Accessibility links

როდის ჩაასხამენ წყალს „ილიას ტბაში“?


დამშრალი "ილიას ტბა"

კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი კომპელქსი, „ილიას ტბა“, არ მუშაობს. შიდა ტურიზმის გახსნის ფონზე, ტბაში წყალი დამშრალია. მოშლილია ინფრასტრუქტურის ნაწილიც. მერია არ უპასუხებს შეკითხვას, როდის ჩაასხამენ წყალს ტბაში და როდის გაიხსნება ის ვიზიტორებისთვის.

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, თუმცა ტურისტული ობიექტების ნაწილს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. კახეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი, ,,ილიას ტბა", სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. ტბა დამშრალია, დაზიანებულია ხის გადასახედები და მოშლილია ინფრასტრუქტურის ნაწილი. როგორც ადგილობრივი ვიზიტორები ამბობენ, გახსნიდან, 2011 წლიდან, ამ დრომდე კომპლექსი ასეთი მოუვლელი არ უნახავთ. დიანა კოკორაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს „ილიას ტბის“ კომპლექსს ეწვია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო.

დამშრალი "ილიას ტბა"
დამშრალი "ილიას ტბა"

„როცა მოვდიოდი, აქაურობა განსაკუთრებულად ლამაზი და მოვლილი იყო, მაგრამ დღეს გაკვირვებული დავრჩი! მე და ჩემი მეგობარი მოვედით და ტბა დაგვხვდა დამშრალი და აქ, საერთოდ, გაუბედურებულია ყველაფერი, რაც დღეს ვნახე. აქ მოსვლას აღარ ვაპირებ მანამ, სანამ აქაურობას არ ეშველება. ყვარლის მუნიციპალიტეტს უნდა მიეხედა ტბისთვის, ვიდრე სეზონი დაიწყებოდა“.

ილიას ტბა. 2014 წ.
ილიას ტბა. 2014 წ.

გასულ წლებში, ზაფხულის თვეებში, „ილიას ტბას“ დღის განმავლობაში ასეულობით ვიზიტორი ჰყავდა, დღეს კი ტერიტორიაზე ორი ადგილობრივი ვიზიტორი დაგვხვდა და ისინიც სახლისკენ გაეშურნენ. ადგილობრივი ოპოზიცია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, „ილიას ტბა“, ფაქტობრივად, განადგურებულია. გიორგი ბოტკოველის თანახმად, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა დასასვენებელი კომპლექსით ვერ სარგებლობს, უმუშევრები დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ამ კომპლექსის მომსახურების სფეროში იყვნენ დასაქმებული.

„აქ ძალიან ბევრი ადგილობრივი დამსვენებელი მოდიოდა მთელი კახეთიდან. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას დამატებითი ინფრასტრუქტურა შეექმნა, ესდგილი არის გაპარტახებული. ეს არის ვანდალიზმი ხელისუფლების მხრიდან კახეთის მოსახლეობის წინააღმდეგ.

დამშრალი "ილიას ტბა"
დამშრალი "ილიას ტბა"

„ილიას ტბის“ კომპლექსი მუნიციპალური საკუთრებაა და მას მართავს მერიას დაქვემდებარებული საბიუჯეტო სამსახური. შიდა ტურისტული სეზონის გახსნას რატომ შეხვდა მოუმზადებელი „ილიას ტბის“ დასასვენებელი კომპლექსი? ამ შეკითხვაზე დღეს პასუხის მიღება გვსურდა ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილისგან, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისმა მოადგილემ კი, გივი ზაუტაშვილმა, გვითხრა, რომ „ილიას ტბასთან“ დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

აღსანიშნავია, რომ „ილიას ტბა“ არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილია, მას სამელიორაციო დანიშნულებაც აქვს, თუმცა ამჟამად წყალი დამშრალია. როდის დაიწყებს კომპლექსი ფუნქციონირებას, გაურკვეველია. „ილიას ტბის“ დასასვენებელი კომპლექსი 2011 წლის მიწურულს გაიხსნა. მანამდე იყო ტბა, რომლის ირგვლივ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. ტბას სახელი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, პატივსაცემად დაარქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG