Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ომში დელფინები?


ანექსირებული სევასტოპოლის ყურეში გააორმაგეს გალიების რაოდენობა, რომლებშიც შესაძლოა გაწვრთნილი დელფინები ჰყავდეთ. დიდი ბრიტანეთის მიერ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ წყალში უფრო მეტი გალიაა, ვიდრე აპრილში იყო.

სავარაუდოდმ იქ აფალინები ჰყავთ. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი არქტიკის წყლებში თეთრ ვეშაპებსა და სელაპებსაც იყენებს. რუსეთმა ეს ცხოველები სხვადასხვა მისიით გაწვრთნა. თუმცა, სევასტოპოლის ყურეში მათ, დიდი ალბათობით, უკრაინელი მყვინთავების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ზღვის ძუძუმწოვრებისთვის აგებული გალია-ფარეხები კოსმოსიდან 2022 წლის აპრილში შენიშნეს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტმა დაასკვნა, რომ ისინი სევასტოპოლის ბაზაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე გადაიტანეს.

დელფინების წვრთნის საბჭოთა პროგრამა 10 წელზე მეტი ხნის წინ აღადგინეს, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის. ყირიმის ანექსიის შემდეგ სევასტოპოლის ოკეანარიუმი რუსეთს ჩაუვარდა ხელში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავიდან უარყოფდნენ, რომ ცხოველებს ომისთვის ამზადებდნენ. მაგრამ შემდეგ რატომღაც დელფინები მაინც შეიძინეს, სულ მცირე, ხუთი ცალი.

დელფინების წვრთნებსა და მათ საბრძოლო პოტენციალზე „ნასტოიაშჩეე ვრემია“ თავდაცვის სტრატეგიის ცენტრის ექსპერტს ანდრეი რიჟენკოს ესაუბრა.

-ამ საკითხის აქტიურად შესწავლა 1970-იანი წლებიდან დაიწყეს. საბჭოთა კავშირში საგანგებო განყოფილება შექმნეს - დელფინარიუმი. ის კაზაკთა ყურეში მდებარეობდა. ვიცი, რომ დელფინს ამზადებდნენ და მიზანი სწორედ დივერსიის საწინააღმდეგო ამოცანის ჩატარება იყო.

დელფინებისთვის საგანგებო აღჭურვილობაც კი შექმნეს. დელფინს უკეთდებოდა ლაგამი, ცხვირთან ხიშტით. მასში დიდი წნევით იყო ჩატუმბული ჰაერი. თუ დელფინი მყვინთავს იპოვიდა, მისკენ გაექანებოდა და განგმირავდა. ჰაერი დიდი წნევით გამოიტყორცნებოდა და ადამიანს გადარჩენის შანსს არ უტოვებდა. მახსოვს, ამას ჯერ კიდევ 1980-იანებში ვსწავლობდით, სასწავლებელში. დელფინებს შეუძლიათ, მოცურავე საკმაოდ შორ მანძილზე შეამჩნიონ.

- როგორც ვხვდები, ამ საბრძოლო დელფინებს კიდევ სხვა დანიშნულებაც აქვთ?

- მეორე მიმართულება გემების დანაღმვა იყო. ზურგზე ნაღმმოკრული დელფინი გემთან მივიდოდა. რადგანაც ნაღმი მაგნიტური იყო, ის გემს მიეკვრებოდა, დელფინი კი უკან გამობრუნდებოდა. რაღაც დროის მერე მექანიზმი ამ ნაღმს გაააქტიურებდა.

- გამოდის, სსრკ-ის დაშლის შემდეგ დელფინების წვრთნის პროგრამა უკრაინას გადაეცა და ყირიმის ანექსიამდე მუშაობდა. რა მოხდა 2014 წელს?

- მათ აქტიურად არ იყენებდნენ დასაცავად. შესაძლოა იქ რაღაც რეზერვი იყო და ასე თუ ისე ამზადებდნენ, მაგრამ ის მაინც დახურული ნაწილი იყო და ისე აღარ მუშაობდნენ, როგორც ადრე.

- ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინული პროგრამა გააჩერეს თუ დღემდე არსებობს?

- დელფინარიუმი ოდესაში გადაიტანეს და იქ სამხედრო-საზღვაო ძალების სამეცნიერო ცენტრი გააკეთეს. დღემდე არსებობს, თუმცა ცოტა არ იყოს შეცვლილია.

- 2014 წლის შემდეგ მას რუსეთი დაეპატრონა და, როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება, აქტიურად იყენებენ. თანამადროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს ამართლებს?

-გარკვეულ ეფექტს იძლევა. დელფინმა შეიძლება მყვინთავი იპოვოს, ახალი ადამიანი დიდ დისტანციაზე. დელფინს ასევე შეუძლია, დიდ დისტანციაზე აღმოაჩინოს დიდი ობიექტი. თუ დელფინს აღჭურავ და გაწვრთნი, ის გარკვეულ ფუნქციას შეასრულებს.

დელფინები აშშ-ში

Სამხედრო მიზნებისთვის დელფინებს მხოლოდ რუსები არ წვრთნიან. ასეთი პროგრამა აშშ-იც არის. 1950 წლიდან მოყოლებული ამ პროგრამას, სულ მცირე, 28 მილიონი დოლარი დაახარჯეს. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები გულმოდგინედ მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომლებიც ძუძუმწოვრებს ჩაანაცვლებდა, თუმცა ზოგ მისიაზე ეს გამოუვიდათ, დანარჩენზე - ჯერ ვერა. წლები გავა, სანამ ეს ტექნოლოგიები იაფი და ეფექტიანი გახდება.

კალიფორნიაში, სან-დიეგოს ბაზაზე 80 დელფინი და 40 ზღვის ლომი ცხოვრობს. ერაყში ომის დროს ისინი სპარსეთის ყურის განაღმვაში მონაწილეობდნენ. 1990-იან წლებში ამერიკული მედია წერდა, რომ ამერიკელი სამხედროები შეეცადნენ, დელფინებისთვის მოწინააღმდეგის მყვინთავების დახოცვა ესწავლებინათ. პენტაგონმა ეს უარყო, უბრალოდ შეუძლებელიაო.

XS
SM
MD
LG