Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა შიშს დიდ თვალებთან ერთად კორონავირუსიც აქვს


უჩვეულო არაფერია იმაში, რომ შენ ახლა გეშინია. გეშინია იმის, რასაც ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, მაგრამ იცი, რომ სადღაც ტრიალებს - შორს, ახლოს, ამის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია. იქნებ, მაგიდის ზედაპირზეა ან კარის სახელურზე. ან იქნებ წყლის ბოთლზეა, მაღაზიაში რომ წამოავლე ხელი, ან სულაც ტკბილეულის შეკვრაზე, რომელიც სუპერმარკეტში დახლზე დევს და ფიქრობ, იყიდო თუ არ იყიდო და ბოლოს არ ყიდულობ, რადგან გადაწყვეტ, რომ ტკბილეულის ამ შეფუთვას იმან მოკიდა ხელი, ვინც მანამდე დააცემინა და ხელები არ დაიბანა.

იმ დღეს, ე.წ. სანიტაიზერი ამოვიღე ჩანთიდან. ძირს დამივარდა. სასწრაფოდ მეორე სანიტაიზერს დავავლე ხელი და ძირს დავარდნილი ფლაკონი საგულდაგულოდ დავსპირტე. კოლეგამ იხუმრა, „და აი, დადგა ახალი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც სპირტის დასპირტვა დავიწყეთ“. ანუ, მე გადავწყვიტე, ასე გავუმკლავდე შიშს - მეშინოდეს ყველასი და ყველაფრის, რაც ჩემ გარშემოა და ვცდილობდე, ჰიგიენის წესების გადამეტებული დაცვით ვაკონტროლო სიტუაცია.

ახალმა კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, რუტინა (რომელზეც ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე და ახლა გვენატრება), ქცევები. თავი ამოგვაყოფინა ისეთ სიტუაციაში, როდესაც თითქმის შეუძლებელია მომავლის განჭვრეტა და, რაც მთავარია, ადამიანები ერთმანეთს დააშორა. როგორც ჩანს, იძულებითი სოციალური დისტანცია, თვითიზოლაცია, ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაძლევი მისია იქნება კაცობრიობისთვის. სახლებში გამოკეტილებსა და არა მხოლოდ მათ, კიდევ უფრო მეტი დრო გაგვიჩნდა, ვიფიქროთ, ვიფიქროთ, მერე ეს ფიქრი შიშში გადაგვეზარდოს და ბოლოს სერიოზულ სტრესამდეც მივიდეთ.

იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, უკეთ შევძლოთ საკუთარი ქცევებისა თუ შიშების მართვა, ფსიქოლოგები გარკვეულ წესებზე შეთანხმდნენ. უამრავი სტატია თუ ინტერვიუ იწერება, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, როგორ ავარიდოთ თავი შემდგომ გართულებებს. კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა თუ სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტრესის მართვის რეკომენდაციებს გვკარნახობენ ადგილობრივი ფსიქოლოგებიც. შეიძლება ითქვას, რომ საბაზისო რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში იდენტურია.

და მაინც, ნორმალურია მსგავს სიტუაციებში შიში?

„კი, ეს სრულიად ბუნებრივია. ეს არის რეაქცია საფრთხის შემცველი სიტუაციისას და ჩვენ ახლა ნამდვილად საფრთხის შემცველ სიტუაციაში ვართ“, - გვეუბნება ფსიქოლოგი ქეთი ფილაური. მისი თქმით, შიში, შფოთვა, მაგალითად, პროდუქტის მომარაგების სურვილი, ამ სიტუაციაში ადამიანის სრულებით ნორმალური მდგომარეობაა:

„თუკი არ გვეშინია, მაშინ არც ვფრთხილობთ. შიშს სასიგნალო ფუნქცია აქვს, რომ საფრთხის შესახებ მოგვაწოდოს ინფორმაცია და შემდეგ უკვე ჩვენ მოვახდინოთ ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიის მობილიზება საფრთხის შემცველ დეტალებზე. ტიპიური საფრთხის შემცველი სიტუაციებისგან განსხვავებით, ახლა ჩვენ აღმოვჩნდით უნიკალურ სიტუაციაში, იმ თვალსაზრისით, რომ გაზიარება და ურთიერთობა, რომელიც ერთ-ერთი უნივერსალური მექანიზმია სტრესთან გასამკლავებლად, ამჯერად ამაშიც კი შევიზღუდეთ. გვიწევს თვითიზოლაციაში ცხოვრება, რაც დამატებითი ფაქტორია სტრესული ფონის მომატებისა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. ზოგადად, შფოთვა ყოველთვის უკავშირდება მომავალს. თუკი იწყებ ფიქრს, რომ ასეთი მდგომარეობა გასტანს დიდხანს, მაშინ მდგომარეობა რთულდება. იმისათვის, რომ შევამციროთ შფოთვის დონე, კარგი იქნება, ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და არა იმაზე, თუ რა იქნება ორი თვის შემდეგ“.

რა განსხვავებაა ხილული და უხილავი „მტრის“ შიშებს შორის?

ქეთი ფილაური ამბობს: „როცა გვეშინია, აგური არ დაგვეცეს თავში, ამის კონტროლი შეგვიძლია. შეიძლება კისერი გვეტკინოს მაღლა ყურებით, მაგრამ სიტუაცია მაინც კონტროლს ქვეშაა. თუმცა, როცა მეშინია ვირუსის, რომელიც უჩინარია და არ ვიცი, სად შეიძლება დამხვდეს, მე ე.წ. განუსაზღვრელობის წინაშე ვარ და ამ შფოთვას სწორედ ეს განუსაზღვრელობა განაპირობებს. ადამიანისთვის განუსაზღვრელობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაძლები სიტუაცია, რომელზეც ვრეაგირებთ შფოთვით და შიშით“.

ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე კი გვირჩევს:

„ეს ბრძოლა ბნელ ოთახში ხმლის ქნევას ჰგავს, მაგრამ როცა სხვა საშუალება დღეს არ გვაქვს და მჯერა, რომ მალე გვექნება, ის უნდა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს, რასაც გვეუბნებიან, გვასწავლიან: დავრჩეთ სახლში, გავუადვილოთ ერთმანეთს სახლში დარჩენის თანმხლები სირთულეები - იქნება ეს თბილი და გამამხნევებელი სიტყვები, ერთობლივი საქმიანობა, თამაში, ურთიერთობა და სხვა“.

ქეთევან თავართქილაძე იმასაც გვეუბნება, რომ ზომიერი შიში გვაფხიზლებს, მაგრამ იმისათვის, რომ შიში არ გადაიზარდოს უკონტროლო სტრესში, ასეთ სიტუაციაში უმჯობესია, თუკი დავიცავთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს.

ამ წესების შესახებ ქართველი და უცხოელი ფსიქოლოგები თანხმდებიან

  • ეცადე, ნაკლები დრო დაუთმო ისეთ საინფორმაციო ნაკადს, რომელიც შენში შიშს იწვევს. არ არის აუცილებელი, უყურო ყველა საინფორმაციო გამოშვებას.
  • ინფორმაციას ძირითადად ვიღებთ ტელევიზიით, სოციალური ქსელებით. უპრიანი იქნება, მოვუსმინოთ მხოლოდ კომპეტენტური პირებისგან გადმოცემულ ინფორმაციას. შექმნილი მდგომარეობა თავისთავად არის ნეგატიური ინფორმაციის შემცველი და მის მოსასმენად უნდა მოვემზადოთ. მთავარია, არ ავყვეთ ჭორებს, ვარაუდებს.
  • თუკი იძულებული ხარ, რომ სახლში დარჩე, მაშინ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიე - ჭამე, გამოიძინე, ივარჯიშე, სოციალური ქსელით ეკონტაქტე იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს.
  • შიშის და სევდის განსადევნად, ნუ მიეძალები ალკოჰოლსა და სიგარეტს.
  • შეეცადე აკეთო ის, რაც განსაკუთრებულ სიამოვნებას გგვრის და დამშვიდებაში გეხმარება.

რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ხანგრძლივი შიში და სტრესი?

ზოგ შემთხვევაში, ეს ემოცია შეიძლება იმდენად ინტენსიური გახდეს, რომ მან მიიღოს არარაციონალური ხასიათი და პირიქით, ხელი შეგვიშალოს პრობლემების დაძლევაში. ქეთი ფილაური ამ ეტაპზე, ჩვენს საზოგადოებაში, მსგავს საფრთხეს ვერ ხედავს. თუმცა, ხანგრძლივი და გადამეტებული სტრესის ფონზე, დროთა განმავლობაში, ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ძილის რეჟიმის მოშლა - უძილობა და ხანგრძლივი ძილის რეჟიმზე გადასვლა;
  • მადის დაქვეითება ან პირიქით, მადის მომატება;
  • უხასიათობა;
  • უმიზეზო აგრესია;
  • კონცენტრაციის დაკარგვა;
  • საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა.

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ფსიქოლოგები გვირჩევენ, მაქსიმალურად ვაკონტროლოთ როგორც საკუთარი ქცევები, ისე გარშემომყოფების, განსაკუთრებით კი, ბავშვების, მოზარდების ქცევები:

„უნდა გამოვნახოთ ბალანსი დასვენებასა და აქტიურობას შორის. მივაქციოთ ყურადღება ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ძილისა და კვების რეჟიმს“, - ამბობს ქეთი ფილაური.

მისი კოლეგა ქეთი თავართქილაძე თვლის, რომ ემოციურად დამუხტული, სტრესული მდგომარეობის მართვა და ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნება რთული არაა: „თუკი საკუთარ თავზე ვიმუშავებთ. არ ავყვეთ ემოციებს, გონებით შევაფასოთ სიტუაცია და ჩავრთოთ ჩვენი ინტერპრეტაციების ისეთი ფილტრები, რომლებიც გამოსავალზე გვაფიქრებინებს, ჩვენს შესაძლებლობებს შეგვაფასებინებს, მოქმედებისკენ გვიბიძგებს“, - ამბობს ქეთევან თავართქილაძე.

ვისთვისაა განსაკუთრებით საფრთხის შემცველი სტრესული მდგომარეობა?

ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან სტრესულ სიტუაციებში და, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, უმჯობესია, თუკი ამ პერიოდში, მათ სისტემატური ურთიერთობა ექნებათ ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებთან.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხანგრძლივი სტრესული ფონი მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაა დამაზიანებელი:

„სტრესული სიტუაცია მუშაობს როგორც შფოთვის გამომწვევი მიზეზი და შესაძლოა, ადამიანს, რომელსაც სულაც არ აწუხებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, შეექმნას გარკვეული პრობლემები. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სტრესის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. თუკი სიტუაცია დროულად დასტაბილურდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური იქნება სტრესის შედეგად გამოწვეული პრობლემები“, - ამბობს ქეთი ფილაური.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებსა და მოზარდებს?

ერთია, როდესაც მოზარდი თავად წყვეტს, რომ ურჩევნია საკუთარ ოთახში გამოიკეტოს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოვიდეს ოთახიდან, თუმცა, მეორეა, როდესაც მოზარდს იძულებით უწევს სახლში დარჩენა და მხოლოდ ონლაინ ურთიერთობებით დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით რთულია მათი დარწმუნება, რომ დღეს არსებული სიტუაცია თვითიზოლაციის წესებს ექვემდებარება.

  • მიაწოდეთ ბავშვებს გადამოწმებული ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რათა ისინი მხოლოდ ინტერნეტში გაბნეული ინფორმაციის ამარად არ დარჩნენ.
  • არ არის აუცილებელი, ზედმეტი კითხვებითა და ყურადღებით შევაწუხოთ ბავშვები. ამან შესაძლოა უფრო გაუმძაფროს მათ შიში. თუმცა, მშობლისგან უნდა გრძნობდნენ, რომ თუკი ისინი ამას მოისურვებენ, მშობელი მათ გვერდით იქნება.
  • უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ამგვარ სიტუაციებში მშობელი. თუკი ის თავად არის შეშინებული და განერვიულებული, მისი მდგომარეობა ავტომატურად გადადის ბავშვზე, რაც ამძაფრებს შიშის ფაქტორს.

ქეთი თავართქილაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები იმპულსურები არიან, მათი მაქსიმალიზმისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე, თუ მოინდომებენ, თვითმართვაც საუკეთესოდ შეუძლიათ: „შეხედონ ამ სიტუაციას, როგორც თვითჩაღრმავების საშუალებას, ისეთი რაღაცების კეთების შესაძლებლობას, რასაც ყოველდღიურ ორომტრიალში ჩართულები ვერ გააკეთებდნენ, ვერ მოიცლიდნენ“.

ის ამბობს, რომ ამგვარ სიტუაციებში, კარგი გამოსავალია დღიურების წერა: „რა ხდება, რა განცდები მაქვს, რა შეგრძნებები, რა აზრები, რა დავინახე ახალი. ეს, ერთი მხრივ, ემოციებისგან დაცლის კარგი საშუალებაა და, მეორე მხრივ, წლების შემდეგ, საინტერესო საკითხავი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG