Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

80 წელი ბირთვული იარაღის შექმნიდან - როგორ მივედით დღევანდელ საფრთხემდე


საბჭოთა კავშირის პირველი წყალქვეშა ბირთვული აფეთქება ნოვაია ზემლიაზე 1955 წლის 21 სექტემბერს. 3,5 კილოტონის სიმძლავრის Т-5 ტორპედო 12 მეტრის სიღრმეში გამოცადეს. (бухта Чёрная).
საბჭოთა კავშირის პირველი წყალქვეშა ბირთვული აფეთქება ნოვაია ზემლიაზე 1955 წლის 21 სექტემბერს. 3,5 კილოტონის სიმძლავრის Т-5 ტორპედო 12 მეტრის სიღრმეში გამოცადეს. (бухта Чёрная).

გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? ეს დღეს ბევრს აღელვებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.

80 წლის წინაც მსოფლიოში ასევე ლაპარაკობდნენ ბირთვულ იარაღზე, ოღონდ უფრო ვიწრო წრეში. გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის ზაფხულში, აშშ-მა შეიმუშავა პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში ატომური ბომბის შექმნითა და მისი გამოყენებით დასრულდა.

1942 წლის ოქტომბერში ბირთვულ პროექტზე მოსკოვშიც ალაპარაკდნენ. დაზვერვის მონაცემების მიღების შემდეგ, რომ ამერიკელები ნამდვილად მუშაობდნენ ატომური ბომბის შექმნაზე, სტალინის ბრძანებით საბჭოთა კავშირმაც დაიწყო ბირთვულ იარაღზე მუშაობა. მოსკოვში გადაიყვანეს აკადემიკოსი ვერნადკსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რადიუმის ინსტიტუტს და იკვლევდა რადიოაქტიურ მასალებს. მაგრამ საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში, მეცნიერებზე უფრო მეტი წვლილი, ჯაშუშებმა შეიტანეს.

60 წლის წინაც, კარიბის კრიზისის დროს, უკვე ფართო წრეებში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთვული ომის საფრთხეზე მსჯელობდნენ. მაგრამ იმხანად მოხერხდა ბირთვული ომის თავიდან აცილება ორ სუპერსახელმწიფოს შორის.

ისრაელელი სამხედრო ისტორიკოსი მარტინ ვან კრველდი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ სწორედ ბირთვული შესაძლებლობების წყალობით, „ცივი ომი“ არ გადაიზარდა მესამე მსოფლიო ომში, არ გადავიდა ცხელ ფაზაში.

პუტინის რუსეთის შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მსოფლიოში კვლავაც რეალური გახდა.

რუსეთმა შესაძლოა, „სადემონსტრაციო ბირთვულ აფეთქებას“ მიმართოს

მომავალ კვირაში ნატო გამართავს ყოველწლიურ წვრთნას ბირთვულ საფრთხესთან გასამკლავებლად იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით არაერთხელ დაიმუქრა.

„პუტინი ორი გაფრთხილებით გამოვიდა. 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი გამოიყენებს ნებისმიერ საშუალებას თავისი მიზნის მისაღწევად. ანუ ის თითქოს გამორიცხავს რუსეთის დამარცხებას და ამით მიანიშნებს, რომ არ არსებობს სხვა ვარიანტი, რუსეთის პირობებით ამ ომში გამარჯვების გარდა. ხოლო 30 სექტემბერს პუტინმა გაიხსენა აშშ-ის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იაპონიის წინააღმდეგ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, აღნიშნა რა, რომ ეს იყო პრეცედენტი. ანუ გააკეთა ასეთი მინიშნება: თუ აშშ-მ ეს გააკეთა, მაშინ შესაძლოა, რომ რუსეთმაც გადადგას მსგავსი ნაბიჯი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის დირექტორი პოლინა სინოვიცი.

მაგრამ რამდენად რეალურია საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა შეასრულოს მუქარა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს ბირთვული იარაღი? და თუ კი, სად და რა სახისა შეიძლება იყოს ეს იარაღი?


„ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყო ერთ კილოტონაზე მეტი სიმძლავრის ბომბის ჩამოგდება სადმე შავ ზღვის თავზე ან უკრაინის არმიის კონცენტრაციის ადგილზე. მაგრამ უკრაინის ჯარები მთელი ფრონტის ხაზზე არიან გაფანტული. ფრონტის ხაზი ძალიან დიდია. შესაბამისად, ერთი კილოტონის სიმძლავრის ბირთვული იარაღი არ იმუშავებს. ეს გამოიწვევს ბირთვული შეკავების დისკრედიტაციას ისე, რომ ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მოუტანს რუსეთს. ანუ ვერ მიაახლოებს მას გამარჯვებამდე. თანაც, მე არ მჯერა ბირთვული იარაღის მასობრივი გამოყენების. რადგან ბირთვული იარაღი ეს არ არის ომის იარაღი. თუ იგი ერთზე მეტჯერ იქნება გამოყენებული, მაშინ ეს ყველაფერი რუსეთს მიუბრუნდება. ანუ რუსეთი მოახდენს საკუთარი ტერიტორიების, თავისი მიწების დიდ რადიოაქტიურ დაბინძურებას“, - ამბობს პოლინა სინოვიცი.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების კიდევ ერთ ვარიანტს - ე.წ. „სადემონსტრაციო ბირთვულ აფეთქებას“, რათა დასავლეთსა და უკრაინას რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედება აიძულოს.
ეს ვარიანტი ერთ კილოტონაზე უფრო მძლავრი ბირთვული ბომბის ერთჯერად გამოყენებას გულისხმობს.

„ლაპარაკია არა ჰიროსიმის მასშტაბის, არამედ უფრო მცირე, არა 15 კილოტონის, არამედ სადღაც 10 კილოტონის (ბირთვულ იარაღზე). რუსეთს გააჩნია მსგავსი საბრძოლო ქობინები. შესაძლებელია ამ სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოცდა შავი ზღვის თავზე. ასევე არსებობს ვარიანტი - იარაღის გამოცდა, როგორც პირველი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი არ ხუმრობს. შესაძლებელია იარაღის გამოცდა რომელიმე მნიშვნელოვანი ქალაქის ან დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, არ შეიძლება გამოირიცხოს სწორედ ასეთი სადემონსტრაციო ბირთვული აფეთქება. სექტემბერში თავის ორ მიმართვაში პუტინმა დაადასტურა, რომ ვერ წარმოუდგენია ომის გამარჯვების გარეშე დასრულება. მეორე მხრივ, წაგებას ვერ დაუშვებენ უკრაინა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც არ შეუძლია რაიმე შეთანხმებას მოაწეროს ხელი და ნახევარი უკრაინა აგრესორს დაუთმოს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს და ამის შემდეგ იგი უბრალოდ ვეღარ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. და დასავლეთსაც არ შეუძლია შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რადგან ეს იქნება ნიშანი დასავლეთის დამარცხების, რასაც რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელება მოჰყვება. თუ მოსკოვში დაინახავენ, რომ დასავლეთს ძალიან ეშინია ბირთვული იარაღისა და მზად არის დაჰყვეს რუსეთის [შანტაჟს], მაშინ სამი-ოთხი წლის შემდეგ, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიების შემდგომ ოკუპაციას და შესაძლოა, ხელი აღმართოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. უკრაინის შემდეგ რუსეთი სხვა ქვეყნების „გადაყლაპვასაც“ მოისურვებს. ამით დიდი პერსპექტივა გაეხსნება რუსეთის შემდგომ აგრესიას და დასავლეთის, მისი ცივილიზაციის, მისი ავტორიტეტის, ნატოს და სხვა გაერთიანებების დაკნინებას“, - ამბობს პოლინა სინოვიცი.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სახელმწიფოები დაადანაშაულა რუსეთისა და მისი ხალხისადმი მუქარასა და „ბირთვულ შანტაჟში“ და განაცხადა, დასავლეთის „აგრესიული, ანტირუსული პოლიტიკა ყველა ზღვარს გასცდა“.

პუტინის ბრძანება უყოყმანოდ შესრულდება?


რუსეთის მოქალაქეებისა და უკრაინის „გათავისუფლებული ტერიტორიების“ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, პუტინმა ილაპარაკა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის შეიარაღებაზე და განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი კიევს პირდაპირ უბიძგებენ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გადატანისკენ და უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ყველა საშუალებით უნდა განადგურდეს და ამას მოჰყვეს მისი სუვერენიტეტის დაკარგვა და სრულად გაძარცვა.

სექტემბერში პუტინმა აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნება, რუსეთის და ხალხის დასაცავად გამოიყენებენ ყველა არსებულ საშუალებას.

„ეს არ არის ბლეფი“, - განაცხადა პუტინმა. მას რუსეთის არსენალში არსებული კონკრეტული შეიარაღება, მათ შორის ბირთვული იარაღი არ უხსენებია, თუმცა, კიდევ ერთხელ გაიმეორა სიტყვები „ყველა არსებული საშუალებით“ და დაამატა, რომ ვინც ბირთვული იარაღით რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ქარმა შეიძლება მათი მიმართულებით დაუბეროს.

რუსეთში, ისევე როგორც ყველა ბირთვულ სახელმწიფოში, სტრატეგიული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას სახელმწიფო მეთაური იღებს. თუმცა არსებობს გარკვეული ჯაჭვი, ბირთვული იარაღის გამოყენების განსაზღვრული პროტოკოლი. საკითხავია, თუ რამდენად არის მთელი ეს ჯაჭვი რუსეთში მზად მსგავსი ბრძანების შესასრულებლად.

„აქ პრეზიდენტის გარდა, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბი უფროსი იღებენ გადაწყვეტილებას. მათ პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ არა მგონია, რომ მათ დიდი ყოყმანი დაიწყონ, თუ იქნება ბრძანება და სერიოზული ზეწოლა პუტინის მხრიდან. ეს შეეხება ადგილებზე მყოფ ხალხსაც, რომლებმაც უნდა შეასრულონ ბრძანება. გარდა ამისა, თუ რუსეთი ახლა რაიმეს გამოიყენებს, ეს იქნება მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება კი არ საჭიროებს გადაწყვეტილების მიღების ასეთ სერიოზულ ჯაჭვს. ეს იქნება მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ადგილებზე შესრულდება. ხოლო ის, რომ ადგილებზე არიან ადამიანები, რომლებიც ტოტალურ ძალადობაზე არიან წამსვლელები, უკვე ვიცით ბუჩისა და ირპენის მაგალითზე. რუსეთში მრავლად არიან ისინი, ვისაც შეუძლია ასეთი ბრძანების შესრულება და გენოციდზე წასვლა, და მათ ვერაფერი შეაჩერებს“, - ამბობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის დირექტორი პოლინა სინოვიცი.

ყველაზე მცირე ტაქტიკური ბირთვული ქობინის სიმძლავრე ერთ კილოტონამდეა ტროტილის ეკვივალენტში, ანუ აფეთქების სიმძლავრე არ აღემატება ათასი ტონა ტროტილის აფეთქებას.

ყველაზე დიდი ქობინი შეიძლება 100 კილოტონა იყოს.

სტრატეგიული ბირთვული იარაღი კი ბევრად მძლავრია - 1000 კილოტონამდე.
ცნობილი ატომური ბომბი, რომელიც აშშ-მა 1945 წლის აგვისტოს ჰიროშიმაში ჩამოაგდო, 15 კილოტონა იყო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG