ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატოს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.
ოპოზიციური პარტიების უმეტესობა პარლამენტის გარეთ რჩება - 2024 წლის არჩევნებს გაყალბებულად, შედეგებს კი სადავოდ მიიჩნევს.
არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც.
ევროკავშირს შეწყვეტილი აქვს მაღალი დონის კომუნიკაცია "ოცნების" მთავრობასთან. მმართველი პარტია საპასუხოდ, დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, - ნათქვამია მარკ რიუტეს 2025 წლის ანგარიშში.
წინსვლა თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობაში
ანგარიშის მიხედვით, ნატოს საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.
„თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერია ნატოს ანგარიშში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან მუშაობას განაგრძობდა ნატოს მრჩეველთა დიდი გუნდი "თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.
ნატო და რეგიონი
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, "როდესაც რეგიონი კვლავ განიცდის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის გავლენას".
"2025 წელს, ნატო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას და აღიარა შეერთებული შტატების მიერ სამშვიდობო პროცესში ჩართულობა.
ნატო მზადაა გააღრმაოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან". - წერია ანგარიშში.
ანგარიშში საქართველო ასევე ნახსენებია ნატოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოებში თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის (DCB) ინიციატივის ფარგლებში შვიდი პარტნიორისთვის გაწეული დახმარების კონტექსტში
ესენია:
ბოსნია და ჰერცეგოვინა
საქართველო
ერაყი
იორდანია
მავრიტანია
მოლდოვა
ტუნისი
ინიციატივის მთავარი მიზანია ამ პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა, გაზარდონ მდგრადობა და ხელი შეუწყონ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონტექსტში საუბრისას ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე სვამენ აქცენტს და მის უპერსპექტივობაზე მიანიშნებენ.
„30 წელია ვითხოვთ ნატოში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა“, - თქვა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შარშან, მარკ რიუტესთან რადიო თავისუფლების ინტერვიუს შემდეგ.
ცოტა ხნის წინ კი სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებით შეგულიანებული უკრაინა „ყველანაირ ესკალაციაზე წავიდა“.
ნატოს გაცხადებული პოლიტიკით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.
ფორუმი