პიერ აფნერი ენერგიული 80 წლის ფრანგი პენსიონერია, რომელიც ამჟამად ბიარიცში ცხოვრობს - საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროს მდიდრულ საკურორტო ქალაქში. სწორედ იქ მდებარეობს ვრცელი ვილები, რომლებიც დაკავშირებულია კატერინა ტიხონოვასა და ლუდმილა ოჩერეტნაიასთან - ვლადიმირ პუტინის ქალიშვილსა და ყოფილ მეუღლესთან.
რამდენიმე წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პიერმა პუტინის ქალიშვილის ვილა „დაიკავა“, დღეს კი მას ხშირად შეხვდებით ბიარიცის ქუჩებში, სადაც ის ადგილობრივებს საკუთარი ხელით დაბეჭდილ ფურცლებს ურიგებს. „პროკლამაციებში“ ფრანგი პენსიონერი აღწერს იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, საფრანგეთში მცხოვრები რუსების მეშვეობით, საფრანგეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. პიერი „კრემლის აგენტებად“ მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დონის ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებსა და მათ ნათესავებს.
ერთ დროს თავად პიერიც ცხოვრობდა რუსეთში, სადაც, მისი მონათხრობის თანახმად, პირველად 1992 წელს ჩავიდა, დააარსა იქ საკუთარი კომპანია და იქორწინა უკრაინელ, კიევში დაბადებულ ქალზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პიერი მიხვდა, რომ რუსეთი არასწორი მიმართულებით მიდიოდა.
„საპროტესტო აქციებზე მეგობრები გავიცანი - ნამდვილი გმირები! და მივხვდი, რომ ეს ომები უნდა შეჩერებულიყო", - ამბობს პიერი, - "ყირიმის ანექსიის შემდეგ დემონსტრაციებში ბორის ნემცოვთან ერთად ვმონაწილეობდი. ასევე ვერა ლავრეშინასთან, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა ლუბიანკის მოედანზე.“
რუსეთში ცხოვრებისას პიერი პერიოდულად ესწრებოდა ოპოზიციის აქციებს, თუმცა წლიდან წლამდე ეს სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა.
2016 წელს, როდესაც მოსკოველი აქტივისტები „ჩეკისტის დღისადმი“ მიძღვნილ პერფორმანსს ამზადებდნენ, აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ პოლიციამ ყველა მონაწილე დააკავა და „ავტოზაკში“ (დაკავებულთა გადასაყვანი ავტომობილი) ჩასვა. დაკავებულთა შორის იყო პიერიც. ფრანგი პენსიონერის თქმით, სწორედ ამ შემთხვევამ აიძულა დაფიქრებულიყო საკუთარი უსაფრთხოების საკითხზე და მალევე გადაწყვიტა, დაეტოვებინა რუსეთი და ბიარიცში გადასულიყო.
როგორც აღმოჩნდა, ამ ქალაქსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსეთის მმართველი ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლის ნათესავებთან. კერძოდ, 2016 წელს ბიარიცში მდებარე ვილა „სიუზანი“ შეიძინა არტურ ოჩერეტნიმ - „პიროვნებათშორისი კომუნიკაციების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, რომელზეც პუტინის ყოფილი მეუღლე, ლუდმილა (2013 წელს ოფიციალური განქორწინების შემდეგ) დაქორწინდა.
იქვე, ბიარიცში, „სიუზანის“ მეზობლად მდებარეობს კიდევ ერთი ვილა - „ალტამირა“, რომელიც უძრავი ქონების კადასტრის ჩანაწერების თანახმად, ადრე ეკუთვნოდა პუტინის ძველ მეგობარს, გენადი ტიმჩენკოს, მოგვიანებით კი შეიძინა (უძრავი ქონების კომპანია Atlantic-გან) მილიარდერმა კირილ შამალოვმა - პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას მაშინდელმა მეუღლემ.
ტიხონოვა და შამალოვი 2018 წელს განქორწინდნენ, თუმცა პუტინის ყოფილი სიძე კვლავ რჩება რუსეთის ლიდერის ახლო გარემოცვაში. 2024 წელს შამალოვ-უმცროსი გახდა ე.წ. „კოოპერატივ ოზეროს“ (გაერთიანებისა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობრები შედიან) თავმჯდომარე.
2022 წელს, მას შემდეგ რაც შამალოვი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო სანქციების ქვეშ მოექცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მისი ვილა დააყადაღა. ლუდმილა პუტინასა (ოჩერეტნაიას) და მისი მეუღლის ვილამ კი იგივე ბედი ორი წლის შემდეგ, 2024 წელს გაიზიარა.
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ, პიერ აფნერი პუტინის ქალიშვილის ყოფილი ქმრის ვილაში შეიჭრა. ფრანგმა პენსიონერმა განაცხადა, რომ შამალოვმა ეს ვილა „რუსი ხალხისგან მოპარული ფულით“ შეიძინა და განაცხადა, რომ „ამ მომენტიდან ეს სახლი უკრაინას ეკუთვნის“. აფნერმა საფრანგეთის ხელისუფლებას შესთავაზა, ვილაში ომისგან დაზარალებული ლტოლვილებისთვის თავშესაფარი მოეწყოთ ან სახლი გაექირავებინათ, ხოლო მიღებული თანხა უკრაინელთა მხარდაჭერის ფონდში გადაერიცხათ.
პიერის წინადადება არ მიიღეს, თუმცა მას სხვის კერძო საკუთრებაში შეჭრისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება შეძლო.
„პოლიციაში მითხრეს, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გავაფუჭე", - ღიმილით იხსენებს პიერი, - "ვფიქრობ, ამ ვილების საკითხი რადიკალურად უნდა გადაწყდეს, მაგრამ ეს დიდ სკანდალს გამოიწვევს ბიარიცში, ადგილობრივ ხელისუფლებას კი სკანდალი არ სურს. მათ უნდათ, რომ აქ კვლავ შემოდიოდეს რუსული ფული და მათთვის სულერთია, ეს ფული სუფთა იქნება თუ - ბინძური.“
შამალოვის ვილასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ პიერმა განაგრძო იმ რუსების საქმიანობის შესწავლა, რომლებიც ბიარიცში ცხოვრობენ ან პერიოდულად ჩნდებიან. პენსიონერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა რუსულენოვანს არ ებრძვის - მხოლოდ იმ ადამიანებით ინტერესდება, რომლებსაც თავად „ГРУ-ს, ФСБ-სა და ჩრდილოეთ კორეის აგენტებს“ უწოდებს. მისი თქმით, ამ ადამიანთაგან ბევრი დაკავშირებულია კრემლთან ან რუსეთის სპეცსამსახურებთან და შესაძლოა საფრანგეთში კრემლის ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობდნენ.
„პუტინმა გააცნობიერა, რომ რუსული დიასპორა იარაღია (საფრანგეთის წინააღმდეგ). რადგან ევროპაში მხოლოდ საფრანგეთს, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, შეუძლია რუსეთთან თანასწორ პირობებში საუბარი", - აღნიშნავს ფრანგი პენსიონერი, - "ჩვენი ბირთვული სტრატეგიული ძალები, დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, აშშ-ზე დამოკიდებული არ არის. დანარჩენ [ევროკავშირის] ქვეყნებს კი ასეთი ბირთვული არგუმენტი უბრალოდ არ გააჩნიათ.“
აფნერი ცდილობს ბიარიცის სხვა მცხოვრებთა ყურადღებაც მიაპყროს „კრემლის აგენტებს“. სწორედ ამიტომ არიგებს ქუჩებში ფურცლებს „რუსული გავლენის“ შესახებ.
„უკვე ათასი ცალი დავარიგე ხელიდან ხელში. ყოველ ჯერზე ადამიანებს ვესაუბრები. ზოგი არაფერს ამბობს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მეუბნება: „მართალი ხართ, გააგრძელეთ, მომეცით რამდენიმე ეგზემპლარი, მეც დავარიგებო“, - ამბობს პიერი.
ამჟამად საფრანგეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებულ ომში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არაერთხელ შეეცადა პუტინის დარწმუნებას, რომ დათანხმებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს და დაესრულებინა ომი. თუმცა 2027 წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. აფნერის აზრით, მათი მოახლოების კვალდაკვალ რუსეთი გააძლიერებს მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საფრანგეთის საზოგადოებრივ აზრზე და ქვეყნის სათავეში მოიყვანოს „თავისი“ კანდიდატი, რომელიც უფრო პრორუსულ პოზიციას დაიკავებს.
„რუსული პროპაგანდა ძალიან მზაკვრულია. მისი ბრძოლის ველი საზოგადოებრივი აზრია. თუ საფრანგეთში ხელისუფლება შეიცვლება და გაიმარჯვებენ ჟან-ლიუკ მელანშონის (მემარცხენე რადიკალური პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი, რომელიც ნატოდან გასვლას ემხრობა) ან მარინ ლე პენის (მემარჯვენე რადიკალური პარტიის ლიდერი) მხარდამჭერები, ჩვენი პოზიცია (საგარეო პოლიტიკაში) შეიძლება სრულიად განსხვავებული გახდეს", - აფრთხილებს თანაქალაქელებს პიერი, - "მაშინ ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორი დარჩება ჩვენი „ქოლგის“, ჩვენი „ბირთვული ფარის“ გარეშე. და თუ ჩვენი ხალხი არჩევნებში მხარს დაუჭერს „პუტინის თხუნელებს“, მაშინ ჩვენი პოლიტიკაც პუტინის სასარგებლოდ წარიმართება.“
ფორუმი