Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიუტემ თბილისს პროევროპულ კურსზე დაბრუნებისკენ მოუწოდა, მხარი დაუჭირა დიალოგის გაგრძელებას

„მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, ევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას“ - ნატოს გენერალური მდივანი
„მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, ევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას“ - ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარტ რიუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შენარჩუნებას „აზრი აქვს“, თუმცა „სერიოზული შეშფოთება არსებობს“ ბოლო პერიოდთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან“, - თქვა მან დღეს, 26 მარტს ბრიუსელში პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობას: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, თუმცა ასევე უნდა ვაღიაროთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და განაგრძო:

„სერიოზული შეშფოთება“

„სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, ევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას, მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ გაგრძელდეს ყველა ის განვითარება და ტრაექტორია, რომელსაც საქართველო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ადგა“, - თქვა მან,

„ცხადია, ამჟამად სერიოზული შეშფოთება არსებობს“, - განაცხადა მან, შემდეგ კი თქვა, რომ მომხრეა, საქართველოსთან ურთიერთობები გაგრძელდეს, ვიდრე შეწყდეს:

„ჩვენ გვაქვს დიალოგი, დისკუსია... უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომ უმჯობესია ურთიერთობის შენარჩუნება, რათა ამ საკითხების განხილვის გზა გვქონდეს, ვიდრე ვთქვათ, „იცით რა, ეს არ მოგვწონს, ამიტომ საერთოდ ვწყვეტთ ურთიერთობას“.

ასე უპასუხა მან გამოცემა „ევროსპოკის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას, რაც შეეხებოდა ალიანსის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერს და ნატოს პოზიციას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

ყოველწლიური ანგარიში

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ დღეს, 26 მარტს გამოაქვეყნა ალიანსის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოს შესახებაც.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატოს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, - წერია დოკუმენტში.

წინსვლა თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობაში

ანგარიშის მიხედვით, ნატოს საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.

„თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერია ნატოს ანგარიშში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან მუშაობას განაგრძობდა ნატოს მრჩეველთა დიდი გუნდი "თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.

ნატო და რეგიონი

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, "როდესაც რეგიონი კვლავ განიცდის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გავლენას".

"2025 წელს, ნატო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას და აღიარა შეერთებული შტატების მიერ სამშვიდობო პროცესში ჩართულობა.

ნატო მზადაა გააღრმაოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან". - წერია ანგარიშში.

ანგარიშში საქართველო ასევე ნახსენებია ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოებში თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის (DCB) ინიციატივის ფარგლებში შვიდი პარტნიორისთვის გაწეული დახმარების კონტექსტში.

ესენია:

  • ბოსნია და ჰერცეგოვინა
  • საქართველო
  • ერაყი
  • იორდანია
  • მავრიტანია
  • მოლდოვა
  • ტუნისი

ინიციატივის მთავარი მიზანია ამ პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა, გაზარდონ მდგრადობა და ხელი შეუწყონ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

თბილისის პოზიცია

ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონტექსტში საუბრისას ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე სვამენ აქცენტს და მის უპერსპექტივობაზე მიანიშნებენ.

„30 წელია ვითხოვთ ნატოში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა“, - თქვა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შარშან, მარკ რიუტესთან რადიო თავისუფლების ინტერვიუს შემდეგ.

ცოტა ხნის წინ კი სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებით შეგულიანებული უკრაინა „ყველანაირ ესკალაციაზე წავიდა“.

ნატოს გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG