Accessibility links

რუსეთის პიროსის გამარჯვება


2019 წლის დეკემბერი დაკავშირებულია სამი კონფლიქტის დაწყებასთან, რომლებიც კრემლისთვის პიროსის გამარჯვებებით დასრულდა: 80 წლის წინ წითელი არმიის ომი ფინეთის წინააღმდეგ; 50 წლის წინ საბჭოთა არმიის ომი ავღანეთის წინააღმდეგ და 25 წლის წინ რუსეთის არმიის ომი ჩეჩნეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი კონფლიქტის განმავლობაში კრემლის არმიას არაერთხელ გადაასხეს თავს ლაფი, 1994-1995 წლის საახალწლო ღამის ბრძოლები გროზნოში მაინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

1994 წლის 31 დეკემბრის ღამე ალბათ დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო რუსეთის არმიის მთელ ისტორიაში: ამ საახალწლო ღამეს ცუდად შეიარაღებულმა ჩეჩენმა მეომრებმა გაანადგურეს ოცდაექვსიდან ოცი T-72 ტანკი, 120-დან 102 ჯავშანტრანსპორტიორი და ექვსიდან ექვსივე „ტუნგუსკა“! სამხედრო ისტორიაში ცოტაა (თუ საერთოდ არსებობს) მაგალითი რეგულარული ჯარის მიერ განცდილი ასეთი კრახისა.

მე ცოტა ხნის წინ შევხვდი ამ საახალწლო ღამის მონაწილე ერთ-ერთ მეომარს, პირობითად დავარქვათ მას მაირბეკი. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო მაირბეკმა მთხოვა, რომ მკითხველისათვის მისი ნამდვილი ვინაობა არ გამემხილა. მან ჩეჩნეთის პირველი ომი (1994-1996) დაიწყო როგორც უბრალო მეომარმა; ომის დასასრულს მაირბეკი უკვე ისლამური ბატალიონის მეთაური იყო, ხოლო ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ერთ-ერთ ფრონტს ხელმძღვანელობდა.

სად ხართ თქვენ 1994 წლის 1 დეკემბერს, დღეს, როცა ომი დაიწყო ჩეჩნეთში?

დიახ, ეს ის პერიოდია, როცა ჩეჩნეთში რუსების მიერ გაღვივებული სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მაშინ 22 წლის ვიყავი. ახალი დამთავრებული მქონდა გროზნოს უნივერსიტეტის ჩეჩნური ენის ფაკულტეტი. ამ დროს მივიღე შეთავაზება ერთ-ერთი ისლამური ქვეყნიდან სწავლის გაგრძელებაზე. მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგისახელებთ იმ ქვეყნის სახელს, სადაც 1994 წლის სექტემბერში გავემგზავრე. თუმცა მე იქ მხოლოდ სამი თვით დავრჩი - როგორც კი რუსებმა დაიწყეს ჩეჩნეთზე იერიში, სამშობლოში დავბრუნდი...

მარტო თქვენ დაბრუნდით?

ოცდაათიოდე ჩეჩენი ვიყავით გამგზავრებული სასწავლად და მთელი ამ სამი თვის მანძილზე დისკუსიები არ მთავრდებოდა იმის თაობაზე, ღირდა თუ არა სწავლის გაგრძელება. საბოლოოდ, დიდმა ნაწილმა შინ დაბრუნება გადაწყვიტა. მე იმ ექვს სტუდენტს შორის ვიყავი, ვინც პირველები გამოვემგზავრეთ სამშობლოში. რუსეთის ერთ-ერთ ქალაქამდე თვითმფრინავით დავბრუნდით და შემდეგ უკვე ტაქსით გადავკვეთეთ ჩეჩნეთის საზღვარი. ზუსტი თარიღი არ მახსოვს - ეს იყო 1994 წლის 20 და 25 დეკემბერს შორის. ასე უპრობლემოდ დავბრუნდით. მეორე ჯგუფი სტუდენტებისა, რომელიც ცოტა ხნის მერე დაბრუნდა, მთელი დღით გააჩერეს აეროპორტის საზღვარზე რუსმა მებაჟეებმა. მათ სტუდენტების ბარგში ისლამური ლიტერატურა ნახეს და წიგნები შეუბღალეს. ამან ღრმა ჭრილობა დატოვა იმ ჩეჩენი ბიჭების ფსიქიკაზე...

მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი დაბრუნება?

მამაჩემი ძალიან განარისხა ჩემმა დაბრუნებამ. იცით რა, მამაჩემი ყაზახეთში იყო დაბადებული, მას მერე, რაც სტალინმა ჩეჩნები იქ გადაასახლა, 1944 წელს. ყაზახეთში დაბადებული თაობა ხერხემალგატეხილი იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დუდაევი უბრალო ავანტიურისტი იყო და ეწინააღმდეგებოდნენ ამ ომში მონაწილეობას. და, აი, ასე, როგორც მამაჩემი, ისე მისი ძმები ეცადნენ ჩემს გადარწმუნებას, რათა საბრძოლველად არ წავსულიყავი. მეც ავდექი და სახლიდან წამოვედი და ღამის გასათევად გროზნოდან 20 კილომეტრში, სხვა ნათესავთან დავრჩი. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის არხები ტელევიზიით გადასცემდნენ, როგორ მოემართებოდა გროზნოსკენ ტანკების კოლონა. იმ დღესვე ჩეჩნეთის ყველა კუთხიდან ხალხი მოდიოდა გროზნოს დასაცავად. ამავე სოფელში ცხოვრობდა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და 31 დეკემბრის ღამეს ჩვენ ერთად გავემგზავრეთ გროზნოსკენ. ბაქო-როსტოვის გზატკეცილზე გავედით, უბრალოდ ხელი ავწიეთ და პირველი სატვირთო მანქანა ისე გაჩერდა და წაგვიყვანა, რომ არც უკითხავს, სად მივდიოდით. საბარგული კაცებით იყო სავსე. ყველა შეიარაღებული იყო: ზოგი ნაჯახით, ზოგი კი „ლიმონკით“... მე ძველი ნაგანი მქონდა და რვა ტყვია, თუმცა იარაღის ხმარება არ ვიცოდი. ჩვენი შეიარაღება, ჩვენი იერ-სახე ძალზე კომიკური იყო და მალე ჩვენ, ჩვენ თავს ინდიელები დავარქვით. სატვირთო მანქანამ მიგვიყვანა ცენტრამდე, მინუტკის მოედნამდე, სადაც ჩვენ გენშტაბის წარმომადგენლები შეგვხვდნენ. მათ ვაზნები და ყუმბარები დაგვირიგეს და პატარ-პატარა ჯგუფებად დაგვანაწილეს. ვინაიდან მათ ნაგანის ვაზნები არ ჰქონდათ, მე ჩემი 8 ვაზნის ამარა დავრჩი. მაგრამ ჩვენს ჯგუფში ერთი ბიჭი იყო, რომელსაც რპგ-7 https://en.wikipedia.org/wiki/RPG-7 ჰქონდა და ამის გამო ჩვენი ჯგუფი კარგად შეიარაღებულად ითვლებოდა.

თქვენი ჯგუფი რა ქუჩაზე გაამწესეს?

მაიაკოვსკის ქუჩაზე, ე.წ. პრესის სახლში. მაიაკოვსკის ქუჩა სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა. პირველი იანვრის დილის პირველი საათისათვის ზუსტად ამ ქუჩით დაიწყო რუსეთის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების ქალაქში შემოსვლა. როდესაც კოლონა გაგვისწორდა, ჩვენი ჯგუფიდან ჩეჩენმა რპგ-7-ით კოლონის პირველ ბმპ-ს მოარტყა. ამას მოჰყვა მეორე ბმპ-ს დაზიანება, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. და, აი, აქ, როგორც ოთხ კედელში გამოკეტილი ვირთხები, რუსები პანიკაში ჩავარდნენ. ტანკებმა დაიწყეს კოშკურას უაზროდ ტრიალი და სროლა. წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა: ღამე უცნობ ქალაქში. კოლონა, რომელიც ვერ იძვრის. და, აი, აქ დაუშვეს ფატალური შეცდომა - გახსნეს ლიუკები და დაიწყეს გარეთ გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა განათებული არ იყო, ღამე საკმაოდ ნათელი იყო და მათი სილუეტები მშვენივრად ჩანდა. როგორც კი ტანკებიდან ამოსვლა დაიწყეს, მათ ყოველი მხრიდან დაატყდათ თავს ყუმბარების და ტყვიების წვიმა. ჩვენ ვისროდით განუწყვეტლივ, უკანასკნელ ვაზნამდე. საოცარი ღამე იყო, არასდროს დამავიწყდება - გაუთავებელი სროლის და აფეთქებების ხმა და მერე უცბად - სრული სიჩუმე.

გამთენიისას გამოვედით საფრიდან და ჩვენ წინ მართლაც რომ შემზარავი სურათი გადაიშალა: ზოგიერთი რუსი ჯარისკაცის სხეულის ნაწილი ერთ მხარეს ეგდო და მეორე ნაწილი მეორე მხარეს, დაკავშირებული ერთმანეთთან ნაწლავებით...

აი, ამ დილით მე დავეუფლე ჩემს პირველ სამხედრო ნადავლს - კალაშნიკოვის ავტომატს. მართალია, სკოლაში მასწავლიდნენ მის აწყობა-დაშლას, მაგრამ ნასროლი არასდროს მქონია.

ბრძოლები დასრულდა პირველ იანვარს?

არა, ბრძოლები 6 იანვრამდე გაგრძელდა. რუსული ბმპ-ები ქალაქში იყვნენ გაფანტული და ჩვენ მათზე სანადიროდ ვიყავით გასულნი. ქალაქში გაფანტულ ამ ბმპ-ებს ძირითადად ეზოებში მალავდნენ რუსები. ჯავშანტრანსპორტიორში მხოლოდ ერთ სამხედროს ტოვებდნენ, დანარჩენები კი სახლში მიდიოდნენ დასაძინებლად. ჩვენ ასე, ეზო-ეზო დავდიოდით და ვეძებდით ბმპ-ს, თუმცა იმ დღეებში ვერც ერთი რუსი ტყვე ვერ ჩავიგდეთ.

ისევ რომ დავუბრუნდეთ საახალწლო ღამეს...

საახალწლო ღამის წარმატებამ თავბრუ დაგვხვია. დასაწყისში ჩვენი ყველას მიზანი იყო, რომ რუსებისათვის დაგვენახვებინა, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა - მშვიდობიანი ქალაქის ჯერ დაბომბვა და მერე იქ ტანკებით შეჭრა... მაგრამ მაიაკოვსკის ქუჩაზე მიღწეულმა გამარჯვებამ ეიფორიაში ჩაგვაგდო - დავიჯერეთ, რომ შეგვეძლო მათი დამარცხება. თავში აგვივარდა და ამან საბოლოოდ დათვური სამსახური გაგვიწია - მთელ ჩეჩნეთში გავრცელდა ხმა, რომ რუსები ჭიანჭველებივით გავჟლიტეთ. ბევრმა დაიჯერა რომ ჩვენ, ჩეჩნები, უძლეველნი ვიყავით და, აი, აქ, არაერთმა ჩეჩენმა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რაც ბევრს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

მაგალითად...

მაგალითად, ბევრი ცდილობდა ტანკთან მისულიყო და მუხლუხოს ქვეშ ნაღმი დაემაგრებინა, ისე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ისე უნდა დაამაგრო, რომ აფეთქების მიმართულება ვერტიკალური იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 მეტრის მოშორებითაც რომ იყოთ, დარტყმის ტალღა ისეთი ძლიერია, რომ ადამიანს კიდურებს გლეჯს... მე პირადად ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ... სამწუხაროდ ჩემი ბევრი მეგობარი გაუფრთხილებლობამ შეიწირა...

კეთილი, ისევ 6 იანვარს დავუბრუნდეთ...

6 იანვრის შემდეგ გროზნოში ძირითადად სიწყნარე სუფევდა. ამ პერიოდში ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ცხედრებს აიღებდა, რადგან სიტუაცია გაუსაძლისი იყო. მეც ჩემს სოფელში დავბრუნდი ბიძაშვილებთან. სოფელში ყველა მოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდა, სად და როგორ ჯობდა წასულიყო, რომ ებრძოლა. ერთმა ამხანაგმა მითხრა, რომ გადაწყვიტა ისლამურ ბატალიონში გაწევრიანებულიყო და მთხოვა გავყოლოდი. ამგვარად, 1995 წლის 9 იანვარს მე პირველად მივედი ისლამურ ბატალიონში და საბოლოოდ დავრჩი იქ.

ისლამური ბატალიონი იყო დაბანაკებული 8 მარტის ქუჩაზე, მინუტკის მოედნის გვერდით. ბატალიონის შტაბი განთავსებული იყო ისლამ ხალიმოვის დის სახლში (ისლამ ხალიმოვი გახდა ვაჰაბიზმის მთავარი გამავრცელებელი ჩეჩნეთში - ლ.ო.). ბატალიონამდე მთელი გზა ფეხით გავიარეთ. ძალიან დაქანცულნი ვიყავით და გადავწყვიტე, რამდენიმე საათით გავჩერებულიყავი სულის მოსათქმელად. და ვაკვირდებოდი რა მათ, ვხედავდი უდიდეს განსხვავებას - ჩემი „ინდიელი“ მეგობრები, ვისთანაც ერთად ვიომე პირველ დღეებში, აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ისლამური ბატალიონის მებრძოლებისგან. ჩემი „ინდიელები“ თუ მუდმივად იგინებოდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, აქ ერთ უწმაწურ სიტყვას ვერ გაიგებდი. ჩემი „ინდიელები“ იყვნენ ძალზე გაბედული, მაგრამ უთავო მებრძოლები. აქ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. ბატალიონის წევრები დღეში რამდენჯერმე ლოცულობდნენ, ერთმანეთს სიტყვა „ძმით“ მიმართავდნენ და, რაც მთავარია, ბატალიონში იყო ერთი არაბი ინსტრუქტორი პალესტინიდან, სახელად მუჰამედი. მას საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული განათლება და თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულად. მუჰამედს უკვე ორი ომი ჰქონდა გამოვლილი - ავღანეთის და პალესტინის ებრაელების წინააღმდეგ. მუჰამედი საოცარი მეომარი იყო - ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი რპგ-ის საშუალებით, მან რვა ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ინსტრუქტორად არ ვარგოდა. ასე რომ, ვერ გეტყვით, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან. თუმცა თავად ფაქტს, რომ პალესტინელი არაბი იბრძოდა ჩვენ გვერდით, დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - ეს ნიშნავდა, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის საერთაშორისო მნიშვნელობას იძენდა.

ბევრი უცხოელი იყო ისლამურ ბატალიონში?

თავდაპირველად მუჰამედი ერთადერთი იყო. შემდეგ სხვებიც გაჩნდნენ. ერთი ალჟირელი ფრანგიც კი იბრძოდა ჩვენთან ერთად.

მუჰამედი გიზიარებდათ თავის მოსაზრებებს, მაგალითად, რით განსხვავდებოდა ომი პალესტინაში ომისგან ჩეჩნეთში?

რა თქმა უნდა. მუჰამედი სულ იძახდა რომ იქ, პალესტინაში, ის მსოფლიოს საუკეთესო არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, აქ კი - ყველაზე სუსტი არმიის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ისიც „ინდიელებს“ გვეძახდა, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაში მდგომარეობდა სამხედრო ხელოვნება (იცინის - ლ.ო.) და მართალიც იყო - ჩვენ ელემენტარული ცოდნა არ გაგვაჩნდა... მაგალითად, როგორ დაგვეშალა ან გაგვეწმინდა იარაღი... მუჰამედი ცდილობდა, ელემენტარული საფუძვლები მაინც გადმოეცა ჩვენთვის: პირველი დახმარების აღმოჩენა, სისხლისდენის შეჩერება, დაჭრილის ევაკუირება. მუჰამედს ზოგჯერ თმები ყალყზე უდგებოდა ჩვენი სისულელეებისგან. მაგალითად, ტროტილს ვამაგრებდით პეტარდაზე და გვეგონა რომ მათი სროლით ჯავსანტრანსპორტიორის დაზიანება შეგვეძლო (იცინის - ლ.ო.). ვერც წარმოიდგენთ, რა სისულელეებს ვაკეთებდით...

ყველა ის თეორია, თითქოს ჩვენ ურბანული ომის ულტრათანამედროვე ხერხებს ვიყენებდით - არის მტკნარი სიცრუე.

თქვენს შორის არცერთი პროფესიონალი სამხედრო არ იყო?

საბჭოთა ეპოქაში ჩეჩნები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინათ. მხოლოდ ბასაევის და გელაევის ბატალიონში იყო ხალხი, რომელსაც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ომის დროს ჰქონდა მიღებული გამოცდილება.

ჰო, იყო ერთი ხანდაზმული ჩეჩენი, რომელიც ჩვენს ბატალიონში მოდიოდა და მასწავლიდა, როგორ უნდა მესროლა ყუმბარა, როგორ უნდა მოვპყრობოდი აგს-17-ს. ასე რომ, თუ ვინმე რამეს გვასწავლიდა - ეს იყო მხოლოდ პრაქტიკული ასპექტი ბრძოლისა. რაც შეეხება ქალაქის პირობებში ბრძოლის ტაქტიკას - ამაზე არასდროს არავის არაფერი უსწავლებია ჩვენთვის.

რა იყო მთავარი, რაც ისლამურ ბატალიონს განასხვავებდა გელაევის და ბასაევის ან სხვა ბატალიონებისგან?

ჩვენი ბატალიონი გამოირჩეოდა დისციპლინით. რუტინა და მისი ატანა, ესაა ის, რითაც ჩვენი ბატალიონი გამოირჩეოდა. და ამით ის ბევრად უფრო პროფესიონალური იყო, ვიდრე სხვები. სხვა ბატალიონში მეომარი ორი კვირა იბრძოლებდა, მერე მობეზრდებოდა და შეეძლო, ერთი კვირით სახლში წასულიყო... თუმცა ჩვენ სხვა სახის ნაკლოვანებები გვქონდა, რაც ჩვენს არაპროფესიონალიზმს ამჟღავნებდა. მაგალითად, თუ ჩვენი შენაერთი მოხვდებოდა არტილერიის ცეცხლში, მეომრების ნაწილი პანიკაში ვარდებოდა და ამის შედეგად „ჯაჭვი“, მეომართა რიგები, ადვილად იშლებოდა.

თქვენსა და გელაევის და ბასაევის ბატალიონებს შორის არსებობდა რაიმე კოორდინაცია?

ჩვენმა გენშტაბმა თითოეულ ბატალიონს თითო-თითო რაცია მისცა. თუმცა კოორდინაციას ამით მაინც ვერ მივაღწიეთ. რაციის მქონე პირები ძირითადად ერთმანეთის გინებით უფრო იყვნენ დაკავებული, ვიდრე საქმიანი ინფორმაციის გაცვლით.

ყველა ბატალიონი აღიარებდა ასლან მასხადოვს მთავარსარდლად?

ჰატაბს ჰქონდა პრობლემები ამ მხრივ... მიუხედავად იმისა, რომ ის ისლამურ ბატალიონს ექვემდებარებოდა, მას სურდა თავისი ომი ეომა... თუმცა, ნელ-ნელა, ჩვენ შევძელით მისი ინტეგრირება... აღსანიშნავია, რომ ბატალიონის შიგნით არსებობდა კონფლიქტი სხვადასხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებს შორის... მაგალითად, „ისლამური ჯამაათის“ შენაერთი ჩვენ გამოგვეყო...

ჰატაბი ოპერაციებს ვიდეოზე იღებდა... როგორ უყურებდით ამას თქვენ?

ჰო, ეს მოდა ჰატაბის შემოტანილია ჩეჩნეთში. ჩვენ ალმაცერად ვუყურებდით ამას, თუმცა ამ ვიდეოების მეშვეობით ის დიდ ფინანსებს შოულობდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

რამდენი მეომარი იყო თქვენს ისლამურ ბატალიონში?

რაოდენობა მუდმივად მერყეობდა, საშუალოდ 180 კაცი.

გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რაც თქვენ მომიყევით, საბოლოოდ როგორ მოახერხეთ რუსული ჯარის დამარცხება?

ჩვენ ბორბალი არ გამოგვიგონია თავიდან... ეს იყო ჩვეულებრივი მაგალითი ქაოტური პარტიზანული ომისა ქალაქის პირობებში. და რატომ გავიმარჯვეთ მიუხედავად ამისა? ჯერ ეს ერთი, ჩვენი მორალის გამო, ჩვენი სიმტკიცისა და გამბედაობის გამო... დაამარცხო მტერი, რომელიც რიცხობრივად ხუთჯერ უფრო დიდი და კბილებამდე შეიარაღებულია -ეს არაა ადვილი... ბუდაპეშტის (1956), პრაღის (1968), თბილისის (1989) და ვილნიუსის (1991) შემდეგ მასხადოვმა და დუდაევმა ზუსტად იცოდნენ, როგორ მოიქცეოდა კრემლი. და მათი გადაწყვეტილება, რუსული ტანკების კოლონა ქალაქში შემოეშვათ და იქ მოექციათ ხაფანგში - რა თქმა უნდა, გენიალური იყო. და ეს ახალი წლის ღამის გამარჯვება ის მუხტი იყო, რომელიც თან გვდევდა შემდგომ, კონფლიქტის მრავალი წლის განმავლობაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG