Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სკოლამდელი ჯარი


სკოლამდელი ჯარის აღლუმის მონაწილე ბავშვები
სკოლამდელი ჯარის აღლუმის მონაწილე ბავშვები

რუსეთის რამდენიმე ქალაქში, „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით, „სკოლამდელი ჯარის“ აღლუმები ჩატარდა. პიატიგორსკში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ავტომატის მულაჟებით „შეიარაღებულმა“ და სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ბავშვებმა. მოსკოვის მახლობლად ჩეხოვოში, ივანოვოსა და სტავროპოლის მხარეში ბავშვები მარშირებდნენ სხვა და სხვა სახეობის ჯარის ფორმებში.

როგორც პიატიგორსკის ადმინისტრაციის საიტი იტყობინება, ბავშვებმა, რომლებსაც ეცვათ ქვეითების, ტანკისტების, მფრინავების, მეზღვაურების, არტილერისტებისა და სამხედრო ექთნების ფორმებში, მარშით ჩაიარეს მარადიული ცეცხლთან. მთლიანობაში, აღლუმში მონაწილეობა მიიღო ბაღის 500-მდე მოსწავლემ.

აღლუმმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვიდრე მშობელთა ერთი ნაწილი სოციალურ ქსელებში სამხედრო ფორმებში გამოწყობილი შვილების ფოტოებსა და ამაღელვებელ პოსტებს აქვეყნებდა, მეორე ნაწილი, ბავშვების ამგვარი გამოყენების გამო, ადგილობრივ ადმინისტრაციას აკრიტიკებდა.

ბაღის ბავშვების აღლუმები გვაგონებენ საცირკო შოუს.

სოფია პოპოვამ თავის შვილს აღლუმში მონაწილეობის ნება არ დართო. მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები ბუნდოვანს ხდიან გამარჯვების შინაარსს. „ბავშვებს არ ესმით იმ ღონისძიების აზრი, რომელშიც მონაწილეობენ. როცა ასწავლიან ლექსებს ომის შესახებ, მათ სიტყვების შინაარსს მაინც უხსნიან, უყვებიან ისტორიას. აღლუმის მომზადებისას კი ყურადღება ექცევა მხოლოდ გარეგან ატრიბუტიკას“, - ამბობს პიატიგორსკის მკვიდრი, რომელის თქმითაც, ბავშვებს უნდა უხსნიდნენ ომის სხვადასხვა ასპექტს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ასეთ ღონისძიებებს აზრი.

სკოლამდელი ჯარის აღლუმის მონაწილე ბავშვები
სკოლამდელი ჯარის აღლუმის მონაწილე ბავშვები

„უნდა აუხსნან, რომ ომი ყოველთვის დაკავშირებულია მსხვერპლთან. ამჟამად ბაღის ბავშვების აღლუმები გვაგონებენ საცირკო შოუს, რომელსაც ესწრება და ტაშს უკრავს ქალაქის მერი“, - ამბობს პოპოვა.

ნადეჟდა, რომლის შვილიც მონაწილეობდა ღონისძიებაში, პირიქით, მიიჩნევს, რომ ამგვარი აღლუმების გარეშე ბავშვები ვერ შეიმეცნებენ თავიანთი ქვეყნის ისტორიას. მისი თქმით, ბავშვები აღლუმისთვის ბაღებში ემზადებოდნენ. აღმზრდელებმა უამბეს ომის შესახებ და აუხსენს, თუ რატომ ითვლება გამარჯვების დღე უმნიშვნელოვანეს დღესასწაულად რუსეთში.

„ოჯახში განსაკუთრებულად ხაზგასმით არ გვილაპარაკია ომზე. ჩვენმა შვილმა ისედაც იცის, რომ ფაშისტური გერმანია თავს დაესხა რუსეთს, ჩვენს წინაპრებს კი მათი მოგერიება მოუხდათ. სამწუხაროდ, ბავშვებისთვის ეს დღე მხოლოდ ზეიმთან ასოცირდება და არა ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან“, - ამბობს ნადეჟდა.

ისინი, ვინც მსგავსი ღონისძიებების მომზადებით არიან დაკავებული - საბავშვო ბაღების მეთოდისტები და ხელმძღვანელები - ამტკიცებენ, რომ ბავშვთა აღლუმები ძალიან სასარგებლოა „პატრიოტული აღზრდისთვის.“

ჩეხოვოში საბავშვო აღლუმისთვის მზადება ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყო. სასწავლო მეთოდისტის, ოლგა გუსკოვას თქმით, მსვლელობა კონკურსის სახით ჩატარდა და მასში, უფროსი და მოსამზადებელი ჯგუფების აღსაზრდელებისაგან შემდგარი, 16 გუნდი მონაწილეობდა.

დაწესებული გვაქვს რამდენიმე ნომინაცია: „მშვიდობიანი ცა“, „წინ გამარჯვებისაკენ“

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი შეხსენებით ბავშვები უკეთ გაიგებენ, რა არის ომი და რა დღესასწაული აღინიშნება რუსეთში 9 მაისს. ამგვარი ღონისძიებების მეშვეობით ბავშვებში იღვიძებს პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიამაყის გრძნობა“, - დასძენს გუსკოვა.

კონკურსს არ ჰყავს დამარცხებული. ყოველი ბაღი ამა თუ იმ ნომინაციის გამარჯვებულია. კიდევ ერთი მეთოდისტის, ოლესია კლიმანცევას თქმით, იმის გამო, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში რომელიმე ერთი გამარჯვებულის გამოყოფა შეუძლებელია, დაწესებული გვაქვს რამდენიმე ნომინაცია: „მშვიდობიანი ცა“, „წინ გამარჯვებისაკენ“, „მამულის სასახელო შვილები“.

„წინასწარ ვწყვეტთ, რომელი გუნდი რომელ ნომინაციაში გაიმარჯვებს და ვამზადებთ თასებს მონაწილეებისათვის“, - განმარტავს კლიმანცევა.

სკოლამდელი ჯარის აღლუმის მონაწილე ბავშვები
სკოლამდელი ჯარის აღლუმის მონაწილე ბავშვები

„არასოდეს გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა მშობლები ბავშვების აღლუმში მონაწილეობის წინააღმდეგი იყვნენ. ჩვენი კოსტიუმები შეიცავს სამხედრო ფორმის ელემენტებს, მაგრამ თუ მშობლებს ეს მოეჩვენებათ შეუსაბამოდ, მათ არავინ დააძალებს. პატივის მივაგებთ ხსოვნას და არა მოდას“, - ამბობს კლიმანცევა.

სკოლამდელი ბავშვების აღლუმის იდეას ასევე დაუჭირეს მხარი სტავროპოლის მხარეში, ამტკიცებს ირინა, სოფელ კრასნოგვარდეისკის ბაღის გამგე, რომლის თქმითაც, ღონისძიება მეორე წელია, ტარდება. წელს ყველა ჯგუფმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, გარდა ბაგის აღსაზრდელებისა.

„პატრიოტული აღზრდა - ეს არა მხოლოდ 9 მაისისთვის მზადების მნიშვნელოვანი ასპექტია, არამედ ნაწილია ყოველდღიური საგანმანათლებლო პროცესისა. ბავშვებმა იციან ომის შესახებ, ისინი უყურებენ პატრიოტულ ფილმებს... ყველას, უმცროს აღსაზრდელებსაც კი ვუხსნიდით, რა არის ომი, ვაჩვენებდით ნახატებს და ვუამბობდით ჯარების სახეობების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევდნენ ბავშვები, ჯარის რომელი სახეობის ფორმა აეღოთ აღლუმზე გასასვლელად“, - ამბობს ირინა.

სევდის მომგვრელია ის, რომ ბავშვებს ითრევენ გამარჯვების აღნიშვნის ამგვარ ფორმატში

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა მსვლელობები გაიმართა დონის როსტოვსა და სევასტოპოლში, სადაც რამდენიმე წელია იმართება მსგავსი ღონისძიება, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც მილიტარისტულ ღონისძიებებში ბავშვების მონაწილეობაზე. ფსიქოლოგი მარია ზელიონოვა მიიჩნევს, რომ ბავშვების მონაწილეობა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში, მიმზიდველს ხდის ომს და იწვევს მის რომანტიზებას.

„სევდის მომგვრელია ის, რომ ბავშვებს ითრევენ გამარჯვების აღნიშვნის ამგვარ ფორმატში, რადგანაც ომი, უპირველეს ყოვლისა, სიკვდილია: საფლავები, ხეიბრები, გაუბედურებელი ხალხი. ომს ადამიანები არ ირჩევენ კეთილი ნებით, ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. არ ღირს ბავშვებს შთავუნერგოთ იდეოლოგიურად თავსმოხვეული აზრი, რომ ომი კარგია და წინაპრებს პატივი უნდა მივაგოთ მათი გზის გამეორების სახით. სინამდვილეში არც ერთ ადამიანს, ვინც ომი გამოიარა, არ სურს თავისი შთამომავლები იხილოს იმავე პირობებში, რომელთა წინააღმდეგაც თვითონ იბრძოდა. უმჯობესია, ზეიმით აღინიშნოს სიცოცხლე, გამარჯვება და ომის დასრულება და არავითარ შემთხვევაში ეს არ გაკეთდეს საომარი ფორმით, რომელიც წარმოადგენს სიკვდილის ატრიბუტიკას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები აცნობიერებდნენ, რომ ომი - ეს სისხლი და ტკივილია და არა დღესასწაული“, - ამბობს ზელიონოვა.

ამასთან ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ომის თემა არ უნდა იყო ტაბუირებული ოჯახში. ბავშვებს აუცილებლად უნდა მოუყვნენ ომის სხვადასხვა ასპექტზე, გამარჯვების ფასზე. უმჯობესია, ეს გაკეთდეს პირადი ისტორიებით, რომლებიც პრაქტიკულად ყველა რუსულ ოჯახშია.

„ბავშვებს უნდა მოვუყვეთ, თუ რას აკეთებდნენ წინაპრები, როცა ომი დამთავრდა. უნდა ავუხსნათ, რომ მათი ნათესავები იბრძოდნენ იმისათვის, რომ ომი აღარ განმეორებულიყო. ამგვარად შენარჩუნდება წინაპართა ხსოვნა, ბავშვები კი მიიღებენ სიცოცხლის გაფრთხილებისა და მისთვის ბრძოლის გაკვეთილებს“, - დააზუსტა ზელიონოვამ.

ანალიტიკური ჯგუფის „ლევადა-ცენტრის“ სოციალურ-პოლიტიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლის ნატალია ზორკაიას თქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ბავშვების გამოყენება არახალია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. ადრე აღლუმებში მონაწილეობას მხოლოდ ახალგაზრდებს აიძულებდნენ, ახლა კი პროცესში ბავშვებიც ჩართეს.

„ყოველივე ეს მიმდინარეობს ცნობიერების მილიტარიზაციის ზემოქმედების ქვეშ, რადგანაც რუსეთს საგარეო პოლიტიკის არსენალში აღებული აქვს ხისტი, საომარი რიტორიკა, ალყაში მოქცეული ციხე-სიმაგრის დამთრგუნველი განცდა. ასეთ პირობებში გამარჯვების დღის აღნიშვნამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს სულის სიმტკიცე ჩვენი ხალხისა, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი. მორალის თვალსაზრისით, ამ მიზნით ბავშვების გამოყენება სცდება ყველა დაშვებულ ზღვარს. საზღვრებიდან გასვლის ასეთივე ქმედება იყო ხელისუფლების მიერ „უკვდავი პოლკის“ იდეის უზურპირება. „უკვდავი პოლკის“ იდეა გაჩნდა როგორც ხსოვნის კერძო ინიციატივა“, - მიაჩნია ზორკაიას, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ აიტაცა „უკვდავი პოლკის“ იდეა და მისი მსვლელობა გადააქცია ღონისძიებად, რომელშიც, მონაწილეთა რაოდენობის გასაზრდელად, სპეციალურად იზიდავენ ადამიანებს.

ზორკაიას თქმით, საბავშვო აღლუმებით თავსმოხვეული მილიტარიზმი მკვეთრად ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული: ჰუმანურობა, სოლიდარობა, სიკეთე, ურთიერთდახმარება. სამხედრო ატრიბუტიკის გამოყენება საბავშვო კოსტიუმებში - ესაა გასამხედროებისა და დეჰუმანიზაციის მნიშვნელოვანი სიგნალი.

საჭიროა ბავშვებთან ომზე საუბარი, მაგრამ საჭიროა საუბარი ომის განსხვავებულ ასპექტებზე. აღლუმებით მუდმივად ესმება ხაზი გამარჯვებას, მაგრამ ომისა და მსხვერპლის ფასის თემა საერთოდ არ აღიძვრება. უმეტესობამ მეტ-ნაკლებად იცის დიდი სამამულო ომის ისტორია, მაგრამ ის, რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომი, საერთოდ არ იციან. მიიჩნევა, რომ ამგვარად ბავშვებში ღვივდება ნაციზმის დამმარცხებელი მისი ქვეყნის დიდების განცდა, მაგრამ ეს ძალზე პრიმიტიული წარმოდგენაა. ბავშვებს ომზე უნდა ველაპარაკოთ ყველა ასაკში სხვადასხვა გვარად. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ენის, კულტურის, წიგნების, ბუნებისა და საკუთარი ქვეყნის ისტორიის სიყვარული, ისტორია კი მხოლოდ ომისგან არ შედგება“, - დასძენს ზორკაია.

ბოლო დროს, ზემოდან დაშვებული მილიტარიზმი სულ უფრო მეტად ეხება სკოლამდელ ბავშვებს. ასე მაგალითად, 2017 წელს ჩერეპოვეცის N115 საბავშვო ბაღში გაიხსნა სამხედრო-პატრიოტული კლუბი „რეზერვი“, უფრო ადრე კი კრასნოდარის მხარეში ბაღის მოსწავლეებისათვის დაარსდა სამხედრო-პატრიოტული წრე „იუნგა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG