Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელზე დახვეული „დროის ნაწნავები“ - როგორ იცავენ თავს თბილისის ძეგლები


თბილისის ძეგლები.
თბილისის ძეგლები.

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულმა ახალმა ქანდაკებამ - "დროის ნაწნავებმა" მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თუმცა დისკუსია გაჩაღდა არა ძეგლის დადგმამდე ან ძეგლის შერჩევისას, არამედ post factum, მას შემდეგ, რაც ნამუშევარი უკვე მოედნის ნაწილი იყო.

ქანდაკების სილამაზეზე, მის მხატვრულ ღირებულებასა და გარემოსთან შეუსაბამობაზე, მოქანდაკეებსა და ხელოვნებათმცოდნეებზე მეტად, არასპეციალისტები მსჯელობენ და დავობენ, რაც, თუ თვალს გადავავლებთ თბილისში ძეგლების დადგმის თუ აღმართვის არცთუ ხანგრძლივ ისტორიას, ერთგვარი ტრადიციაც გახდა.

ამ დავაში მნიშვნელოვან სიტყვას ამბობენ თვითონ ძეგლები, რომლებიც, თავიანთი შინაარსითა და ესთეტიკური ფუნქციით, ყველაზე უკეთ იცავენ თავს.

გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილი მონოლითური ქანდაკებაა. ის გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს, – ასე აღწერს ქანდაკებას თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი.

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე, გიორგი ხანიაშვილის ქანდაკების, „დროის ნაწნავების“ დადგმამ იმაზე მეტი ხმაური გამოიწვია, ვიდრე ამავე ადგილზე შორეულ 1867 წლის 25 მარტს თბილისის „სულ პირველი“ ძეგლის, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მეფისნაცვლის, მიხაილ ვორონცოვის 2-მეტრიანი ფიგურის აღმართვამ, თუმცა ხმაური და ცხარე კამათი არც სხვა ძეგლებს დაჰკლებიათ.

ბუნებრივია, საზოგადოება გულგრილი იყო ე.წ. მონუმენტური პროპაგანდის ლენინური პროგრამის ფარგლებში დადგმული ქანდაკებების მიმართ, სამაგიეროდ ხალხი ცხოველ ინტერესს ავლენდა მაშინ, როცა ძეგლს უდგამდნენ რომელიმე სახელოვან მეფეს, მწერალს ან საზოგადო მოღვაწეს.

მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტზე გამართულ კონკურსში, რომელიც 1959 წელს დასრულდა, 19 პროექტი მონაწილეობდა.

„ჟიურის მდივანი ვიყავი და კარგად მახსოვს დიდი “დაძგერებები" ჟიურის სხდომებზეც და საჯარო განხილვების დროსაც“, - იხსენებდა წლების შემდეგ მოგონებების წიგნში აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე, რომლის თქმითაც, კონკურსში მონაწილეობდა მაშინდელი ახალი თაობის ლამის ყველა მოქანდაკე, მათ შორის ისინი, რომლებმაც მომდევნო სამი ათეული წლის განმავლობაში „ქართული ქანდაკების“ ახალი ეპოქა შექმნეს: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური, გურამ კორძახია, გ. გიგაური, ჯუნა მიქატაძე.

ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტის განხილვა ორჯერ გადაიდო, რადგან რუსთაველის თეატრის დარბაზმა ვერ დაიტია განხილვით დაინტერესებული საზოგადოება. ელგუჯა ამაშუკელი, გამარჯვებული პროექტის ავტორი, ამ განხილვების დეტალებს იხსენებს ავტობიოგრაფიულ წიგნში „მეექვსე გრძნობა“:

„გადაწყდა განხილვა ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში მოწყობილიყო. დარბაზში მრავლად იყვნენ: მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, დედაქალაქის ინტელიგენცია. დიდი იყო აჟიოტაჟი. მრავლად იყვნენ „კლაკიორებიც“ (კლაკიორი - ტაშის დასაკრავად ან შესაქებად დაქირავებული ხალხი), რომლებიც საზოგადოებამ დროულად გააძევა დარბაზიდან. განხილვა საინტერესოდ ჩატარდა. გამოიკვეთა საზოგადოებრივი აზრი. ამან ჟიურის მუშაობა გაუადვილა. თუ როგორ დამთავრდა კონკურსი, დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი“.

გორგასლის ძეგლის კონკურსში წარდგენილი პროექტების ცხარე განხილვებში იყო ჩართული გურამ რჩეულიშვილიც, რომელსაც, მისივე თქმით, პირველივე ნახვისთანავე გაუკეთებია არჩევანი ელგუჯა ამაშუკელის პროექტის სასარგებლოდ.

რატომ აღელვებს ასე მძაფრად საზოგადოებას ქალაქში - მის ქუჩებსა და მოედნებზე დადგმული ქანდაკებები?

არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას თქმით, მონუმენტები, მემორიალები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ გარემოს, არამედ ხალხისა და ქვეყნის წინაშე, რადგან ისინი შედიან სივრცეში, რომელიც ხალხს და ქვეყანას ეკუთვნის.

„ძეგლები ცვლიან გარემოს, ქალაქის პეიზაჟს, ახალ შინაარსსა და ხასიათს ანიჭებენ. ურბანულ სივრცეში შემოსვლა უდიდესი გამოცდაა, ითხოვს მოწიწებას და სიფრთხილეს. ერთ უტაქტო ნაბიჯს შეუძლია დაარღვიოს წესრიგი, ჰარმონია. ელგუჯა ამაშუკელის გორგასალმა ძველ თბილისს დაადგა გვირგვინი. მე არ მეგულება მსოფლიოში მხატვრულად უფრო სრულყოფილი კადრი, როგორიცაა მეტეხის ტაძარი, კლდე და გორგასალი უნიკალურ ისტორიულ არქიტექტურულ ფონზე. ეს სიმბიოზი ქმნის სრულყოფას“, - წერს ცნობილი არქიტექტორი 2018 წელს გამოცემულ წიგნში „ჩანაწერები (1967-2017)“.

თუმცა თბილისის „ქვისა და ლითონის მოქალაქეებს“ ვახტანგ გორგასლის გარდა, სხვა, უფრო მძაფრი განხილვებიც ახსოვს, განხილვები, რომლებშიც მოქანდაკეებსა და მათ ნამუშევრებს არა ხელოვნებათმცოდნეები, არამედ არასპეციალისტები, ე.წ. რიგითი მოქალაქეები უპირისპირდებოდნენ.

დავით გურამიშვილის ძეგლი (1965 წ., თუჯი) - მერაბ ბერძენიშვილის ნაწარმოებთა შორის ერთი საუკეთესო. ოთხმეტრიანი ფიგურა დგას დაბალ, სადა პოსტამენტზე თბილისში, ი. ჭავჭავაძის პროსპექტის მყუდროდ შეწეულ უბეში, რომელიც იქმნება შენობებს შორის. მოქანდაკე მხატვრული სახის შექმნისას მხოლოდ თავის ფანტაზიას ეყრდნობოდა. ქანდაკება აღსავსეა შინაგანი ძალით, აქ ხაზგასმულია პოეტის ტანჯვა, ვაება, რომელიც მას სიცოცხლეში ხვდა წილად და ის სულიერი სიძლიერე, რომელიც ჰქონდა. გურამიშვილი წარმოდგენილია ასკეტური გარეგნობის კაცად, იგი დგას, ცალი ხელით გულზე მიუხუტებია თავისი „დავითიანი“, მეორე კი ოდნავ განზე აქვს გაწეული, თითქოს ძალიან იდუმალ ხმას ისმენსო. მერაბ ბერძენიშვილმა წინ წამოსწია მგოსნის ტანჯვა-წამება; მის გურამიშვილს უზარმაზარი ნაწამები თვალები აქვს, რომლებშიც განუზომელი სევდა იკითხება, ხაზგასმულია სხეულის სიგამხდრე და მაღალი პროპორციები. გურამიშვილის ძეგლი თავისუფალია ყოველგვარი ნატურალისტური დეტალებისაგან, განზოგადებულია, მასში პოეტის სახე უაღრესად ჰუმანურია“, - ლელა შანიძე, „ქართული საბჭოთა ქანდაკება“, „მეცნიერება“, თბ. 1975 წ.

დავით გურამიშვილის ძეგლის შექმნაზე მერაბ ბერძენიშვილმა მთელი 5 წელი იმუშავა, როგორც თვითონ ამბობდა, ყოველგვარი დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე.

„ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება! - წერს მოქანდაკე თავის მოკლე მოგონებაში, რომელიც „გაუთავებელი შეკითხვების“ სახით აქვს დასათაურებული, - ამიტომ მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიც და დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი. კიდევ ის იყო, რომ დღეში ასობით შეკითხვაზე მიხდებოდა პასუხის გაცემა, „ვინ არის? ქალია თუ კაცი? ვინაა ეს უბედური?“ და სხვა... საოცრება ის იყო, რომ მე ყველაფერს ვითმენდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ხალხი ასეც უნდა მოქცეულიყო... ვიცოდი, რომ ბევრი უსიამოვნება მელოდა, მაგრამ რატომღაც მჯეროდა ჩემი თავის, ალბათ, ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ყველაფერს ვითმენდი, ვიტანდი. სწორედ იმ დილით, როცა წამოვაყენეთ ქანდაკება, ვიღაც სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი ამხანაგებს გამოეყო და გამოქანდა ქანდაკებისაკენ, მკლავზე შეახტა და დაეკიდა. დანარჩენები სიცილით გაიგუდნენ. თავი დავკარგე, მაგრამ იქვე მდგარმა ინჟმშენის მმართველმა სტაცა ხელი - შე რეგვენო, ვინა ხარო? სტუდენტმა სერიოზული კაცი რომ ნახა, გაიტრუნა. <…> ამწემ დაიწყო ქანდაკების აწევა. როცა იგი მიწას ასცდა, ვიღაც ქალს ისტერიკა მოუვიდა, აქ რატომ დგამთო? მუშებმა იგი მოასულიერეს და ბალახზე მიაწვინეს. მე კი ამ დროს გარს ვუვლიდი ქანდაკებას. სირბილით, ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან, თითქოს საგანგებოდ, ვიღაც კაცი დამდევდა და ჩამცივებოდა, ხელში რა უჭირავსო. როგორც იქნა, დაიდგა ძეგლი“.

როგორც მოქანდაკე იხსენებდა, უსიამოვნებები ძეგლის დადგმის შემდეგაც არ დამთავრდა:

„- ავტორი ხომ არ არის აქ? - იკითხა ვიღაც ცნობისმოყვარემ. მუშები სეირის გუნებაზე იყვნენ. ერთმა უთხრა: მე ვარო. შენ თუ ხარ, ჩამოსახრჩობი ხარ, და, აი, იმ ხეზე უნდა დაგკიდოს კაცმაო. <…> ბევრი ნაცნობიც მოდიოდა, მათაც ბევრი რამ აინტერესებდათ, მაგრამ ყველაზე უფრო კი ის, თუ რა თანხა ავიღე. ასე გადიოდა დღეები. ერთმა და იმავე შეკითხვებმა აპარატად მაქცია, თორემ ამდენი გინება ძნელად რომ კაცმა აიტანოს. <...> გაიხსნა ძეგლი. ვინ არ მოვიდა, მთელი თბილისის საზოგადოება: მწერლები, პოეტები, მხატვრები, ექიმები, ინჟინრები და, ვინ მოთვლის, რა რჯულისა და რა პროფესიის ხალხი! იმ დღეს ღამის 12 საათამდე ძეგლთან კამათი არ დამცხრალა. უვიცნი უფრო მეტნი იყვნენ. ეს ნათლად იგრძნობოდა მაშინაც კი, როცა გულწრფელ მოლოცვას ხედავდნენ. ეცინებოდათ, რას ულოცავენ, საკვირველიაო. კამათი და დავა ქანდაკების გარშემო მერეც გაგრძელდა. მესმოდა გაუთავებელი ლანძღვა-გინება. წყევლიდნენ ავტორს. საქმე იქამდე მივიდა, ჟურნალ „მაცნეშიც“ გამოქვეყნდა სტატია, რამაც საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველი განაცვიფრა და მოითხოვა როგორც მოქანდაკესთან, ასევე, იმ სტატიის ავტორთან შეხვედრა“.

მერაბ ბერძენიშვილს ხელოვნების მოყვარულებსა და ყოვლისმცოდნე დილეტანტებთან ურთიერთობის სხვა, ნეგატიური გამოცდილებაც აქვს. ფილარმონიის წინ, მუზის ქანდაკების დადგმის სირთულეებმა მოქანდაკეს ათქმევინა:

„ქანდაკება იდგმება იმისათვის, რომ ადამიანებს სიამოვნება მიანიჭოს, მის შემქმნელს კი - უსიამოვნება. უმეტეს შემთხვევაში ასეა და ამ ხვედრს მოქანდაკე გაუძლებს, შეეგუება, ხოლო იმას, რომ ვიღაც მედროვეს უფლება აქვს ქანდაკების ავკარგიანობაზე აზრი გამოთქვას და ხელი შეუშალოს მის დადგმას - არასოდეს! მე რომ არ მემოქმედა, „მუზა“, თუმცა კი პროექტით გათვალისწინებული იყო, შესაძლოა, დღესაც არ მდგარიყო თავის ადგილზე“.

მერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილი

რადიო თავისუფლების არქივში ინახება ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას ხმის ჩანაწერი, რომელშიც ის აკრიტიკებს თბილისში დადგმულ ძეგლებს:

„გაივსო ქალაქი ნაგვით! ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თბილისში დგას ცუდი, ძალიან ცუდი და კოშმარული ძეგლები!“

თავისუფლების მონუმენტი - თბილისის ცენტრალური მოედანი.
თავისუფლების მონუმენტი - თბილისის ცენტრალური მოედანი.

ხელოვნებათმცოდნის ეს აგრესია ძირითადად მიმართულია თავისუფლების მოედანზე დადგმული ზურაბ წერეთლის მონუმენტისა და მისი სტილის სხვა ქმნილებებისკენ, ხოშტარიას თქმით - ბიჟუტერიისკენ, რომლებიც აფუჭებენ სივრცეებს.

თუ მხოლოდ ქალაქური სივრცეების გაფუჭებაა პრობლემა, გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები“ ამ მხრივაც დიდად ვერაფერს გააფუჭებს, რადგან კონკურსის პირობების თანახმად, ქანდაკება ზაარბრიუკენის მოედანზე მხოლოდ 1,5 წელი დარჩება, შემდეგ კი მას სხვა ადგილზე გადაიტანენ.

აშკარაა, რომ „დროის ნაწნავებს“ მხოლოდ დამოუკიდებელი ესთეტიკური ფუნქცია აქვს და საეჭვოა, რომ ის ემსახურებოდეს პროპაგანდას. შესაბამისად. ქალაქის ხელისუფლებაც შედარებით იოლად დაჰყვება ხელოვნებათმცოდნეებისა და ხალხის სურვილს, ადგილზე დატოვონ თუ სხვაგან გადაიტანონ ძეგლი.

ასევე ნახეთ:

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG