Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კულტურული საუბრები“ კულტურაზე - რა ეშველება დამოუკიდებელ თეატრს?

პლაკატი საპროტესტო აქციიდან
პლაკატი საპროტესტო აქციიდან

„ეს კულტურული საუბრები ამოვიდა ყელში. ჩემმა ცოლმაც ეს პიჟონური სვიტრი ჩამაცვა, უნდოდა კულტურულ კაცად გავესაღებინე, მაგრამ არ ვარ, ბატონო, კულტურული კაცი“... - ამბობს სპექტაკლ „ხრამუნას“ ერთ-ერთი პერსონაჟი, შემდეგ ვარდისფერ ჯემპრს იხდის და დივანსა და მაგიდაზე დარბის.

„ხრამუნა“ კომედიაა, 10 წლის წინ ის ფოთის თეატრმა დადგა და ხალხმაც შეიყვარა, ბევრს რამდენჯერმეც კი აქვს ნანახი. რეჟისორმა პაატა ციკოლიამ ის ვიდეო სპექტაკლად აქცია. პროექტის სახელზე დიდხანს იფიქრეს და ბოლოს „სპექტაკლი სახლში“ დაარქვეს. ბილეთი 35 ლარი ღირს და ყიდვა ონლაინ შეიძლება. შემდეგ შეგიძლია რამდენჯერმე ნახო. მისწრებაა მათთვის, ვინც ფოთში ან საერთოდ საქართველოში არ ცხოვრობს, მაგალითად ემიგრანტებისთვის, ასევე მათთვისაც, ვინც საქართველოში დამოუკიდებელი თეატრის მაყურებლად რჩება.

მას შემდეგ, რაც ბევრი მსახიობი პროევროპულ აქციებში ჩაერთო და სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი თქვა, ძალიან ცოტა საშუალება დარჩა იმისთვის, რომ მათ სპექტაკლები დადგან და ითამაშონ. პაატა ციკოლიამ ეს გამოსავალი იპოვა.

„კმაყოფილია მაყურებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ახალს იწყებ რამეს. ჩვენ ასე ვიფიქრეთ, იყოს კომედია, რომელიც დამატებით ბარიერებს არ შექმნის გავრცელებსითვის და გაყიდვებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომერციულად წარმატებული იყოს ეს პროექტი, რომ შემდეგ სხვა პროექტები გავაკეთოთ“, - ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლი სპეციფიკურია, სცენაზე ორ დივანზე ოთხი ადამიანი ზის და გაუთავებლად ელაპარაკება ერთმანეთს. შინაარსი მარტივია, ბავშვებმა იჩხუბეს და ახლა მშობლები ცდილობენ დალაპარაკებას, თუმცა ეს „კულტურული საუბრები“ მალე გულწრფელ აყალმაყალში გადაიზრდება. მსახიობებისთვის ასეთი სპექტაკლი რთული სათამშოა - მთელი ყურადღება მათზეა მიპყრობილი. გარშემო არაფერია, არც დეკორაცია, არც სპეცეფექტები, არც მუსიკა, სამაგიეროდ ხარჯია მინიმალური.

„როცა რთული სტრუქტურა აქვს სპექტაკლს მისი გადაღებაც რთულია, ეს კი ჩვენ სამ დღეში გადავიღეთ“, - ამბობს პაატა ციკოლია.

რა გზებს პოულობენ სხვა რეჟისორები? ღია სივრცის თეატრის კურატორი დავით ხორბალაძე ამბობს, რომ „აგენტების შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ მდგომარეობა გართულდა. აი, მაგალითად, ოთხწლიანი გრანტი, რომელზეც მთლიანად იყვნენ დამოკიდებულები, დასრულდა, ახალს კი ვერ იღებენ.

„სახელმწიფო ინსტიტუციებთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. არც მანამდე გამოგვდიოდა კრიტიკული პოზიციის გამო და ახლა ხომ საერთოდ... ძალიან ბევრი სახელოვნებო სივრცე განადგურების წინაშეა, მაგრამ გამოსავალს მაინც ეძებ, თუ გინდა, დარჩე და აქ გააკეთო რამე. ისეთ ვითარებში აღმოვჩნდით, როგორშიც არასდროს ვყოფილვართ. მხოლოდ მაყურებლის იმედზე ვერ იქნები. ეს ფული კომუნალურ გადასახადსაც ვერ ეყოფა. წელს მარტო ერთი სპექტაკლი გვაქვს. კერძო დაფინანსება თუ იქნება გამოსავალი, ბიძგის მიმცემი, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება“, - ამბობს დავით ხორბალაძე.

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ჰყვება, რომ მათთვის, ვინც პროტესტში მონაწილებს მართლაც ძალიან მძიმე სიტუაციია. მათ არა აქვთ არც სახელმწიფო დაფინანსება, არც გრანტები. რაც შეეხება კერძო დონორებს, სოფო კილასონია ფიქრობს, რომ თუ ბიზნესი რამეს დააფინანსებს, ეს მხოლოდ პოპ კულტურა იქნება, სადაც პროტესტი ან საერთოდ არ აისახება, ან მხოლოდ მეტაფორულად.

სოფო კილასონია
სოფო კილასონია

„ქართული ბიზნესი თუ აფინანსებს თეატრს, არა თეატრის განვითარებისთვის, არამედ საკუთარი რეკლამისთვის. ამისთვის უკვე ავტორიტარულ და ცნობილ ხელოვანებს ირჩევენ. არაპოპულარულ, პოლიტიკურად დაჩაგრულ თემებზე ისედაც ძალიან ცოტა ადამიანი ლაპარაკობდა და მათაც არანაირი რესურსი არ დარჩათ. რამდენიმე თეატრს თუ აქვს მუნიციპალური, სახელმწიფო დაფინასება შენარჩუნებული, ისინი უკვე თვითცენზურას იყენებენ და რამდენიმე სპექტაკლი დადგმებიდან მოიხსნა, - ამბობს დოსო კილასონია.

ამის მაგალითია ბათუმის თეატრი, რომელმაც სპექტაკლი DARK WEB-ის პრემიერამდე ორი დღით ადრე მოხსნა.

„საპრემიერო ჩვენებიდან ორი დღით ადრე, თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს.

შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“, - ეწერა თეატრის განცხადებაში.

დამოუკიდებელი თეატრი რჩება კერძო ინვესტორის სამოქალაქო პოზიციის, შეგნებისა და ინტელექტის იმედად.

„როგორც მოქალაქე ვიტყვი, მქონდა იმედი, რომ ბიზნესი შექმნიდა რამე ფონდს, ერთგვარ საყრდენს ბოიკოტში მყოფი კულტურის სფეროს წარმოამდგენლობისთვის, დაგვეხმარებოდა, მაგალითად, ჯარიმების გადახდაში... მაგრამ მაშინ ბიზნესმა გვიმტყუნა. - ჰყვება სოფო კილასინია - ამ დროს ეს რომ გაკეთებულიყო, პროტესტი ძალიან ძლიერი იქნებოდა, კულტურის სექტორი დარჩებოდა მის სათავეში. მაგრამ ხელოვანები, რომლებიც ისედაც მიზერული თანხით არსებობენ, რაღაც ზღვრამდე მივიდნენ და მერე ყოფამ თავისი ქნა“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG