Accessibility links

როგორ აპირებენ ინდუსტრიის აღდგენას რუსთავში


რომან გოცირიძე

როგორ აღვადგინოთ რუსთავში ინდუსტრია, როგორ დავძლიოთ უმუშევრობა ქალაქში, სადაც ძველი ინდუსტრიული პოტენციალის მხოლოდ აჩრდილიღა დარჩა. ერთ-ერთ გამოსავლად პარლამენტარებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მიაჩნიათ.

ძირითადი საარჩევნო სუბიექტები ყველა დონის არჩევნებზე, როგორც კი უმუშევრობის თაობაზე ამომრჩევლების პრეტენზიებს ისმენენ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, თიზ-ის, შექმნის პირობას დებენ. მართალია, ეს პანაცეა არ არისო, ამბობენ ხოლმე ისინი, მაგრამ უმუშევრობას შეამცირებსო.

რუსთავში სწორედ თიზის შექმნის პერსპექტივა და საქართველოში უკვე არსებული ინდუსტრიული ზონების მუშაობა განიხილეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომლის ინიციატორიც იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე:

მიზანი გახლავთ ის, რომ ვიპოვოთ ის გზები, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს რუსთავში, და ის ინდუსტრიული პოტენციალი, რომელიც რუსთავს აქვს, სრულად იქნეს გამოყენებული, რეალური გზები დავსახოთ და ხვალინდელი ნაბიჯები დავინახოთ“.

შეხვედრის ორგანიზატორები
შეხვედრის ორგანიზატორები

გიორგი ბეგაძემ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე ბიზნესმენები ესწრებოდნენ, დასძინა, რომ რუსთავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისთვის სრული პოტენციალი აქვს, ინფრასტრუქტურისა და პროფესიონალი სპეციალისტების თვალსაზრისით.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ კიდევ ერთ უპირატესობად ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა დაასახელა. მაგალითად, ის ახლოსაა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან და ახლოს არის თბილისთან. რუსთავის მერის თქმით, გასათვალისწინებელია შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობაც.

თუმცა ირაკლი ტაბაღუას არ გამორჩენია რისკები და საფრთხეები, რომელიც ხელს შეუშლის თიზ-ის შექმნას რუსთავში. კერძოდ, ქალაქის საწარმოო ზონაში, რომელიც, დაახლოებით, 1200 ჰექტარს მოიცავს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მხოლოდ ერთი პროცენტია, მაშინ როცა ამ ფართობის 26 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, 73 კი - კერძო ორგანიზაციებს. ტაბაღუას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის სამინისტროსგან მის განკარგულებაში არსებული მიწის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, მაგრამ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს აწყდება.

250 ათასი [ამერიკული დოლარი] თუ დასჭირდა ერთი სამუშაო ადგილის შექმნას, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, იმ [დასაქმებული] ადამიანის ნაყოფიერება რა უნდა იყოს, რომ 250 ათასის უკან ამოღება უზრუნველყოს?
დავით ჭიჭინაძე

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირება 2007 წელს მიღებულ კანონმდებლობას ეყრდნობა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. მისი უპირატესობა საგადასახადო შეღავათებია.

ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე წარმოადგინეს, საქართველოს ხუთივე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დღემდე, დაახლოებით, 250 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მუდმივად - 1000, ხოლო სეზონურად 2500-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომიტეტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ეს სტატისტიკა თიზ-ების არაეფექტურობაზე მეტყველებს:

„250 ათასი [ამერიკული დოლარი] თუ დასჭირდა ერთი სამუშაო ადგილის შექმნას, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, იმ [დასაქმებული] ადამიანის ნაყოფიერება რა უნდა იყოს, რომ 250 ათასის უკან ამოღება უზრუნველყოს? ან ციფრებია არასწორი...მე ვფიქრობ, რომ მიწერებია და არ არის რეალური ინვესტიციები, ან, შესაბამისად, არასწორი გზით მივდივართ, რადგან ძალიან ძვირი გამოდის [დასაქმება]“.

დავით ჭიჭინაძის პასუხად, სხდომაზე მოწვეულმა თიზ-ების წარმომადგენლებმა არსებული კანონმდებლობა გააკრიტიკეს. მაგალითად, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ თქვა, რომ კანონმდებლობა ჩამორჩება თანამედროვეობასა და მოთხოვნებს. გარდა ამისა, ამ ზონებში ინვესტიციების მოზიდვას საბანკო სექტორი აფერხებს:

როგორც ჩანს, არის რაღაც პრობლემა და მხოლოდ საგადასახადო შეღავათი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უცხოური კაპიტალი შემოვიდეს საქართველოში და ამ [თავისუფალ ინდუსტრიულ] ზონებში...
რომან გოცირიძე

„[უცხოელი] ინვესტორი მოდის პირდაპირი ინვესტიციით, ის ნაკლებად ეძებს საქართველოში ფინანსურ რესურსს, მაგრამ მე პირადად თიზ-ებში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება მაქვს, ბევრი პროექტი გაგვჩერებია, იქიდან გამომდინარე, რომ მოუქნელია ქართული საბანკო სისტემა. მაგალითად მილიონდოლარიანი აღჭურვილობა ბანკის მიერ ფასდება 200, 300 თუ ხუთას ათას დოლარად.

გიორგი ტაბიძის თქმით, მოსახსნელია ოთხპროცენტიანი გადასახადიც, რომელსაც იხდიან თიზ-ის კომპანიები როგორც ნედლეულის, ისე ძირითადი საშუალებების შემოტანასას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, რომ მხოლოდ საგადასახადო შეღავათები საკმარისი არ არის ინდუსტრიის განვითარებისთვის, არ იქნება საკმარისი რუსთავისთვისაც, თუკი მანდ თიზ-ი ჩამოყალიბდა:​

როგორც ჩანს, არის რაღაც პრობლემა და მხოლოდ საგადასახადო შეღავათი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უცხოური კაპიტალი შემოვიდეს საქართველოში და ამ [თავისუფალ ინდუსტრიულ] ზონებში. არის რამდენიმე ზონა, რომელიც, პირიქით, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე და ანგრევს ენერგეტიკას, მაგალითად, იგივე, როგორც ბიტკოინის მწარმოებელი ქარხნებია, რომელიც მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე რუსთავი და კახეთი, ერთად აღებული.

იმ აზრს, რომ 11 წლის წინ მიღებული კანონი დასახვეწია, იზიარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარისას თქვა, რომ დღეს არსებული საერთაშორისო რეგულაციები და მოთხოვნები გვაძლევს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონის გადახედვის შესაძლებლობას.

სხდომის დასასრულს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. კომიტეტმა წინადადებას მხარი დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG