Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ქართულთან ერთად აფხაზური ენაც ქრება


სოხუმი
სოხუმი

მას შემდეგ, რაც 25 წლის წინ სოხუმი დაეცა და ქართველებისგან დაიცალა, შეიცვალა როგორც აფხაზეთის, ისე დანარჩენი საქართველოს ცხოვრება. ომის შედეგად დევნილი გახდა 250 ათასამდე ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს მას შემდეგ საკუთარი სახლი არც უნახავს. ამჟამად ქართველებით დასახლებულ რაიონად აფხაზეთში რჩება მხოლოდ გალი, რომელიც ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ესაზღვრება. გალელების უფლებებს წლიდან წლამდე ზღუდავს დე ფაქტო ხელისუფლება. მათ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ე. წ. პასპორტებსაც არ აძლევენ და მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობებს ურიგებენ. პარალელურად ყოველწლიურად იზღუდება სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება.

გადმოწერა

აფხაზეთის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნონა შონიას, განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან გალის ე. წ. დაბალი ზონის 10 სკოლაში, სადაც მეშვიდედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით შენარჩუნებული იყო ქართულად სწავლა, წელს მეშვიდე კლასიც რუსულენოვანი გახდა. ქართულის პარალელურად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ნაკლები საათები ეთმობა აფხაზურს.

„გალის ქვედა ზონაში სულ 29 საათი ეთმობა აფხაზურ ენას, დაახლოებით 27-28 საათი -გალის ზედა ზონაში. საათების ასეთი რაოდენობაც კი მეტყველებს იმაზე, თუ როგორია მზრუნველობა აფხაზური ენის მიმართ. ბავშვებს სკოლაში ნასწავლი ეს აფხაზურიც მალე ავიწყდებათ, ძალიან უჭირთ. სამწუხაროდ, თვითონ აფხაზებს შორისაც ბევრმა არ იცის მშობლიური აფხაზური, მეტყველებს და მუშაობს რუსულ ენაზე“, - უთხრა ნონა შონიამ რადიო თავისუფლებას. მისი განმარტებით, 3-4 წელიწადში გალში საერთოდ არ იარსებებს ქართულენოვანი კლასიც კი და იმ ფონზე, როცა მთავარ ენად რჩება რუსული, საფრთხე ექმნება თავად აფხაზურსაც.

ერთ-ერთი სკოლა გალის რაიონში
ერთ-ერთი სკოლა გალის რაიონში

გალის რაიონის სოფელ სიდაში მცხოვრები მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლაში, სადაც თავად ასწავლის, აფხაზურ ენას დაწყებით კლასებში რამდენიმე საათი ეთმობა:

„ზოგ კლასში არის ორი საათი და ზოგში სამი, დაბალ ზონაში კი მე-4, მე-5 და ზევით კლასებში - არა“, - ამბობს სოფელ სიდის სკოლის პედაგოგი, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების მიზნით არ სურს.

თვითონ ძირძველმა აფხაზებმაც არ იციან ნორმალურად აფხაზურად კითხვა.

აფხაზურ ენას მხოლოდ ფორმალურად ასწავლიან, ასე თვლის რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სკოლის ყოფილი მასწავლებელი. ჯამბულ ეხვაია ამბობს, რომ სკოლებში არ ჰყავთ ენის სპეციალისტები, რაც, ბუნებრივია, აისახება განათლების ხარისხზე:

„დასაქმებული ჰყავთ სასაუბრო ენის მცოდნენი. მათი მიზანია, რომ 2-3 ლექსი შეისწავლოს მოსწავლემ. თვითონ ძირძველმა აფხაზებმაც არ იციან ნორმალურად აფხაზურად კითხვა“, - აცხადებს ჯამბულ ეხვაია.

აფხაზეთის სკოლებში განათლების დაბალი ხარისხის გამო სასწავლებლად დანარჩენ საქართველოში გადმოდიან მოსწავლეები. მაგალითად, წალენჯიხის სოფელ ფახულანის თემის წყოუშის სკოლას წელს გაცილებით მეტი მოსწავლე ჰყავს, ვიდრე შარშან. მათ შორის არიან პირველკლასელებიც. სკოლის დირექტორ ვახტანგ გოგოხიას განცხადებით, წელს მათ ე. წ. საზღვარზე გადაადგილების პრობლემა არ შეჰქმნიათ:

„სულ მყავს 11 მოსწავლე. შარშან მყავდა 8. მყავს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეები“, - უთხრა ვახტანგ გოგოხიამ რადიო თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ წელს წყოუშის სკოლას გალიდან უფრო მეტი მოსწავლე ჰყავს, საერთო ჯამში, ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი მოზარდების რიცხვი შემცირებულია. აფხაზეთის განათლების რესურსცენტრის ინფორმაციით, თუ რამდენიმე წლის წინ საოკუპაციო ხაზს 100-ზე მეტი მოსწავლე კვეთდა, წელს მათი რიცხვი 16 -ს არ აღემატება.

XS
SM
MD
LG