Accessibility links

logo-print logo-print

როგორ დაკარგა 5-სულიანმა ოჯახმა სოციალური შემწეობის თანხა, 600 ლარი, პლასტიკური ბარათიდან


ჯონი მაჭარაშვილის და მისი მეუღლე ნორა შველიძე

მაჭარაშვილების 5-სულიანი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე დარჩა. სავარაუდო მიზეზი, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, თაღლითობა გახდა, თუმცა როგორ მოხდა ეს, ჯერ ვერ გაარკვიეს. ლაგოდეხში მცხოვრები უსახლკარო ოჯახი, წლებია, ქირით ცხოვრობს. იმის გამო, რომ ქირის თანხის გადახდა უჭირთ, ხშირად საცხოვრებლის შეცვლა უწევთ. სწორედ ამის გამო პერიოდულად მათ სოციალურ დახმარებას უჩერებენ, მოგვიანებით კი რამდენიმე თვის თანხას ერთდროულად იღებენ. ასე მოხდა ნოემბრის თვეშიც. ჯონი მაჭარაშვილის ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა და დახმარება შეუჩერდათ, თუმცა დეკემბრის მიწურულს სახელმწიფომ მათ ორი თვის კუთვნილი დახმარება ერთიანად ჩაურიცხა. რადგან ოჯახში არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, ჯამში, 5 სულზე თვეში 450 ლარს იღებენ. შესაბამისად, დეკემბერში მათ ბარათზე ჩარიცხული თანხა 900 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა როცა თანხის ასაღებად ბანკში მივიდნენ, ბარათზე არა 900, არამედ 300 ლარი დახვდათ. ბანკიდან ამონაწერი მოითხოვეს და გაარკვიეს, რომ მათი 600 ლარი ერთ-ერთი ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე იყო გადარიცხული.

„21-ში ჩაგვერიცხა თანხა. 900 ლარი უნდა ყოფილიყო და როცა შევამოწმე, 300 იყო. მეორე დღეს ლიბერთი ბანკში მივედი და ამონაწერი გავაკეთე. ბანკში ამიხსნეს, რომ ნამდვილად 900 ლარი იყო ჩარიცხული, თუმცა ჩემი პლასტიკური ბარათიდან ონლაინ ტოტალიზატორზე იყო გადარიცხული 600 ლარი“.

მაჭარაშვილებმა პლასტიკური ბარათიდან თანხის დაკარგვის შესახებ გასული წლის 21 დეკემბერს გაიგეს და მომხდარი მაშინვე პოლიციას შეატყობინეს. ჯონი მაჭარაშვილი გამოკითხვაზეც დაიბარეს, მაგრამ მას შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული და არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება. როგორც ჯონი ამბობს, პოლიცია იმითაც დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ თავადვე გადაერიცხა თანხა ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე, თუმცა დაზარალებული ამბობს, რომ მას ონლაინ თამაშებით არასდროს უსარგებლია და არც დარეგისტრირებულა. ჯონი იხსენებს, რომ მათი პირადი მონაცემები ჰქონდა ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც ლაგოდეხში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო საცხოვრებლის დაკანონებას დაჰპირდა. დაზარალებული ამბობს, რომ გამოძიებას ინფორმაცია ამ ადამიანზეც მიაწოდა.

„მე გამომძიებლებს ვუთხარი, რომ ერთ-ერთ ახლობელს ჩემს საბუთებზე წვდომა ჰქონდა, მათ შორის ბარათებზე. ეს პიროვნება გვეუბნებოდა, რომ სახლის მიღებაში დაგვეხმარებოდა და საბუთები სჭირდებოდა, რათა ეკონომიკის სამინისტროში წერილი გაეგზავნა. მე ვერ დავამტკიცებ, რომ შეიძლება მას გადაერიცხა ეს თანხა, თუმცა ფაქტი ასეთი იყო. ახლა გამოძიების იმედზე ვართ დარჩენილი“.

ლაგოდეხში მცხოვრები ჯონი მაჭარაშვილის მეუღლე, ნორა შველიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიების დროულად დასრულება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სოციალური დახმარება იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო. ნორას თქმით, მისი მეუღლე დღიურ სამუშაოებზეც მუშაობს, თუმცა ზამთარში ასეთი სამუშაოები არ არის და, შესაბამისად, ახლა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

„ჩვენ ძირითადად ბოსტნეულით ვიკვებებით და ისიც ნისიად მოგვაქვს ბაზრიდან. ახლა კი, რადგან წინა ვალი ვერ გადავიხადეთ, ნისიადაც გვიჭირს რამის ყიდვა. ახლა ფქვილიც არ გვაქვს, ამიტომ მჭადის ფქვილი მოგვაქვს და იმას ვჭამთ. ჩვენ საკუთარი ჭურჭელიც კი არ გვაქვს“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება, ჰყავს თუ არა ძალოვან უწყებას სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს დეტალებზე არ ლაპარაკობს. უწყების პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით: ერთი არის 177-ე, რომელიც გულისხმობს ქურდობას, და მეორე, 284-ე მუხლი, - კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG