Accessibility links

site logo site logo

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნათლობის წესს არ შეცვლის


ნათლობის რიტუალი.

მღვდელს რომ ნათლობის რიტუალის აღსრულებისას, წყალში შთაფლვისას,  ჩვილი შემოაკვდება, ტრაგედიაა ყველასთვის. ტრაგედია რომ აღარ განმეორდეს, რა გზას დავადგეთ?

ეს ამბავი მოხდა რუმინეთის პატარა ქალაქ სუჩავაში, კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ნათლობის დროს ექვსი კვირის ბავშვი, იუსტინი, ცუდად გახდა მას მერე, რაც მღვდელმა ის მესამედ ამოიყვანა წყლიდან. ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა ვეღარ უშველეს, ფილტვებში მოხვედრილმა წყალმა პატარა დაახრჩო.

რუმინეთში ამას მოჰყვა აღშფოთება, დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ნათლობის რიტუალის შეცვლის მოთხოვნით.

მღვდელს, ალექსანდრ მაზარაჩს, არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

11 თებერვალს მაზარაჩის ადვოკატმა, მარცელ ბალაჩიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა, რომ მან „რიტუალი ჩაატარა ეკლესიის მიერ დადგენილი წესით“.

გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს მღვდელს ბავშვი არასწორად ეჭირა ხელში. ექსპერტიზის თანახმად, ბავშვს ასამდე გრამი წყალი ჰქონდა გადაყლაპული, განაცხადა პატარის მშობლების ადვოკატმა, იოან ბულბოაჩამ.

ჩვილის სიკვდილს მოჰყვა რუმინეთში აქტიური დავა იმაზე, თუ როგორ ტარდება ნათლობის რიტუალი. 60 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც ისინი წყალში ჩვილების შთაფლვის წესის შეცვლას ითხოვენ.

რუმინეთი ისტორიულად მართლმადიდებელი ქვეყანაა. ამ ქვეყნის კონსტიტუციით, რომელიც 1923 წელს მიიღეს, მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატესობა ენიჭებოდა სხვა ეკლესიებთან შედარებით. ამ დროს რუმინეთი მულტიეთნიკური ქვეყანა იყო, სადაც ცხოვრობდნენ უნგრელები, გერმანელები, ებრაელები და სხვები.

ხალხი რუმინეთში უფრო პროვინციებში ითვლება ღრმად მორწმუნედ, მაგრამ მღვდლის მიმართ პატივისცემა ყველგანაა. და, საერთოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ქვეყანაში დიდია.

ეს გამოჩნდა ახლაც, ნათლობის დროს ჩვილის სიკვდილის საქმეში.

ეკლესიასა და რუმინეთის საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენა აქვს, მიმდინარეობს კამათი, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ახლაც, პატარა ბავშვის სიკვდილის შემდეგ, არაერთმა ცნობილმა პუბლიცისტმა განაცხადა, რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დროა შეიგნოს, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთო.

ომბუდსმენი


უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა რუმინეთის ომბუდსმენმა და 17 თებერვალს შეხვდა ეკლესიის სასულიერო პირებს, რომელთაც შესთავაზა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დასაცავად, ნათლობისთვის ახალი მღვდლები უკეთ მოამზადონ, გამოცდილები კი გადაამზადონ; ამასთან, სასულიერო პირებმა გაითვალისწინონ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უფრო მოზრდილი ბავშვები მონათლონ.

კონსერვატორი მღვდელმთავარი

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული მღვდელმთავარი, ტეოდოსი, სამხრეთ რუმინეთში ისტორიულ ტომისის ეპარქიას განაგებს. ის კორონავირუსის მიზეზით დადგენილი წესების დარღვევის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში. ტეოდოსი წინააღმდეგია, რომ ნათლობისას სამჯერ შთაფლვის ნაცვლად ჩვილ ბავშვებს წყალი ან შეაპკურონ, ან თავზე გადაასხან.

რუმინეთის ტელეარხ Antena3-ით გამოსვლისას მან თქვა, ორი ათასი წელიწადია, ნათლობის წესი წყალში შთაფლვით აღსრულდება და ათასი წელი კიდევ ასე უნდა შესრულდესო. თვითონ მთავარეპისკოპოსი ჩვილ ბავშვებს ცივ წყალში ნათლავს, რათა, მისი თქმით, ისინი „უფრო მგრძნობიარე“ გახდნენ და მომავალში აღარ გაცივდნენ. მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ ტეოდოსმა ნათლობისას ბავშვის სიკვდილში ბრალი დასდო მშობლებს, რომლებმაც, მისი თქმით, პატარას ბევრი აჭამეს, თორემ შთაფლვისას წყალი ასე ვერ გადასცდებოდა, დედის რძემ დაახრჩოო.

სინოდი

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, ეკლესიის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, 25 თებერვალს შეიკრიბა და განაცხადა, ნათლობის რიტუალი არ შეიცვლება და არ გადაკეთდებაო, თუმცა ის მოითხოვს მღვდლებისგან, მეტი პასუხისმგებლობით ჩაატარონ რიტუალი.

სინოდმა ასევე დაადგინა, რომ მღვდლებს მოეთხოვებათ მშობლებთან შეხვედრა ნათლობის წინ და მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა, ხოლო საღვთისმეტყველებო სკოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ "განსაკუთრებული ყურადღება" მიექცეს მომავალი მღვდლებისთვის შთაფლვის პრაქტიკის სწავლებას, - წერს ეკლესიის ვებსაიტი basilica.ro

ვლადიმირ დუმიტრუმ, ბიოლოგიის მასწავლებელმა აღმოსავლეთის ქალაქ მაჩინიდან და პეტიციის ავტორმა, რომელიც ნათლობის რიტუალში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, 28 თებერვალს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის დათმობები, რაზეც სინოდი წავიდა, "პატარა წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის სწორი ნაბიჯი".

მან თქვა, რომ მოამზადებს კიდევ ერთ პეტიციას და გაგზავნის პარლამენტში, ხელისუფლების მიმართ მოთხოვნით, რომ ჩაატარონ სამედიცინო შემოწმება იმის დასადგენად, თუ რა რისკები არსებობს მართლმადიდებლური ნათლობისას.

მიმომხილველებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეკლესიის რეაქცია.

ვიქტორია კლერკმა, ავტორმა აღმოსავლურ მართლმადიდებლობაზე დაწერილი წიგნისა, რომლის სახელწოდებაა "რატომ ეცემიან ანგელოზები" და რომელიც 2000 წელს გამოიცა, რადიო თავისუფლებას 12 თებერვალს განუცხადა, რომ " [მართლმადიდებლურ ეკლესიაში] ასეთი დიდი რწმენა ემყარება მის უცვლელ, მარადიულ ბუნებას და რომ მისი რიტუალებისა და ჰიმნების კვალი ბიზანტიურ პერიოდამდე მიდის".

"თუკი ამ უცვლელ რიტუალებს დაკარგავთ, თქვენ დაკარგავთ რაღაცას, განუყოფელს რწმენისგან... ისევე როგორც ილუზიონისტი, რომელმაც ზუსტად უნდა შეასრულოს ფოკუსი, სხვაგვარად მას ეფექტი არ ექნება“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

"მნიშვნელოვანია, რომ რიტუალები უზუსტესად ტარდებოდეს და სრული შთაფლვა იოანე ნათლისმცემლისა და მდინარე იორდანის დროიდან მოდის; მას ცოტაოდენი წყალი არ შეუსხურებია მათთვის, მთლიანად შთაფლავდა მათ", განაცხადა ვიქტორია კლერკმა.

იესოს ნათლობა იოანე ნათლისმცემლის მიერ იორდანში არის მთავარი მოვლენა, რაზეც დამყარებულია ეს ძველი ტრადიცია. ნათლობას, ფაქტობრივად, ყველა ქრისტიანული კონფესია ატარებს, თუმცა სრული შთაფლვით ნათლობით ყველაზე მეტად ცნობილი მართლმადიდებლური ეკლესია და პროტესტანტი ბაპტისტები არიან.

ხსენებულ პეტიციაზე ხელმომწერებს სურთ, რომ ბავშვს თავზე სიმბოლურად მიასხურონ წყალი, "როგორც კათოლიკური და პროტესტანტული ნათლობებისას, და არა უხეშად (ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ისინი არსებობს)", წერია პეტიციაში.

"ჩვილი ბავშვების სიკვდილი, რომელიც ასეთი პრაქტიკითაა გამოწვეული, - თუნდაც შემთხვევითი იყოს, - უსაზღვრო ტრაგედიაა, რომელსაც მწუხარება მოაქვს სიხარულის ნაცვლად. ეს რისკი აღმოფხვრილი უნდა იქნეს მომავალში", წაიკითხავთ პეტიციაში.

ეკლესიის წარმომადგენელმა, ვასილე ბანესკუმ, 15 თებერვალს გამოაცხადა, რომ ადამიანებს პეტიციაზე ხელმოწერის უფლება, ცხადია, აქვთ, მაგრამ „რალიგიური რიტუალის ჩატარება დამოკიდებულია საეკლესიო პირის პირად საზოგადოებრივ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე“, იტყობინებოდა Agerpres-ი.

მთავარეპისკოპოსმა ტეოდოსმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში 19 თებერვალს განაცხადა, რომ "ნათლობის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ეს ღმერთის საქმეა და ღმერთს უნდა“ შევუსწოროთ?"

კრისტიან პარვულესკუს, პოლიტოლოგიისა და საჯარო ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის დეკანის, პროგნოზით, რომელიც სინოდის შეკრებამდე გააკეთა, ეკლესია არ შეცვლიდა რიტუალს.

"ეკლესია არ მიიღებს კათოლიკურ წესს", განუცხადა მან რადიო თავისუფლებას 18 თებერვალს. "ეს იქნება საზოგადოებრივი აზრის წინაშე კაპიტულაცია და ისინი ამისთვის მზად არ არიან". მისი თქმით, არსებული რიტუალი "წარმოუდგენელი ტრავმაა ბავშვისთვის... ტრავმა, რომელიც არასოდეს გამოუკვლევიათ და, სავარაუდოდ, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბევრი პრობლემის მიზეზია". პარვულესკუ ამბობს: "პრობლემა ის არის, რომ ეკლესიაში ორი შტოა: ერთი ეს არიან მღვდლები, რომლებსაც მრევლი ჰყავთ, და მეორე - ბერები. მათ შორის დაძაბულობაა. ბერები მართავენ ეკლესიას და მღვდლები უშუალო კონტაქტში არიან საზოგადოებასთან და მეტად არიან მზად ცვლილებებისთვის. მინახავს მღვდელი, რომელსაც თავზე წყალი შეუსხურებია ბავშვისთვის ნათლობისას". პარვულესკუ დასძენს, „საკითხავი ის არის, როდის გაჩნდება ზეწოლა ეკლესიის შიგნით ამის შესაცვლელადო".

ეკლესიის მაღალ დონეებზეც ჩანს გარკვეული ღიაობა იმისთვის, რომ რიტუალები შეიცვალოს.

არჯეშის არქიეპისკოპოსმა, კალინიკმა, წმიდა სინოდის წევრმა, 12 თებერვალს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ნათლობის უფრო ნაზ ფორმას "არასასურველი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად". ის პირველი ასაკოვანი სასულიერო პირია, რომელიც ამ ცერემონიის ნაკლებად სასტიკი ინტერპრეტაციის შემოთავაზებით გამოვიდა.

მაგრამ მისი აზრი, რომელსაც ზოგიერთები მიესალმნენ, უმცირესობაში იყო წმინდა სინოდის სხდომისას.

ბიზანტიის დროის რიტუალი

დან ჩიაჩირმა, მართლმადიდებლობის საკითხთა კომენტატორმა და ეკლესიის დამცველმა, განმარტა, რომ ნათლობა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია და მას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანულ ცხოვრებაში.

"იდეა ისაა, რომ ადამიანი უნდა მოინათლოს სიკვდილის წინ," თქვა მან. "მილიონობით ასეთი მართლმადიდებლური ნათლობა ჩატარებულა და ხანდახან მომხდარა [ტრაგიკული] შემთხვევები, მაგრამ რიტუალს ვერ შეცვლით“.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვის მონათვლა სიკვდილამდე. „ადრე, როცა არ არსებობდა მანქანები და ახალშობილი ან ავად იყო, ან ასე ჩანდა, რომ ავად იყო და კვდებოდა, ერისკაცს შეეძლო აეღო წყალი და მისთვის გადაესხა. თუ ბავშვი უდაბნოში იმყოფებოდა, მას ქვიშაში ნათლავდნენ“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ "როცა ჩვილი ბავშვი ავადაა, მისი შთაფლვა არ ხდება". მან თქვა, რომ მღვდლებს მომზადებისას ასწავლიან, როგორ უნდა დაიჭირონ ბავშვი და ამისთვის თოჯინებს იყენებენ ბავშვების ნაცვლად. თუმცა, დასძინა მან, "მეტი სიფრთხილე, მეტი ყურადღებაა" საჭირო ნათლობისას მომავალში.

ოჯახის ტრაგედია

ოჯახისთვის სიკვდილი სცდება უშუალოდ პირადი ტრაგედიის ფარგლებს. ჩვილის მამამ, ალექსანდრუ უნგურეანუმ, 11 თებერვალს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ნათლობის რიტუალი "დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო", და თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ იასიში 2017 წელს და მას-მედიას მისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
ბულბოაჩა, მშობლების ადვოკატი, ამტკიცებს, რომ ის, როგორც ჩატარდა ნათლობა, "ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება ".

„ბავშვი ტიროდა. ის ემბაზში სახით ზემოთ ჩაუშვეს, ყველა ჩაყლაპავდა წყალს. ეს იგივე დახრჩობაა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას 16 თებერვალს. "როცა ამოიყვანეს წყლიდან, აღარ ტიროდა. ეს ხმა იყო ძახილი საშველად, მას მეტი არაფრის გაკეთება შეეძლო... და მოგვიანებით გარდაიცვალა".

მართლმადიდებლური ნათლობის რიტუალი ამ დროისთვის იგივე რჩება, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ეკლესიასთან დავა არ დასრულებულა.

"პანდორას ყუთი გაიხსნა", თქვა დუმიტრუმ 28 თებერვალს.
"როცა კიდევ იქნება [ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დასრულდება], და მე დარწმუნებული ვარ, რომ, სამწუხაროდ, ასეთი რამ კიდევ მოხდება, ამას მართლა, მართლა ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვება საზოგადოებისგან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG