Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა პატიმრობა "უალტერნატივოა"


„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს, გააუქმოს ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს,მორის მაჩალიკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს შეუფარდა აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიება, პატიმრობა.

მორის მაჩალიკაშვილის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მორის მაჩალიკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით დაესხა თავს სამართალდამცავებს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

26 წლის მორის მაჩალიკაშვილი ერთ-ერთია იმ 19 ადამიანს შორის, რომელთა პატიმრობის საკითხზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. მათგან ამ დროისათვის პატიმრობაში 17 პირი იმყოფება. მათ ნაწილს სააპელაციო სასამართლოსთვის არც კი მიუმართავს. როგორც ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ გვითხრა, ამ მოცემულობაში გასაჩივრებაც კი ბუტაფორიულია:

„გავრილოვის ღამის“ პატიმრები

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პირთა დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გავრილოვის ღამიდან“ ორიოდე კვირაში, ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მთლიანობაში მიცემულია 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკა მელია და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობას საზოგადოება არ იცნობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ძირითადად ინიაციალებით წარადგენს. ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებული სოციალური სტატუსის მატარებლები არიან, თუმცა აქვთ საერთოც - სასამართლომ თითქმის ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიება პატიმრობა გამოიყენა:

  • 20-21 ივნისის ღამის მოვლენების გამო რამდენიმე კვირაა უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 22 წლის ცოტნე სოსელია, რომელიც მისი ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განმარტებით, არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია. არის რაგბისტი და დაკავებამდე არსად მუშაობდა. მის მიმართ აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მთავარი მოტივი იყო ის, რომ ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, ან მიიმალებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტნე სოსელიას პოლიციელებისთვის ხელკეტის წართმევას და ამ ხელკეტით სამართალდამცავებზე ფიზიკურ თავდასხმას ედავება. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი ყიფშიძე ფიქრობს, რომ სასამართლოს ცოტნე სოსელიას მიმართ პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიების შეფარდება შეეძლო, თუმცა უპირატესობა მაინც ყველაზე მკაცრს მიანიჭა. ადვოკატის შეფასებით, 20-21 ივნისის მოვლენებზე ბრალდებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება ხელისუფლების, მათ შორის სასამართლოს პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა.

  • 20-21 ივნისის ღამეს დატრიალებული მოვლენების გამო ბესიკ თამლიანი მეორედ აღმოჩნდა პატიმრობაში. პირველად იგი აქციაზევე დააკავეს და 13 დღიანი სასჯელი შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ იგი ადმინისტრაციული პატიმრობის მე-4 დღეს გაათავისუფლა. იმავე საქმეზე ბესიკ თამლიანი 4 ივლისს უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად უკვე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ადვოკატ ვახო იაშვილის თანახმად, შსს - ს მიერ გავრცელებული ვიდეოფირის მიხედვით, ბესიკ თამლიანი იმყოფება მიტინგზე და როდესაც სპეცნაზი გარეთ გამოდის და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხალხი პარლამენტის წინ მდებარე შადრევანში ცვივა, ამაზე რეაქციას გამოხატავს. კერძოდ, არ ეხება არც ერთ პოლიციელს, მაგრამ ხელის მტევანს ურტყამს ფარს და ცდილობს იგი პოლიციელს წაართვას. 32 წლის ბესიკ თამლიანი ხელოსანია.
  • სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენის ფაქტით აღშფოთებულებს მოგვიანებით, პოლიციის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ შეუერთდა ზურაბ ბუდაღაშვილი. როგორც ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ამბობს, იგი პარლამენტის წინ მივიდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა მიმართ სპეცრაზმმა ძალადობრივი ქმედებები დაიწყო. მის თვალწინ გოგოს სახეში ხვდება რეზინის ტყვია. რეზინის ტყვიები მარცხენა მხრის არეში მოხვდა თავად ზურაბ ბუდაღაშვილსაც. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ ამ მომენტიდან იწყებს ზურაბ ბუდაღაშვილი საკუთარი თავისა და მოქალაქეების დაცვას.ზურაბ ბუდაღაშვილი ნასამართლევი იყო. იგი პასუხისმგებლობისგან შეურაცხადობის გამო იყო გათავისუფლებული. ადვოკატი ვახო იაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სამედიცინო - ფსიქიატრიული ექსპერტიზა მანაც დანიშნა. ადვოკატი 20-21 ივნისს მომხდარს უკავშირებს ზურაბ ბუდაღაშვილის ძმის, გიორგი ბუდაღაშვილის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნასაც. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ბუდაღაშვილს სავარაუდოდ ნარკოტიკი ჩაუდეს და დაკავების შემდეგ სცემეს. ამას ვახო იაშვილის აზრით, საფუძვლად უდევს გიორგი ბუდაღაშვილის მიერ შერჩევით სამართალზე გაკეთებული განცხადებები და გავრილოვის ღამის მოვლენების პოლიტიკური შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბუდაღაშვილი 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ არ ყოფილა, ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაკავებაც იმ მოვლენების გამოძახილია.

  • ვატო გელაშვილი პარლამენტის წინ ასევე მას შემდეგ მიდის, რაც ტელევიზიით შეიტყო 20-21 ივნისს დატრიალებული ძალადობის შესახებ. ადგილზე მისულმა ტელეფონით ლაივი ჩართო. სპეცნაზის მიერ ნასროლი ტყვია მასაც მოხვდა შუბლის მიდამოებში. „ამის მერე ორჯერ იქნევს ფეხს, აქედან ერთხელ მოქნეული ფარს ხვდება, მეორე კი ააცილა. მერე იგინება და გამოხატავს უკმაყოფილებას ამ ქმედებების გამო“, - გვითხრა ვახო იაშვილმა. ვატო გელაშვილს საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა. ადვოკატი ამას, ერთის მხრივ, დანაშაულის საფუძვლის არარსებობით ხსნის, მეორეს მხრივ კი უკავშირებს ერთ-ერთი სპეცრაზელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ფაქტს. „ასეთი გაცვლა გამოვიდა, ნამდვილად არ მჯერა მოსამართლის მიერ გადადგმული თავისუფალი ნაბიჯის“,- გვითხრა ვახო იაშვილმა.
  • მის მიმართ წაყენებულ ბრალს, ძალადობას არ აღიარებს ასევე „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, 44 წლის ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე პატიმარია. 29 ივლისს მისმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. განაჩენის გადასახედად სასამართლოს ახალი გარემოებები სჭირდება, ბრალდება კი ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში, ბეჟან ლორთქიფანიძისთვისაც პატიმრობის შეფარდებას იმით ასაბუთებს, რომ არსებობდა მის მიერ გამოძიებისადმი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

„აბსურდული დასაბუთება იყო ბეჟანის მიმართ სასამართლოდანაც, პროკურატურიდანაც და შედეგიც ველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა. სტრასბურგის სასამართლო საუბრობს, რომ არ შეიძლება ეს არგუმენტები თუ რამე კონკრეტული მაგალითი არ გაქვს და ხელშესახები გარემოება არ არის რომ მიმალვას, მაგალითად ან რაიმე ახალი დანაშაულის ჩადენას აპირებდა, კონკრეტული დასაბუთება თუ არ არსებობს, არ შეიძლება პატიმრობის გამოყენება“, - აღნიშნავს ადვოკატი გიორგი გელხაური.

რას ემსახურება პატიმრობის შეფარდება აქციის მონაწილეებისთვის?

ადვოკატი ბექა ბასილია ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეთა დაკავების და შემდგომ დაპატიმრების მთავარი მიზანია, შედარებით მინავლდეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი და სიმძიმის ცენტრი მანიფესტანტებზე გადავიდეს. შესაბამისად, ბექა ბასილია ამბობს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ჩასვამენ ციხეში, მით უფრო მეტი ლეგიტიმაცია შეექმნება ხელისუფლების მიერ აქციის ძალადობრივად დაშლის საჭიროებას.

ბექა ბასილაია
ბექა ბასილაია

მეორე მიზეზი, რასაც ბექა ბასილაია ასახელებს ადამიანთა დაშინებაა:

„დაშინება იმისთვის, რომ ადამიანები აღარ გავიდნენ ქუჩაში და გახარიას გადადგომის მოთხოვნა შემოდგომიდან არ იყოს ისეთი მძაფრი, როგორიც ის იყო 20 ივნისის შემდგომ. სხვა ლოგიკური ახსნა ამას არ გააჩნია, სამართლებრივ ახსნაზე ხომ საერთოდ ვერ ვსაუბრობ.“- ამბობს ბექა ბასილაია.

ბექა ბასილაიას შეფასებით, ბრალი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არასწორადაა სისხლის სამართლის მუხლი გამოყენებული და ისინი ვინც ამ მუხლით არიან დაკავებულები, ფაქტობრივად რეპრესირებულები არიან.

გია ნოდია
გია ნოდია

​ამ ჩამონათვალს კიდევ ერთს ამატებს პოლიტოლოგი გია ნოდია. მისი შეფასებით, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებისა და მათთვის აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების შეფარდების მიზანი არის, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მხარდამჭერებსა და საკუთარ გუნდს აჩვენოს ძალა. „ 21 ივნისს, როდესაც კობახიძე გადადგა და საარჩევნო სისტემის შეცვლას დათანხმდნენ, ხელისუფლება ჩოქმჯენში, თავდაცვის პოზიციაში იყო. ამას შეიძლებოდა მორალურად გაეტეხა „ქართული ოცნების“ გუნდი და ახლა ისინი შეტევაზე გადადიან და ამით აჩვენებენ თავისიანებს, რომ მაგრები ვართ და ნუ იფიქრებთ, რომ შეიძლება ხელისუფლებას ვკარგავდეთ“, - ამბობს გია ნოდია და განსაკუთრებულ ყურადღებას თავის მხრივ საზოგადოების დაშინებაზეც ამახვილებს.

გია ნოდიას აზრით, ხელისუფლებას ამ მხრივ წარმატების მიღწევა გაუჭირდება, მაგრამ „რევოლუციური სცენარის“ პრევენციას მაინც მიმართავს და საზოგადოებას ეუბნება, რომ მკაცრად დასჯის პოლიციაზე ნებისმიერ შეტაკებასა და თავდასხმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG