Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ციხიდან რუსეთის ომში - როგორ ხვდებიან შუააზიელი მიგრანტი ქალები უკრაინის ფრონტზე

ათასობით ყაზახი, ყირგიზი, ტაჯიკი, თურქმენი, უზბეკი რუსეთის არმიის რიგებში უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. რადიო თავისუფლების ცენტრალური აზიის რედაქციამ გაარკვია, რომ მათ ნაწილს ომში მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაპირებით იტყუებენ, ნაწილს კი, მათ შორის ქალებს, კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ.

დილბარი უკვე რამდენიმე თვეა რუსეთის ქალაქ ომსკის წინასწარი დაკავების (საგამოძიებო) იზოლატორში იმყოფება. მისი თქმით, ციხის თანამშრომლები სცემდნენ, ელექტროშოკით აწამებდნენ და ემუქრებოდნენ.

18 წლის მიგრანტ გოგოს ყირგიზეთიდან, რომელსაც ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებენ და სასამართლოს განაჩენს ელოდება, არჩევანი შესთავაზეს: 15 წლამდე პატიმრობა ან უკრაინაში, ომში წასვლა.

რუსეთში მილიონობით შრომითი მიგრანტი ცხოვრობს ცენტრალური აზიიდან. ცნობილია, რომ უკრაინის ომში ამ რეგიონის მკვიდრი ათასობით მამაკაცი მონაწილეობს. ნაწილს მაღალ ანაზღაურებას დაჰპირდნენ, თუმცა დიდი უმრავლესობა არის ყოფილი მსჯავრდადებულები და დაკავებულები, რომლებსაც რუსეთის არმიაში შესვლა აიძულეს. ამგვარი კონტრაქტები ქალებთანაც ფორმდება.

„თუ დიდ ვადას მომისჯიან, ომში წავალ“

დილბარიც (სახელი შეცვლილია) შესაძლოა მალე მათ შორის აღმოჩნდეს.

„დედა, მაპატიე, - დაწერა დილბარმა ახლახან გაგზავნილ წერილში, - თუ დიდ ვადას მომისჯიან, ომში წავალ. იქ ხელფასს მომცემენ და ერთ წელიწადში თავისუფალი ვიქნები.“

დილბარი ოქტომბერში დააკავეს, ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან რუსეთში გადასვლიდან ერთი წლის თავზე. ომსკში მეგობრებთან ერთად სეირნობისას დააპატიმრეს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბრალდებით, რომელსაც თავად უარყოფს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ცენტრალური აზიის მიგრანტებს, მათ შორის ქალებსაც, ხშირად მსგავსი გამოგონილი ბრალდებებით აკავებენ.

ხელფასს მომცემენ და ერთ წელიწადში თავისუფალი ვიქნები.

დილბარის დის თქმით (უსაფრთხოების მიზნით მანაც არ ისურვა სახელის გამხელა), გოგოს შესთავაზეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიაში მზარეულად სამსახური და ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 2 მილიონი რუბლის (დაახლოებით 26 000 დოლარი) გადახდას დაჰპირდნენ.

“ციხის თანამშრომლებმა დაარწმუნეს, რომ ერთი წლის შემდეგ სრულიად თავისუფალი იქნებოდა“, - დაამატა ქალმა.

დილბარის და ყირგიზეთიდან ომსკში სპეციალურად ჩავიდა, რათა სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და დაერწმუნებინა და, რომ რუსეთის არმიის რიგებში შესვლაზე უარი ეთქვა.

„ხშირად გვესმის, რომ ვინც უკრაინაში წავიდა, უკან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა“, - ამბობს პატიმრის და, რომლის თქმითაც, მათი მამა, ასევე შრომითი მიგრანტი, ომში 2023 წელს წავიდა და ახლა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის ირიცხება.

„ომში გაგზავნის შიშით თვითმკვლელობას ცდილობდნენ“

რუსეთმა, სასჯელის შემცირების სანაცვლოდ, ათიათასობით პატიმარი ჩართო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში. ექსპერტთა განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს პირადი შემადგენლობის დანაკარგის შევსებას და ახალი მობილიზაციის თავიდან აცილებას.

მიიჩნევა, რომ გადაბირებულებს შორის ასობით ქალია - როგორც რუსეთის მოქალაქე, ისე უცხოელი. ზოგი მათგანი სამხედრო პოზიციებზე იგზავნება, სხვები კი მუშაობენ მზარეულებად, დამლაგებლებად, მედდებად და ფელდშერებად.

რუსეთის ხელისუფლებამ გულბარჩინის გადაბირებაც სცადა - ყირგიზი ქალისა, რომელიც მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ვლადიმირში 12-წლიან სასჯელს იხდის.

2023 წლის ბოლოს გულბარჩინმა ოჯახს მისწერა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ომში გასაგზავნ პოტენციურ კანდიდატთა სია შეადგინა.

„ყველა, ვისაც სასჯელის დიდი ვადა აქვს, ამ სიაში შეიყვანეს“, — დაწერა მან და დაამატა, რომ თვითონ ხელმოწერაზე უარი თქვა.

უზბეკური უფლებადამცველი ორგანიზაცია „ეზგულიკი“ აცხადებს, რომ მიიღო წერილები რუსეთის ციხეებში მყოფი ათობით უზბეკი ქალის ნათესავებისგან, რომლებიც ციხის ადმინისტრაციებს უკრაინის ომში გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებენ.

პატიმრებს 10 დღეს საჭმელს არ აძლევდნენ, რათა “გატეხილიყვნენ".

ერთ-ერთი ასეთი წერილის ავტორია უმიდა, რომლის შვილი რუსეთის ციხეში იხდის სასჯელს. მისი თქმით, სხვა პატიმრების ნათესავებისგან გაიგო, რა მეთოდებით ცდილობს ადმინისტრაცია ქალების დაყოლიებას.

„პატიმრებს 10 დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საჭმელს, რათა „გატეხილიყვნენ“ და ომში წასვლაზე დათანხმებულიყვნენ, - ამბობს უმიდა, - ზოგი გოგონა ფრონტზე გაგზავნის შიშით თვითმკვლელობასაც კი ცდილობდა.“

„არიან ისეთებიც, ვინც წინა ხაზზე იბრძვიან"

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ქალების იძულებით გადაბირებას და მათ სამსახურს რუსეთის არმიის რიგებში ნებაყოფლობითს უწოდებს. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 37 500-ზე მეტი ქალი მსახურობს საბრძოლო პოზიციაზე, ხოლო დაახლოებით 270 000 ქალი არმიაში სამოქალაქო პროფილით მუშაობს.

ქალთა კოლონია რუსეთში
ქალთა კოლონია რუსეთში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის შესახებ, რამდენი ქალი, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე.

ყირგიზი იურისტი მირლან ტოქტობეკოვი, რომელიც მიგრაციის საკითხების სპეციალისტია, აცხადებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების მკვიდრი ქალების უმეტესობა დამხმარე პოზიციებზე მუშაობს, თუმცა ნაწილი ნამდვილ, საბრძოლო ქვედანაყოფებში ირიცხება.

ფიქრობენ, რომ მედდებად ამუშავებენ.

„არიან ქალები, რომლებიც სამხედრო ტექნიკის სარემონტო ბრიგადებში მუშაობენ. და არიან ისეთებიც, ვინც წინა ხაზზე იბრძვიან. მამაკაცებთან შედარებით მათი წილი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ასეთი ქალები ნამდვილად არსებობენ“, - ამბობს ტოქტობეკოვი.

ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა ოლგა რომანოვამ, რომელიც პატიმართა უფლებებს იცავს, განაცხადა, რომ ქალი პატიმრები ხშირად შეცდომაში შეჰყავთ.

„ქალთა კოლონიებში ინტერნეტი არ არის, - ამბობს რომანოვა, - მათ მხოლოდ ის იციან, რასაც ტელევიზორით აჩვენებენ. ფიქრობენ, რომ მედდებად იმუშავებენ. წარმოდგენა არ აქვთ, სინამდვილეში სად აგზავნიან მათ.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG