Accessibility links

site logo site logo

როგორ აღიარა სირიამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარჯვნივ) და დაურ კოვე.

მთავარი მოვლენებიდან, რომლებიც, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, 2018 წლის განმავლობაში მოხდა, გამოირჩევა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სირიის მიერ. ამ ამბავს გამოყოფს როგორც დე ფაქტო საგარეო უწყება, ისე მისი ხელმძღვანელი, დაურ კოვე. მან „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში გაიხსენა, რა სამუშაო უძღოდა წინ აღიარებას.

მთელ პროცესს, კოვეს თქმით, საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო და სოხუმი შეუდგა სირიიდან ეთნიკური აფხაზების გაყვანას. ამ ადამიანებს, რომლებიც მე-19 საუკუნის მოჰაჯირების შთამომავლები არიან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მინიჭებული აქვთ „თანამემამულის“ სტატუსი და მოქალაქეობის უფლება. დაურ კოვეს თქმით, 500 ოჯახი გადასახლდა სირიიდან აფხაზეთში. ამავე დროს მიმდინარეობდა „ნაყოფიერი მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან“, სოხუმის დელეგაცია ჩავიდა საერთაშორისო გამოფენაზე დამასკში, შეხვდა სირიის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

„მთელი ეს ჩაკირკიტებით მუშაობა უძღოდა წინ იმას, რომ, საბოლოოდ, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა“, უთხრა კოვემ „ეხო კავკაზას“.

აფხაზეთსა და მოსაზღვრე რაიონშიც სტაბილურობაა, სიმშვიდეა, არ არის კონფლიქტური სიტუაციები, არ არის არანაირი წინაპირობები იმისა, რომ ვითარება გამწვავდეს. ეს არის იმის შედეგი, რომ მხარეები ერთმანეთს ხვდებიან, ლაპარაკობენ, რაღაცაზე თანხმდებიან...

ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა - კრემლის მოკავშირემ, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული, 2018 წლის 29 მაისს ცნო დამოუკიდებელ ქვეყნებად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მის და რუსეთის გარდა, საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს. ვანუატუმ და ტუვალუმ გააუქმეს გადაწყვეტილება აღიარების შესახებ.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში შეეხო ჟენევის დისკუსიებსაც. მან გაიხსენა, რომ 2018 წელს დისკუსიების ოთხი რაუნდი გაიმართა. სამწუხაროდ, ქართული მხარე მზად არ არის აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოსაწერადო, განაცხადა მან და თბილისის ამ პოზიციას „უკუდურესად არაკონსტრუქციული“ უწოდა.

თუმცა კოვე ხედავს ჟენევის დისკუსიების პოზიტიურ გავლენასაც: მთავარი მიღწევაა ის, რომ „აფხაზეთსა და მოსაზღვრე რაიონშიც სტაბილურობაა, სიმშვიდეა, არ არის კონფლიქტური სიტუაციები, არ არის არანაირი წინაპირობები იმისა, რომ ვითარება გამწვავდეს. ეს არის იმის შედეგი, რომ მხარეები ერთმანეთს ხვდებიან, ლაპარაკობენ, რაღაცაზე თანხმდებიან. მუშაობს ცხელი ხაზი, მას არ შეუწყვეტია მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ექვსი თვის წინ შევაჩერეთ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში მუშაობა, რომელიც ქ. გალში მიმდინარეობდა“, უთხრა დაურ კოვემ „ეხო კავკაზას“.

ჟურნალისტი იუწყება ასევე, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, შეიქმნა დოკუმენტური ფილმი და გამოსაცემად მომზადდა წიგნი, სათაურით „აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატია: 25 წელი სუვერენული სახელმწიფოს სამსახურში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG