Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბნელი ზონა“. რუსეთისა და ირანის ბირთვული თანამშრომლობა

რუსი და ირანელი ბირთვული ინჟინრები ბუშერის ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკის მშენებლობაზე. 2009 წელი
რუსი და ირანელი ბირთვული ინჟინრები ბუშერის ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკის მშენებლობაზე. 2009 წელი

რუსეთი და ირანი, ორივე დასავლეთის მხრიდან სანქციებით მზარდი ზეწოლის პირობებში, იძულებულნი გახდნენ ნაჩქარევად გაევითარებინათ სამხედრო-ტექნიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა. ახლა ისინი ამ იძულებით პარტნიორობას ნაბიჯ-ნაბიჯ ხანგრძლივ ალიანსად გარდაქმნიან. რუსულ-ირანული ურთიერთქმედების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მიმართულებად მიიჩნევა ბირთვული სფერო, სადაც კრემლის ტექნოლოგიური ავანტიურიზმი იკვეთება რეგიონული ჰეგემონიისკენ თეირანის სწრაფვასთან.

„რუსეთი-ირანის“ ღერძის იურიდიულ საძირკვლად იქცა მათ შორის გაფორმებული „ხელშეკრულება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც ოფიციალურად ძალაში 2025 წლის 2 ოქტომბერს შევიდა.

მის პრაქტიკულ საგზაო რუკას კი წარმოადგენს დახურული მთავრობათაშორისი „თანამშრომლობის გეგმა 2024–2026 წლებისთვის“, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დამტკიცდა. ამ დოკუმენტმა პირდაპირ შეააკავშირა ჩრდილოვანი ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნა (ამბიციური მიზნით, რომ 2026 წლისთვის ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების წილი 71 პროცენტამდე გაიზარდოს) „მშვიდობიანი“ ატომის სფეროში ურთიერთქმედების მკვეთრ გაფართოებასთან.

ამ ფონზე, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტისა (INSS) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (Friedrich Naumann Foundation) ექსპერტები რუსეთის ადრინდელი სტრატეგიის მნიშვნელოვან ცვლილებებს ხედავენ და აღნიშნავენ მოსკოვის გადასვლას ირანის ბირთვული ამბიციების შეკავებიდან ღია დიპლომატიურ და ტექნოლოგიურ მფარველობაზე.

როგორც ამ ინსტიტუტების ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთი ლავირებდა თეირანთან კავშირების განვითარებასა და გაუვრცელებლობის საკითხებზე დასავლეთთან კონსენსუსის შენარჩუნებას შორის. თუმცა, მზარდი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, კრემლი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) პლატფორმაზე ირანის დიპლომატიური დაცვის სტრატეგიაზე გადავიდა და სისტემატურად აძლევს ხმას დასავლეთის სახელმწიფოების დამგმობი რეზოლუციების წინააღმდეგ. დღეს მოსკოვი ბუშერის ატომურ ელექტროსადგურსა და ირანში დაგეგმილ სხვა ახალ ერთობლივ პროექტებს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთ "სავაჭრო კარტად“ იყენებს, ხაზს უსვამს INSS-ი.

ბუშერის ატომური ელექტროსადგურის N2 ენერგობლოკის სამშენებლო მოედანი ობიექტზე სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონიის დროს. 2019 წლის 10 ნოემბერი
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის N2 ენერგობლოკის სამშენებლო მოედანი ობიექტზე სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონიის დროს. 2019 წლის 10 ნოემბერი

დაუსრულებელი მშენებლობა ბუშერში: დიპლომატიური ბერკეტიდან ფორსირებულ მშენებლობამდე

ამ ატომური ტანდემის მთავარ სიმბოლოდ ათწლეულების განმავლობაში რჩებოდა ირანის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ბუშერის მახლობლად დღემდე სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ დახმარებით შენდება და წარმოადგენს პირველ ატომურ ელექტროსადგურს ირანსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში.

„როსატომი“ - რუსული სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც ატომის სფეროს დარგის 400-ზე მეტ საწარმოს აერთიანებს. მის შემადგენლობაში შედის რუსეთის ფედერაციის ყველა სამოქალაქო ატომური კომპანია, ბირთვული იარაღის კომპლექსის საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, ასევე ატომური ყინულმჭრელი ფლოტი. „როსატომი“ ასევე მართავს რუსეთის ყველა ატომურ ელექტროსადგურს.

ჯერ კიდევ 1995 წელს ხელმოწერილი 800 მილიონი დოლარის ღირებულების რუსულ-ირანული კონტრაქტი ბუშერის აეს-ის №1 ენერგობლოკის მშენებლობის შესახებ, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაჭიანურებულ დაუსრულებელ მშენებლობად იქცა.

მხოლოდ 2012 წლის 30 აგვისტოს აიყვანეს ბუშერის აეს-ის პირველი ენერგობლოკი საპროექტო სიმძლავრის 100 პროცენტზე, ხოლო ელექტროენერგიის სრულფასოვანი გამომუშავება მან მხოლოდ 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. მოსკოვი წლების განმავლობაში აჭიანურებდა ამ პროექტს და მას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ვაჭრობის ინსტრუმენტად იყენებდა.

მაგრამ დღეს თამაშის წესები იცვლება. ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის მიუხედავად, როცა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის დაბომბვას თეირანის პასუხები მოჰყვა, „როსატომი“ დარჩა ამ ობიექტზე, და 2026 წლის შემოდგომისთვის ბუშერის აეს-ზე თავისი საკვანძო სპეციალისტების რაოდენობა 25-დან დაახლოებით 100 ადამიანამდე გაზარდა. საქმე ეხება სპეციალისტებს, რომლებიც დაბრუნდნენ ობიექტზე მას მერე, რაც მანამდე, რეაქტორზე თავდასხმების გამო, რამდენიმე ეტაპად მათი ევაკუაცია მოხდა.

შესაბამისად, ისინი „როსატომის“ იმ ასობით თანამშრომლის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებმაც ბუშერი აშშ-სა და ირანს შორის 40-დღიანი ომის დროს დატოვეს.
ერთ-ერთი თავდასხმის გამო ირანიდან 198 თანამშრომელი გაიყვანეს.

20 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან 600-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაცია დაასრულა, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ სპეციალისტების ბოლოს გაზრდილი რაოდენობა თავდაპირველად იქ მყოფი ჯგუფის უკან დაბრუნებულ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

იქ გაშლილია მეორე რიგის დაჩქარებული მშენებლობა. №2 ენერგობლოკზე უკვე დამონტაჟებულია შიდა დამცავი გარსის მესამე იარუსი (ნაგებობის სიმაღლემ 40 მეტრს მიაღწია), ხოლო საერთო სამშენებლო მზაობამ 60-პროცენტიან ზღვარს გადააბიჯა, 2029 წელს ამოქმედების პერსპექტივით. №3 ენერგობლოკზე საძირკვლის ჩასხმა მიმდინარეობს.

ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები ბუშერის აეს-ის 1-ლი ენერგობლოკის წინ
ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები ბუშერის აეს-ის 1-ლი ენერგობლოკის წინ

ამის პარალელურად, როგორც ნათქვამია იმავე ერთობლივ ანგარიშში, „როსატომის“ სამოქალაქო პროექტები თეირანს ფარული მანევრირებისთვის სივრცეს უთავისუფლებს. კვლევის ავტორების აღნიშნავენ, რომ ბუშერში ბირთვული საწვავის მიწოდება და აეს „სირიკის“ მშენებლობის გეგმები იმის ფონზე ხორციელდება, როდესაც ირანი რამდენიმე ბირთვული მუხტის შესაქმნელად საკმარისი მაღალგამდიდრებული ურანი შეაგროვა. თუ რამდენად აქვს ამ ურანის ახლა მოხმარების შესაძლებლობა ირანს, არ არის გარკვეული.

გარდა ამისა, რუსული ტექნოლოგიური მხარდაჭერამ, სამოქალაქო ენერგეტიკის ჩარჩოებით შეზღუდულმაც კი, შეიძლება თეირანის შიდა რესურსებს ფარული სამხედრო აქტივობის გაუთავისუფლოს საშუალება მისცეს, რაც საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს უბიძგებს საკუთარი სამხედრო-ბირთვული პროგრამების განვითარებისკენ, წერენ INSS ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ექსპერტები.

მეგაპროექტი „სირიკი“ და როგორ დაიხურა ირანის კარები IAEA-სთვის

2025 წლის შემოდგომაზე მოსკოვისა და თეირანის თანამშრომლობა პრინციპულად ახალ დონეზე ავიდა: მხარეებმა ხელი მოაწერეს აღმასრულებელ შეთანხმებას კოლოსალურ თანხაზე - 25 მილიარდ დოლარზე, ირანის სამხრეთ პროვინცია ჰორმოზგანში, ჰორმუზის სრუტის ნაპირებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის „სირიქის“ მშენებლობის შესახებ (დასავლეთის მედიაში მას ამის გამო ხშირად აეს „ჰორმუზს“ უწოდებენ).

ეს პროექტი ითვალისწინებს 5 გიგავატის საერთო სიმძლავრის ოთხი რეაქტორის აშენებას. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს ირანს, ანალიტიკოსების აზრით, ნახევარი საუკუნით მიამაგრებს რუსეთის საწვავის ციკლზე.

თუმცა მთავარი პრობლემა ამ პროცესზე კონტროლის მხრივ წარმოიშვა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) განგაშს ტეხს - ახალი რეაქტორებს საძირკველი ეყრება იმ პირობებში, როდესაც რაფაელ გროსის უწყებისთვის, ანუ IAEA-ისთვის, ირანის ბირთვულ ობიექტები „ბნელ ზონაში“ აღმოჩნდნენ.

ირანის ბირთვული ობიექტებზე დარტყმა და IAEA-ს შესაძლებლობები

2025 წლის ივნისი: აშშ-ისა და ისრაელის წერტილოვანი სამხედრო დარტყმები ნათანზისა და არაქის ობიექტებზე. შედეგად, IAEA სრულად კარგავს „ცოდნის უწყვეტობას“ გამდიდრებული ურანის მოცულობების შესახებ.

2026 წლის 28 თებერვალი: აშშ-ისა და ისრაელის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისი ირანთან, შეტევების ახალი სერია ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, IAEA ოფიციალურად წყვეტს მეთვალყურეობას ყველა დაზიანებულ ობიექტზე;

2026 წლის სექტემბერი: ირანი აჩერებს IAEA-ის ინსპექტორების წვდომას მშენებარე ობიექტებზე და „ახალ პროტოკოლებს“ ითხოვს. შედეგად, აეს „სირიკის“ მშენებლობის საერთაშორისო კონტროლი გაძნელებულია.

ნათანზის საიდუმლო ბირთვული ობიექტის გვირაბების კომპლექსის დასავლეთ შესასვლელის თანამგზავრული ფოტო. ისფაჰანის პროვინცია (ცენტრალური ირანი), 2026 წლის 21 ივნისი
ნათანზის საიდუმლო ბირთვული ობიექტის გვირაბების კომპლექსის დასავლეთ შესასვლელის თანამგზავრული ფოტო. ისფაჰანის პროვინცია (ცენტრალური ირანი), 2026 წლის 21 ივნისი

ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამად ესლამიმ ხისტი პოზიცია დაიკავა: ისლამური რესპუბლიკა უარს ამბობს IAEA-ს მიაწოდოს ინფორმაცია ან უზრუნველყოს მისი წვდომა ახალ ობიექტებზე საგანგებო პროტოკოლების შემუშავების გარეშე.

2026 წლის შემოდგომისთვის ბუშერი დარჩა ერთადერთ კუნძულად, სადაც ირანის ხელისუფლება ფრთხილად უშვებს IAEA-ის ინსპექტორებს. ამიტომ, ახალი გიგანტური აეს „სირიკის“ მშენებლობა იწყება იმ ფონზე, როდესაც ირანი სრულად შევიდა ჩრდილში და დააგროვა 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის მარაგები, აშშ-ის და ისრაელის, შარშან „12 დღიანი ომს“ და შემდგომ, ჯერ კიდევ მიმდინარე ომს გადარჩენილი 440 კილოგრამი. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის სულ მცირე 90 პროცენტიანი ურანია საჭირო.

IAEA-ს პოზიცია ცალსახაა: მასშტაბური ბირთვული სიმძლავრეების აღმართვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული (NPT) გარანტიების ტოტალური არ შესრულების პირობებში დიდ გამოწვევას წარმოადგენს გაუვრცელებლობის რეჟიმისთვის.
სააგენტო ოფიციალურად აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მხოლოდ მშვიდობიან ხასიათის დადასტურება არ შეუძლია, რადგან თეირანი მალავს მონაცემებს ცენტრიფუგებსა და გამდიდრებული მასალის საბოლოო ბედზე. IAEA-ის ხელმძღვანელმა თავისი ვარაუდი გამოთქვა ირანის ურანის თაობაზე და წელს მარტში გამოაცხადა, რომ „ირანის 60%-მდე გამდიდრებული ურანის თითქმის ნახევარი… ისპაანის გვირაბების კომპლექსში ინახებოდა და სავარაუდოდ კვლავ იქ რჩება,“ - თქვა რაფაელ გროსიმ.

როგორ იყენებს „როსატომი“ ხვრელებს დასავლურ სანქციებში

სწორედ საერთაშორისო კონტროლის ეს შექმნილი ვაკუუმი გარდაქმნის „როსატომის“ კომერციულ წარმატებებს ახალ „ბნელ ზონად“ და დიდ საფრთხედ. ასე თვლიან ვაშინგტონში არსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS, რუსეთში შერაცხილია „არასასურველ ორგანიზაციად“) ექსპერტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ რუსული „მწვანე ენერგეტიკის“ ექსპორტის ლამაზი ფასადის მიღმა იმალება მოსკოვის მიერ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიების მიღება, ასევე მათი შემდგომი გადაცემა თეირანისთვის.

CSIS-ის კვლევის ავტორები აეს „სირიქის“ შესახებ 25-მილიარდიან შეთანხმებას უწოდებენ რუსულ-ირანული ოპერაციის საფარს, რომლის მსვლელობისას „როსატომი“, როგორც სახელმწიფო მონოპოლისტი, რომელიც ღრმად არის ინტეგრირებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, დე-ფაქტო გვევლინება თეირანის რეჟიმისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გადაცემის გამტარად.

რაკეტებისა და ბირთვული მასალის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების მაკეტები თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობასთან გამართულ სახელმწიფო მიტინგზე
რაკეტებისა და ბირთვული მასალის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების მაკეტები თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობასთან გამართულ სახელმწიფო მიტინგზე

ამ „სამეცნიერო-ტექნიკური გაცვლის“ საშიშ ვექტორად იქცა ორმაგი დანიშნულების მაღალი სიზუსტის ლაზერული მოწყობილობებისა და ოპტიკური დიაგნოსტიკური სისტემების ჩრდილოვანი მიწოდება. იმ დასკვნების თანახმად, რომლებიც გამოქვეყნდა Financial Times-ის (ამ მასალების დეტალური შინაარსი ასევე გამოქვეყნდა The Moscow Times-ში) და მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის (ISIS) ერთობლივი გამოძიებების სერიაში, თეირანი იყენებს „როსატომის“ ინფრასტრუქტურასა და იურიდიულ ხვრელებს აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) Common High Priority List-ის (CHPL) მკაცრი სანქციების სიების გვერდის ავლით.

ამ სიებში შეყვანილია ორმაგი დანიშნულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომერციული ტექნოლოგიები (უპირატესად მიკროელექტრონიკა და სამრეწველო მოწყობილობები), რომლებიც რუსულ შეიარაღების სისტემებში აღმოჩნდა უკრაინის საბრძოლო ველზე. Common High Priority List-ის შედგენის მიზანია — დაიბლოკოს სანქციების გვერდის ავლისა და ამ პროდუქციის მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში რეექსპორტის არხები. სიები შედგება საქონლის 50 კატეგორიისგან და დაყოფილია პრიორიტეტულობის 4 დონედ, იარაღის შექმნისთვის მათი მნიშვნელობის მიხედვით.

არსებობს ამ სქემის სამი საკვანძო მექანიზმი:

სარკისებრი რეექსპორტი და „რუხი“ გადამყიდველები

ვინაიდან „როსატომი“ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოირიცხებოდა დასავლეთის ქვეყნების სანქციების პაკეტებიდან მთელ მსოფლიოში მისი მონაწილეობით აშენებული სამოქალაქო აეს-ების მხარდაჭერის მიზნით, მისი სტრუქტურები გამოიყენებოდა როგორც დასავლეთიდან მიწოდებული მოწყობილობების საბოლოო მიმღებები.

ხმაურიანი პრეცედენტია — ამერიკელი კომერსანტის, სემ ბჰამბჰანის დაპატიმრება. ბოსტონში გამართული სასამართლო პროცესის მსვლელობისას დადასტურდა, რომ ფიქციური ფირმებისა და ყალბი საექსპორტო დეკლარაციების მეშვეობით, მაღალი სიზუსტის ლაზერული დანადგარები წლების განმავლობაში მისი მონაწილეობით მიეწოდებოდა „როსატომის“ ეკატერინბურგში შვილობილ საწარმოს, რომელიც ბირთვული საბრძოლო მასალების კომპონენტებს აწარმოებს. ტექნოლოგიები, კორპორაციის შიდა არხებით, გადაეგზავნებოდა ირანის თავდაცვით ჩრდილოვან-შუამავალ სტრუქტურებს.

საიდუმლო დიპლომატიური მისიები

ირანული თავდაცვითი ჰოლდინგის, Sahara Thunder-ის გაჟონილი არქივების დოკუმენტები ადასტურებს პირდაპირ კოორდინაციას ირანის თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციასა (SPND) და რუსეთის დახურულ ინსტიტუტებს შორის.

FT-ის საგამოძიებო მასალების მიხედვით, შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტისა და მალიქ აშთარის უნივერსიტეტის (რომლებიც გაეროს, აშშ-ისა და ევროკავშირის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფებიან) ირანელ მეცნიერთა დელეგაციები რეგულარულად სტუმრობენ რუსეთს თანმიმდევრულად დანომრილი დიპლომატიური პასპორტებით. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ხოლო შემდგომ 2025–2026 წლების დახურული სესიების დროს, ირანელმა ფიზიკოსებმა რუსულ პოლიგონებზე შეამოწმეს ელექტრონული დამაჩქარებლები, კლისტრონები და ლაზერული დიაგნოსტიკური კომპლექსები.

ამ ვიზიტების მიზანს წმინდა სამხედრო ხასიათი აქვს: რუსული ლაზერული სისტემების გამოყენება ბირთვული მუხტის შეკუმშვის ჰიდროდინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თეირანს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ბირთვული საბრძოლო ქობინის კონსტრუქციის ვერიფიკაცია რეალური, ფიზიკური ბირთვული აფეთქებების განხორციელების გარეშე, რაც მყისიერად დაფიქსირდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს სეისმური სენსორების და თანამგზავრების მიერ.

ფინანსური შენიღბვა

იმისათვის, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ტრანზაქციები აშშ-ის ფინანსურ დაზვერვას არ დაეფიქსირებინა, „როსატომმა“ და ირანულმა სტრუქტურებმა სრულად თქვეს უარი SWIFT-ის ანგარიშსწორების სისტემასა და დოლარის ტრანზაქციებზე. კონტრაქტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება ინიღბება შუამავლების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Generation Trading FZE-ი, დაადგინეს გამომძიებლებმა. ამ სქემაში აქტიურად არის ჩართული ეფრემოვის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (НИИЭФА), რუსეთის ატომური დარგის ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტი, რომელიც „როსატომის“ სტრუქტურაში შედის და ირანის ხანგრძლივი პარტნიორია სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარების სფეროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ახლახან ვიზიტად იმყოფებოდა თეირანში, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელ აბას არაყჩისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი არ აპირებს უარი თქვას ირანთან შეთანხმებების რეალიზაციაზე, მათ შორის „ინვესტიციების სფეროშიც“.

„რადიო თავისუფლება“ ასევე უკვე წერდა, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ მიაწოდა რუსეთმა სულ მცირე 1,8 ტონა ოქროს ზოდები, დაახლოებით 104 მილიონი დოლარის ღირებულებისა, ირანულ კომპანია Sahara Thunder-ს Shahed-136 ტიპის დრონების საფასურად, რომლებსაც თათრეთის „ალაბუგის“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში აწყობდა. ეს გამომდინარეობს მხარეებს შორის დადებული კონტრაქტიდან, რომელზე წვდომაც ვაშინგტონის კვლევითმა ჯგუფმა C4ADS-მა მოიპოვა. ამასთან, ორ ქვეყანას ცენტრალურ ბანკებს შორის ოქროს ჩრდილოვანი ტრანზიტის მოცულობამ რამდენიმე ტონას გადააჭარბა.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქ აშკარაა, ასკვნის ბევრი ექსპერტი. იმ პირობებში, როდესაც ირანმა დე-ფაქტო გაყინა თანამშრომლობა IAEA-სთან და უარს ამბობს მის წინაშე ანგარიშგებაზე, სამოქალაქო ბირთვული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი გაფართოება ზრდის ე.წ. „რუხ ზონას“. რუსი სპეციალისტები თეირანისთვის ქმნიან მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და მასალების იმპორტის ლეგიტიმურ არხს.
„საერთაშორისო საზოგადოებას დღეს უბრალოდ არ შესწევს უნარი გააკონტროლოს, ამ მიწოდებული პროდუქტის ან მომზადებული კადრების რა ნაწილი დარჩება აეს „სირიკზე“ და რა წავა ირანის საიდუმლო მიწისქვეშა გამამდიდრებელ ფაბრიკებში“, - ხაზს უსვამენ მსოფლიო ბირთვული ასოციაციის (WNA) ანალიტიკოსები - წამყვანი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციისა, რომელიც ხელს უწყობს ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას და მხარს უჭერს გლობალური ატომური მრეწველობის კომპანიებს.

(მასალა ქვეყნდება შემოკლებით)

​
XS
SM
MD
LG