Accessibility links

site logo site logo

რუსეთი კიდევ უფრო მეტ ძალას უყრის თავს შავ ზღვაში


კასპიის ფლოტილიის გემები

დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, შეამციროს „მადესტაბილიზებელი მოქმედება“ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი მიეშურება შავ ზღვაში იქ ბაზირებულ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის მხრიდან ძალის მორიგი დემონსტრირების ფონია უკრაინის ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ბოლო ორი კვირის განმავლობაში თავი მოუყარა 80-ათასკაციან სამხედრო დაჯგუფებას, მათ შორის 40 ათას კაცამდე გაიზარდა ანექსირებულ ყირიმში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის რაოდენობა.

13 აპრილს „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ასევე ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიერ სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრის მახლობლად და მოუწოდეს მოსკოვს, შეწყვიტოს „მადესტაბილიზებელი მოქმედება“.

„ძალების ეს მასშტაბური გადაადგილება წინასწარ გაუფრთხილებლად წარმოადგენს საფრთხის შემცველ მადესტაბილიზებელ მოქმედებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

უკრაინის საზღვართან პროვოკაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც 13 აპრილს შტაბბინაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას უმასპინძლა. კიევი, რომელიც შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ნატოს მიიჩნევს დონბასში ომის შეჩერების ერთადერთ გზად, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის „საგზაო რუკა“ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) სახით, რასაც უკრაინა და საქართველო 2008 წლიდან ამაოდ ელიან.

თავის მხრივ, მოსკოვი აშშ-ს ადანაშაულებს რეგიონის „დენთის კასრად“ გადაქცევაში და აფრთხილებს, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში რუსეთი ყველგან დაიცავს „თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“.

დომინანტის უკონტროლო მილიტარიზმი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და 2014 წლის უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი, სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებთან შედარებით, უპირობოდ დომინირებს შავ ზღვაში, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში თავი მოუყარა და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ამყოფებს შორეული მოქმედების ფრთოსანი „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილ 6 ახალ წყალქვეშა ნავს. ყირიმში რუსეთმა განათავსა ასევე დიდი სიშორის „ბასტიონის“ კლასის სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც, ფაქტობრივად, შავი ზღვის ყველა მონაკვეთში შეუძლია მოწინააღმდეგის ხომალდებზე იერიშის მიტანა, მათ შორის, ბოსფორამდეც.

„რუსეთის შეიარაღებაში არის 200 ერთეული რაკეტა - როგორც გემთსაწინააღმდეგო რაკეტები, ისე შორეული მოქმედების ფრთოსანი „კალიბრის“ ტიპის რაკეტები. ამას ემატება უკრაინის გარშემო, რუსეთის სამხრეთის ოლქში განლაგებული 100-მდე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინელი ექსპერტი მიხაილო სამუსი, პროფესიული სინდიკატის „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

სამი კვირის წინ, 25 მარტს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქ ფსკოვში მდებარე ცნობილი 56-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა რეორგანიზების მიზნით გადასროლილი იქნება ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ფეოდოსიაში.

13 აპრილიდან ყირიმისკენ მიეშურება რუსეთის კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, საარტილერიო და სადესანტო ხომალდები.

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობა ერთობლივი წვრთნით მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის დონის შემოწმებას და შავი და კასპიის ფლოტილიის მხარდაჭერით ჰიპოთეტური მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტის მოგერიებას.

შავ ზღვაზე რუსეთისათვის „ჰიპოთეტური“ მოწინააღმდეგეა ყველა, ვინც გმობს ყირიმის ანექსიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ცდილობს, წინ აღუდგეს რუსეთის უკონტროლო მილიტარიზმს.

აშშ განიხილავს შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

პენტაგონის წარმომადგენელმა ტელეარხთან საუბარში დააზუსტა, რომ შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე იმყოფება, ხოლო დამატებითი გემების განთავსება, მისი სიტყვებით, რუსეთისთვის იქნება განსაკუთრებული სიგნალი იმის საჩვენებლად, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

ამ ინფორმაციამ რუსეთს მისცა საბაბი, იქით დაედანაშაულებინა ვაშინგტონი და ნატო შავ ზღვასა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო გააქტიურებაში, რისთვისაც კიევი და მისი მოკავშირეები სარჩულად იყენებენ რუსეთის ჩვეულებრივ სამხედრო მანევრებს, რომელიც, კრემლის მტკიცებით, არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.

ვის აძლევს ხელს ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში?

რუსეთი, პირიქით, კიევს ადანაშაულებს სამხედრო გზით სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის პრობლემების გადაჭრის განზრახვაში და აფრთხილებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ თუ ასე მოხდა, არ გამორიცხავს სამხედრო ჩარევას.

„ვითარების გართულების შემთხვევაში, რუსეთი დაიცავს საკუთარი და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი“, - აღნიშნა 13 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. - „მაგრამ კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები იქნებიან პასუხისმგებელნი ვითარების ჰიპოთეტურ გართულებაზე“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა.

უკრაინა აცხადებს, რომ მის გეგმებში არ შედის ვითარების არც ჰიპოთეტური და არც რეალური ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში.

„დღეისათვის უკრაინაში არ არსებობს სამხედრო გზით დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გეგმა. ჩვენს ამოცანას შეადგენს კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოწესრიგება. ყველაფერი დანარჩენი ეს არის პირწმინდად საინფორმაციო ომი, რასაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, 13 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დროს.

აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რომელიც 19 აპრილის მინისტერიალზე მიიწვია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.

კულებას სურს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდნენ დონბასის კონფლიქტის ზონაში, რათა თვალნათლივ დარწმუნდნენ იქ არსებულ დაძაბულობაში.

კიევი შიშობს, რომ დრო ცოტა რჩება და აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს შესაძლოა სერიოზული სამხედრო პროვოკაცია ჰქონდეს ჩაფიქრებული.

„უკრაინა აღნიშნავს, რომ, ამ მოვლენების გათვალისწინებით, ყირიმსა და მისი საზღვრის მახლობლად განლაგებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა სერიოზულ სამხედრო პროვოკაციებს მიმართონ 2021 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოხდეს აპრილის ბოლოსთვის“, - ნათქვამია ეუთოს დოკუმენტში.

რა უნდა ქნას ნატომ?

მიმომხილველთა თქმით, მოვლენათა ასეთი არასასურველი სცენარით განვითარების თავიდან აცილების სურვილითაც იყო ნაკარნახევი უკრაინის პრეზიდენტის ამასწინანდელი მოულოდნელი განცხადება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის არაწევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, დონბასში „მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატო“ მიიჩნია.

„ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი არმიის და თავდაცვის სფეროს რეფორმებისა, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატოა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა. რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, - 7 აპრილს ამ შინაარსის წერილი ზელენსკიმ ტვიტერის საშუალებით გაუგზავნა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.

რაზეა გათვლილი ზელენსკის ეს მიმართვა იმ ვითარებაში, როდესაც არათუ უკრაინის ნატოში გაწევრიანებზე, არამედ, ჯერჯერობით, საერთოდ, ალიანსის გაფართოების შესახებაც კი არ არსებობს კონსენსუსი ნატოს შიგნით?

„შესაძლოა ეს ერთგვარი გამოხმაურებაც იყო იმ განცხადებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მხედველობაში მაქვს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება, რომელიც, არ მოვერიდები ამ სიტყვას, იყო ძალიან იმედგამაცრუებელი, რადგან გერმანიამ და საფრანგეთმა თავი შეიკავეს მკაცრი ტონით მიემართათ რუსეთისთვის. სამაგიეროდ, ორივე მხარეს, ანუ რუსეთსა და უკრაინას, მოუწოდებენ ვითარების დეესკალაციისკენ. აი, ამ ფონზე, პრეზიდენტ ზელენსკის გზავნილი, ვფიქრობ, მიზნად ისახავდა იმის შეხსენებას, რომ საჭიროა გააქტიურება, საჭიროა თამამი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და არა ენის მოჩლექით საუბარი რუსეთთან“, - ეუბნება თენგიზ ფხალაძე, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, რადიო თავისუფლებას.

ამას ბერლინისა და საფრანგეთის მისამართით სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, რადგან ამ განცხადებით გამოვიდა, თითქოს ორივე მხარის მოქმედება თანაბრად იწვევდეს დაძაბულობას, მაშინ როცა აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მხრიდან არ შეიმჩნევა დამატებითი ძალების კონცენტრირება.

მაგრამ ამასობაში ევროკავშირმა, რომელშიც გერმანიაც შედის და საფრანგეთიც, ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი კიევს რუსეთის მხრიდან დროებით ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების სახიფათო კონცენტრაციის გამო.

რაც შეეხება უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის, MAP-ის, მიცემას, ზელენსკის მოწოდებას არავითარი კონკრეტული შეთავაზება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

13 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით აღნიშნა, უკრაინის გადასაწყვეტია, შეუერთდეს თუ არა ნატოს და მხოლოდ მოკავშირეები გადაწყვეტენ, მზად არის თუ არა ის ამისთვისო.

„ნატოს 30 წევრის უფლებაა იმის გადაწყვეტა, თუ როდის იქნება უკრაინა მზად ალიანსის წევრობისათვის. ასევე, უკრაინაზეა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, არის თუ არა ის მზად წევრობისათვის. და ამ პროცესში სხვა ვერავინ ჩაერევა“, - განაცხადა 13 აპრილს იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა ფრაზა, არაერთხელ ნათქვამი როგორც უკრაინის, ისე მის ბედქვეშ მყოფი საქართველოს მისამართით: „რეფორმები წარმოადგენს საუკეთესო გზას უკრაინისათვის ნატოსთან დასაახლოებლად“.

მაგრამ სანამ უკრაინა არც ალიანსის წევრია და არც წევრობის „საგზაო რუკა“ აქვს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) სახით, ნატოს წევრი ქვეყნები ცდილობენ, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში დაეხმარონ რუსეთის აგრესიის წინაშე მდგარ უკრაინას თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

სულ ახლახან, მარტის დასაწყისში, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო 125 მილიონი დოლარის ოდენობით. მასში შედის ორი შეიარაღებული საპატრულო კატარღა, რომლებიც გამოყენებული იქნება ტერიტორიული წყლების დასაცავად. Mark VI-ის კატარღების გარდა, უკრაინას გადაეცემა არტილერიის საწინააღმდეგო რადარები თანამგზავრული გამოსახულებისა და მისი შესაძლო ანალიზისთვის, ასევე სამხედროების სამედიცინო დახმარებისა და საომარი ევაკუაციის აღჭურვილობა.

ხოლო ივნის-ივლისში უკრაინა აშშ-ისა და NATO-ს მასშტაბური საზღვაო სწავლების Sea Breeze-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ეს იქნება ყველაზე ინტენსიური სტრატეგიული სწავლება, რომელშიც, როგორც წესი, 10-ზე მეტი ნატოს წევრი ქვეყნის 10 000 სამხედრო პირი და ათეულობით სამხედრო გემი მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის ცნობით, ნატო გეგმავს, რუსეთის საზღვართან თავი მოუყაროს 40 ათას სამხედრო მოსამსახურეს და 15 000 ერთეულ სამხედრო ტექნიკას. ამის შესახებ 13 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა სამხედრო სარდლებთან გამართულ თათბირზე ქალაქ სევერომორკსში. შოიგუს თანახმად, დაწყებულია ამერიკული ჯარების გადმოსროლა ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში, ძირითადი ძალების კონცენტრირება კი შავიზღვისპირეთსა და ბალტიის რეგიონში ხდება.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, - და მისი ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, - რომ ისინი, ვინც შეეცდება ახალი ომის გაჩაღებას დონბასში, დაშლიან უკრაინას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 31 მარტს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამის პასუხად, სწორედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო ერთბაშად ყველა სამხედრო ოლქისა და ყველა სამხედრო სახეობის ჯარების საბრძოლო შემოწმება, რომლის შესახებ მოსკოვმა არც წინასწარ აცნობა და არც პოსტფაქტუმ აპირებს ინფორმაციის მიცემას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG