Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ექნება ბათუმის ბულვარს განვითარების გეგმა?


ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

137 წლის ზღვისპირა პარკი ბათუმის ბულვარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მალე განვითარების გეგმა ექნება. ამ დაპირებას ბათუმის ბულვარის ახლად დანიშნული დირექტორი იძლევა.

ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობით ბათუმის ძველი ბულვარისთვის კონსერვაციის გეგმა შემუშავდება, ახალი ბულვარისთვის კი - განვითარების გეგმა, რომელიც, მისივე თქმით, ზღვისპირა პარკის შემოერთებულ ტერიტორიას ახალ სიცოცხლეს შესძენს:

„უნდა შემუშავდეს რეგულაციები და სტანდარტები. თუ ჩვენ არ შევიმუშავებთ განვითარებულ ქვეყნებში არსებული სტანდარტების მსგავს რეგულაციებს, ჩვენ ვერ განვვითარდებით. ახალი წესები ჩვენ უნდა შევქმნათ კომპეტენტურ ჯგუფთან ერთად და არამხოლოდ ერთი ხელმძღვანელის გემოვნებით. ახალი ობიექტები არ გაჩნდება. მე სანამ ვიქნები ხელმძღვანელი, ბულვარი შეინარჩუნებს ამ იერსახეს და ლანდშაფტს. შესაძლოა,რაღაცები დასანგრევიც იყოს და რაღაცები, შესაძლოა, შემოვიდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იქნება ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს იქნება მაშინ, როცა გენგეგმაზე და კონცეფციაზე დავასრულებთ მუშაობას. არსებული ობიექტები, რომლებიც ბულვარის იერსახეს ამახინჯებს, კომპენსაციის სანაცვლოდ გავა“.

ბათუმის ბულვარში ბოლო წლებში აშენებული კომერციული დაწესებულებები, რომლებიც ძეგლის სტატუსის მქონე პარკის იერსახეს ამახინჯებდა, უნდა შეცვლილიყო. ასევე არ უნდა გაჩენილიყო ახალი მსგავსი შენობები. - ეს პირობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისცა აქტივისტ მოქალაქეებს, რომლებიც ძველი ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. მათ შორის იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ აქტივისტები. მისი ერთ-ერთი წევრი, ირმა ზოიძე, ამბობს, რომ ამ დაპირების შემდეგ დღემდე ბათუმის ბულვარმა ისე იცვალა სახე, რომ მთლიანად დაკარგა თავისი მთავარი ფუნქცია:

„ხელისუფლება დაგვპირდა, რომ კონსერვაციის გეგმას გააკეთებდა, რაც დაიცავდა ბულვარს და იქ ასე ადვილად ვერ ჩაიდგმებოდა ახალი ობიექტები. მაგრამ არ გვაქვს არანაირი დამცავი დოკუმენტი. შედეგად კი, რაც იყო ბათუმის ბულვარი და რითაც ჩვენ ბათუმელები ვამაყობდით, ის ნადგურდება. გახდა უკვე საქეიფო და ტაშ-ფანდურის ადგილი, როცა ეს იყო პარკი, სიმშვიდეში და ბუნებაში დასასვენებელი ადგილი, რაც დღეს აღარაა. ახლა იქ არის ხმაური, ახლა არის სახინკლეები და სახაშეები. მოქეიფე ადამიანების სივრცედ გადაიქცა ბულვარი და ეს არის დანაშაული“.

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

ბოლო დროს ბულვარში ახალი კომერციული ობიექტების გაჩენის გამო გააქტიურებას გეგმავენ ბათუმის ბულვარის დამცველები, რომლებმაც სამი წლის წინ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“ და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ზღვისპირა პარკის განვითარების მაშინდელი გეგმა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობდა ბათუმის ქუჩებში, მოთხოვნით, არ განხორციელებულიყო ახალი კონცეფცია, რაც, მოქალაქეების ნაწილის აზრით, ფუნდამენტურად შეცვლიდა ძველი ბულვარის განაშენიანებას. საინიციატივო ჯგუფ„დაიცავი ძველი ბათუმის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ხიმშიაშვილი, ამბობს, რომ სამი წლის წინ სამოქალაქო პროტესტებმა შეაჩერა ბულვარის კომერციალიზაციის პროცესი, თუმცა:

„იმ პროცესების შემდეგ ჩვენ მოვდუნდით და ეს სათავისოდ აღიქვა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. მაშინდელი დაპირებების ძირითადი ნაწილი არ შესრულდა. რაც შევძელით, იყო ის, რომ ბულვარის ნაწილი, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და რის შეცვლასაც აპირებდნენ, გადავარჩინეთ. მაგრამ დღეს ჩვენ, ფაქტიურად, ხელიდან გვეცლება ბულვარი. მე მქონდა ინიციატივა, რომ შევკრებილიყავით კიდევ ერთხელ, ისევ დაგვეწყო აქტიურობა და საზოგადოებამდე მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, რომ ბულვარის სახე ნელ-ნელა ქრება“.

ბათუმის ბულვარის იერსახის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ზღვისპირა პარკის განვითარების გეგმის დოკუმენტურად შემუშავება, აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ბათუმში, ნათია ზოიძე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, რადგან სამი წლის წინ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭოს მიერ ტენდერით გამოვლენილი ბულვარის განვითარების კონცეფციამ ბათუმელების პროტესტი გამოიწვია. აქვე იხსენებს, რომ საზოგადოების გააქტიურების შემდეგ ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელი უკვე მესამედ შეიცვალა, ახალი დირექტორები კი სწორედ ბათუმის ბულვარის განვითარების დოკუმენტის შექმნის დაპირებით მოდიოდნენ, თუმცა ასეთი გეგმა დღემდე არ არსებობს.

„თუ კონცეფციის გეგმა იქნება მიღებული, თავიდან ავიცილებთ ყოველდღიურ რუტინად ქცეულ პრობლემებს, რომელიც ყოველ სეზონზე არის ბათუმის ბულვარში - იხსნება ახალი რესტორანი, კაფე. ჩვენ მაშინაც და ახლაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაყოს რამდენიმე ეტაპად ეს სამუშაო. სანამ კონცეფციის გეგმას ტენდერზე გაიტანს, უნდა გამოვლინდეს, არსებული შენობებიდან რომელი არ შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარს“.

ბათუმის ბულვარის ახალი დირექტორი პირობას დებს, რომ ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარის კონსერვაციისა და განვითარების გეგმას შეიმუშავებს, რაც, მისივე განმარტებით, იქ არსებული შენობების კომპენსაციის სანაცვლოდ დემონტაჟს ან მათი იერსახის შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ ბულვარში დამკვიდრდება ახალი წესები, რომელთაც ყველა უნდა დაემორჩილოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG