მოსკოვის ირგვლივ საჰაერო თავდაცვის ახალი რკალი შენდება - თუმცა არა დრონების წინააღმდეგ „პანცირებისგან“, არამედ С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნის საპასუხოდ განლაგდება. რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ С-400-ის კიდევ ერთი პოზიცია აღმოაჩინა კრემლიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (МГУ) მდებარე ინოვაციური სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე. ეს ცენტრი ვლადიმირ პუტინის ქალიშვილის, ეკატერინა ტიხონოვას ფონდის, „ინოპრაქტიკის“ მთავარი პროექტია.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ეკატერინა ტიხონოვამ, პუტინისა და მისი ყოფილი მეუღლის, ლუდმილას უმცროსმა ქალიშვილმა, ვიდეოკავშირის საშუალებით ისაუბრა ინოვაციურ სარკინიგზო ბორბლებსა და პრეპარატებზე (აბებზე), რომლებმაც იმპორტირებული მედიკამენტები უნდა ჩაანაცვლონ. ფორუმის დაწყება უკრაინული დრონების შეტევით "აღინიშნა" - იერიშით სანქტ-პეტერბურგის პორტსა და კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.
ტიხონოვა ხელმძღვანელობს ფონდ „ინოპრაქტიკას“, რომლის მხარდაჭერითაც მოსკოვში, ვორობიოვიე გორიზე შენდება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი (ИНТЦ). მისი ზოგიერთი „კლასტერი“ უკვე ფუნქციონირებს, ნაწილი ჯერ კიდევ შენდება. 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში ცენტრის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის ლომონოსოვის კორპუსიდან („ინოპრაქტიკის“ მთავარი ოფისის მისამართი) დაახლოებით 300 მეტრში, გაჩნდა ბეტონით დაფარული მართკუთხა მოედანი, სადაც მალევე განათავსეს С-300/400-ის გამშვები დანადგარები და 40В6МР-ის ტიპის მობილური ანძა - საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების აღმოჩენისა და თვალთვალის შესაძლებლობებს ზრდის.
ზომას მნიშვნელობა აქვს
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ მოედნის მშენებლობის პროცესზე დაკვირვება შესაძლებელია თანამგზავრული ფოტოებით. მისი ფორმა და ფართობი (დაახლოებით 4,5 ჰექტარი) ზუსტად ემთხვევა მოსკოვში არსებულ სხვა მსგავს ობიექტებს, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლება ადრე წერდა (კუნცევოს რაიონის „მოსკვორეცკის“ პარკში მდებარე მოედნის შესახებ პუბლიკაცია 22 ივნისს გამოქვეყნდა).
ინოვაციური სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სქემაზე С-400-ის მოედნის ნაცვლად მხოლოდ პირობითი სკვერია გამოსახული.
რადგან ამ პოზიციის მშენებლობა სულ ახლახან დასრულდა, ის ჯერ არც „იანდექს.პანორამაში“ არ ჩანს და არც - სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ფოტოებზე. მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სამხედროები მოსკოვის ცენტრის გარშემო კიდევ ერთ თავდაცვით რგოლს ქმნიან - ამჯერად არა დრონების საწინააღმდეგო „პანცირებით“, არამედ С-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით. „ინოპრაქტიკის“ მახლობლად გამზადებული მოედანი ამ დროისთვის კრემლთან ყველაზე ახლოს მდებარე მსგავსი ობიექტია - მანძილი კრემლამდე 9 კილომეტრზე ნაკლებია.
რუსეთი, შესაძლოა, ასე ემზადება უკრაინის მიერ შორ მანძილზე იერიშის მიტანის ახალი შესაძლებლობების საპასუხოდ. 24 ივნისს კიევში განაცხადეს, რომ ერთდროულად ორი საკუთარი ბალისტიკური რაკეტა შეიქმნა: ერთი ფრონტის ხაზთან მდებარე სამიზნეების, ხოლო მეორე - ზურგში არსებული შორეული ობიექტების გასანადგურებლად. რაკეტების შემქმნელი კომპანია Fire Point-ი ირწმუნება, რომ რაკეტების სერიული წარმოება მალე დაიწყება. 20 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოსცადეს ახალი მოდერნიზებული დრონები, რომლებსაც 3 000 კილომეტრის მანძილზე მდებარე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.
ყველაფერი საუკეთესო შვილებს
МГУ-სთან С-400-ის პოზიციის განთავსებას არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ გეოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს. ადგილს შემთხვევით არ ჰქვია „ვორობიოვიე გორი“ (ბეღურას მთები), რომელიც ბუნებრივ შემაღლებაზე მდებარეობს, რაც რადარებს სამიზნეების უფრო ადრე აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
მეორე მხრივ, პუტინისთვის უცხო არ არის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იმ ობიექტების დაცვისადმი, რომლებიც მის ოჯახთან არის დაკავშირებული. ვალდაიში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც ხშირად იმყოფება მისი ვაჟების დედა ალინა კაბაევა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საჰაერო თავდაცვის 25-ზე მეტი პოზიცია იცავს, მათ შორის ერთი - С-300/400-ის კომპლექსებით აღჭურვილი.
როგორც 26 ივნისს დილით გამოცემა „აგენტსტვო“ იტყობინებოდა, დროებით გადაიკეტა ვალდაის რეზიდენციის მახლობლად მდებარე М-11-ის ავტომაგისტრალის მონაკვეთი. მიზეზი უცნობია. მანამდე რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია წერდა პუტინის „პირად ავიაბაზაზე“ - „ხოტილოვოს“ აეროდრომზე, საიდანაც პრეზიდენტის რეზიდენციისკენ სპეციალურად აშენებული სარკინიგზო შტო მიემართება. მოსკოვის დროით დაახლოებით დღის პირველ საათზე მოძრაობა აღდგა.
ამასობაში, 26 ივნისს ღამით, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვი კვლავ გახდა არანაკლებ 50 უკრაინული დრონის მასირებული შეტევის სამიზნე. რუსეთის დედაქალაქის მერის მტკიცებით, ყველა მათგანი ჩამოყარეს, თუმცა ნამსხვრევების ჩამოცვენის გამო ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტების ჩართვა გახდა საჭირო. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება, ასევე თვითმხილველების ფოტოები ან ვიდეოები, რომლებიც დრონების ან მათი ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგებს ასახავს, ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ფორუმი