Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ (ვერ) იცავს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები ვენახს - გამართლებულია თუ არა ხარჯი?


“დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა
“დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

განადგურებული ვენახები, ბაღები, ბოსტნები, მოსავლის გარეშე დარჩენილი ფერმერები - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიდან გასროლილმა ასეულობით რაკეტამ კახეთში სეტყვა მაინც ვერ შეაჩერა. სახელმწიფო აცხადებს - რომ რაკეტების გარეშე ბევრად უარესი მოხდებოდა.

უარესის წარმოდგენა უჭირთ დაზარალებულებს, რომლებიც წელს მოსავალს ვერ აიღებენ.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დიდ ხარჯს სახელმწიფოსგან სუბსიდირების ხარჯიც ემატება. უკვე გადაწყვეტილია, რომ დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო 90 თეთრად ჩაიბარებს. გლეხების შრომა ყველას ენანება და მათ მდგომარეობას იზიარებენ, მაგრამ ექსპერტები სუბსიდირებას პოლიტიკასთან წილნაყარ მახინჯ პრაქტიკად თვლიან.

რაკეტები და გამსხვილებული სეტყვა

„მოკითხვა კახეთიდან“ - ხელისგულისოდენა სეტყვის ფოტოების თანხლებით, სოციალურ ქსელ ფეისბუკში მოკითხვას თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ „დელტას“ უთვლიან.

„დელტა“ პასუხისმგებელია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების როგორც გამართვაზე, ასევე - გამოყენებასა და საბოლოო შედეგზე.

„რატომ ხდება, რომ სეტყვა უნადგურებს მოსავალს ადამიანებს? გამოვიდეს, ვისაც ეს ევალება და ახსნას მიზეზი“, - კახელები წერენ, რომ რაკეტების გასროლის ხმაც ესმოდათ, მაგრამ სეტყვა მაინც მოვიდა და მოსავალი გაანადგურა.

„დელტამ“ ახსნა, რომ პროცესში დროულად ჩაერია, მაგრამ რაც მოხდა, მასზე არ იყო დამოკიდებული:

  • ისროლეს სეტყვის საწინააღმდეგო 423 რაკეტა - საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებში [ჯამში - 140 400 ჰა];
  • მაგრამ ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსულ ფრონტალური ტიპის ღრუბლებში უკვე არსებული 42-მმ-იანი სეტყვის მარცვლები მაინც გაიზარდა 50 მმ-მდე.

2022 წელს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო ერთი რაკეტის ღირებულება 274 ევროს შეადგენს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო დღეებში, 423 ასეთი რაკეტის გასროლა სახელმწიფოს თითქმის 116 ათასი ევრო დაუჯდა.

„დელტას“ ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა „წარმოადგენს 60 მმ-იან უმართავ რაკეტას, რომელიც შეიცავს 50-70 გრამ ვერცხლის იოდიდის რეაგენტს. რეაგენტი იფანტება 2,5-4,5 კმ სიმაღლიდან 30-35 წამის განმავლობაში“.

„დელტას“ ინფორმაციით, სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში განთავსებულია 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი. სისტემის შექმნის მიზნად კახეთის რეგიონში 600 000-მდე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვა სახელდება და არაერთხელ ითქვა, რომ სისტემები უზრუნველყოფენ 95%-მდე დაცვას.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს, თავის დროზე, 15 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ცალკეა ექსპლუატაციის ხარჯი.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში [ივნისი, 2021 − მაისი, 2022] ვკითხულობთ, რომ „დელტას“ მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, შეიძინეს 5000-ზე მეტი რაკეტა [1,37 მლნ ევრო - რ.თ.]“ და ასევე „ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელმა სპეციალისტმა ნაწილობრივ განაახლა რადარი“.

ღირს თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები ასეთ ხარჯად, თუკი სეტყვა კვლავ ანადგურებს მოსავალს?

სექტემბრის დასაწყისში კახეთისთვის მიყენებული მძიმე ზარალი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის, მაგრამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გარეშე ზარალი უფრო მეტი იქნებოდა და შესაძლოა, 100%-იც ყოფილიყო.

ზოგადად, როგორც გვითხრეს, უწყებას არა აქვს კვლევა ან ზუსტი სტატისტიკური მონაცემები სოფლის მეურნეობისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების სარგებლიანობაზე.

„დელტამ“ 2015 წელს გამოაქვეყნა ციტატა მთავრობის 3 წლის ანგარიშიდან, რომ „დამონტაჟდა 80 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები დანადგარი. შედეგად, კახეთში მოსავალი გაიზარდა 30 %-ით“.

მსგავს სტატისტიკას ვერ იხსენებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მთავრობის ანგარიშის თანახმად: „სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს კახეთის რეგიონსა და კასპის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა 1 297-მა ფერმერმა/ბენეფიციარმა დახმარებად ჯამში მიიღო 3 633 645 ლარი. დასეტყვილმა ფართობმა, რომელზეც გაიცა დახმარება, 1226 ჰა შეადგინა“.

„თავისუფლების მონიტორის“ მიერ 4 წლის წინ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გარშემო არაერთ სერიოზულ დარღვევას ამხელს, „დელტას“ გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი ჟურნალისტს ეუბნება, რომ ამ სისტემების გარეშე კახეთი წელიწადში „რამდენიმე ასეულჯერ“ დაისეტყვებოდა. წელიწადის 365 დღეში რამდენიმე ასეული დასეტყვა ძნელად წარმოსადგენია.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, მოძველებული და არაეფექტიანია.

„ამჟამად, იყენებენ სპეციალურ თვითმფრინავებს, რომლებიც შედიან ამ ღრუბლებში და იქვე შლიან მათ. ამის დიდი გამოცდილებაა უკვე ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში, სადაც სეტყვის პრობლემა აქვთ...

[საქართველოში] ღრუბლები, რომლებსაც ამ რაკეტებს ესვრიან, ჯერ იფანტებიან, შემდეგ ისევ ერთიანდებიან და მოულოდნელად, სადღაც ისეთ ადგილად დაარტყამენ, რომ ვეღარ ესწრება სროლა... ამიტომ გვაქვს ეს შედეგი“, - პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ თუკი სისტემის დაცვა 95%-იანია, „ეს არ უნდა ხდებოდეს, რაც ხდება“ და „სახელმწიფომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე უნდა იფიქროს“.

ყურძენი 90 თეთრად

„არც ერთი კილოგრამი დაზიანებული, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - განაცხადა 4 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დაასახელა ფასიც - 90 თეთრი კილოგრამზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ვენახების ფართობები 10 წლის წინ 25 000 ჰექტარს შეადგენდა, ამჟამად გაორმაგებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის სუბსიდირება შეეხება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს და დასეტყვილი პროდუქციის მიღების პროცესი უკვე დაწყებულია.

„მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი მაკომპესირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და მევენახეებს არ მოუწიოთ რიგში ხანგრძლივად დგომა“, - თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, 3 სექტემბერს, რთვლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაზე.

ეკონომიკის ექსპერტებს შორის სუბსიდირებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„სუბსიდირება საქართველოში, ზოგადად, მოკლევადიან პოლიტიკურ ელექტორალურ მიზნებიდან გამომდინარეობს - საარჩევნო ხმების ლეგალური ყიდვაა... სხვა რა უნდა ვიფიქროთ, ამდენი წლის გამოცდილებით... ოპოზიციაც იყენებს ამ თემას. ყოფილა სამეგრელოდან თხილის სუბსიდირების მოწოდებები... სუბსიდირება სპირალში შესვლაა, რაც უფრო ღრმად შედის მთავრობა, მით უფრო უჭირს გამოსვლა - რადგან გამოსვლა მისთვის ელექტორალურად უფრო მტკივნეული იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი, კვლევითი ინსტიტუტის „გნომონ ვაიზის“ [Gnomon Wise] მკვლევარი, ეგნატე შამუგია.

ექსპერტი განმარტავს, რომ ყურძნის სუბსიდირების პრაქტიკა სფეროს განვითარებასაც უშლის ხელს და გეოპოლიტიკურ ჭრილშიც დამაზიანებელია:

„ღვინის გლობალურ ბაზარზე მაინცდამაინც ვერ ვბრწყინავთ... როცა სახელმწიფო [სუბსიდირებით] ფერმერის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, იწვევს იმის წარმოებას, რასაც ის ადამიანი არ უნდა აწარმოებდეს და მერე ამის ერთადერთი გასაღების ბაზარი რჩება რუსეთი და შემდეგ, ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის არასტაბილურ ბაზარზე პოლიტიკურ დამოკიდებულებას ზრდის“, - ეგნატე შამუგია განმარტავს, რომ სუბსიდირების იმედად ფერმერი ხარისხზე აღარ ფიქრობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყურძნის ნატურალური ღვინოები პირველ ადგილს იკავებს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ჯგუფების ჩამონათვალში.

  • 2021 წელს რუსეთში გავიდა 130 758 300 დოლარის ღირებულების ღვინო;
  • 2022 წლის წინასწარი მონაცემებით კი, რუსეთში საქართველოდან 160 865 400 დოლარის ღვინო გაიტანეს.

საქართველოს ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში - ყურძნის ნატურალური ღვინოები მე-5 ადგილზეა.

  • 2021 წელს - 239 276 600 დოლარი;
  • 2022 წელს კი - 252 531 700 [ზრდა - 5.5%] - აქედან უდიდესი წილი რუსეთზე მოდის;
  • ჩინეთის მაჩვენებელი 2022 წელს - 12 499 900 დოლარი იყო. 2021 წელს - 16 297 600 დოლარი.

ექსპერტების შეფასება, რომ მთავრობა თავს უფლებას აძლევს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მოსახლეობის ერთი ნაწილის ხარჯზე, მეორე ნაწილს მისცეს, არაპოპულარულია.

„საწყალ ხალხს არ გინდათ, რომ მისცენ ფული“, - მსგავსი კომენტარებით მათ არაერთი ოპონენტი უპირისპირდება. თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ როცა ფერმერი თავის მოსავალზე პასუხისმგებლობას იღებს, ეს საბოლოოდ პროდუქციის ხარისხზეც აისახება. მათი რჩევაა ზარალის წინასწარი დაზღვევა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟება.

დაზღვევის აუცილებლობაზე თავად პრემიერიც ლაპარაკობს.

„ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებელია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან გვქონდა, თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 სექტემბერს.

მესამე სექტორი სუბსიდირების პროცესში შესაძლო კორუფციის არსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2022 წლის კვლევაში მითითებულია, რომ „სუბსიდირების პროცესში კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება“ და მათ შორის - „უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს“.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს, სუბსიდიის მიზეზად ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დასახელდა. 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სახელმწიფო - 0,35 ლარს უხდიდა, ხოლო 1 კგ მუჯურეთულისა და ალექსანდროულისთვის - 3 ლარს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად: 2021 წელს მთავრობამ რთვლის სუბსიდირებაზე, ჯამში, 138 მილიონი ლარი დახარჯა; ხოლო ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან [იგულისხმება როგორც მცირე მარნები და ინდივიდუალური მეწარმეები, აგრეთვე დიდი კომპანიები] 31 კომპანია „‘ქართული ოცნების” მოქმედ ან ყოფილ წევრებთან იყო დაკავშირებული. „ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30,343,512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს“, - წერია ანგარიშში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG