Accessibility links

როგორ უნდა იქცეს ივანიშვილის ფულით წყალტუბო ჯანმრთელობის დედაქალაქად?


„დღეს ჩვენ ვიწყებთ კურორტ „წყალტუბოს“ მასშტაბური აღორძინების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხილვას“, - ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ მიიწვია ხელისუფლების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მაგიდებზე დაახვედრა იმ 15 შენობის ფერადი ფოტოები, რომელთა გასხვისებაც უახლოეს პერიოდში, წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში იგეგმება.

სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“ - ეს იმ ობიექტების მცირე ნაწილია, რომლებიც თითქმის 30 წელია, წყალტუბოში ან უფუნქციოდაა დარჩენილი, ან იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრადაა ქცეული. ეს ის შენობებია, რომლებიც დღესდღეობით სახელმწიფოს კუთვნილებაშია, თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში, ისინი ან სხვადასხვა ინვესტორზე, ან ერთ „ქველმოქმედ ინვესტორზე“ უნდა გასხვისდეს. ამ ეტაპზე, 15 ობიექტის საერთო, საწყისი ღირებულება, 47,5 მილიონი ლარია.

„წყალტუბოს აღორძინებაზე“ ფიქრი კი ხელისუფლების დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 29 ოქტომბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა და მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის საქართველოს საკურორტო ქალაქ წყალტუბოში ყველა სასტუმროს, ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმის შეძენას აპირებდა - ანუ, ჯამში 22 სანატორიუმისა და სასტუმროს და ასევე 9 ბალნეოლოგიური სააბაზანოს:

„ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება“.

ამ წერილის გამოქვეყნებიდან ხუთი დღის თავზე, 4 ნოემბერს, ჟურნალ Entrepreneur Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა გეგმა შეცვალა და დააზუსტა, რას და როგორ აპირებდა წყალტუბოში და ამჯერად, ასე განმარტა თავისი ინიციატივა:

„რაც შეეხება შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს. იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით... ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და პრაქტიკულად, მე აღარც ერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს“, - უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს.

„მასშტაბური საქველმოქმედო ინიციატივა, რომელმაც წყალტუბოს აღორძინების პროცესს ახალი იმპულსი შესძინა“, - ასე დაახასიათა 11 ნოემბერს ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის იდეა და ის ექვსპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო ბიზნესმენებსა და ბიძინა ივანიშვილთან, მისი სიტყვებით, ქველმოქმედ ინვესტორთან ერთად გეგმავს.

ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს

კურორტ „წყალტუბოს“ განვითარების გენერალური გეგმის მომზადება - წყალტუბო უნდა განვითარდეს არა ცალკეული, ქაოტური ინიციატივების საფუძველზე, არამედ, როგორც ერთიანი გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება, თუ რა ვადებში, რა ფორმით და რა სახით განვითარდება საკურორტო ცენტრი: „წყალტუბო თავის დროზე დაგეგმილი იყო გეგმაზომიერად, როგორც სპა კურორტი და მისი განვითარების პირველი გენერალური გეგმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწერა. თუმცა, ერთიანი სტრატეგია, გენგეგმის სახით დამტკიცებული, დღემდე არ გაგვაჩნდა. 2014 წელს, მთავრობის დავალებით, ავსტრიულმა საკონსულტაციო კომპანიამ, „KohL&Partners“-მა ჩაატარა სპეციალური გამოკვლევა და დაწერა კურორტის განვითარების სტრატეგია. რა თქმა უნდა, დღეს ამ დოკუმენტს სჭირდება გარკვეული დახვეწა. ჩვენ სწორედ ამ პროცესს ვიწყებთ“.

კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარება - რაც გულისხმობს შიდა გზების, სარეკრეაციო სივრცეების, გამწმენდი ნაგებობისა და ა.შ. მშენებლობებს.

წყალტუბოს ტერიტორიაზე ყოფილ სანატორიუმებსა თუ სასტუმროებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება - დღეის მონაცემებით, წყალტუბოში, 477 ოჯახი კვლავ ცხოვრობს ყოფილ სანატორიუმებსა და სასტუმროებში. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, უკვე დასრულებულია დევნილთათვის განკუთვნილი ორი კორპუსის მშენებლობა. მომავალი წლისთვის კი აშენდება კიდევ 6 კორპუსი, რაც, მისი თქმით, დაასრულებს წყალტუბოში მცხოვრები დევნილების განსახლების პროცესს.

კურორტის ერთიანი ადმინისტრირება - ნათია თურნავას თქმით, როდესაც საუბარია ისეთი მასშტაბის პროექტზე, რომელიც მოიცავს მრავალ კომპონენტს და საჭიროებს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მონაწილის მხრიდან, იქნება ეს კერძო ინვესტორი, სამთავრობო სტრუქტურები, ქველმოქმედი და მოსახლეობა, ამისთვის აუცილებელია ერთიანი კონსოლიდირებული მართვა, ერთიანი ადმინისტრირება: „ჩვენ ამ მიმართულებითაც შევთავაზებთ საზოგადოებას გადაწყვეტილებას და კონკრეტულ მოდელს“.

მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება - ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე, წყალტუბო გახდება „ერთ-ერთი ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში“.

სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა - ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შეიქმნება ერთიანი მოდელი, თუ რა პირობებით იქნება ხელმისაწვდომი სამკურნალო წყლის რესურსი კერძო ინვესტორებისათვის.

ნათია თურნავას თქმით, ამ ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებით, სახელმწიფო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურორტის კომპლექსურ განვითარებაში. თუმცა, ამბობს, რომ თავისი სიტყვა უნდა თქვას ბიზნესმაც: „დავიწყებთ შეხვედრებს კერძო სექტორთან, პოტენციურ ინვესტორებთან, ბიზნესთან, ბანკებთან, რადგან ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივისა და შემცირებული რისკების ფონზე, ჩვენს ბალანსზე არსებული ობიექტები საბაზრო პირობებით შევთავაზოთ კერძო სექტორს. ამჯერად, ამ საქველმოქმედო ინიციატივისა და ჩვენი გაცხადებული გეგმის ფონზე, დარწმუნებულები ვართ, გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნება ეს ობიექტები კერძო სექტორისთვის“.

მაშ, როდისღა ჩაერთვება „ქველმოქმედი ინვესტორი“ ანუ, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროცესში? ნათია თურნავა ამბობს: „თუკი იქნება ისეთი ობიექტები, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს და ვერ განახორციელებს ინვესტიციას, აი, აქ, ამ შემთხვევაში, ჩვენ დავეყრდნობით მის რესურსებს“.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი კი ამატებს: „ბატონი ბიძინას როლია, კომფორტი და გარანტია შეუქმნას ბიზნესს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესი ვერ აითვისებს ობიექტებს და სახელმწიფოს კონკრეტულ დროს არ ექნება სათანადო რესურსი, რომ მთელი კურორტის ინფრასტრუქტურა ერთიანად განავითაროს, ბატონი ბიძინა ჩაერთოს პროცესში“.

იყიდიან თუ არა ბიზნესმენები ყოფილ სანატორიუმებსა და სასტუმროებს?

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი, რომელმაც 11 ნოემბერს „წყალტუბოს“ აღორძინების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის წარდგენა მოისმინა, ამბობს, რომ იმისათვის, რომ პროექტი ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართოს, აუცილებელია კერძო სექტორისთვის გრძელვადიანი შეღავათების დაწესება - მაგალითად, ქონებისა თუ მოგების გადასახადზე დაწესებული შეღავათი. რაც შეეხება პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას, მას აბასთუმნის პროექტის მაგალითი მოჰყავს და ამბობს:

„პესიმისტებისთვის ვიტყვი, ვინც ორჭოფობს, რა და როგორ, გეტყვით, რომ აბასთუმანში 10 წელია მაქვს აქტივები, მაგრამ პირადად ჩემთვის, გარდამტეხი იყო ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა აბასთუმანში და მისი წამოწყება. ასეთი მსხვილი ინვესტორის მოსვლა, ჩვენთვის იყო გადამწყვეტი ფაქტორი და გადავწყვიტეთ, რომ 50 მილიონი ჩაგვედო, მიუხედავად იმისა, რომ აბასთუმანში ჯერ კიდევ არ არის რისკები შემცირებული. „ძალა ერთობაშია“ - ჩვენ ვიცით, რომ ურთულესი განსახორციელებელი იქნება ეს პროცესი, მაგრამ თუკი რამდენიმე წამყვანი ბიზნესმენი, ბატონ ბიძინასთან ერთად, დავიწყებთ და ჩავიფიქრებთ ამ კურორტის განვითარებას, ამას წინ ვერაფერი დაუდგება“.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე ფიქრობს, რომ წყალტუბოს პროექტი საკმაოდ მაღალრისკიანი პროექტია. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 30 წლის განმავლობაში, წყალტუბოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ვერც ერთმა ბიზნესმენმა ვერ გაბედა. მიესალმება იმ ფაქტს, რომ დღეს გამოჩნდა პერსპექტივა, რომ წყალტუბოში არსებული ვითარება შეიცვალოს:

„ასოციაცია წარმოადგენს დაახლოებით 300 წევრს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ყველა წევრთან. თუკი რომელიმე წევრი გადაწყვეტს, რომ ამ პროექტში ჩაერთოს, ასოციაცია იქნება ის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. ასოციაცია მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პროცესში ჩართულ სამინისტროსთან“.

როდის გაყიდის სახელმწიფო 15 ობიექტს?

იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს სურვილია, კურორტი „წყალტუბო“ სრული დატვირთვით 2024 წლისთვის ამუშავდეს, მათ ბალანსზე არსებული გასასხვისებელი 15 ობიექტი გასაყიდად მალე უნდა გამოჩნდეს.

რაც შეეხება შვიდ ობიექტს, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ფლობს სხვადასხვა კერძო ინვესტორი, ეკონიმიკის მინისტრი ამბობს, რომ ამ ობიექტების გამოსყიდვას სახელმწიფო არ გეგმავს და ისინი ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ოპერირებას.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ბიზნესმენებს მათ ბალანსზე არსებულ ქონებას შესთავაზებს საბაზრო ფასად: „საბაზრო ფასი დადგინდება ღია აუქციონის პირობებში. საწყისი ფასი, ის, რაც დღეს ოფიციალური შეფასებით გვაქვს, არის 47,5 მილიონი ლარი“.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების ნაწილი გასაყიდად აუქციონზე რამდენჯერმე გამოიტანა, ბოლო მცდელობა, ხუთი თვის წინ იყო. ხუთი ყოფილი სანატორიუმის საერთო ღირებულება 21 მილიონ ლარად იყო შეფასებული.

კიდევ როდის გამოიტანს სახელმწიფო გასაყიდად წყალტუბოში მდებარე ყოფილ სანატორიუმებსა და სასტუმროებს, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ეკონომიკის მინისტრს არ აქვს. ერთადერთი, რასაც ნათია თურნავა აზუსტებს, არის ის, რომ გასასხვისებელი ობიექტები მას შემდეგ გამოჩნდება ბაზარზე, რაც შეიქმნება და დამტკიცდება წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა.

გენერალური გეგმის დამტკიცების ლოდინის მიზეზს ვერ ხედავს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. მისი თქმით, „KohL&Partners“-ის მიერ, 2014 წელს ჩატარებულ გამოკვლევაში, კურორტთან დაკავშირებულ ყველა საბაზისო კითხვაზეა პასუხი გაცემული, ამდენად, გენგეგმის არარსებობა არ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი კურორტის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელებისათვის“.

რა წერია „KohL&Partners“-ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში, რომელსაც ხელისუფლება კურორტის გენერალური გეგმის საბაზისო დოკუმენტად გამოიყენებს?

გამოკვლევა საპარტნიორო ფონდმა მთავრობის დაკვეთით 2014 წელს ჩაატარა.

ჩატარდა ბაზრის ანალიზი. შეფასდა კურორტზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა. მომზადდა კურორტის რუკების ელექტრონული ბაზა. შეფასდა საინვესტიციო მოცულობები. მომზადდა შეთავაზება, თუ რა ტიპის მართვა უნდა განხორციელდეს, იმისათვის, რომ არ მოხდეს კურორტის ქაოტური განვითარება.

გამოკვლევის კონსულტანტის შეფასებით, წყალტუბოს აქვს უნარი გახდეს ისეთი ტიპის საერთაშორისო კურორტი, როგორიც არის ევიანი, ბადენ-ბადენი და ასევე აქვს პერსპექტივა, გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული კურორტების ასოციაციების წევრი.

როგორც გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, კურორტზე არსებული შენობები, საბჭოთა არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები, უმეტესად სავალალო მდგომარეობაშია. რეაბილიტაციის პროცესში აუცილებელია მათი იერსახის შენარჩუნება. კონსულტანტები 15-დან 4 შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას იძლევიან.

დოკუმენტის თანახმად, წყალტუბოს ზონირება სამ ნაწილად არის დაყოფილი. რეკრეაციული ზონა, სადაც უნდა განთავსდეს სასტუმროები. სანიტარული ზონა, სადაც უნდა განთავსდეს ის ბალნეოლოგიური აბაზანები, რომლებიც მოემსახურება სასტუმროებს. და საზოგადოებრივი ზონა - ამ ზონაში განთავსდება აბაზანები, რომლებიც ვიზიტორებისთვის იქნება განკუთვნილი. აქვე, ამ ზონაშივე განთავსდება ბავშვთა მოედნები, ტროპიკული ბაღები, პარკინგი, შოპინგი, აკვაპარკი, სავაჭრო ცენტრები და გოლფის მოედანი.

რა ბედი ელის საბჭოთა არქიტექტურის მუზეუმს?

წყალტუბო იმ კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ, მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით გაშენდა. აიგო 22 სანატორიუმი, მათგან უმეტესობა საბჭოთა არქიტექტურული ხელოვნების უნიკალური ნიმუშია. ხელოვნურად გაშენდა 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული კულტურა. შენობა-ნაგებობები, გეგმის თანახმად, ამფითეატრის ფორმით განლაგდა.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს იმ შენობა-ნაგებობების ბედი აინტერესებს, რომლებიც დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და, ამასთანავე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოლოდინშია. მისი თქმით, წყალტუბოს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ერთადერთი გზა შენობებისთვის სარესტავრაციო პროექტების მომზადება და დამტკიცებაა:

„შენობები სარესტავრაციო პროექტების ვალდებულებით უნდა გაიყიდოს, რათა მყიდველმა თავიდანვე იცოდეს, რასთან აქვს საქმე როგორც კონსტრუქციული, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამწუხარო სურათს. აუცილებელია ვიცოდეთ, როდის იგეგმება შენობა-ნაგებობებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება“.

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ამბობს, რომ 2018 წელს ჩატარებული პირველადი მოკვლევის საფუძველზე, წყალტუბოში არსებული 22 ობიექტიდან, 14-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი უნდა მიენიჭოს. თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ გასულ წელს, სააგენტოს სპეციალისტებს არ მიეცათ კურორტზე სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობა და ზოგიერთ შენობაში სპეციალისტები ისინი საერთოდ არ შეუშვეს:

„იმედი მაქვს, როდესაც გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყება, გამჭვირვალედ ჩატარდება ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის კვლევა და მომზადება. ჩვენ ვმუშაობთ ამ პროცესზე და ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართული გეგმის მომზადების პროცესში. შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდგომ გამოიკვეთება სარესტავრაციო პროცესები. ზოგ შენობას აქვს მხოლოდ ფასადური ღირებულება. ზოგი შენობა ინტერიერის თვალსაზრისითაც უნიკალურია. ამ შენობების დაცვა და მისი ღირებულებების შენარჩუნება გარანტირებული უნდა იყოს როგორც სახელმწიფოს, ისე იმ ინსტიტუციების მხრიდან, რომლის მთავარი ფუნქცია ძეგლთა მოვლა-პატრონობაა“.

ბიძინა ივანიშვილის დაპირებით, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც იზიარებს, „წყალტუბოს“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში დასაქმდება 8000-დან 20000 ადამიანამდე. განვითარდება თანმდევი ბიზნესები - სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ავეჯის წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი.

დაწერეთ კომენტარი

რევაზ აჭარაძე 15 წლის მოზარდის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:33:17 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
რევაზ აჭარაძე 15 წლის მოზარდის საქმეზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG