Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის შეხვდა პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოებას - ცილისწამების კანონი თუ სხვა რამ?


საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოება შეხვედრაზე მიიწვია, შესავალი სიტყვა წარმოთქვა და შეხვედრა 5 წუთში დატოვა. 35-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ელოდა, რომ პრეზიდენტთან მისივე ინიციატივაზე იმსჯელებდნენ. თემა ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეეხებოდა.

„პრეზიდენტს აღარ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ჩავთვლით რომელიმე მიმართულებით არის საჭირო ცვლილებები [ამის მიტანა პარლამენტამდე არ შეგვიძლია] აქ არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი, რომლის უშუალო მოვალეობა არის ამ ინიციატივების მიტანა საკანონმდებლო ორგანომდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული სტუმრები საპარლამენტო მდივანთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან სასაუბროდ დატოვა.

2 საათზე მეტხანს გაგრძელებული შეხვედრიდან გამოსული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ მალავდნენ დაბნეულობას და გაკვირვებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კი განმარტავდა, რომ „ქალბატონი პრეზიდენტის“ მიზანი იყო ინიციატივის ფორმულირებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის მოესმინა.

ქეთევან მახარაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის მოადგილე

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან პროცესის დასაწყისში ყოფნას შეჩვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ დასაწყისში ჯერ მათ ეთქვათ, სად ხედავენ პრობლემას. ჩვენ ჩვენი წარმოდგენა ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ვუთხარით, ეთქვათ, რას ფიქრობდნენ და ერთად დაგვეწყო მუშაობა იმაზე,არის თუ არა რამე ცვლილება საჭირო,არის თუ არა რაიმე თემა გასაფართოებელი ან სჯობს თუ არა, რაიმე თემას ხელი საერთოდ არ მოვკიდოთ. ჩვენ არაფერი არ დავდეთ. არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა და ინფორმაცია არ გვექნება”

სალომე ზურაბიშვილმა პირველად 2018 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანონით ერთდროულად იყოს დაცული სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. 11 იანვარს, თავის პირველივე პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა მოკლე შესავალ სიტყვაში ისევ ახსენა „კანონი ცილისწამების“ შესახებ. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხის დარეგულირებაზე აქტიურად ფიქრობენ - მართალია, მისივე სიტყვებით, მათ ჯერ რაიმე კონკრეტული ტექსტი (კანონპროექტის თუ სხვა სახით) არ აქვთ, თუმცა არსებობს მზაობა, რომ ეს საკითხი გახდეს ფართო დისკუსიის საგანი. ამ საკითხზე გამართული პირველი დისკუსიის შემდეგ კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ასეთი განცხადებები გააკეთეს.

ნათია კაციტაძე, “კონსტიტუციის 42- ე მუხლი“

​„ჩვენ გვაინტერესებდა რა პრობლემის გამო გაჩნდა ეს ინიციატივა. რის გამოც სურთ ახალი რეგულაციების შემოღება. ცალსახა პოზიცია იყო უმრავლესობის, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი არც -ერთი რეგულაციით არ უნდა დაიწიოს. ჩვენგან კითხვებზე: რა პრობლემას ვებრძვით?სამწუხაროდ, კონკრეტული პასუხები ვერ მოვისმინეთ“

გიორგი მშვენიერაძე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“

„გავიგეთ რა ფარული ზრახვები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას.შეიძლება ხელისუფლება ცდილობდეს ცილისწამებისთვის მტკიცების ტვირთის შეცვლას.დღეს მოსარჩელე ანუ პირი რომელიც თვლის, რომ მას ცილი დასწამეს სასამართლოში ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ასე ცდილობს დაამტკიცოს პატივისა და ღირსების შელახვა. შეიძლება მტკიცების ტვირთი გადავიდეს მეორე მხარეზე, რაც იქნება დამაზიანებელი გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობისთვის“.

ლაშა ტუღუში მედიაექსპერტი

„ცილისწამების მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში გადმოტანა ეს არ იქნება ცუდი ბიჭების დასჯა, ეს იქნება შესაძლებლობა დასაჯონ პოლიტიკური ოპოზიცია, ურჩი მედია, საზოგადოებრივი იორგანიზაციები. როცა ასეთი ინიციატივები ერთდროულად ისმის პრეზიდენტისგან , პარლამენტისგან და მთავრობისგან ბუნებრივია გიჩნდება ეჭვი, რომ რაღაცაშია საქმეა და ეს რაღაცა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია სისხლის სამართალში გადაიტანონ დასჯის მექანიზმები. და ყველამ თქვა, რომ ამის დაშვება არ შეიძლება“.

ნატა ძველიშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი

„არაფერი კონკრეტული ამ შეხვედრიდან არ გაგვიგია გარდა იმისა, რომ არავის გაუშვებენ ცილისწამების გამო ციხეში. ისინი ჩვენგან ელოდნენ მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით რაზე გამოგვეთქვა მოსაზრებები, იმიტომ რომ ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა’.

სულხან სალაძე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი

„ვერ გავიგე რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული ლუგარის ლაბორატორიით დამთავრებული. იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს თავს ამ ორ საკითხს შორის, რომ რეალურად შეუძლებელია მსჯელობა იმაზე, თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება. ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების აზრს “

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG