Accessibility links

როგორ აღმოჩნდნენ უკრაინელი მებრძოლები ქართულ ციხეში?


თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

შიმშილობა გამოაცხადა უკრაინის ექვსმა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომლებიც 2 დეკემბერს, გამთენიისას თბილისში მდებარე ორ სასტუმროში („ალიანსი“ და „გურუ“) ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მათი ადვოკატის, გიორგი როსტომაშვილის თქმით, ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო, ხოლო 4 დეკემბერს, სასამართლო პროცესის შემდეგ, მას სხვებიც შეუერთდნენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სულ უფრო უძლიერდებათ ვარაუდი იმის შესახებ, რომ მათი დაკავება სწორედ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება. პროცესზე რამდენიმე დაკავებულმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისგან მათთვის დასმული პირველი შეკითხვა არა იარაღს, არამედ თბილისში დაგეგმილ მიტინგში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლე გიორგი კურატიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. „შვიდივე ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვას, ჯგუფურად და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

როგორც დაკავებულებმა განაცხადეს 4 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, ისინი საქართველოში მშვიდობიანი, ტურისტული მიზნებითა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, ხოლო იარაღი მათ სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ზოგიერთი დაკავებულის მტკიცებით, მათ ეს დაინახეს კიდეც.

„მე თვითმფრინავით ჩამოვედი, გავიარე ბევრი კონტროლი, შეუძლებელია იარაღის შემოტანის საშუალება მოეცათ“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

ადვოკატი გიორგი როსტომაშვილი
ადვოკატი გიორგი როსტომაშვილი

ადვოკატის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, მაგრამ ყველა დაკავებული თვითმფრინავით ჩამოფრინდა. პროკურატურის განცხადებით, უცნობია, სად და რა გზებით მოიპოვეს დაკავებულებმა იარაღი და ხელყუმბარები: შესაძლოა საქართველოში შეიძინეს, ანდა თან ჩამოიტანეს; ასევე ბრალდების მხარე ვერაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა დანაშაულის ჩასადენად ემზადებოდნენ დაკავებულები.

დაკავებულების თქმით, მათ დნმ-ის ნიმუშები (ნერწყვის სახით) დაუკითხავად, მოტყუებით ჩამოართვეს. მოსამართლემ მათ განუმარტა, რომ დნმ-ის ნიმუშების აღება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება და სხვა შემთხვევაში ნიმუშები მტკიცებულებად ვერ გამოდგება. თუმცა ადვოკატ როსტომაშვილის თქმით, დაკავებულები შიშობენ, რომ უკანონოდ მოპოვებული დნმ-ის ნიმუშები სწორედ უკანონო მიზნებისთვის, მაგალითად, საბრძოლო იარაღზე კვალის დასატოვებლად იქნება გამოყენებული.

პროცესს პოლიტიზებულს უწოდებს სემიონ სემენჩენკო, უკრაინის რადის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სამოპომიჩის“ წევრი და მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური. მისი თქმით, დაკავებულები ვაჟკაცი, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანები არიან და ახლა მათი ქმედებების პოლიტიზების პროცესში, სავარაუდოდ რუსეთიც არის ჩართული.

სემიონ სემენჩენკო, უკრაინის რადის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სამოპომიჩის“ წევრი და მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური.
სემიონ სემენჩენკო, უკრაინის რადის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სამოპომიჩის“ წევრი და მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური.

„უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ, რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია უკრაინელი მოხალისეების წინააღმდეგ, ორგანიზებული კონკრეტული ადამიანების მიერ, შესაძლოა არა მხოლოდ საქართველოს სამართალდამცველი უწყებებიდან. შესაძლოა, ეს გაკეთებულია რუსეთის სპეცსამსახურებისა და უკრაინელი ოლიგარქის ცალკეული მსახურების თანამონაწილეობით... მე ვაპირებ დავრჩე თბილისში და თუკი საქართველოს შს სამინისტროს აქვს შეკითხვები ჩემთან, კი ბატონო, მობრძანდით და დამისვით“, - განაცხადა სემიონ სემენჩენკომ 4 დეკემბერს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, სემენჩენკო შემოდგომაზე შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომლის დიდი ხნის მეგობრად და მოკავშირედ მიიჩნევა.

დაკავებულთა შორის არის 26 წლის ლუკა ჩხეტია, რომელიც 2010-2014 წლებში ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობაში. ბოლოს ის იბრძოდა უკრაინაში, ლუგანსკის მხარეში, უკრაინის მოხალისეთა ბატალიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG