Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ФСБ-ს კვალი დონბასში ჩამოგდებული MH17-ის საქმეში


დონბასში ჩამოგდებული MH17. 17 ივლისი, 2014 წ.
დონბასში ჩამოგდებული MH17. 17 ივლისი, 2014 წ.

დონბასში ჩამოგდებული „ბოინგ MH17“-ის საქმეზე ნიდერლანდში დაწყებული საერთაშორისო სასამართლო პროცესი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ორი ფაქტის გამო. პირველია გასაიდუმლოებული მოწმის ჩვენება, რომელიც აძლიერებს ბრალდების ვერსიას, რომ „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების უკან რუსეთი დგას და მეორე: საჯარო პროცესს, როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხი ბრალდებულიდან არც ერთი არ ესწრებოდა.

მოწმე კოდური სახელწოდებით М58

„ბოინგ 777“-ის რეისი MH17, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის თავზე რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული რაკეტით იქნა ჩამოგდებული. აფეთქების შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი - 298 კაცი.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს (JIT) მოეპოვება მოწმეების ჩვენება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში ხსენებულ საზენიტო-სარაკეტო დანადგართან იმყოფებოდნენ რუსეთის სპეცსამსახურების - სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) - წარმომადგენლები.

სამშაბათს, 10 მარტს, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა გასაიდუმლოებული მოწმის, კოდურის სახელწოდებით М58-ის, ჩვენება, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი მებრძოლია.

М58 ამტკიცებს, რომ „ბუკის“ ეკიპაჟი ლაპარაკობდა „რუსული აქცენტით“, რითაც ხაზი ესმება იმას, რომ მოსაუბრეები არ იყვნენ უკრაინელები. მოწმის თანახმად, რაკეტის გატყორცნის დროს ადგილზე მყოფები „კმაყოფილები დარჩნენ, როდესაც აცნობეს, რომ რაკეტა მოხვდა სატრანსპორტო თვითმფრინავს, მაგრამ როდესაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე გაშვებული პირველი ჯგუფი დაბრუნდა, გაირკვა, რომ ჩამოგდებული იყო სამოქალაქო თვითმფრინავი“.

ბრალდების მხარემ ჰააგაში მიმდინარე პროცესზე განაცხადა ასევე, რომ ჰყავს მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ დაინახეს „ბუკიდან“ რაკეტის გაშვება.

პროცესზე მყოფმა პროკურორებმა განმარტეს, რომ მოწმეების უმრავლესობა გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არის საშიშროება, რომ ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში მოწმეებზე ნადირობა დაიწყონ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა.

პროკურორი ტეის ბერგერი სრულიად „რეალურად“ მიიჩნევს სცენარს, რომლის თანახმად, რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს თავისი სპეცსამსახურები მოწმეების ვინაობის დასადგენად.

თუმცა ერთ-ერთი ბრალდებულის, ოლეგ პულატოვის, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, მოეხსნას საიდუმლოების გრიფი მოწმეების ვინაობას.

გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ სარაკეტო დანადგარის რუსეთიდან დონბასში ჩატანასთან კავშირი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს: იგორ სტრელკოვს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვსა და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოს.

არც ერთი ბრალდებული სასამართლოს არ ესწრებოდა. პროცესზე წარმოდგენილი იყო ერთადერთი ბრალდებულის, ოლეგ პულატოვის, ადვოკატი.

რუსეთის „მანიპულაციები“

ოლეგ პულატოვის ადვოკატის გარდა, 10 მარტს სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდნენ ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ნათესავები და მათი ადვოკატები.

საერთაშორისო ჯგუფის (JIT) გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლაინერი ჩამოგდებულ იქნა სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც დონბასში ჩაიტანეს კურსკიდან, სადაც ის იყო რუსეთის არმიის საჰაერო დაცვის 53-ე ბრიგადის შეიარაღებაში.

ერთ-ერთი დაღუპულის ნათესავის ადვოკატმა, ჯერი სნიკერმა, Deutsche Welle-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიების დროს ისინი არა მხოლოდ პუტინთან დაახლოებული თანაშემწეების სახელებს, არამედ თავად რუსეთის პრეზიდენტის სახელსაც არაერთხელ გაიგონებენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ ასეთი ძლიერი და მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ვერ დატოვებდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, რომ არ ყოფილიყო სანქცია ხელისუფლების ყველაზე მაღალი ეშელონიდან. ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა, სწორედ იმიტომ, რომ ამის ნებართვა პუტინმა გასცა. ეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას“, - განაცხადა ადვოკატმა ჯერი სნიკერმა.

მან დაღუპულთა 40 ჭირისუფლის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეიტანა სარჩელი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, წინააღმდეგ.

დაზარალებულები რუსეთისაგან კომპენსაციის სახით 330 მილიონ დოლარს ითხოვენ. სნიკერი ცობილია, როგორც ადვოკატი, რომელმაც სასამართლოს გზით ლიბიის მთავრობას ფულადი კომპენსაცია გადაახდევინა შოტლანდიის ლოკერბიში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გამო.

საერთაშორისო გამომძიებლთა ჯგუფი (JIT) მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს - სამხედრო დაზვერვის სამმართველოსა (ГРУ) და უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) - მიუძღვით ბრალი უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტსა და მკვლელობებში. კერძოდ, გამოძებას ხელში ჩაუვარდა სატელეფონო საუბრები, რომლებშიც სეპარატისტები განიხილავენ მოსკოვიდან მიღებულ ინსტრუქციებს ამა თუ იმ პირთან ანგარიშსწორების შესახებ.

ნიდერლანდის პროკურატურამ რუსეთი დაადანაშაულა ბოინგის კატასტროფის გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს პროკურატურამ უწოდა „მანიპულაციები“. რუსეთის ხელისუფლებამ და სახელმწიფო ტელეარხებმა, პროკურატურის თქმით, დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება, რათა თავგზა აებნიათ გამოძებისთვის.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა, გამოძების მონაწილეებს „ანგაჟირებულები“, ხოლო თავად გამოძიებას „პოლიტიზებული“ უწოდა. 10 მარტს რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე ბოინგის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებას არანაირი პერსპექტივა არ გაააჩნია.

9 მარტს ჰააგაში დაწყებული „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH-17-ის კატასტროფასთან დაკავშირებული ბრალდებულების სასამართლო პროცესი ამჯერად პროცედურულ სტადიას გადის, საქმის არსებითი განხილვა კი ივნისში დაიწყება. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, იურისტები ვარაუდობენ, რომ პროცესი 4-5 წელს გასტანს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG