Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იპარავენ არჩევნებს არჩევნებამდე? ეფექტურად და დაუსჯელად


მთლად პირსისხლიანი ხელისუფლება არ ხარ, მაგრამ არჩევნების გაყალბება მაინც ძალიან  გინდა? დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ბევრი გზამკვლევი არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება არჩევნების “სუფთად” გაყალბება?

ამ სტატიაში ავხსნით, რომ ეს შესაძლებელი, თუმცა საჩოთიროა - თაფლაკვერიც და მათრახიც ჭკვიანურად უნდა გამოიყენო.

აქციე არჩევნების დღე ფორმალობად

იმისთვის, რომ სასურველი ხმა მიიღოს, მოხერხებულ გამყალბებელს სულაც არ სჭირდება ამომრჩეველზე ზეწოლა. მან უბრალოდ უნდა დაამზადოს ბიულეტენი, რომლის თანახმადაც ის აირჩიეს. 2013 წელს ბულგარეთში 350 ათასი ყალბი ბიულეტენი დაიბეჭდა. დანაშაული არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაიხსნა.

მოკლედ, თუ გინდა, თანამედროვედ გამოიყურებოდე, სხვების დასანახად, დემოკრატიული პრინციპების ერთგული დარჩი - მოქალაქეებმა არჩევანის ილუზია არ უნდა დაკარგონ. ის, რაც 20 წლის წინ მუშაობდა, დღეს ვეღარ გაჭრის. ბიულეტენების ჩაყრას რთულად თუ გამოაპარებ ვინმეს, ეფექტური “კარუსელების” მოწყობისთვის კი უბნებზე ტოტალური კონტროლი დაგჭირდება.

აუტკივარ თავს ნუ აიტკივებ, არჩევნები ხარისხიანად გააყალბე. ანუ ისე, თან ლეგიტიმურობაც რომ შეინარჩუნო. აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარი ლიდერები კაი ხანია წინასწარ ზრუნავენ იმაზე, რომ მოქალაქეების ნება არჩევნების დღეს არ აისახოს.

არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციები, “სამართლიანი არჩევნები” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა” სახიფათო ტრენდს ხედავენ - საქართველოშიც, უკვე მერამდენედ, არჩევნების ბედი შესაძლოა არჩევნებამდე გადაწყდეს.

უკანასკნელ ორ თვეში გრძელვადიანმა დაკვირვებებმა სავარაუდო ზეწოლის, მუქარის, დევნის, მოსყიდვის ათეულობით შემთხვევა გამოავლინა. მიზანში არიან როგორც რიგითი ამომრჩევლები, ისე მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, საჯარო მოხელეები და ოპოზიციონერი კანდიდატები. შემთხვევების უმეტესობა გამოუძიებელი რჩება.

შენი მთავარი მოკავშირე შიშია

კარგი, მთავარი ვთქვით - გაყალბებისთვის არჩევნების დღეს არ უნდა დაელოდო. მაგრამ რა “არგუმენტები” გაქვს ურჩი ამომრჩევლის “დასარწმუნებლად”?

ბირმინგემის უნივერსიტეტის დემოკრატიის პროფესორი ნიკ ჩიზმანი თავის წიგნში “როგორ მოვიპაროთ არჩევნები?” გირჩევს, გაზომო და შეადარო შენს მიერ გადადგმული ნაბიჯების რისკები და მათი ეფექტურობა.

მაგალითად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეპრესიების მოწყობა, ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების მასიური დაპატიმრებები ბევრს გააჩერებს, მაგრამ ამგვარად შენ ნამდვილ სახეს გამოაჩენ და დასავლეთთან ურთიერთობას გაიფუჭებ...

მოკლედ, თუკი ვლადიმირ პუტინს და ალიაქსანდრ ლუკაშენკას “ვერ უქაჩავ”, მაშინ ამომრჩევლით მანიპულირების უფრო უსაფრთხო გზებიც არსებობს - არ იძალადო, უბრალოდ ყველას აუხსენი - ხმას თუ სხვას მისცემენ, შენ ამის შესახებ აუცილებლად გაიგებ. შეგიძლია, კუნთმაგარი ტიპებიც დაიხმარო, მაგრამ ისინი ხშირად მეტისმეტად უხეშად “მუშაობენ”...

სამსახურის დაკარგვა, სამართლებრივი პრობლემები, ე.წ. “კომპრომატების” გამომზეურება - ყველას მათი სისუსტეების შესაბამისად უნდა მიუდგე. მუქარები შეგიძლია ოჯახის წევრებისა და ნათესავების წინააღმდეგაც მიმართო.

საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციით, ეს უნგრეთის ავტორიტარი ლიდერის, ვიქტორ ორბანის ერთ-ერთი საყვარელი ხერხია. 2018 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის დაშინებამ სისტემური ხასიათი მიიღო, რაც მმართველ პარტია “ფიდესს” გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა.

გაუწმინდეთ გზა თქვენს კანდიდატებს

გადაავლე თვალი საარჩევნო სიებს - ვინ შეგიქმნის პრობლემებს გამარჯვების შემთხვევაში და აქედან ვისი ჩამოშორება შეგიძლია?

რა თქმა უნდა, უხეშადაც “დაარწმუნებ” პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ კანდიდატურა მოხსნან. თუმცა ხანდახან ეს ამბავი შეიძლება გასკდეს, ზოგი კი მეტისმეტად ჯიუტია. ამიტომ მოიხმე კრეატივი!

1998 წელს სანქტ-პეტერბურგში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოპულარულ ოპოზიციონერს ოლეგ სერგეიევს ორი უჩვეულო მეტოქე გამოუჩნდა: ოლეგ სერგეიევი და ოლეგ სერგეიევი. ერთი პენსიონერი იყო, მეორე უმუშევარი. არჩევნების დღეს ბევრმა ამომრჩეველმა არ იცოდა, “მისი” სერგეიევი რომელი იყო. შედეგად, ასეულობით ხმა დაიკარგა - სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ქალაქის მერს, ვლადიმირ იაკოვლევს.

გახსოვდეს - სხვებზე გაცილებით მეტი რესურსი გაქვს!

ამომრჩევლის მოსყიდვა ძველი და ნაცადი ხერხია - რაც უფრო მეტი პრობლემა აქვთ მოქალაქეებს, მით უკეთესი შენთვის.

წინასაარჩევნოდ, ალბანეთში ეს ტრადიციად იქცა. როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები ამბობენ, აქამდე 50 ევროს და ფქვილის ტომრების დარიგება ჭრიდა. 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი თამასამ აიწია - ერთგულ მხარდამჭერებს საჯარო სამსახურში დასაქმებას ჰპირდებოდნენ.

მაგრამ ნილ ჩიზმანის შეფასებით, რამდენადაც მარტივია ეს ხერხი, იმდენადვე ნაკელბად ეფექტურიცაა და ძალიან ბევრ ხმას ვერ მოგიტანს. ბოლო-ბოლო, ადამიანმა შეიძლება გადაიფიქროს. შენ გაცილებით მეტი შეგიძლია!

ჩართე წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეები (ეს დარღვევაა, მაგრამ ისეთი, რომ დიდი ალბათობით შეგრჩება), გააუქმე ჯარიმები, შეამსუბუქე გადასახადები, წამოიწყე ინფრასტრუქტურული პროექტები, დაჰპირდი მოქალაქეებს კუნძულის აშენებას, ან კბილების ჩასმას. ნუ დაწვრილმანდები, შესთავაზე მათ “დიდი კუში”. საბოლოო ჯამში, მაინც იაფად გამოხვალ - რატომ უნდა გადაიხადო საკუთარი ჯიბიდან, როდესაც შეგიძლია ხარჯო ბიზნესმენების, ან სულაც ბიუჯეტის ფული?

საქართველოში რა ხდება?

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორი ნინო დოლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მთავარი გამოწვევა არსად წასულა - არ არის გამორიცხული, დაძაბულობის ფონზე, ამომრჩეველს თავისუფალი ნების დაფიქსირების შეეშინდეს.

სამართლიანი არჩევნებისა და “კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის” ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში წინასწარ შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ ვის აძლევენ ხმას.

გახდა თუ არა წინასაარჩევნო გარემო ოდნავ უფრო ჯანსაღი წინა წელთან შედარებით? პირიქით - გვპასუხობს ნინო დოლიძე - წელს დაძაბულობამ იმატა. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ამდენი განთავისუფლება (ძირითადად, გიორგი გახარიას მხარდამჭერების) “სამართლიან არჩევნებს” 2013 წლის შემდეგ არ დაუფიქსირებია.

ასევე იგი ეჭვობს, რომ შესაძლოა საჯარო მოხელეებს დავალებული ჰქონდეთ კიდეც აგიტაციაში მონაწილეობა.

“ადრე ცალკეული ფაქტები იყო, მაგრამ ისინი მასშტაბურად ესწრებიან [წინასაარჩევნო] საჯარო ღონისძიებებს, რაც აკრძალულია და სოციალური მედიაც მიაქვს მათ საჯარო პოსტებს , რაც ასევე აკრძალული აქვთ სამუშაო საათებში” - ამბობს “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი.

წინასაარჩევნო პერიოდში ამდენი პრობლემა, მისი აზრით, შეუძლებელია არ აისახოს არჩევნების შედეგზე.

საერთაშორისო ინიციატივის, Electoral Integrity Project (არჩევნების მთლიანობის პროექტის) შეფასებით, დამწყები დიქტატორებისთვის ყველაზე კომფორტული პოსტსაბჭოთა ქვეყნებია - ყველაზე არათავისუფალი არჩევნები სწორედ აქ ტარდება.

ჩვენთან არჩევნების საშუალო ხარისხი 4.6 ქულითაა შეფასებული. შედარებისთვის, ევროპას თითქმის 9 ქულა აქვს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG