAI SONATA.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის მას და მის ცოლს ნაღდი ფულის სახით ჰქონდათ: 12 500 დოლარი, 12 000 ლარი და 4700 ევრო. სამოსამართლეო საქმიანობით ვასილ მშვენიერაძემ 84 568 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, მისმა ცოლმა - ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში - 7537 ლარი.

ნონა ქურდოვანიძე - საიას თავმჯდომარე
ნონა ქურდოვანიძე - საიას თავმჯდომარე

„მოსამართლეები თავს არიდებენ შემოწმებას. ეს მიანიშნებს მხოლოდ იმას, რომ თავს არიდებენ კანონმდებლობით დადგენილ შემოწმების პროცედურებს და აჩენენ კითხვას, რომ რაღაც ისე არ არის მათ დეკლარაციებში და მალავენ ქონებებს, რისი გადამოწმებაც არ სურთ, ამიტომ სასამართლო და თავისი გავლენები ამ პროცედურის შესაჩერებლად გამოიყენეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.

დამოუკიდებელი კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროსგან მოითხოვენ, გაასაჯაროონ მოსამართლეების მიერ წარდგენილი სარჩელები. ეს საჯარო ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ანტიკორუფციული ბიუროდან და საქალაქო სასამართლოდან უკვე გამოითხოვა.

XS
SM
MD
LG