მიუხედავად იმისა, რომ BMW-მ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში დატოვა, კალინინგრადის ქარხანაში კვლავაც აწყობენ ამ მაღალი კლასის გერმანული მარკის ჯიპებს, თუმცა მცირე რაოდენობით.
დღეს BMW-ს ნებართვის გარეშე აწყობილი ძვირადღირებულ ჯიპებს ყიდულობენ რუსები, რომლებსაც დიდი ჯიბე აქვთ და რომლებსაც რისკი არ ანაღვლებთ.
2025 წელს დაიწყო BMW-ს ავტომობილების შეზღუდული პარტიების წარმოება და აწყობს ავტომობილებს ძველი, ხშირად მოძველებული ნაწილებისგან, რომლებიც მის განკარგულებაში იყო 2022 წელს თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ...კაროლინ ბახმანი
„BMW-ს ფორმის“ მანქანები, რომლებიც რუსეთშია აწყობილი, პირველად 2025 წლის მარტში გამოჩნდა. მანქანები დამზადებულია იმ ნაწილებისგან, რომლებიც გერმანულმა კომპანიამ დატოვა მას მერე, რაც მოულოდნელად გაწყვიტა ათწლეულების პარტნიორობა კალინინგრადის ოლქში მდებარე ავტოქარხანასთან Avtotor-თან. რუსული მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ გასულ წელს რუსეთში Avtotor-ში აწყობილი 145 „პირატული“ BMW გაიყიდა. ეს მანქანები გამოირჩევა კონტრასტით წარმოების დროსა (2025 წელი) და სტილს (2022 წელი) შორის.
BMW-მ 2022-2024 წლებში თავისი X სერიის ახალი დიზაინის ავტომობილები გამოუშვა.
BMW Group-ის წარმომადგენელმა, კაროლინ ბახმანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ Avtotor-მა „2025 წელს დაიწყო BMW-ს ავტომობილების შეზღუდული პარტიების წარმოება და აწყობს ავტომობილებს ძველი, ხშირად მოძველებული ნაწილებისგან, რომლებიც მის განკარგულებაში იყო 2022 წელს თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ“.
ნებართვის გარეშე მანქანების აწყობა გრძელდება „დღემდე არარეგულარულად, - თქვა ბახმანმა და დასძინა, რომ „ამ არაავტორიზებული მანქანების შეძენასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების მოსაგვარებლად და შესამცირებლად, ჩვენ ვაცნობეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის საჯარო ორგანოებს, საცალო ვაჭრობას და პოტენციურ მომხმარებლებს, და ავუხსენით ვითარება".
კალინინგრადში აწყობილი არაავტორიზებული BMW-ს ჯიპების სამი მოდელის საბაზისო ვერსიების ფასი 11,9-დან 12,9 მილიონ რუბლამდე (153 000 და 166 000 აშშ დოლარი) მერყეობს. ეს მილიონობით რუბლით უფრო იაფია, ვიდრე „ნაცრისფერი ბაზრის“ სქემებით სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყანაში იმპორტირებული ანალოგიური BMW-ები. ასეთ შემთხვევაში მანქანებს ყიდულობენ სხვა ქვეყნის დილერისგან და შემდეგ იგზავნება რუსეთში.
BMW-ს მხრიდან საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების ზედამხედველობის არ არსებობა ნიშნავს, რომ მანქანებს აწყობენ პირდაპირი ტექნიკური მონაწილეობის გარეშე, რაც, სულ მცირე, პოტენციურად წარმოშობს ხარისხის პრობლემებს...კრისტოფერ ლუდვიგი
დიდ ბრიტანეთში მუშაობს ავტომრეწველობის ექსპერტი კრისტოფერ ლუდვიგი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალური BMW-ს ნაწილების ნარჩენების არსებობის შემთხვევაშიც კი, კალინინგრადის ქარხანას მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნებოდა ფალსიფიცირებული მანქანების წარმოებისას.
„BMW-ს მხრიდან საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების ზედამხედველობის არ არსებობა ნიშნავს, რომ მანქანებს აწყობენ პირდაპირი ტექნიკური მონაწილეობის გარეშე, რაც, სულ მცირე, პოტენციურად წარმოშობს ხარისხის პრობლემებს“, - თქვა ლუდვიგმა, რომელიც ხელმძღვანელობს Automotive Logistics-ს და სხვა ავტომრეწველობის თემაზე გამოცემებს.
„ბევრი თანამედროვე მანქანის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ნაწილებსა და მთლიანად სისტემაში სხვადასხვა ელექტრონული ელემენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვაა“, - თქვა მან. „ეს პროგრამული უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, პირდაპირ BMW-გან მოდის და ამიტომ ან ვერ იქნებოდა შესაძლებელი მისი განახლება, ან ხელახლა დააპროგრამეს ან გამოცვალეს ის”.
ვინც რუსეთში კალინინგრადში აწყობილ მანქანებს ყიდის, ამ პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ დანაკლისს პრობლემად კი არ თვლის, არამედ უპირატესობად ასაღებს. ისინი ამბობენ, რომ BMW-ს პროგრამისტებს არ შეუძლიათ მანქანების „დაბლოკვა.“ ჩვეულებრივ მათ აქვთ საშუალება ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მანქანების დისტანციურად გამორთვა.
რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ რუსეთში არალიცენზირებული BMW-სთვის იწარმოება ზოგიერთი მარტივი ნაწილი, როგორიცაა შლანგები და კაბელები, და რომ ბოლო თვეებში ქარხანამ მექანიკური ნაწილები უცნობი მომწოდებლებისგან შეიძინა 2022 წლის მარაგების შესავსებად.
ლუდვიგის თქმით, BMW-ს არ შეუძლია განუსაზღვრელი ვადით ყურადღება დაუთმოს ავტომობილის კომპონენტებს, რაც ნიშნავს, რომ ნაწილების მოპოვება შესაძლებელია „სხვადასხვა უცხოური სუბიექტებისა და ქვეყნების მეშვეობით, იქნება ეს ცენტრალური აზია, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი თუ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ რუსეთთან სავაჭრო კავშირები“. ასეთი რთული მიწოდების ჯაჭვის აწყობის პროცესი „სავარაუდოდ, უფრო ძვირი და ნაკლებად ეფექტური იქნება“, მაგრამ „არა შეუძლებელი“.
ტექნიკურად, შესაძლებელია, რომ BMW-ს ზოგიერთი ნაწილი ან თავსებადი კომპონენტი რუსეთში "ნაცრისფერი ბაზრის" არხებით, შუამავლების ან პარალელური იმპორტის გზით შეიტანონ...ვახტანგ ფარცვანია
თბილისელი ეკონომისტი ვახტანგ ფარცვანია, რომელსაც რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების შესახებ ვრცელი ნაშრომები აქვს დაწერილი, ეთანხმება ამ შეფასებას.
„ტექნიკურად, შესაძლებელია, რომ BMW-ს ზოგიერთი ნაწილი ან თავსებადი კომპონენტი რუსეთში "ნაცრისფერი ბაზრის" არხებით, შუამავლების ან პარალელური იმპორტის გზით შეიტანონ“, - მოსწერა მან რადიო თავისუფლებას. მის თანახმად, „რუსეთმა 2022 წლიდან მრავალი ასეთი მარშრუტი შეიმუშავა“.
თუმცა, ერთმა ბოლოდროინდელმა განცხადებამ - რომ Avtotor-მა დიზელის BMW X6 40d-ის აწყობა დაიწყო, მოდელისა, რომელიც, თითქოს, აქამდე არასდროს წარმოებულა კალინინგრადის ქარხანაში - ინდუსტრიის ექსპერტები გაკვირვებული დატოვა.
მოდელებს შორის შეზღუდული მსგავსების გათვალისწინებით, კალინინგრადში არასდროს წარმოებული ავტომობილის ყველა კომპონენტის მოძიება ძალიან რთული ამოცანა იქნებოდა. ავტონაწილების მიწოდების ჯაჭვები, როგორც წესი, ასობით მომწოდებელს მოიცავს, რომლებიც თითოეული ინდივიდუალური ავტომობილისთვის საჭირო ათიათასობით ნაწილით ამარაგებენ კლიენტებს.
როგორ ახერხებს რუსული ქარხანა ისეთი ავტომობილის წარმოებას, რომელიც აქამდე ქარხანაში არასოდეს უწარმოებია?
პასუხი ასეთია: არანაირად.
BMW-მ საჯაროდ არ უპასუხა ამ კონკრეტულ მტკიცებას, მაგრამ ინტერნეტით გავრცელებული მონაცემები მოწმობენ, რომ ის უბრალოდ მცდარია.
2026 წლის მაისის ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ X6 40d-ის მოდელის ავტომობილები პირველად აწარმოვეს Avtotor-ის ქარხანაში. თუმცა ვიდეოს რამდენიმე კომენტარის ავტორმა უარყო ეს მტკიცება და ერთ-ერთი შეიცავდა დასაბუთებასაც იმისა, რომ ეს ინფორმაციას არა მართალი.
„თქვენ ვიდეოში ამბობთ, რომ X6 40d არასოდეს აწყობილა [კალინინგრადში], მაშ, როგორ ვიყიდე ის ახალი 2016 წლის აგვისტოში?“ - წერს კომენტარის ავტორი.
მან მოიყვანა ავტომობილის სრული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN). VIN-ების შემოწმების ონლაინინსტრუმენტები აჩვენებს, რომ დიზელის ძრავიან ავტომობილებს მართლაც აწყობდნენ კალინინგრადში 2016 წლის ივნისში.
ბოლო თვეებში რუსეთში BMW-ს მარკის ახალი მანქანების რეგისტრაციის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა რუსეთის ავტომობილების შესახებ მონაცემებით ვერ დაადგენთ, თუ სად არის წარმოებული გერმანული ავტომობილები.
თუ კალინინგრადში აწყობილ BMW-ზე მაღალი მოთხოვნის შესახებ რუსული ცნობები ზუსტია, ფალსიფიცირებული ავტომობილების წარმოება შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
საინტერესო იქნება, თუ ახალი [დიზაინის განახლების შემდეგ] ძარები გამოჩნდება და საქმე ნამდვილად წინ წავა...ანონიმური წყარო
საავტომობილო ლოგისტიკის სფეროს ექსპერტმა, ლუდვიგმა გვითხრა, რომ კალინინგრადის ავტოქარხანას, სადაც 1999 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დასაწყისამდე BMW-ს მარკის 261 000-ზე მეტი ავტომანქანა აიწყო, „მინიმუმ 3 თვის და ალბათ 6 თვის ან მეტის უწყვეტი წარმოების“ საშუალება ექნებოდა.
ის ხაზს უსვამს, რომ ასეთი შეფასებები მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ამბობს, რომ „თუ ქარხანა ადრე თვეში 1000 ავტომობილს აწარმოებდა, ახლა კი მხოლოდ 50-ს აწარმოებს, მაშინ 2022 წლამდე არსებული სამი თვის მარაგი ხუთი წელიც კი ეყოფოდა“.
რუსული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ულიცენზიო BMW-ს წარმოების ამჟამინდელი ტემპი „ზღვაში წვეთია“ ქარხნის 2022 წლამდე არსებულ წარმოებასთან შედარებით, თუმცა დასძენს: „საინტერესო იქნება, თუ ახალი [დიზაინის განახლების შემდეგ] ძარები გამოჩნდება და საქმე ნამდვილად წინ წავა“.