ხელისუფლებამ ნაკვეთების გამოსყიდვა ისე დაიწყო, რომ მფლობელების ნაწილი ქონების გასხვისებას არ თანხმდება. მათ ნაწილს არ სჯერა, რომ ამ მიწებზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა განვითარდება.
მთავრობამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა, რაც მას კერძო ქონების იძულებითი გამოსყიდვის უფლებას აძლევს.
თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალიდან ხელმარცხნივ, კრწანისის ტყე-პარკიდან რუსთავის შესასვლელამდე, დაახლოებით 400 ჰექტარ ფართობზე მოშიშვლებული, მხოლოდ ბალახით დაფარული მინდვრებია გადაშლილი.
ეს ტერიტორია დაახლოებით 560 დინამოს საფეხბურთო მოედნის ზომისაა.
აქ მიწები რუსთაველებს 80-90-იან წლებში დაურიგეს. რუსთავის აზოტისა და მეტალურგიის ქარხნის თანამშრომლებმა, საჯარო მოხელეებმა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, ომში მებრძოლებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებმა, ჯამში 4 500-მდე მოქალაქემ 900-900 კვადრატული მეტრი ნაკვეთი მიიღეს.
თბილისსა და რუსთავს შორის გადაშლილ ამ მიწებზე აღარავინ დასახლებულა, მაგრამ მფლობელები თავიანთი ქონებისა და ამ ტერიტორიის კომერციულ პოტენციალს ყოველთვის ხედავდნენ.
„1992 წლიდან მოგვცეს... ველოდებოდით სტატუსის შეცვლას, კერძო სახლი რომ აგვეშენებინა და ისე მოგვეხმარა, როგორც გვინდოდა...პირადად მე არ ვყიდი ჩემს ნაკვეთს და არ გავყიდი, რაც არ უნდა შემომთავაზონ“, - გვეუბნება რუსთაველი თამრიკო ჭანტურია და ხელით გვაჩვენებს ტრიალი მინდორის ერთ ფრაგმენტზე: „აი, ესაა ჩვენი ნაკვეთი“.
მესაკუთრეებმა რამდენიმე თვის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის სატელეფონო ზარით შეიტყვეს, რომ მთავრობას მათ საკუთრებაზე თავისი გეგმები ჰქონდა.
„დამირეკეს და მითხრეს, მოიტანეთ თქვენი მიწის დოკუმენტები, გამოუვალი მდგომარეობაა, უნდა გამოვისყიდოთო. წინაღმდეგი ვარ და რა ზომებს შეიძლება მივმართო-მეთქი, ვიკითხე. მიპასუხეს, ვერაფერს გახდებით, რადგან სახელმწიფოს ინტერესებში შედისო...“, - ჰყვება მარინა ურღუნიშვილი. მისი ნაკვეთი კრაწინის ტყე-პარკს ესაზღვრება. წლების წინ ხის პატარა კოტეჯი ჩადგა და მიწასაც ამუშავებდა.
რას აშენებენ ამ ტერიტორიაზე?
რუსთავის სიახლოვეს, გაჩიანის ხიდის ქვედა არეალში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაა გადაწყვეტილი - 2025 წელს განკარგულებაც გამოიცა, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით.
განკარგულებაში წერია, რომ რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა „განათლების ეროვნული კონცეფციის“ ნაწილია. კონცეფციის მიხედვით, საუნივერსიტეტო სისტემაში ორი ძირითადი საგანმანათლებლო კერა უნდა იყოს - თბილისი და ქუთაისი.
მიზანი კი განათლების „გეოგრაფიული დეკონცენტრაცია“ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
საუნივერსიტეტი რეფორმის პრეზენტაცია გასული წლის ოქტომბერში გამართეს: პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
საუნივერსიტეტო ქალაქების პროექტისთვის დაგეგმილია უნივერსიტეტების, სტუდენტური საცხოვრებლების, რეკრეაციული ზონებისა და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მთავრობის გეგმით, რუსთავის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი 40 ათასი სტუდენტის მიღებას შეძლებს. „სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი ლარია“, - წერია განკარგულებაში.
საუნივერსიტეტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის, ნაწილი კი კერძო მფლობელებს.
მარინა აბესაძე ემიგრანტია, 20 წელზე მეტია ესპანეთში ცხოვრობს. საქართველოში ერთი კვირის ჩამოსულიც არ იყო, რომ დაურეკეს.
„გამიკვირდა, როგორ მომძებნეს-მეთქი, ვუთხარი, არ ვყიდი ჩემს მიწის ნაკვეთს, რატომ უნდა გავყიდო-მეთქი, თუ არ გაყიდით, სასამართლოში შეგიძლიათ იჩივლოთო... დავუკავშირდი ადვოკატს და მითხრა, რომ თურმე თავად უნდა მიჩივლონ, თუ გამოსყიდვაზე უარს ვიტყვი... არ ვიცი, მეც გაუგებრობაში ვარ.... ვნერვიულობ... მეც მქონდა ჩემი გეგმები... გაყიდვას არ ვაპირებ...თუ წამართმევენ წამართვან“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
იგივე უთხრეს სხვა მესაკუთრეებსაც. მუნიციპალური განვითარების ფონდის თანახმად, გამოსყიდვის შეთავაზებას, 27 ივლისისთვის დაახლოებით 1 800 მესაკუთრიდან 577 დათანხმდა. ჯამში, მათ სახელმწიფომ 28 034 731 ლარი უნდა გადაუხადოს.
ამავე უწყების ცნობით, საუნივერსიტეტო ქალაქის არეალში რეგისტრირებულია 1 797 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 579 000 კვადრატული მეტრია. ქონებების ღირებულება - 93 203 172 ლარი.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კერძო მესაკუთრეს ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში 59 ლარს უხდის. ადგილობრივების ცნობით, ხელისუფლება იმაზე მეტი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას გეგმავს, ვიდრე საუნივერსიტეტო ქალაქს სჭირდება.
„არ ვიცი, რა გვეშველება, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ კერძო საკუთრებას 33 წელია ვფლობთ... ჩვენც ხომ ცოდოები ვართ? უამრავი ტერიტორიაა, რომელიც ამ ქალაქის ბალანსზეა და შეიძლება კამპუსი აშენდეს. ჩვენც ხომ ამ ქალაქის მცხოვრებლები ვართ, ჩვენმა მშობლებმა შეაკლეს თავი ამ ქალაქს, მეტალურგიაში ქიმიურ ქარხნებში მუშაობდნენ, ეს დაგვრჩა სამახსოვროდ და ამასაც თუ ასე ჩალის ფასად წაიღებენ, დიდი უსამართლობა იქნება“, - ამბობს მარინა ურღუნიშვილი.
მიწის ღირებულება [კვადრატული მეტრი 59 ლარი] სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნითაა შეფასებული. კერძო მესაკუთრეების ნაწილი ამ შეფასებას არ ეთანხმება და უძრავი ქონების საიტებზე მითითებით ამტკიცებს, რომ იდენტური ქონება რუსთავში საშუალოდ 150 დოლარი ღირს.
რა სტატუსი აქვს ამ მიწებს?
ამ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვთ, აქ არ მიდის გზები, კომუნიკაციები, სარწყავი არხები და ელექტროენერგია. ეს გარემოებები მიწის ღირებულებას ამცირებს.
2019 წელს რუსთავის საკრებულომ ამ ტერიტორიაზე განაშენიანების გენერალური გეგმა დაამტკიცა და სამშენებლო და არასამშენებლო ზონები განსაზღვრა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ეს ადგილი 2014 წლის გენერალური გეგმის თანახმად, დასაგეგმარებელი ტერიტორიაა.
ეს ნიშნავს, რომ თუ კერძო მესაკუთრეს ამ მიწაზე მშენებლობა სურს, რაც სტატუსის ცვლილებასაც მოითხოვს, ვალდებულია დამატებით რთული ქალაქგეგმარებითი პროექტები დაამუშავოს. ამის გარეშე, მესაკუთრე მშენებლობის უფლებას ვერ მიიღებს.
„კერძოდ საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის და განაშენიანების გეგმის მომზადება (გგ გდგ)“,- აცხადებენ მერიაში.
განაშენიანების (გგ) და განაშენიანების დეტალურის გეგმის (გდგ) მომზადების ფასი ფიქსირებული არ არის. ღირებულება დამოკიდებულია ტერიტორიის ზომაზე, კვლევების მოცულობასა და პროექტის სირთულეზე.
ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით ყველაზე პატარა ტერიტორია (1–5 ჰა) – დაახლოებით 10 000–30 000 ლარი, დიდი კი [ათეულობით ჰექტარი] ხშირად 100 000-სს აჭარბებს.
იმ მიწებიდან რამდენიმე მეტრში, რომლის გამოსყიდვაც რუსთავში სახელმწიფოს ინტერესია, ორი და სამსართულიანი ათობით კერძო სახლი უკვე შენდება.
როგორ მოახერხეს ამ მიწის მესაკუთრეებმა სამშენებლო უფლების მიღება? - იკითხეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიწის მფლობელებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, უარი უთხრან სახელმწიფოს მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე.
შეხვედრას, რომელიც 27 ივლისს გაიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი. ეს საუბარი ინფორუსთავის საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განმარტებით, ის ტერიტორია, სადაც კერძო სახლები შენდება, გამონაკლისი არ ყოფილა. ამ მიწის მფლობელებმა მოამზადეს განაშენიანების დეტალური გეგმა, მიმართეს საკრებულოს და მშენებლობის ნებართვაც მიიღეს. ლაცაბიძის მტკიცებით, ამავე სტანდარტით მიუდგებოდნენ სხვა მესაკუთრეებსაც.
ნინო ლაცაბიძე არის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 22 ნოემბრიდან. ის წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა რუსთავის ისტორიაში პირველი ქალი მერი.
„ჩვენ წინა შეხვედრებზეც ვსაუბრობდით, რომ გაერთიანებულიყო რამდენიმე მესაკუთრე, მოსულიყო ჩვენთან და ეთქვა - 20-30 ადამიანი შევიკრიბეთ და დავამუშავეთ გდგ, ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ სხვებისთვისაც გაგვეცა ნებართვა, ერთიანი ხედვით წარმოდგენილი მესაკუთრეების მიერ...“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ „ამ ტერიტორიის განვითარებაზე ძალიან ბევრს ფიქრობდნენ“, საბოლოოდ გადაწყდა, რომ 900 კვადრატი ინდივიდუალურად ვერ განვითარდებოდა; თუ რამდენიმე მესაკუთრე ერთად მოითხოვდა მიწის სტატუსის ცვლილებასა და მშენებლობის უფლებას, ნებართვას მიიღებდნენ.
ამ განმარტებას პროტესტი მოჰყვა.
„მიუწვდომელი გეგმა დაგვისახეს... განაშენიანების გეგმის გაკეთება დაგვავალეს, ფული არ მქონდა, რომც მქონოდა და გამეკეთებინა, არ მქონდა იმის იმედი, რომ საბოლოოდ, მშემნებლობის ნებართვას მივიღებდი. ეს იყო იმედგაცრუება და მოტყუება“, - ამბობს თამაზ გოგბერიძე.
კერძო მესაკუთრეების საწინააღმდეგოდ და სახელმწიფოს სასარგებლოდ ამ დავის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის განსაკუთრებულ სტატუსს, რომელიც სახელმწიფოს დიდ უფლებებს აძლევს.
მთავრობის განკარგულებით, პროექტს „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის“ სტატუსი მიენიჭა. ასეთ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე მაგალითად მაგისტრალს, რკინიგზას, ჰესს, აეროპორტს...და მათ სამშენებლო პროექტებს.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფოს შეუძლია:
- გადაწყვიტოს, რომ კონკრეტული პროექტისთვის აუცილებელია კონკრეტული მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების გამოყენება;
- მესაკუთრეს შესთავაზოს ქონების ნებაყოფლობით შეძენა;
- თუ შეთანხმება ვერ შედგა, მიმართოს სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მისაღებად;
- სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩამოართვას საკუთრება მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის გადახდის შემდეგ.
ექსპროპრიაცია ავტომატურად არ ხდება.
აუცილებელია:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება (ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების საფუძველი);
- სასამართლოს გადაწყვეტილება.
მესაკუთრეს აქვს უფლება:
- უარი თქვას სახელმწიფოს შეთავაზებულ ფასზე;
- მოითხოვოს დამოუკიდებელი შეფასება;
- სასამართლოში იდავოს, როგორც ექსპროპრიაციის აუცილებლობაზე, ისე კომპენსაციის ოდენობაზე;
- მიიღოს წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია;
- კომპენსაცია მიიღოს ფულით ან იმავე საბაზრო ღირებულების სხვა ქონებით.
„თუ არ ყიდით, მიმართეთ სასამართლოს“, - უთხრა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიწის მესაკუთრეებს 27 ივლისს გამართულ შეხვედრაზე.
კანონის თანახმად, თუ მესაკუთრე არ ეთანხმება ფასს ან საერთოდ არ სურს გაყიდვა, ეს თავისთავად არ აჩერებს პროექტს.
სახელმწიფოს შეუძლია სასამართლოს მიმართოს ექსპროპრიაციისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ:
- არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება;
- დაცულია კანონით დადგენილი პროცედურა;
- მესაკუთრე მიიღებს კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას.
„პირადად მე, მოქალაქეს, რომელიც არ ვყიდი ამ ნაკვეთს, სახელმწიფო მიშვებს სასამართლოში, რა უფლებით? ჯერ ის, რომ ფინანსები მჭირდება, ადვოკატი უნდა ავიყვანო,დოკუმენტაცია მოვამზადო, გადავადგილდე. რატომ უნდა გამიშვას სახელმწიფომ სასამართლოზე თავისი მოქალაქე, იმიტომ რომ ჩემს მიწას არ ვყიდი?“, - იკითხა თამრიკო ჭანტურიამ.
მიწის მესაკუთრეებმა საინიციატივო ჯგუფი კერძო საკუთრების უფლების დასაცავად შექმნეს, შეაგროვეს ხელმოწერები და საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე პასუხისმგებელ უწყებებს კითხვებითაც მიმართეს.
ამ პროექტის განხორციელებაში ჩართულია მუნიციპალური განვითარების ფონდი, ეკონომიკის, განათლების, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მიწის გამოსყიდვისთვის საჭირო ქვეუწყებები.
ხატია ხუბაშვილი, რომელიც საუნივერსიტეტო ქალაქის არეალში მიწას ფლობს, საინიციატივო ჯგუფის იურისტიცაა და ამბობს, რომ „ამ პროცესში ოფიციალურად 300 ადამიანს წარმოადგენს, თუმცა დაინტერესებული კერძო მესაკუთრეების რაოდენობა გაცილებით მეტია“.
ის რამდენიმე პრობლემას გამოყოფს:
- კერძო მესაკუთრეები ინფორმირებულები არ არიან და აგდაწყევტილებებს, რომლებიც მათ ეხებათ, მათ გარეშე იღებენ - „მათ არავინ უსმენს“;
- მიწის ნაკვეთის ფასი საბაზრო ფასს მკვეთრად ჩამორჩება;
- სამშენებლო პროექტი ბუნდოვანი და გაუგებარია.
„თუ რაიმე უწყება შეიძლება იყოს, ყველას მივმართე, 100-ზე მეტი განცხადება მაქვს დაწერილი, გადაათამაშეს განცხადება, დაატრიალეს უწყებიდან უწყებაში... რასაც ვითხოვ, იმას არ მაძლევენ, მხოლოდ განკარგულებას მიგზავნიან, კითხვებს არ პასუხობენ.
„... ჩემი ინფორმაციით, საპროექტო არეალის გარეთაც ხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და იმ მიწების გამოსყიდვაც, რაც საპროექტო არეალში შეიძლება საერთოდაც არ მოხვდეს..., რატომ?“, - ამბობს ხატია ხუბაშვილი.
მან სამშენებლო პროექტსა და დაგეგმილ მშენებლობაზე კითხვები რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზეც დასვა.
„თხოვნა მაქვს, კიდევ ერთხელ უყურეთ განათლების ეროვნული კონცენფიის ბრიფინგებს...“, - მიმართა მესაკუთრეების რუსთავის დელეგატმა პარლამენტში, ირაკლი შაკატიშვილმა და გააგრძელა:
„სამშენებლო არეალი პირობითი არ არის, კონკრეტულია. პირობითია პროექტირების ნაწილი, სად რომელი უნივერსიტეტის რომელი კორპუსი აშენდება, სად გავა გზა და ა.შ.
თქვენი პირადი ჟინი კი არ გვჭირს... სახელმწიფომ თქვა, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეს ტერიტორია იქნებოდა, ამ რეფორმის განხორციელებისთვისო..
- ალტერნატივების კვლევა თუ ჩატარდა [ ისმის კითხვა] კერძო მესაკუთრეთა აზრი თუ იქნა მოსმენილი?
- რადგან ასე დეტალურად გაინტერესებთ, ამაზე არ მაქვს პასუხი, დავინტერესდები გავარკვევთ და გიპასუხებთ.
კითხვები რუსთავის მერიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს რადიო თავისუფლებამაც დაუსვა. პასუხი არ მიგვიღია, თუმცა საჯარო დოკუმენტაციებით გავარკვიეთ, რომ ჯერ პროექტი არ არსებობს.
იმისთვის, რომ პროექტმა იარსებოს, მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოწესრიგდეს. ამისთვის კი ტენდერის გამოცხადებაა საჭირო.
მთავრობის განკარგულების თანახმად, ორი ტენდერი უნდა გამოცხადდეს 2026 და 2027 წლებში. სავარაუდო ღირებულება 12- 12 მილიონი ლარია.
რუსთავის გარდა, საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთანაც უნდა აშენდეს. თავდაპირველად ამისთვის ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. მერე არეალი შეიცვალა, თუმცა არ დაზუსტებულა როგორ.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ეს ტერიტორია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში მდებარეობს. ეს ადგილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან 6 კილომეტრითაა მოშორებული.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“ დაფუძნებულია.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა აქაც დაიწყო მიწების გამოსყიდვა.
იმერეთში საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამ დათვლებით საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა, მიწის გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან და ტენდერებთან ერთად - ჯამში, 800 მილიონი დაჯდება.
მიწის მესაკუთრეებს არ სჯერათ სახელმწიფოსი, რომ მათ ნაკვეთებზე გამოსყიდვის შემთხვევაში ნამდვილად საუნივერსიტეტო ქალაქები გაშენდება.
„ამის რომ გვჯეროდეს იქნებ გვეჩუქებინა კიდეც უსასყიდლოდ“,- ამბობს ვილი გელაშვილი და ამატებს: „დაანებეთ ჩვენს მიწებს თავი“.
„იცით რამდენს უნდა, რამდენი დგას რიგში, რომ მათი მიწა გამოისყიდონ?“, - ამბობს რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძე.
მათ, ვინც მიწებს გაყიდიან, სახელმწიფო 900 კვადრატულ მეტრ ნაკვეთში 53 100 ლარს გადაუხდის.
„გამოსყიდვის ფასი გახდა 59 ლარი კვადრატულ მეტრზე რაც საერთოდ ახლოს არ მოდის საბაზრო ეკონომიკასთან. ეს არის ჩალის ფასი...
... ეს არის უნიკალური ტერიტორია, განთავსებულია ორ დიდ ქალაქ შორის... კომუნისტებმა დაუშვეს შეცდომა, რომ მოსახლეობას დაურიგეს, ესენი მიხვდნენ, რომ სულ სხვა ფასი აქვთ ამ ადგილს და ბიზნესის გაკეთება შეუძლიათ.. ახლა ფიქრობენ, რატომ უნდა ისარგებლოს მესაკუთრეს, გამოიყენებენ რამდენიმესვლიან კომბინაციას და საბოლოოდ, დაიწყებენ მაღალკორპუსიანი ბინების მშენებლობას...“, - ამბობს თამაზ გოგბერიძე.
საუნივერსიტეტო ქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
- ისინი ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ; მოგვარებული აქვთ;
- ისინი, ვინც მიწის ნაკვეთი წლების წინ მიიღეს, თუმცა ვერ იკანონებენ;
- და ისინი, ვინც დაიკანონეს, თუმცა საჯარო რეესტრი საკადასტრო კოდის მინიჭების პროცესს აჭიანურებს.
„არიან მესაკუთრეები, რომელთაც უფლების დამდგენი დოკუმენტები უჭირავთ ხელში და კანონი მათ უფლებას აძლევს ნებისმიერ დროს დაიკანონონ საკუთრება. თუმცა რა ხდება - მიდის ეს ადამიანი საჯარო რეესტრში და ეჩეხება რეალობას - ის დოკუმენტი, რაც ხელში უჭირავს, აღარ არის არქივში დაცული. რა უნდა ქნას ამ ადამიანმა? რიგ მათგანს არ აქვს ინფორმაცია და ელოდება და ელოდება, არადა ამ პროცესს თავისი ვადები აქვს, ამ ხალხმა არ იცის ეს ვადები, არავინ აწვდის ინფორმაციას, ვაკუუმში არიან. სახელმწიფო გადაწყვეტილებას დუმილით იღებს, ეს ადამიანები გასაჩივრების ვადებსაც ხელიდან უშვებენ, რადგან არ იციან - როგორ გამოისყიდიან ასეთ ნაკვეთებს?“, - ამბობს ადვოკატი, ხატია ხუბაშვილი.
„მთელ მსოფლიოში ასე ხდება, ასე შენდება ქვეყანა“, - ამბობს დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე.
„ჩვენი აზრით, პროცესი უკუღმაა წარმართული“, - ფიქრობენ მესაკუთრეები. მათი აზრით, სახელმწიფო ვალდებული იყო ჯერ მიწის მესაკუთრეებს გასაუბრებოდა, შეემუშავებინა პროექტი, განესაზღვრა ზუსტი საპროექტი არეალი, მოეწყო საჯარო განხილვები და ამის შემდეგ დაეწყო გამოსყიდვის პროცედურა.
მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ გადახედოს და შეცვალოს საპროექტო ტერიტორია, უკვე გამოსყიდული მიწები თავისი ინტერესებით განკარგოს, თუმცა მათ ვინც, უარს იტყვის გაყიდვაზე, კერძო საკუთრების განვითარების შესაძლებლობა მისცეს. მესაკუთრეების ნაწილი ადგილმონაცვლეობასაც განიხილავს. არიან ისეთებიც, ვინც მზადაა დაფიქრდეს გაყიდვაზე, თუ კვადრატულის ფასი მოიმატებს.
„რამდენი ადამიანის სახელით საუბრობთ? გაქვთ უფლება ისაუბროთ ყველას სახელით, როცა 700-მდე მიწის ნაკვეთი უკვე გამოსყიდულია“, - ეკითხება რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვედრაზე მსხდომ საინიციატივო ჯგუფის წევრებს და ამატებს: „ოფიციალური წარმომადგენლობა გჭირდებათ“.
სხდომას ესწრება მოქალაქეების მიერ მოწვეული იურისტი, რომელიც აწყვეტინებს მერს და ეუბნება: „როგორც მოქალაქე მმართველს გეუბნებით, ადამიანები როცა საუბრობენ სხვებზე, არ არის აუცილებელი ბიუროკრატიული დეტალებით წაუყენო არასაჭირო წინაპირობები!“.
განკარგულების თანახმად, სწორედ მუნიციპალიტეტებს დაავალა პრემიერ-მინისტრმა დაეხმაროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ნაკვეთების გამოსყიდვაში.
რადიო თავისუფლებამ მერთან ინტერვიუ ითხოვა. პრესსამსახურმა მუნიციპალური განვითარების ფონდში გადაგვამისამართა, არგუმენტით, რომ „ისინი არიან პასუხისმგებლები და მერი მისი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, ყველა საკითხზე და ყოველთვის შეხვდება და დაელაპარაკება“.
მუნიციპალური განვითარების ფონდში დავრეკეთ, მოვითხოვეთ სტატისტიკა და საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი. ოფიციალური განცხადება დაგვაწერინეს, პასუხი მალევე დაგვიბრუნეს, სადაც ეწერა, რომ ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ ფონდი საჭიროებს კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადას.
ამასობაში, 4 აგვისტოს, რუსთავის მერმა ქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გამართა. ერთ-ერთი სლაიდი საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტსაც დაეთმო. საჯარო განხილვაზე არ მიუწვევიათ იმ საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც მიწების გაყიდვის წინააღმდეგები არიან.
„აშენებთ რაღაცას, არ მეუბნებით, რა პროფესიას ავითარებთ, რომელ სტუდენტებს იღებთ, მიწის გეგმაზე რომ საუბრობთ, ჯერ მითხარით ამას ვაშენებ, ამდენი სტუდენტი, ამდენი კადრი მეყოლება, თუ თქვენ დამარწმუნებთ, რომ ეს პროცესი დაწყებული გაქვთ, მე გაჩუქებთ ამ მიწას... მე არ მჯერა ამის....ეს არის აბსურდი და თვალებში ნაცრის შეყრა...“, - ამბობს ვილი გელაშვილი და ეთანხმებიან სხვა მესაკუთრეებიც, რომლებიც იმ დროს, როცა რუსთავის მერი პრეზენტაციას მართავს, 400 ჰექტარზე გადაშლილ ტერიტორიაზე დგანან და საკუთარი მიწებისკენ რადიო თავისუფლებას ხელით უთითებენ.