Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ახალი ეტაპი? - რუსეთი მობილიზაციისთვის ემზადება

რუსეთში კვლავ გააქტიურდა მობილიზაციის შესახებ საუბარი, რასაც წინ უძღოდა ელექტრონული სამხედრო აღრიცხვის სრულმასშტაბიანი ამოქმედება, რეზერვისტებზე ზეწოლის ზრდა და ომის შესახებ კრემლის რიტორიკის გამკაცრება. კრემლი ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ექსპერტები მობილიზაციის რისკს რეალურად მიიჩნევენ.

რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ მობილიზაციის გამოცხადებას არ აპირებს. თუმცა მიუხედავად ამისა, 2026 წლის გვიან შემოდგომაზე შესაძლო გაწვევის შესახებ ცნობები მაინც ვრცელდება პროსამთავრობო მედიებში, რასაც ხელს უწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშების გაფართოებული გეოგრაფია და კრემლის სულ უფრო ხშირი განცხადებები ომზე.

რუსეთის ხელისუფლებისა და სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები ამ საკითხზე განსხვავებულია: ერთნი მობილიზაციას არაეფექტიან ნაბიჯად მიიჩნევენ, სხვები კი ამბობენ, რომ მობილიზაცია აუცილებელია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მიხაილ დელიაგინმა თავის საავტორო გადაცემაში („Итоги дня с Делягиным“) მაყურებლის კითხვაზე პასუხის გაცემისას, განაცხადა, რომ ობიექტურად ახალი მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, დრონების ომის პირობებში მობილიზაცია კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იქნება.

რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა ალექსანდრ ხარჩენკომ კი პროპაგანდისტულ ტელევიზია „Царьград“-თან საუბარში განაცხადა, რომ მობილიზაცია შესაძლოა საჭირო გახდეს უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მისი თქმით, კიევი წლის ბოლომდე დღეში ათასამდე დრონის გაშვებას გეგმავს, მათ წინააღმდეგ ეფექტიანი თავდაცვისთვის კი საჭიროა ტექნიკურად კვალიფიციური სპეციალისტები და არა უბრალოდ ტყვიამფრქვევიანი ჯარისკაცები. ხარჩენკოს აზრით, ასეთი კადრების არმიაში მოზიდვის ერთ-ერთი გზა სწორედ მობილიზაციაა.

სვერდლოვსკის ოლქიდან არჩეულმა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მაქსიმ ივანოვმა გამოცემა E1.RU-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაცია ოფიციალურად არც დასრულებულა, რადგან პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი არ გამოუცია.

ახალი მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არაერთხელ უარყო კრემლმა. პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში განაცხადა, რომ „ასეთი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.“ მარტის ბოლოს რუსეთის ექს-პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოთა თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც აღნიშნა, რომ საკმარისი იყო კონტრაქტით დაკომპლექტებული სამხედროების რაოდენობა: მისი თქმით, 2025 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 400 ათასზე მეტი კონტრაქტი გააფორმა, 2026 წლის პირველ თვეებში კი - 80 ათასზე მეტი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ფეიკები“ უწოდა და მოუწოდა მოსახლეობას, არ დაუჯერონ ვოლოდიმირ ზელენსკის.


ანდრე კარტაპოლოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
ანდრე კარტაპოლოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

2026 წლის ივნისში გავლენიანი რუსი დეპუტატის, გენერალ ანდრეი გურულიოვის Telegram-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2026 წლის შემოდგომაზე მობილიზაციის გამოცხადება იგეგმებოდა. მოგვიანებით გურულიოვმა განაცხადა, რომ არხზე კონტროლი დაკარგა და ეს შეტყობინებები „მტრების დეზინფორმაცია“ იყო.

რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პოლიტიკური მიმომხილველის, ისტოიკოს სერგე მედვედევის შეფასებით, მოვლენები დაახლოებით ასე განვითარდება:

“2026 წლის 20 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ოქტომბერში კი დაიწყება მობილიზაციის ახალი ტალღა და ერთდროულად გამკაცრდება ქვეყნიდან გასვლის წესებიც - რუსეთიდან გასვლა უნებართვოდ შეუძლებელი იქნება, როგორც საბჭოთა კავშირში იყო. სავარაუდოდ, შემოდგომასავე გახშირდება სერიოზული ინფრასტრუქტურული შეფერხებებიც - გამძაფრდება ელექტროენერგიის, გათბობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საწვავის მიწოდების პრობლემები. ასევე, მოსალოდნელია ქალაქებზე უფრო სისტემური საჰაერო თავდასხმები, საჰაერო განგაშები და თავშესაფრების აქტიური გამოყენება. კრიტიკული საწარმოები და სახელმწიფო უწყებები, შესაძლოა, საგანგებო ან სამხედრო რეჟიმზე გადავიდნენ. არ არის გამორიცხული, დაიწყოს ძირითადი პროდუქტების ნორმირებული (ტალონებით) განაწილებაც.

ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება “რეალობის ნორმალიზებას“ ომის ლოზუნგებით, დიდი სამამულო ომის ისტორიულ პარალელებზე აპელირებით, პატრიოტული პროპაგანდის გაძლიერებითა და საზოგადოების კონსოლიდაციით.

კრემლი, სავარაუდოდ, მთელი ზამთრის განმავლობაში გააგრძელებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს და დაელოდება, რა შედეგს მოიტანს ფრონტზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზაცია, იმ იმედით, რომ გაზაფხულისთვის ომის ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება. ბირთვული დარტყმის ან ევროპის წინააღმდეგ (თუნდაც შეზღუდული) სამხედრო აგრესიის სცენარს სერიოზულად არ განვიხილავ”.

იქნება თუ არ იქნება?

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შფოთვას რამდენიმე გარემოება აძლიერებს. 2026 წელს სრულმასშტაბიანად ამოქმედდა სამხედრო აღრიცხვის ერთიანი რეესტრი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს - წვევამდელები იღებენ ელექტრონული უწყებებს. 2025 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა განკარგულებას რეზერვისტების სამხედრო შეკრებების შესახებ. ფორმალურად ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბევრი მას ფარული მობილიზაციის ნიშნად აღიქვამს. გარდა ამისა, 2025 წლის ნოემბერში მიღებულმა კანონმა, რომელიც რეზერვისტების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით საბრძოლო ამოცანებში ჩართვას ითვალისწინებს, მობილიზაციის ახალი ტალღის მოლოდინი კიდევ უფრო გააძლიერა.

დმიტრი პესკოვის განცხადებამ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ომად გადაიქცა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გეოგრაფიის გაფართოებამ (მათ შორის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმამ), ახალი მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ხმები კიდევ უფრო გააძლიერა. უცხოური მედია, მათ შორის Reuters, არ გამორიცხავს კონფლიქტის ახალ ესკალაციას, რომლისთვისაც შესაძლოა უფრო მრავალრიცხოვანი არმია გახდეს საჭირო.

მობილიზაციის შესაძლო გამოცხადებაზე საუბრის საფუძველს ასევე ქმნის ცნობები მოქალაქეებისთვის სამხედრო უწყებების გახშირებული გაგზავნის შესახებ; დამოუკიდებელი გამოცემების პუბლიკაციები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კრემლში ასეთი სცენარი განიხილება; ელექტრონული გაწვევის უწყებების რეესტრის სრული მასშტაბით ამოქმედება; რეგიონებში სამხედრო კომისარიატების გახშირებული რეიდები და ა.შ.

რამდენად მიუთითებს ეს ყველაფერი ახალი მობილიზაციისთვის მზადებაზე და რით განსხვავდება ომში ადამიანების ამჟამინდელი გაწვევის სისტემა 2022 წლის შემოდგომის კამპანიისგან?

„სხვა გზა არ მქონდა, წასვლა მომიწია“

ბოლო 1,5 წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს ომში „მოხალისეების“ საჭირო რაოდენობით გაწვევა. დამოუკიდებელი მკვლევრების შეფასებით, 2025 წლის ბოლოსთვის კონტრაქტით გაწვევის ტემპი დაახლოებით 1,5-ჯერ შემცირდა. სამხედრო ექსპერტთა თქმით, გაწვევასთან ერთად შენელდა რუსეთის ჯარების წინსვლაც. უკრაინული OSINT-პროექტ DeepState-ის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რუსეთის არმიამ 2023 წლის შემდეგ პირველად უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე დაიკავა. გამონაკლისად რჩება მხოლოდ კონსტანტინოვკის რაიონი, სადაც რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას, თუმცა ქალაქის სრულად დაკავების სავარაუდო ვადები კვლავ გაურკვეველია.

ამ ფონზე გამოცემებმა „Верстка“ და „Важные истории“, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ რვა წყაროზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ახალი მობილიზაციის შესაძლებლობა „ყველა დონეზე“ განიხილება. გამოცემების თანამოსაუბრეების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ერთ-ერთ სავარაუდო ვადად სახელდება სახელმწიფო დუმის სექტემბრის არჩევნების დასრულების შემდეგი პერიოდი.

ამავე დროს, რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო სერვისების პორტალ „Госуслуги“-ს („სახმომსახურება“) მეშვეობით მიიღეს ელექტრონული გაწვევის უწყებები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების მიხედვით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მამაკაცებს სამხედრო კომისარიატებში იბარებენ „მონაცემების დაზუსტების“ მიზნით. უწყებებში ასევე წერია, რომ თუ ადრესატი 20 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება, მის მიმართ ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები: ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, ქონების რეგისტრაციის შეზღუდვა, თვითდასაქმებულის სტატუსის გაფორმების აკრძალვა და სხვა.

„10 წელია სამხედრო ბილეთი მაქვს, 2015 წლიდან, - უთხრა რადიო თავისუფლების პროექტ „სიბირ.რეალიის“ ხაბაროვსკის მცხოვრებმა ვიტალიმ, - მაგრამ სახელმწიფო სერვისების პორტალზე მაინც გამომიგზავნეს უწყება, სადაც ეწერა, რომ კონკრეტულ დღეს სამხედრო კომისარიატში უნდა გამოვცხადებულიყავი მონაცემების დაზუსტებისთვის. თან მე ჯარშიც არ ვარ ნამყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობის - ცუდი მხედველობის გამო. სამხედრო ბილეთში „В“ კატეგორია მიწერია. სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა მივსულიყავი. კომისარიატში ჩაიწერეს, სად ვსწავლობ, სად ვმუშაობ, ხომ არ მაქვს საგადასახადო პრობლემები, მყავს თუ არა შვილები. საბოლოოდ ყველაფერი გადაამოწმეს. სამხედრო ბილეთში მობილიზაციის მიწერილობა არ ჩამიკრეს, მაგრამ ყველა მონაცემი განაახლეს. რა თქმა უნდა, კონტრაქტით სამსახურის სარეკლამო ბუკლეტიც მომცეს.“

კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელმაც სამხედრო კომისარიატის უწყება სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მეშვეობით მიიღო, სოციალურ ქსლებში დაწერა, რომ სამხედრო კომისარიატში მისვლის შემდეგ მას სამხედრო ბილეთში მობილიზაციის მიწერილობა ჩაუკრეს.

„მასში წერია, რომ ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, არ უნდა დაველოდო ცალკე უწყების მიღებას და, რომ ვალდებული ვარ 24 საათის განმავლობაში დამოუკიდებლად მივიდე შეკრების პუნქტში,“ - ამბობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს ავტორი.

უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის ელექტრონული უწყებები და მობილიზაციის განკარგულებები ახალი მოვლენა არ არის - ისინი იმ რეფორმის ნაწილია, რომლის მომზადებაც რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციის შემდეგ დაიწყო.

„რეესტრი ჯერ ბოლომდე არ აქვთ გამართული“

2022 წლის ნაწილობრივ მობილიზაციას სერიოზული ორგანიზაციული პრობლემები ახლდა. სამხედრო კომისარიატებს ხშირად მოძველებული ინფორმაცია ჰქონდათ სამხედრო ვალდებულ პირებზე, ხოლო მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში ქვეყანა დატოვა ასიათასობით ადამიანმა, პირველ რიგში კი გაწვევის ასაკის უამრავმა მამაკაცმა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლებამ სამხედრო აღრიცხვის ციფრული სისტემისა და ელექტრონული გაწვევის უწყებების რეესტრის შექმნა.

თუმცა პრაქტიკაში ახალი სისტემა მხოლოდ 2025 წლის სექტემბერში ამოქმედდა. პროექტ „Идите лесом“-ის („ტყე-ტყე იარეთ“) ინფორმაციით, სწორედ მაშინ მიიღო ტვერის ოლქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სახელმწიფო სერვისების („Госуслуги“) მეშვეობით პირველი ელექტრონული უწყება.

უკვე 2026 წელს დაფიქსირდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენების პირველი დადასტურებული შემთხვევები. მიმდინარე წლის მარტში სამხედრო სამსახურზე შეგნებულად უარისმთქმელთა მოძრაობამ“ ( „Движение сознательных отказчиков“ - ДСО) განაცხადა, რომ კალინინგრადის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ელექტრონული უწყება უგულებელყო, სრულად დაექვემდებარა ყველა სანქციას: აეკრძალა ქვეყნის დატოვება, ავტომობილის მართვა, უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაფორმება და პროფესიული შემოსავლის გადამხდელად რეგისტრაცია.

2026 წლის 1 ივნისს კრასნოიარსკის ერთ-ერთ მცხოვრებს უარი უთხრეს ბინის გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე, რადგან სამხედრო აღრიცხვაზე არ დადგა. ასევე ДСО-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, რუსეთის ერთ-ერთ წვევამდელს, რომელმაც უწყება უგულებელყო, პირველად არ მისცეს ბელარუსის გავლით ქვეყნის დატოვების უფლება: მესაზღვრეებმა ის ჯერ თბილისის, შემდეგ კი ერევნის რეისიდან მოხსნეს.

რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. რუსეთის მოქალაქეები ამ გადასასვლელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის დასაღწევად იყენებდნენ.
რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. რუსეთის მოქალაქეები ამ გადასასვლელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის დასაღწევად იყენებდნენ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრემლმა მნიშვნელოვნად დახვეწა სამხედრო ვალდებულ პირებზე ციფრული კონტროლის სისტემა.

„ფაქტობრივად რეესტრმა 2025 წლის ზაფხულში დაიწყო მუშაობა, - ამბობს მოძრაობა ДСО-ს ДСО-ის იურისტი არტემ კლიგა. - დღეს რეესტრი, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთ მუშაობს, თუმცა ჯერ 100%-ით სრულყოფილი არ არის. ელექტრონულ უწყებებს იღებენ სამხედრო ვალდებულ პირთა სხვადასხვა კატეგორიები: წვევამდელები, რეზერვისტები და სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი ქალიც კი. თანდათან ამოქმედდა სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი მექანიზმებიც - ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, ქონების რეგისტრაციის შეზღუდვა და სხვა ზომები“.

თუმცა კლიგას თქმითვე, ამ შეზღუდვების გამოყენებას ჯერ მასობრივი ხასიათი არ მიუღია:

„ერთი წლის წინ ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შემთხვევებს პრაქტიკულად არ ვაფიქსირებდით, ახლა კი ღია წყაროებისა და ჩვენთან შემოსული მიმართვების საფუძველზე თვეში დაახლოებით ხუთიდან შვიდ ასეთ შემთხვევას ვხედავთ. ვფიქრობ, სისტემა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის. მისი სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია მონაცემების გაცვლა სხვადასხვა უწყებას შორის - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) სასაზღვრო სამსახურს, საგადასახადო ინსპექციასა და სხვა სტრუქტურებს შორის“.

არტიომ კლიგა
არტიომ კლიგა

პროექტ „Идите лесом“-ის („ტყე-ტყე იარეთ“) წარმომადგენელი დარია ბერგიც აღნიშნავს, რომ 2026 წელს უფლებადამცველები პირველად შეეჯახნენ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების პრაქტიკაში გამოყენებას. მისი თქმით, ყაბარდო-ბალყარეთის ერთ-ერთ წვევამდელს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ბოლო თვეებში კი რამდენიმე წვევამდელს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს მოსკოვის „ვნუკოვოს“, სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტებიდან. თუმცა სისტემა ბოლომდე გამართულად ვერ მუშაობს. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მოქმედი შეზღუდვების მიუხედავად, ადამიანებმა მაინც შეძლეს რუსეთის დატოვება. ზოგჯერ შეზღუდვები საბანკო ოპერაციებზეც ვრცელდება.

დარია ბერგის თქმით, ელექტრონული სამხედრო უწყებები და შეზღუდვები შესაძლოა ჯერ ბოლო გამართულად არ მოქმედებენ, თუმცა მათი მიღება თანდათან ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად იქცა, შეზღუდვების მოხსნა კი შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო კომისარიატში გამოცხადებით, რაც ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული.

დარია ბერგი
დარია ბერგი

„ზეწოლით გადაბირება თუ მობილიზაცია?!“

რუსეთის ხელისუფლება ომში მონაწილეთა პოტენციურ წრესაც აფართოებს. 2026 წლის ივნისში ტომსკის სახელმწიფო მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ მას და სხვა სტუდენტ გოგონებს უნივერსიტეტის „სამობილიზაციო განყოფილებაში“ სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა შესთავაზეს. ამის შემდეგ მათ უნდა მიიღონ სამხედრო ბილეთები ან ჩაირიცხონ რეზერვში ან გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან. პროექტ „Идите лесом“-ის ინფორმაციით, უფლებადამცველებისთვის ცნობილია სულ მცირე ათი შემთხვევა, როდესაც სტუდენტ გოგონებზე სამხედრო კონტრაქტის გაფორმების მიზნით ზეწოლას ახდენდნენ. ცნობილია, რომ კუზოვატოვოს ტექნოლოგიურ ტექნიკუმში შვიდ სტუდენტ გოგონასთან ასეთი კონტრაქტი გაფორმდა.

ექსპერტთა თქმით, რუსეთის ხელისუფლება „მოხალისეების“ მოზიდვის ახალ გზებსაც ეძებს. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია სტუდენტების ე.წ. უპილოტო საფრენი აპარატების (БПЛА) ჯარებში მისაზიდად. პოტენციურ ახალწვეულებს ჰპირდებიან, რომ მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმდებათ, თუმცა იურისტები აღნიშნავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა სამხედრო სამსახურის ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს - რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტები კვლავ უვადოა.

ამავე დროს ძლიერდება ზეწოლა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მამაკაცებზეც. 2026 წლის ივნისის ბოლოს ქალაქ პენზაში ჩატარდა რეიდები, რომლის დროსაც ზოგიერთი დაკავებული აიძულეს, გაეფორმებინა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან. ექსპერტთა თქმით, სწორედ ასეთი სქემით ხორციელდებოდა რეიდები 2022 წლის შემოდგომის ნაწილობრივი მობილიზაციის დროს. თუმცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და, რომ ტარდება სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მამაკაცების მონაცემების გადამოწმების სტანდარტული პროცედურა.

თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმეორებს 2022 წლის შემოდგომის სცენარს, რომელმაც მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება და ასობით ათასი რუსის ქვეყნიდან წასვლა გამოიწვია. ექსპერტთა შეფასებით, ახალი ცენტრალიზებული მობილიზაციის ნაცვლად ხელისუფლება გააგრძელებს უკვე არსებული ზეწოლისა და გადაბირების მექანიზმების გაფართოებას.

„ვფიქრობ, გაგრძელდება სწორედ გადაბირების კამპანია და არა ისეთი მობილიზაცია, როგორიც 2022 წელს ვნახეთ, - ამბობს მოძრაობა „Движение сознательных отказчиков“-ის იურისტი არტემ კლიგა. - პენზაში მომხდარი სწორედ ამას ადასტურებს. აკავებენ რეზერვისტებს, აძლიერებენ ზეწოლას მამაკაცების გარკვეულ ჯგუფებზე. დიდი ალბათობით, მომავალშიც სწორედ ასეთი „წერტილოვანი“ მეთოდები იქნება გამოყენებული“.

პროექტის „Идите лесом“-ის („ტყე-ტყე იარეთ“) წარმომადგენელი დარია ბერგიც მსგავს შეფასებას აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლება ერთდროულად იყენებს ადამიანების გაწვევისა და ომში ჩართვის რამდენიმე არხს: სამხედრო კომისარიატებს, პოლიციას, დამსაქმებლებს, უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს, ვაკანსიების განცხადებებს, БАРС-ის (მოხალისეთა რაზმი) პროგრამებს, „სამობილიზაციო რეზერვს“, უპილოტო საფრენი აპარატების (БПЛА) ქვედანაყოფებსა და სხვა სქემებს, რომელთა უკან ხშირად რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შეთავაზება იმალება.

“ხელისუფლებისთვის უფრო მოსახერხებელია ადამიანების ნაწილ-ნაწილ შეგროვება - დაშინების, მოტყუების, ვალების, სამსახურის, სწავლის, პოლიციისა და სამხედრო კომისარიატების გამოყენებით. ეს პროცესი ნაკლებად ხმაურიანია, თუმცა ადამიანებისთვის უფრო უსაფრთხო სულაც არ არის. ფარული მობილიზაცია არასდროს შეწყვეტილა. უბრალოდ დღეს ის უკვე აღარ ჰგავს ერთ დიდ ტალღას - უფრო ბადეს ჰგავს, რომელიც ადამიანებს თანდათან, სხვადასხვა გზით ითრევს”, - ამბობს დარია ბერგი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG