Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოჰყვა ცხინვალში დიდი აჟიოტაჟი ოსური ცეკვის თბილისში ჩატარებულ მასტერკლასს


ომარ ხუბაევი (მარცხიდან პირველი), ვლადიკავკაზელი მოცეკვავეები მაია ძაგოევა და ასლანბეკ გოგიჩაევი, მუსიკოსი ზარინა გუჩმაზოვა
ომარ ხუბაევი (მარცხიდან პირველი), ვლადიკავკაზელი მოცეკვავეები მაია ძაგოევა და ასლანბეკ გოგიჩაევი, მუსიკოსი ზარინა გუჩმაზოვა

თბილისში ჩატარებული ოსური ცეკვის ერთმა მასტერკლასმა, ოკუპირებულ ცხინვალში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეიკრიბნენ დე ფაქტო პარლამენტის და ხელისუფლების წარმომადგენლები და დაგმეს ანსამბლ „ალანის“ წევრების გადაწყვეტილება გაკვეთილი საქართველოს დედაქალაქში ჩაეტარებინათ.

აჟიოტაჟი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში

დე ფაქტო პარლამენტის „ეროვნული პოლიტიკის, კულტურისა და რელიგიის“ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრიც იყო მიწვეული, საქმეში პროკურატურის და კაგებეს ჩართვაც კი მოითხოვეს.

„მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი სახელმწიფო ანსამბლ "ალანის" მოცეკვავეების ვიზიტზე საქართველოში, კერძოდ, ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ვიზიტთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთ დროს აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები სახელმწიფო ხელისუფლების ხელყოფის, მიტაცების, ტერორიზმისა და სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით. ეს სისხლის სამართლის საქმეები რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმოებაშია და იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად გავეცნოთ სიტუაციას, აუცილებელია მათი მოწვევა. მიმაჩნია, რომ ამ ე.წ. დროებით ადმინისტრაციასთან ვიზიტები სახელმწიფო უსაფრთხოების და პროკურატურის ყურადღების ობიექტი უნდა იყოს“, - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან დიაკონოვმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა რადა ძაგოევამ აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არაა გამონაკლისი, ქართული ანსამბლები მიდიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩრდილოეთ ოსეთისა კი საქართველოში.

დიახ, „ალანის“ ზოგიერთი მოცეკვავე წავიდა საქართველოში, რაც არასწორია. პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ურთიერთკავშირი გაწყვეტილია, ინტეგრაციის პროცესები არ არის დალაგებული. ჩვენმა სტრუქტურებმა ყველა ეს საკითხი ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განიხილონ. ჩვენ ახლა შეგვიძლია გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა, მაგრამ ამის მეტი არაფერი გაკეთდება, არანაირი ზომები არ იქნება მიღებული“, - თქვა ძაგოევამ.

„რბილი ძალა“ ცეკვის მასტერკლასით

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ალან ტადტაევმა ვლადიკავკაზიდან თბილისში მიწვეული მოცეკვავეების უკან დასავლეთის კვალი დაინახა. მან განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპა კოლოსალურ ფინანსებს გამოყოფს რბილი ძალის მეშვეობით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად:

ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვანების ეს ვიზიტი საქართველოში ამ ფინანსური კომპონენტის გარეშე არ იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებმა მიიღეს გარკვეული ფინანსური სარგებელი ამ მასტერკლასების ჩასატარებლად. უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ მსგავს გამოვლინებებთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ ვიღაცისთვის ფული არის ყველაფერი“.

საბოლოოდ დე ფაქტო პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, სადაც კაგებესა და პროკურატურის თანამშრომლებსაც მოიწვევენ.

რა მოხდა თბილისში?

ვლადიკავკაზის სახელმწიფო ანსამბლ „ალანის“ მოცეკვავეები თბილისში ნოემბერში ჩამოვიდნენ. ისინი „სუხიშვილების“ და „ერისიონის“ ანსამბლების ყოფილმა სოლისტმა, ამჟამად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ომარ ხუბაევმა მიიწვია. მოცეკვავეებმა მაია ძაგოევამ და ასლანბეკ გოგიჩაევმა მასტერკლასი ქართველი დამწყები მოცეკვავეებისთვის ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში გამართეს. მათთან ერთად იყო მუსიკოსი ზარინა გუჩმაზოვა. თბილისში განთავსებულმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მასტერკლასის ამსახველი ფოტო და ვიდეო გაავრცელა. შეკრებილმა საზოგადოებამ ვლადიკავკაზელ მოცეკვავეებს გულთბილი დახვედრა მოუწყო. მაია ძაგოევამ, რომელიც საზოგადოებას ჯერ ქართულად მიესალმა და შემდეგ რუსულად განაგრძო, თქვა, რომ ის საქართველოშია დაბადებული და მოხარულია თბილისში ყოფნით.

რუსული სპეცსამსახურების დავალება?

ეს იყო ღონისძიება პოლიტიკური ელფერის გარეშე, აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა. მისთვის უკვე ცნობილი იყო ოკუპირებული ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაცია. ბესტაევის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებენ.

„როგორც აქვთ მითითება რუსული სპეცსამსახურებისგან, ასრულებენ იმას. უკარნახეს და ამათაც გააჟღერეს. მაგათ ჩვენ არ ვაღიარებთ და არც არასდროს იქნებიან აღიარებულები და სიმართლე გითხრათ, მათ პოსტებსა და კომენტარებზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა“.

წლების წინ ომარ ხუბაევი ანსამბლ „ალანის“ ხელმძღვანელი იყო და ამ ანსამბლთან ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს. სწორედ მან სთხოვა მეგობრებს, რომ მასტერკლასის ჩასატარებლად ვლადიკავკაზიდან თბილისში რამდენიმე მოცეკვავე გამოეგზავნათ. ხუბაევი გაკვირვებულია ცხინვალის რეაქციით. მისი თქმით, ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მშვიდობას ემსახურება.

„დღეს მითხრეს, რომ მთელი ამბავი და აჟიოტაჟია ცხინვალში ატეხილი. მე ერთ რამეს ვიტყვი, ცხინვალსაც პატივს ვცემ, ვლადიკავკაზსაც პატივს ვცემ. მე ომარ ხუბაევი ვარ. ჩემი მეუღლე არის თამარ ანდღულაძე. ჩემი შვილები ნახევრად ოსები და ნახევრად ქართველები არიან და ვინც ჩემს ქართველებს და ოსებს შეურაცხყოფას მიაყენებს, ჩემი მტრები იქნებიან ისინი. მე შუაში ვდგავარ და არ მაინტერესებს, ვინ რა უაზრო განცხადებას გააკეთებს იქ. ომი არ გვინდა, მე კულტურა და ხელოვნება მინდა. მინდა ჩემი ოსები მოვიყვანო ჩემთან და ჩემი ქართველები ჩავიყვანო იქ. ჩემი სურვილი, აზრი და ოცნება ეს არის“, - თქვა ომარ ხუბაევმა.

ახლო მომავალში ოკუპირებულ ცხინვალში ანსამბლ „ალანის“ გასტროლი იგეგმება. ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში ვლადიკავკაზელი მოცეკვავეების კონცერტის გაუქმების იდეაც გამოითქვა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი წარმოდგენის ჩაშლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ძაგოევას აზრით, თბილისში განთავსებულ ადმინისტრაციას შეიძლება სწორედ ეს ჰქონდა მიზნად. ამ საკითხმა ცხინვალში იმხელა რეზონანსი შეიძინა, რომ გამორიცხული არ არის, ანსამბლის იმ მოცეკვავეებს, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, პროტესტით დახვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG