„რუსეთი ბევრ რამეში დაგვეხმარა, სწორედ რუსეთმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა”, - წერს რუსულ სოცქსელ „ვკონტაქტეში“ მომხმარებელი სახელად ნინო ტარკილი.
მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, აფხაზები აირჩევენ პოლიტიკურ კურსს, „ასე რომ, მოგვეცით თანხმობა რუსეთში მეტი უბნის გახსნაზე, ასეთ დროს აფხაზეთის ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული”, - წერს ცირა პატია.
ნინოცა და ცირაც რეალური ადამიანები არ არიან. ნინოს 21 იანვრამდე კირა კონოვალოვა ერქვა. ცირას - მარიანა ფროლოვა.
გააფხაზებული ბოტები
რუსულმა პროექტმა, „ბოტნადზორმა” გაარკვია, რომ ბოლო ორ კვირაში, „გააფხაზებულმა” რუსმა ბოტებმა აფხაზეთის არჩევნებზე 440-ზე მეტი კომენტარი დატოვეს.
იქამდე ისინი რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციას აქებდნენ, ახლა კი აფხაზებს რუსეთთან დაახლოებისკენ და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
დე ფაქტო პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონში 15 თებერვალს აირჩევენ და ბოტებს უკვე ჰყავთ ფავორიტი კანდიდატი - ყოფილი ე.წ. ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა.
ის „ნამდვილი კაცია. სიტყვის პატრონია და ხალხის თვალში პატიოსანიც”. მან „ზუსტად იცის, როგორ განავითაროს აფხაზეთი და გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება”, წერენ და წერენ ბოტები.
„ბევრ ანგარიშს რამდენიმე ათასზე მეტი კომენტარი აქვს დატოვებული, რაც ორიოდე წლის წინ წარმოუდგენელი იყო”, - უთხრეს დამოუკიდებელ გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპას” პროექტ „ბოტნადზორში”.
კმარა მათრახი, ისევ თაფლაკვერი
ე.წ. ვადამდელი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბერში, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაინიშნა.
მაშინ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა მოსკოვის თავსმოხვეული საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელსაც რუსული ბანკებისა და კორპორაციებისთვის აფხაზეთში დიდი პრივილეგიები უნდა მიეცა.
ამ წინააღმდეგობის გამო კრემლი სოხუმს გაუწყრა.
ჯერ კიდევ სექტემბერში, მოსკოვმა დაფინანსება შეუჩერა დე ფაქტო მთავრობას, რომელიც ხელფასებს მთლიანად რუსული ხაზინიდან იღებდა. შემდეგ კი, დიდი დავალიანების საბაბით, შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და ოკუპირებულ რეგიონში ენერგოკრიზისი გააჩინა.
თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსკოვმა, როგორც ჩანს, მათრახი ისევ თაფლაკვერით ჩაანაცვლა.
დეკემბრის ბოლოს რუსეთი დათანხმდა, კვლავ მიეწოდებინა აფხაზეთისთვის „ჰუმანიტარული”, ანუ უფასო ელექტროენერგია.
ეს მოხდა ბადრა გუნბას თხოვნის პასუხად.
თავად გუნბა აწ გადამდგარი ასლან ბჟანიას მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ბჟანიას გადადგომის შემდეგ კი ცოტა ხანი პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა.
როგორც ჩანს, მოსკოვის სურვილია, ამ მოვალეობების შესრულება მან კიდევ ხუთი წლით განაახლოს.
მოსკოვური ვოიაჟი
თებერვლის დასაწყისში რუსეთში ჩასულ გუნბას ბენეფისი ჰქონდა.
ის ცალ-ცალკე შეხვდა რუსეთის ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ვიცე-პრემიერსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
თითოეულისგან მან სხვადასხვა დაპირება მიიღო.
მათ შორის, რეგულარული ავიარეისების დანიშვნა სოხუმის ახლად აღდგენილ აეროპორტში, ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდება და მთავარი: სადავო საინვესტიციო ხელშეკრულების გადახედვა.
„დავუბრუნდებით მის განხილვას და გავითვალისწინებთ აფხაზეთის ბიზნესის და მოსახლეობის ინტერესებს”, - დაჰპირდა გუნბას რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კი კამერების წინ უთხრა, მოველით, რომ 15 თებერვალს აფხაზი ხალხი საკუთარ ნებას გამოხატავსო.
გუნბას ვოიაჟმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბევრი გააღიზიანა.
კრიტიკოსებს ვერ გაუგიათ, თუ რა სტატუსით ხვდება იგი კრემლის წარმომადგენლებს. ნაწილმა გუნბა აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ადამიანი, რომელსაც ჯერ საკუთარი ხალხის მხარდაჭერა არ მოუპოვებია, ახლა სხვა ქვეყნის მხარდაჭერის მიღებას ცდილობს“, - ციტირებს ომის ვეტერან ვიანორ აშბას გამოცემა „ჯემ ნიუსი”.
„ეს ქმედებები არა მხოლოდ ძირს უთხრის არჩევნების სამართლიანობას - ისინი აკნინებენ აფხაზეთს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს მქონე ქვეყანას”, - განაცხადა ახალგაზრდულმა მოძრაობა „ჩვენმა ბიჭვინთამ”.
„საიმედო პოლიტიკოსი”
კრემლში მოგზაურობის შემდეგ გუნბას მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ პროპაგანდისტებიც.
იგი „მკაფიოდ იცავს რუსეთის ინტერესებს და სრულად აკმაყოფილებს საიმედო პოლიტიკოსის კრიტერიუმებს”, - წერს სამხედრო ბლოგერი იური ბარანჩიკი.
ე.წ. არჩევნებში გუნბას გარდა კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობს.
ორგანიზაცია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ლიდერი ადგურ არძინბა, აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა, რუსეთში აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი და ადგურ ხურხუმალი, „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე.
ხუთივე კანდიდატს აქვს ორმაგი მოქალაქეობა: ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და რუსეთის.
თუმცა დანარჩენი კანდიდატები კრემლის პროპაგანდისტებს გულზე არ ეხატებათ. განსაკუთრებით კი - ადგურ არძინბა, რომელსაც თურქეთის ინტერესების გამტარებელს ეძახიან.
ფორუმი