Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: შეგულიანებული უკრაინა წავიდა ესკალაციაზე, როგორც სააკაშვილი 2008 წელს


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამავდროულად არის სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანებით შეგულიანებული უკრაინა „ყველანაირ ესკალაციაზე წავიდა“.

მან პარლამენტში ჟურნალისტებთან თქვა, რომ ასე მოიქცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ომის დაწყებაში მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრობს.

„ჩვენ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე გვესმოდა „ღია კარი“, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები... ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს სდომებიათ უკრაინის გაწევრიანება ნატოში.

ორი ახსნა აქვს:

  • ერთი - მიამიტობა, რომელიც შეიძლება რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა და
  • მეორე - მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, რომ სადაც არის, ღია კარის პირასაა, სადაც არის შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა 2008 წელს გააკეთა, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ.

საბოლოოდ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არცერთი ნატოელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში...“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ყველა ომი მთავრდება მშვიდობით“ და ამის მაგალითად დაასახელა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი:

„2008 წლის ომის შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ორივემ ერთად გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი.

ყველა ომი საბოლოოდ მთავრდება მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან“.

პაპუაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში დამარცხებულად გამოაცხადა უკრაინა და ევროკავშირი, რომელიც მას ფინანსურად ეხმარება:

„ერთი რამ შეგვიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან [ვთქვათ], მათ შორის ევროკავშირის წუხანდელ გადაწყვეტილებას თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ ამ ომს ჰყავს ორი დამარცხებული: უკრაინა და ევროკავშირი“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთ-უკრაინას შორის ომზე „ქართული ოცნება“ უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და პარალელს ავლებს 2008 წლის აგვისტოს ომთან. ასე მოხდა გუშინაც, როცა შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა.

გუშინ, 18 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც აფუძნებს კიევის მიზანსწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ. უფრო ადრე, 14 დეკემბერს, მან თქვა, რომ უკრაინა, შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით, თუკი მას მიანიჭებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც, დაცვის ხარისხით, იქნება ანალოგიური ნატოს მეხუთე მუხლისა. ეს მუხლი ალიანსის რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმას განიხილავს თავდასხმად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა მონაწილე სახელმწიფოზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG