Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბირთვული არსენალი - რამდენად დიდია ის და ვინ აკონტროლებს?


ვლადიმირ პუტინი და ბირთვული იარაღი
ვლადიმირ პუტინი და ბირთვული იარაღი

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უკრაინის გამო ბირთვული გაფრთხილება მისცა. მან შეაჩერა ხელშეკრულება ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ. პუტინმა განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიული სისტემები საბრძოლო მორიგეობის რეჟიმშია და მოსკოვმა შესაძლოა ბირთვული ცდები განაგრძოს.

ბირთვული ზესახელმწიფოები

რა არის რუსეთის ბირთვულ არსენალში, რამდენად დიდია ის და ვის აბარია?

რუსეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღი გადაიბარა, ბირთვული საომარი ქობინების ყველაზე დიდ მარაგს განაგებს.

ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის 2022 წლის მონაცემებით, პუტინი 5,977 ქობინს აკონტროლებს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი - 5,428 ქობინს.

Bulletin of the Atomic Scientists -ის მონაცემებით, რუსეთის ქობინებიდან 1500-ს ექსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდა (თუმცა, ისინი ალბათ ისევ წესრიგშია), 2 889 - რეზერვშია.

812 ქობინი განთავსებულია სახმელეთო ბალისტიკურ რაკეტებზე, დაახლოებით 576 - წყალქვეშაზე ნავებზე და დაახლოებით 200 - ბომბდამშენებზე.

აშშ-ს 1 644 ქობინი აქვს გადანაწილებული. ჩინეთი სულ 350 ქობინს ფლობს, საფრანგეთი 290-ს, ხოლო გაერთიანებული სამეფო - 225-ს.

ეს ნიშნავს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ მსოფლიო რამდენჯერმე გაანადგურონ.

ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირს 40 ათასამდე ბირთვული იარაღი ჰქონდა, აშშ-ს - 30 ათასი.

Bulletin of the Atomic Scientists-ის თანახმად, რუსეთს 400-მდე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა აქვს, ბირთვული თავებით. მათ 1,185 ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლიათ. პუტინს ჰყავს ბირთვული იარაღით დატვირთული 10 წყალქვეშა გემი, მათ მაქსიმუმ 800 ქობინის ტრანსპორტირება ძალუძთ. ასევე ჰყავს 60-70 ბომბდამშენი.

2022 წელს „ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვაში“ აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის მოდერნიზებით არიან დაკავებულები, ვაშინგტონი კი კვლავ შეიარაღების კონტროლის ერთგული დარჩება და ამით თავიდან აირიდებს იმ ხარჯებს, რაც შეიარაღებაში შეჯიბრებას შეიძლება მოჰყოლოდა.

პუტინმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, აშშ ახალი ტიპის ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

რუსეთი თავისი ბირთვული იარაღის მოდერნიზებას აკეთებს.

იარაღის კონტროლის ასოციაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, თავისი იარაღი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გამოცადა. აშშ-მა 1992 წელს, ჩინეთმა და საფრანგეთმა - 1996 წელს, ინდოეთმა და პაკისტანმა - 1998 წელს და ჩრდილოეთმა კორეამ - 2017 წელს.

საბჭოთა კავშირმა იარაღი ბოლოს გამოცადა 1990 წელს.

ვინ იძლევა რუსეთში გასროლის ბრძანებას?

რუსეთის ბირთვული დოქტრინის თანახმად, თუ საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მიდგა, საბოლოო სიტყვა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის.

ე.წ. ბირთვული ჩემოდანი, სახელად ჩეგეტი (ჩეგეტი მთაა კავკასიონზე, იალბუზთან ახლოს) პრეზიდენტს მუდამ თან დააქვს. ფიქრობენ, რომ მსგავსი ჩემოდანი აქვთ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, რომლის პოსტი ამჯერად სერგე შოიგუს უჭირავს და გენშტაბის უფროსს, ახლა ამ თანამდებობაზე ვალერი გერასიმოვია.

ჩემოდანი პრეზიდენტს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობასთან, იქიდან კი სარაკეტო ძალებთან აკავშირებს, მკაცრად გასაიდუმლოებული კონტროლისა და მართვის ელექტრონული ქსელის „ყაზბეგის“ მეშვეობით. „ყაზბეგი“ ასევე დაკავშირებულია კიდევ ერთ სისტემასთან, რომელსაც „კავკასია“ ჰქვია.

2019 წელს რუსულმა ტელეკომპანია „ზვეზდამ“ ამ ჩემოდნიდან ერთ-ერთი აჩვენა. ყოველ შემთხვევაში ტელევიზია ირწმუნებოდა, რომ ეს ის ჩემოდანი იყო. ჩემოდანში განთავსებულია ღილაკები. იმ ადგილას, სადაც ბრძანება აწერია, ორი ღილაკია, თეთრი ღილაკი „გაშვება“ და წითელი - „გაუქმება“. „ზვეზდა“ აცხადებდა, რომ ჩემოდნის აქტივირება სპეციალური ფლეშ-ბარათით ხდება.

თუ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ მასზე ბირთვული შეტევა ხორციელდება, პრეზიდენტი ჩემოდნის მეშვეობით ბრძანებას გაუგზავნის გენშტაბის ხელმძღვანელს და ასევე სარეზერვო ქვედანაყოფებს, რომლებსაც ბირთვული კოდები აქვთ. ეს ბრძანება სასწრაფოდ გადაეცემა სტრატეგიული სარაკეტო ძალების დანარჩენ განყოფილებებს, რასაც ევროპის და აშშ-ის მიმართულებით გასროლა მოჰყვება.

თუ ბირთვული შეტევა დადასტურდა, პუტინს შეუძლია გაააქტიუროს ე.წ. მკვდარი ხელი ანუ იგივე სისტემა „პერიმეტრი“. ეს ბოლო ინსტანციის სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერები გადაწყვეტენ დედამიწას ბოლო მოუღონ. ამ შემთხვევაში რუსეთის დიდძალ ბირთვულ შეიარაღებას მმართველი რაკეტა სროლის ბრძანებას გადასცემს.

მომზადებულია სააგენტო „როიტერსის“ მიხედვით.

XS
SM
MD
LG