Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია - როგორ დაასაბუთა ექვსმა მოსამართლემ პრეზიდენტის საქმე


მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინეს: მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინეს: მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა - საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ ვერ მოაგროვა 100 ხმა, რომელიც საჭირო იყო სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად. საკითხის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტამდე საქმის სამართლებრივი მხარე საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევის დასადასტურებლად 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა იყო საჭირო. სწორედ ამდენმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პრეტენზიებს საფუძველი ჰქონდა - პრეზიდენტის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაირღვა. დანარჩენმა სამმა განსხვავებული აზრი გამოხატა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი: მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი: მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის ნებისმიერი სიმძიმით დარღვევა შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი. მათ არც კი გაამახვილეს ყურადღება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციაში არსებული ერთ-ერთი ჩანაწერი („ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს”), ხომ არ აძლევდა მას დამატებით შესაძლებლობებს.

იმპიჩმენტის მნიშვნელობა

იმპიჩმენტი არის კონსტიტუციური თანამდებობის პირების (ის თანამდებობები, რომელთაც განსაზღვრავს კონსტიტუცია. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მთავარი პროკურორი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) დაუყოვნებლივ გადაყენების მექანიზმი. ქართული კონსტიტუციის მიხედვით, კონსტიტუციის დარღვევისთვის პოლიტიკური შედეგი დგება და არა - სამართლებრივი. სამართლებრივი მექანიზმი - საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა არის შუალედური რგოლი თანამდებობის პირის გადაყენებამდე.

„იმპიჩმენტის მიზანი ინდივიდის დასჯა კი არ არის, არამედ საჯარო წესრიგისა და, მასთან ერთად, ხალხის დაცვა მათგან, ვინც საჯარო ხელისუფლებას თვითნებურად ითვისებს ან არამართლზომიერად იყენებს და ვინც კონსტიტუციით განსაზღვრულ სახელისუფლო მოვალეობებს არ შეესაბამება“, - განმარტა 6-მა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში.

კონსტიტუციური თანამდებობის პირების უფლებამოსილების გასამიჯნად შესაძლებელია ე.წ. კომპეტენციური დავის დაწყება - იმპიჩმენტისგან განსხვავებით, მისი შედეგია მოსალოდნელი დარღვევის პრევენცია და მიღებული გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობაა. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინ, როცა მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა დაიწყო ელჩების დანიშვნის პროცესში შექმნილი დაბრკოლების გამო.

„ნებისმიერ კონსტიტუციურ სისტემაში შეიძლება წარმოიშვას გარკვეული კითხვები იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის კონკრეტული კომპეტენცია ხელისუფლების დანაწილების შესაბამის სისტემაში, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში ამგვარი კომპეტენციური დავები კონსტიტუციურ ორგანოებს შორის კონსტიტუციური პროცედურის მეშვეობით წყდება და არა თვითნებურად, რომელიმე მათგანის მხრიდან მისი მითვისებითა თუ დაბევებით“, - წერია გადაწყვეტილებაში.

როდის შეიძლება იმპიჩმენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს ექვსი მოსამართლე განმარტავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულის სიმძიმესა თუ კონსტიტუციის დარღვევის ხარისხს, ყველა შემთხვევაში არსებობს თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საფუძველი, თუ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. იმის მიუხედავად, რომ ეს ექვსეული იმპიჩმენტს პოლიტიკური შედეგის დადგომის ინსტრუმენტად განმარტავს, მაინც ფიქრობს, რომ ასეთ დროს სასამართლომ არ უნდა იმსჯელოს „იმსახურებს თუ არა ამ ქმედების ჩამდენი პირი შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებას“.

მოსამართლეები ფიქრობენ, რომ თუკი სასამართლო შეაფასებდა, რა ტიპის „კონსტიტუციის დარღვევისთვის“ იმსახურებს რომელიმე თანამდებობის პირი იმპიჩმენტს, მაშინ „სასამართლოზე დაქვემდებარებულს გახდიდა თანამდებობიდან გადაყენების საკითხის გადაჭრას“, ეს კი მათ პარლამენტის როლად წარმოუდგენიათ.

„ძირითადი კანონის ნებისმიერი დარღვევა ან დანაშაულის ნიშნების შემცველი ნებისმიერი ქმედება სამართლებრივად შეიძლება გახდეს პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი... პარლამენტის წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ თანამდებობის პირმა თავისი ქმედებით დაადასტურა თანამდებობასთან მისი შეუფერებლობა და ის, რომ მან აღარ შეიძლება გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ თანამდებობაზე“, - წერია დასკვნაში.

პრეზიდენტის როლი საგარეო და საშინაო პოლიტიკაში

პრეზიდენტის როლი სიმბოლურია, არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და, „შესაბამისად, იგი არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე“ - მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მთავარსარდლის ასეთი როლი „მთლიანად შეესაბამება მმართველობის საპარლამენტო მოდელს“:

„მისი უფლებამოსილების დიდი ნაწილი, გარდა მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებებისა, ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის წარდგინებითა და თანახელმოწერით, სადაც მისი დისკრეცია მიზერულია და პასუხისმგებლობა კი შესრულებაზე თანახელმომწერს ეკისრება“.

მოსამართლეთა ექვსეული იზიარებს პარტია „ქართული ოცნების“ არგუმენტს, არ ეთანხმება პრეზიდენტის პოზიციას და განმარტავს, რომ სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს მხოლოდ სადავოდ გამხდარი კონსტიტუციის 52-ე მუხლი, ხოლო 49-ე მუხლი (პრეზიდენტის სტატუსი) შეეხება მხოლოდ სტატუსს და არ აძლევს მას დამატებით შესაძლებლობებს. მარტივად რომ ვთქვათ, 52-ე მუხლი აკონკრეტებს იმ უფლებებს, რომელიც 49-ე მუხლით პრეზიდენტს საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე ეძლევა.

„დასახელებული ნორმების სხვაგვარი განმარტება, გარდა იმისა, რომ ხელოვნურია და უნიადაგო, იწვევს პრეზიდენტის სტატუსისა და უფლებამოსილებების, ისევე როგორც, პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ერთმანეთში აღრევას, ალოგიკურია და არაგონივრული“, - აღნიშნეს მათ.

რა არის "საგარეო ურთიერთობები"

საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლის განმარტებით, კონსტიტუციის სადავო მუხლში ნახსენები სიტყვები „საგარეო ურთიერთობები“ „გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის სახელით მოქმედებას საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან - უცხოეთის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ცალკეულ ოფიციალურ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან ურთიერთობაში, როგორი ფორმაც არ უნდა გააჩნდეს მას“.

იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეებს უნდა გადაეწყვიტათ კონკრეტული საკითხი, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის 3 ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში იყო თუ არა ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა, მათ კიდევ უფრო მკაცრი წესები დაუწესეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს - ასეთ შემთხვევებად ჩათვალეს ყველა სახის „შეხვედრები, საუბრები, ოფიციალური სატელეფონო კონტაქტები თუ წერილობითი მიმოწერა, სამუშაო ვიზიტებისა და მოლაპარაკებების გამართვა; ასევე, ფორუმებსა და თავყრილობებში მონაწილეობა საქართველოს სახელით, სიტყვით გამოსვლა ამგვარ თავყრილობებზე, ცერემონიებსა და მიღებებში მონაწილეობა პრეზიდენტის რანგში და ზოგიერთი სხვა შემთხვევა“. მოსამართლეები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს „არ შეიძლება გასცდეს გონივრულობის ფარგლებს“.

"პრეზიდენტმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობას"

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არ იყო ამ საკონსტიტუციო წარდგინებით განხილველი და სასამართლომ თავად გაამახვილა ყურადღება, ელჩების დანიშვნის დროს უფლებამოსილების გამიჯვნაა. ე.წ. კომპეტენციური დავა პრეზიდენტის ფორმალური როლის გამოსაკვეთად რამდენიმე თვის წინ დაიწყო პარტია „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებულმა მთავრობამ. მოსამართლეთა 6-ეულის მსჯელობა კი ერთგვარი პასუხია იმ საკონსტიტუციო დავისა, რომლის განხილვაზეც მალევე თქვა მთავრობამ უარი და საჩივარი გაითხოვა.

„საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან [...] ლოგიკურია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება მთავრობის თანხმობა ანდა ეს უფლებამოსილებები ხორციელდება მთავრობის ინიციატივით/წინასწარი წარდგინებით“, - წერია დასკვნაში.

აქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა „მთავრობას ხელი არ უნდა შეუშალოს“ იმაში, რომ საგარეო „ურთიერთობები აწარმოოს“ საკუთარი ხედვით:

„პრეზიდენტმა მთავრობას ხელი არ უნდა შეუშალოს, საგარეო ურთიერთობები თავისი შეხედულებისამებრ განახორციელოს, და ეს მთავრობის უწყებრივი ინტერესი კი არ არის, არამედ კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ინტერესია, რომ მთავრობა საგარეო ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნეს ადეკვატურად. მთავრობას ხელი არ უნდა შეეშალოს იმაში, რომ საგარეო პოლიტიკა ხორციელდებოდეს მისი პრეფერენციებით, მისი ხედვის შესაბამისად და იმგვარად, როგორც თავად მიაჩნია სწორად და ეფექტიანად, რათა პასუხისმგებელი იყოს თავისი საქმიანობის შედეგებზე“.

მოსამართლეები დამატებით რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას:

  • „[პრეზიდენტის] იმგვარ ქმედებებს, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება მთავრობის ხედვას, შეუძლია მნიშვნელოვნად დააზარალოს საგარეო პოლიტიკის განხორციელება“;
  • „გაუგებარია, რატომ მისცემს მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას, თუკი მიიჩნევს, რომ მისი ქმედებები საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს არ შეესაბამება“;
  • მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის „საგარეო ურთიერთობები“ ყოველთვის დაარღვევს კონსტიტუციას, იმის მიუხედავად, მისი პოზიცია იქნება თუ არა მთავრობასთან თანხვედრაში;
  • საკონსტიტუციო სასამართლო თავის კომპეტენციად არ მიიჩნევს, შეაფასოს, რამდენად საფუძვლიანია ვიზიტებთან დაკავშირებით მთავრობის უარი.

„სახელმწიფოსა და ხალხის სახელით საუბარი და პოზიციების გამოთქმა სახელმწიფოსა და ხალხის წარმომადგენლობას, ხალხის ნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენას გულისხმობს, რომელიც შორს სცილდება ინდივიდუალური თავისუფლების ფარგლებს და საპრეზიდენტო სტატუსსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უკავშირდება“, - წერია დასკვნაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს 6 მოსამართლის განმარტებით, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იყენებს თუ არა ყველა შესაძლებლობას, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს პრეზიდენტს არ აძლევდა უფლებას „ემოქმედა სხვის (მოცემულ შემთხვევაში, მთავრობის) მაგივრად, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტებით და თვითნებურად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG